მეგი კავთუაშვილი, 41 წლის, თბილისი

მეგი კავთუაშვილი, 41 წლის, თბილისი

,,უკვე მეშვიდე წელია, საქართველოში მცხოვრებ მშობლებთან ერთად სასკოლო გამოწვევებზე ვმუშაობ.

ამ თემისადმი სენსიტიურობა, ალბათ, ჩემი ბავშვობისდროინდელი ფიქრების გამოძახილია. მგრძნობიარე ბავშვი ვიყავი, დღემდე შემიძლია, ბავშვების თვალებით შევხედო სამყაროს. სულ ვამბობ, რომ ისე ძალიანაც ვერ გავიზარდე, ბავშვის თვალებით რომ აღარ აღვიქვამდე გარემოს. ყველაზე მეტად რასაც ვერ ვიტანდი და სკოლაშივე შევეჩეხე, ეს იყო უსამართლობა და დისკრიმინაცია. დედაჩემი ძალიან აქტიურად იყო ჩართული ჩემს სასკოლო ცხოვრებაში და მუდმივად ვგრძნობდი მის მხარდაჭერას. მახსოვს, ერთხელ, მასწავლებელმა უსამართლოდ დამიწერა ცუდი ნიშანი და ამის გამო შევეკამათე. შედეგად, დაიბარა დედა და უთხრა, შენს შვილს გრძელი ენა აქვსო. ამაზე კი დედამ მიუგო, მეგი ვერ იტანს უსამართლობას და მე რომც ვთხოვო, ის მაინც არ გაჩუმდებაო. მახსოვს, როგორ გამაძლიერა ამ სიტყვებმა. დედას ეს ვიზიტი სკოლაში გახდა იმ ძალისა და იმედის მომცემი, რომ დავრწმუნებულიყავი, დედებს, ქალებს, ჩვენი შვილებისთვის ბევრი რამე შეგვიძლია. თუმცა მე არასდროს მითქვამს, რომ ჩვენი ორგანიზაცია – „მშობლები განათლებისთვის“ – ქალების ორგანიზაციაა. დამფუძნებლებშიც არიან კაცები და დღემდე სულ ვცდილობთ, მეტი მამა ჩავრთოთ, რადგან მათი მონაწილეობა და თანადგომა შვილების სასკოლო განათლებაში საკმაოდ შედეგიანია.

თავდაპირველად, ჩემი ჟურნალისტური საქმიანობისას, გული მიმიწევდა განათლების საკითხებისადმი და როცა რომელიმე თემაზე მთხოვდნენ მუშაობას, ყოველთვის მომქონდა განათლების თემები. თუმცა ბევრი ისეთი საკითხი, რაც არ იყო ჩემი გადაცემის თემა, გაშუქების მიღმა რჩებოდა და ასე დავიწყე „მორჩენილი“ ამბებისგან ბლოგების წერა. დღემდე, სკოლაში რომ შევდივარ, ბევრ ისეთ რამეს ვამჩნევ, რაც ასე ხელისგულზე არ დევს ხოლმე. მაგალითად, ვაკვირდები ადამიანებს, დამოკიდებულებებს, საკლასო კლიმატს, ბავშვებისა და პედაგოგების ურთიერთმიმართებას, მასწავლებლებსა და დირექტორს შორის ურთიერთობას, სასკოლო პერსონალის მიერ მშობლების აღქმებს. სწორედ ეს იყო ის თემები, რომლებზეც ბლოგებში ვწერდი.

10 წლის წინ, როცა ჩემი შვილის სკოლაში წასვლის დრო მოვიდა, რთული არჩევანის წინაშე დავდექი: არ ვიცოდი, სად შემეყვანა, კერძოში თუ საჯაროში. ამიტომ, ჩემს მეუღლესთან და ბავშვთან ერთად დავიწყე სკოლებში სიარული და შერჩევის პროცესი. აღმოჩნდა, რომ 10 წლის წინანდელი საჯარო სკოლა ბევრად არ განსხვავდებოდა იმ სკოლისგან, მე რომ 2000 წელს დავამთავრე. ბევრი ფიქრის შემდეგ კერძო სკოლაზე შევაჩერე არჩევანი. თუმცა მაშინ ეს გამოცდილება რომ მქონოდა, და ამ 10 წელში რაც გამოსწორდა, ეს მოცემულობა რომ ყოფილიყო, ალბათ, საჯარო სკოლაში შევიყვანდი.

