მარიეტა მაკარიძე, 41 წლის, თბილისი

„სამი შვილის დედა ვარ და კერძო სექტორში, სკოლაში ვასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას. ჩემი დეკრეტული შვებულების გამოცდილება მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ქალს ყოველი ორსულობა უმწეო მდგომარეობაში აგდებს და მუდმივად აყენებს სამსახურის დაკარგვის საფრთხის პირისპირ

მე ვასწავლიდი ადრე ერთ კერძო სკოლაში, სადაც ჩემი ორი ორსულობა გამოვიარე. სამწუხაროდ, ეს სკოლა არ ანაზღაურებდა არც ბიულეტენით გათვალისწინებულ გაცდენილ საათებს და არც დეკრეტულ შვებულებას. მხოლოდ სახელმწიფომ გადაიხადა ერთჯერადად 1000 ლარი. როდესაც იურისტს მივმართე, აღმოჩნდა, რომ კერძო სექტორის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული გადაიხდის თუ არა დეკრეტული შვებულების თანხას. ასეთმა დამოკიდებულებამ ძალიან დაარტყა ჩემს ეკონომიკურ მდგომარეობას, რადგან ოჯახში სამი შვილი გვყავს, მეუღლესაც და მეც თანაბრად გვიწევს ფინანსური ვალდებულებების გადანაწილება და ჩემი დასაქმება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გადარჩენისთვის.
დეკრეტული შვებულებიდან გამოსვლა კიდევ უფრო დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული პედაგოგებისთვის. სკოლები სასწავლო წლის ან სემესტრის დასაწყისში აკეთებენ რეკრუტირებას, ანუ გამოდის, რომ შეიძლება 6 თვის გასვლის პერიოდიც არ დაემთხვას რეკრუტირების პროცესს და მოგიწიოს ლოდინი, როდის დაიწყება ახალი სასწავლო წელი ან სემესტრი.

აი, სწორედ აქ ვაწყდებით პედაგოგები კანონებთან შეუთავსებლობის პარადოქსს. ახლავე აგიხსნით: 2011 წელს ავიღე სერტიფიკატი, რომლითაც მომენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი. აღნიშნული სტატუსი ასევე გულისხმობს კრედიტ-ქულების დაგროვებას, რაც მდგომარეობს პრაქტიკულ საქმიანობაში: საგაკვეთილო პროცესის წარმართვაში, აქტივობების ჩატარებაში, ტრენინგებში მონაწილეობაში. ანუ, თუ დროულად ვერ გახვალ სამსახურში და შვებულება 6 თვეზე მეტ ხანს გასტანს, სტატუსი შეგიჩერდება. დეკრეტული შვებულების ახლანდელი მექანიზმი პედაგოგებისთვის, გარდა ეკონომიკურად დასუსტებისა, სამსახურის საერთოდ დაკარგვის საფთხეს შეიცავს, რადგან სტატუსშეჩერებულ მასწავლებელს სკოლები ბლოკავენ, განსაკუთრებით კერძო სექტორში. ამიტომ ხშირად მიწევდა დროზე ადრე გასვლა სამსახურში და ჩემი ხელფასის ნახევარს ახლაც ძიძას ვუხდი, რომ სამუშაო ბაზარზე დავრჩე. თუმცა სამსახურში დაბრუნებაც ასე მარტივი არაა. არავინ გეუბნება, რომ დაგითხოვა, მაგრამ გაძლევენ იმდენად ცოტა საათს, რომ აღარ გიღირს სამუშაოზე გასვლა. მიზეზად ასახელებენ იმას, რომ შენ ხარ ჩვილბავშვიანი და მისი საქმე ხარისხიანად ვერ შესრულდება.

აუცილებლად უნდა ვახსენო ის მტრული განწყობა, რაც ორსულების მიმართ არსებობს კერძო სექტორში. ჯერ ერთი, რომ არ გაძლევენ უფლებას კუთვნილ საკონსულტაციო მომსახურებაზე გახვიდე – ესეც კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ამას ხშირად ემატება ადმინისტრაციის მხრიდან ფსიქოლოგიური წნეხი. მახსოვს ერთი შემთხვევა, ტოქსიკოზი მქონდა და გზაში დავისვარე. ასე ვერ შევიდოდი მოსწავლეებთან და სახლში მიბრუნება მომიწია. გზიდან დავრეკე, რომ 15 წუთით დამაგვიანდებოდა და სხვა პედაგოგი შეუშვეს გაკვეთილზე. სკოლაში მოსულს, სასწავლო ნაწილი დამხვდა და აგრესიულად მითხრა: „არ იცი, შენს უფროსს რომ არ უყვარს ორსულები?!“ უმწეო მდგომარეობაში გაყენებენ, რომ რადგან შენ ხარ ორსული, ხარ შრომისუუნარო და ამ დროს ასე არ არის. ადამიანები ვართ და ყველას შეიძლება შეუძლო მდგომარეობა ქონდეს. სკოლას უნდა ქონდეს ბერკეტი, რომ შემცვლელი ყავდეს, თუმცა არავის უნდა დამატებითი თანხების გადახდა. როცა გაიგებენ, რომ ორსულად ხარ, სახე ეცვლებათ, ისეთ მესიჯებს აგზავნიან, როგორიცაა „ორსულობა ბიზნესისთვის დამღუპველია“ ან „უხერხული მომენტია, როცა უფროსკლასელებთან შედიხარ ასეთ მდგომარეობაში“. ყველანაირ პირობას ქმნიან, რომ თავი დამცირებულად და არაპროდუქტიულად მოიაზრო, რაც თვითშეფასებაზეც მოქმედებს.