დღემდე უხერხულობას განვიცდი იმის გამო, რომ შვილები კერძო სკოლაში დამყავს და უმეტესად საჯარო სკოლების პრობლემებზე ვსაუბრობ და ვმუშაობ. სინამდვილეში, ჩემი მიზანი ისაა, რომ ყველა ბავშვს, მისი ოჯახის შესაძლებლობების მიუხედავად, ხელი მიუწვდებოდეს კარგ სასკოლო გარემოზე და ხარისხიან განათლებაზე. ერთი დღეც რომ დადგეს და ვეღარ გადავიხადო ჩემი შვილების სწავლის გადასახადი, მინდა, რომ მათ დახვდეთ ღირსეული გარემო საჯარო სკოლებში. გარდა ამისა, ჩემი შვილები ამ საზოგადოების წევრები არიან. არ მინდა, ამ მასიურ უსამართლობაში ვზრდიდეთ ბავშვებს; არ მინდა, ბავშვები ეჩვეოდნენ და ეგუებოდნენ სიღარიბეს, გაფუჭებულ ინფრასტრუქტურას, შეურაცხყოფას. 12 წელი რომ ბინძურ საპირფარეშოში შედიხარ, უხარისხო წიგნებით სწავლობ, მასწავლებელი თავზე დაგყვირის და ერთადერთი ნათელი წერტილი 50 წლის წინ დაბეჭდილი აკაკი წერეთლის პორტრეტია შენი სკოლის კედელზე, ამ ყველაფერს ეგუები და ჩვეულებრივი ამბავი ხდება. არ მინდა, რომ ქუჩაში დგომა ისევ მოდაში იყოს, სწავლა კი „ტეხავდეს.“ მე მინდა, რომ ეს ყველაფერი არ იყოს ნორმა და, პირველ რიგში, მშობლებმა ამაზე ხმამაღლა ვისაუბროთ.

ძალიან დიდი სირთულეა, მშობელმა ილაპარაკოს ხმამაღლა იმაზე, რაც მის შვილს აწუხებს. ოღონდ ილაპარაკოს იქ კი არა, სადაც მხოლოდ მშობლები ვსხედვართ, არამედ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. მშობლები ხდებიან სოციალური ბულინგის მსხვერპლი, დღემდე მუშაობს „ინტრიგანის“ იარლიყი. მშობლის აზრი ხშირად აღიქმება მტრულ განწყობად. ეს დღემდე ძალიან რთული ამბავია და წყალს იმათ წისქვილზე ასხამს, ვისაც გადაწყვეტილებების მიღება ევალება და ამას არ აკეთებს.”


რას ნიშნავს მშობელთა მონაწილეობა?
,,პირველად როცა დავგუგლე მშობელთა ჩართულობის შესახებ, აღმოვაჩინე, რომ ქართულ ენაზე თითქმის არანაირი რესურსი არ არსებობდა, მაგრამ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მოქმედებდა დროში გამოცდილი პროგრამები. ,,მშობელთა ჩართულობა’’ და ,,მშობლების მონაწილეობა სასკოლო ცხოვრებაში’’ – დასავლური ტერმინებია. აზიასა და რუსეთში ასეთს ვერაფერ ნახავთ. ჩვენთან, საქართველოში, ამერიკამ, კერძოდ, USAID-მა შემოიტანა ეს ტერმინი და პირველად მასწავლებლებმა მაშინ გაიგეს, რა იყო მშობელთა ჩართულობა. ასეთი გამოცდილება მხოლოდ მაღალი დემოკრატიული კულტურის მქონე ქვეყნებს აქვთ. იქ, სადაც სასკოლო საზოგადოების მონაწილეობა არ არის და ერთპიროვნულად – მხოლოდ დირექტორი ან ბელადი იღებს გადაწყვეტილებას, მშობელთა ჩართულობაზე ვერაფერს იპოვით. რაც უფრო მაღალია მშობელთა ჩართულობის კულტურა, მით უფრო სამართლიანი და ბავშვების ინტერესებზეა მორგებული სასკოლო გარემო. ყველა ის ქვეყანა, რომლებსაც ჩვენ ვეტრფით სოციალურ ქსელებში, ფინეთი იქნება ეს თუ ესტონეთი, ოჯახების მონაწილეობით არის ისეთი, როგორიც არის. მხოლოდ სახელმწიფო კარგ სკოლას არ ქმნის. კარგი სკოლა იქმნება ოჯახისა და სკოლის თანამშრომლობით.