არადა პედაგოგის პროდუქტიულობას თვითონ სახელმწიფო რეგულაციები ახშობს და არა პედაგოგის კლინიკური მდგომარეობა. მასწავლებლის შემოსავალი დამოკიდებულია საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე. არ უნდა იყოს საათების მიხედვით ანაზღაურებადი. ის რომ მორჩება საგაკვეთილო პროცესს, მაქსიმუმ 3-4 გაკვეთილს, მერე საკუთარი თავის განვითარებას უნდა დაუთმოს. ვოცნებობ ისეთ მიდგომაზე, რომ პედაგოგის ანაზღაურება იყოს ფიქსირებული. იმისათვის, რომ პედაგოგი იყოს პროდუქტიული 4 საათზე მეტი გაკვეთილი არ უნდა ჩაატაროს, რადგან იმის იქეთ აქვს უამრვი საქმე: ტესტები შესადგენი, რვეულები გასასწორებელი, ელ. ჟურნალი შესავსები, მეორე დღის გეგმა და სილაბუსი გასაწერი, უამრავი შრომაა გარდა გაკვეთილის ჩატარებისა. მოსწრებაზე კი არ უნდა იყოს მასწავლებელი?! სერიოზული კომენტარები უნდა დაწეროს, რომ შედეგი მიიღოს, სერიოზული ტესტი უნდა შეადგინოს, რომ აზროვნების ყველა დონეს მიუსადაგოს და ამისთვის აღარ აქვს დრო. მიყვება სახლში სამუშაო და არეული აქვს დასვენებისა და შრომის საათები. ეს საქმე როცა ტვირთად გექცევა, უკვე აღარ ხარ მასწავლებელი. უნდა იყოს ცოტა საათი და თვითგანვითარებისთვის მეტი დრო. ყველა მასწავლებელი დახარბებულია საათების რაოდენობას, რომ მისი შემოსავალი გაიზარდოს, შესაბამისად ენერგიას ვერ ანაწილებს და გაკვეთილებიც არაპროდუქტიულია.

ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ მეპოვნა ისეთი სკოლა, სამსახური, რომლის ღირებულებები და ეთიკური სტანდარტები ჩემს ღირებულებებთან თანხმობაშია. ასეთი სკოლები ძალიან ცოტაა და ძალიან გამიმართლა, ასეთ პირობებში რომ მიწევს ახლა მუშაობა.

ცალკე პრობლემაა დასაქმებული დედებისთვის ბავშვების სერვისებზე ხელმისაწვდომობა. ბაგა-ბაღებში ბავშვები 2 წლის ასაკიდან მიიღებიან, თუმცა ერთ ჯგუფში 60-მდე ბავშვია და ისიც 1 პედაგოგისა და 1 მომვლელის ამარა. და დასაქმებული დედა მუდმივ სტრესში ხარ, რა პირობებში იქნება შენი შვილი. ბაგა-ბაღების გადავსება, იმაზე მეტყველებს, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად, მეტი ქალი ჩაერთო საბაზრო შრომაში. თუმცა სახელმწიფოს ამ სერვისებშიც არ დებს რესურსს, რომ დასაქმებულ მშობელს ხელი შეუწყოს. განსაკუთრებით არდადეგების პერიოდში არიან დედები უმძიმეს მდგომარეობაში. მე პედაგოგი ვარ და ემთხვევა შემი სამსახურისა და ბაგა-ბაღის დასვენების პერიოდი. საშობაო დასვენება 22 დეკემბრიდან 15 იანვრამდეა, მაშინ როცა სამსახურები მხოლოდ 2 დღით ისვებენ. ძალიან წვალობდნენ დედები და ეს ფაქტიც მათ ჯიბეს სერიოზულად ურტყამს. პრაქტიკულად გამოუვალ მდგომარეობაში არიან.

მარტო პატრიარქის ნათლულის სტატუსი ვერ უშველის დემოგრაფიის განვითარებას. სახელმწიფომ მეტი რესურსი უნდა ჩადოს იმაში, რომ ხელი შეუწყოს პროფესიული კადრების განვითარებას, მეტი სერვისი შესთავაზოს ქალებს, განსაკუთრებით პედაგოგებს, რადგან აქ ძირითადად ქალები არიან დასაქმებული. კვალიფიციურ პედაგოგს კი ძალიან დიდი მისია აკისრია მოზარდების განვითარებასა და სწორი ღირებულებებით ჩამოყალიბებაში. პედაგოგი გავხდი სწორედ პროტესტის ნიშნად, რომ არ ვყოფილიყავი ისეთი, როგორი მასწავლებლებიც მყავდნენ. როდესაც გამოვთქვამდი საკუთარ აზრს, რ მაძლევდნენ ამის უფლებას. წაკითხულის გააზრება, საკუთარი კრიტიკული ანალიზი, ხედვა – ეს ის აუცილებელი უნარ-ჩვევებია, რაც მოზარდმა უნდა შეითვისოს და პედაგოგსაც უნდა ქონდეს გააზრებული. სახელმწიფო თუ ახლა ჩადებს რესურსს ამ სისტემაში, ხვალ საუკეთესო შედეგებს დადებს. და არა ისე, როგორც ახლაა – მასწავლებლობა რომ ყველაზე დაბალანაზღაურებადი და დაუფასებელი შრომაა.“

ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: ნინა ბაიდაური