ეს აღმოვაჩინე 2017 წელს, როცა, მე, როგორც მშობელს, პირველად დამჭირდა დამატებითი ცოდნით გაძლიერება, რომ თანამოაზრე მშობლებთან ერთად მივსულიყავი ჩემი შვილის სკოლაში. არა საჩხუბრად, არამედ სათანამშრომლოდ, და მეთქვა, თუ როგორ ვხედავდით ჩვენ ამ პროცესებს. სკოლაც გამომყვა ამაში. ჩემი შვილების თანაკლასელების მშობლები აღმოჩნდნენ შესანიშნავად მოაზროვნე ადამიანები და დღემდე ჰარმონიული ურთიერთობა გვაქვს სკოლასთან.

მოგვიანებით, მშობლებს გავუზიარე მშობელთა ორგანიზაციის შექმნის იდეა. მინდოდა, რომ ეს ჩვენი დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ბევრი სხვა მშობლებისთვისაც გაგვეზიარებინა საქართველოს მასშტაბით. შემდეგ სპეციალისტებიც შემოგვიერთდნენ და 2018 წლის იანვარში დავაფუძნეთ ასოციაცია „მშობლები განათლებისთვის“. აგერ უკვე 7 წელია, 15000 მასწავლებელი და მშობელი გვყავს ჩვენ უკან, ვისაც გავუზიარეთ ის, რაც ჩვენ ვიცოდით და ამ პროცესს აქტიურად ვაგრძელებთ.

სკოლებში ნომერ პირველი გამოწვევა არის კომუნიკაცია: როგორ აღიქვამს სკოლა მშობელს და როგორ აღიქვამს მშობელი სკოლას. საბჭოთა კავშირმა ჩამოაყალიბა აქტიური მშობლის სტერეოტიპი, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც მასწავლებლის და დირექტორის ინსტრუქციებით მოქმედებს, უსმენს მხოლოდ მათ და არა – შვილს, აგროვებს ფულს ექსკურსიებისა თუ საჩუქრებისთვის. მშობელი, რომელსაც აქვს სკოლის მიმართ ჯანსაღი კრიტიკა, აღიქმება ინტრიგანად, ჩასაფრებულად, რომელიც ებრძვის სკოლას. სინამდვილეში ასე არ არის. დღეს მშობელი უკვე ცოდნით აღჭურვილი მიდის სკოლაში და სკოლის მიმართაც მაღალი მოლოდინი აქვს. ცხადია, ეს სტანდარტი, რომელიც ევროპულ სკოლებშია და ჩვენთან არ არის, მშობელს იმედს უცრუებს. თუმცა, ძალიან ხშირად, იმის გამო, რომ სკოლის მხრიდან ბავშვი არ იქცეს შურისძიების საგნად, ამ პრობლემებზე არა სკოლაში, არამედ მშობლების ჩატებში საუბრობენ. არადა, მშობლებს იმხელა რესურსი გააჩნიათ, რომ სკოლაც და სახელმწიფოც დაინტერესებული უნდა იყოს ამ თანამშრომლობით. მხოლოდ ასე გახდება სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო ბავშვებისთვის და შედეგიანი მთელი საზოგადოებისთვის.

ჩვენი პრიორიტეტული სამუშაო საკითხებია: სასკოლო კვება, სკოლაში ჰიგიენის მდგომარეობა და უსაფრთხოება. ჯერ კიდევ 1921 წლის კონსტიტუციაში გვეწერა, რომ სახელმწიფომ სასკოლო კვებით უნდა უზრუნველყოს ბავშვები. სასკოლო კვება პირდაპირ კავშირშია ხარისხიან განათლებასთან და ფიზიკურ ჯანმრთელობასთან. როდესაც გაკვეთილზე გვისხედან მშიერი ბავშვები, რომლებსაც გული მისდით, მუცელი სტკივდებათ და თავბრუ ეხვევათ, იმ ბავშვებს ნუ მოვთხოვთ, რომ მოწინავე ქვეყნების თანატოლებს დაეწიონ სწავლაში და ნუღარ აღვშფოთდებით, როცა საერთაშორისო კვლევები დაგვანახებს, ბოლო ადგილებზე რომ ვართ განათლებით. ამ დროს კი არ უნდა აღვშფოთდეთ, უნდა ვიფიქროთ, რას ვაკეთებთ არასწორად და რა უნდა შევცვალოთ. მხოლოდ სხვამ კი არა, მე თვითონ რა უნდა შევცვალო.

შარშან მშობლები განათლების მინისტრს შევხვდით. გავაცანით ჩვენი წუხილები. ისე წავიდა თანამდებობიდან, განხილული პრობლემების აბსოლუტური უმრავლესობა მოუგვარებელი დატოვა. ახლა, წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური პარტიები მოვიწვიეთ, რომ გვესაუბრა სასკოლო პრობლემების გადაჭრის გზებზე. მათ უნდა იცოდნენ, რა გამოწვევების დაძლევას ველით მშობლები მათგან, როცა ხელისუფლებაში მოვლენ. სამწუხაროდ, სახელისუფლებო პარტია არ მოვიდა, თუმცა იყო ყველა ოპოზიციური პარტია. ჩვენი სასაუბრო თემა იყო სასკოლო კვება, სკოლებში ჰიგიენის მდგომარეობა, ბავშვების ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება და განათლების ხარისხი. თუმცა სკოლებში ბევრი სხვა უსერიოზულესი გამოწვევაა, მაგალითად, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით – დანგრეული სკოლები, რომლებსაც ვეღარ აშენებენ. იმაზე უფრო მეტი სკოლა ინგრევა, ვიდრე სახელმწიფოს აშენება შეუძლია. ბავშვების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე სკოლას შეუძლია დაიტიოს. ზოგიერთ სკოლაში 13 პარალელური კლასია და რამდენიმეცვლიანი სწავლა მიმდინარეობს. შემცირებულია გაკვეთილების რაოდენობაც. შეუძლებელია ჰიგიენის ნორმების დაცვა. ცხადია, ასეთ პირობებში ხარისხიანი გაკვეთილები არ ტარდება. ამაზე ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ მშობლებმა იმიტომ, რომ მშობლებს ყველაზე მეტი გვაქვს დასაკარგი. ჩვენი შვილები დადიან იმ სკოლებში და ყოველდღე უწევთ იმ საპირფარეშოთი სარგებლობა და იმ გაკვეთილზე დასწრება, რომელიც უნდა იყოს ხარისხიანი და არ არის. ყოველდღიურად განიცდიან ბავშვები სასწავლო დანაკარგებს, ყოველდღიურად განიცდიან ზიანს.


წლების განმავლობაში ჩვენმა ასოციაციამ მშობელთა ჩართულობა საკმაოდ პოპულარული თემა გახადა. დღეს ვერ ნახავთ სკოლის დირექტორს ან მასწავლებელს, რომელიც გეტყვით, რომ არ უნდა და არც ცდილობს მშობელთა გააქტიურებას. ჩვენი საშუალებით შეიქმნა ასობით საგანმანათლებლო რესურსი ქართულ ენაზე, გადამზადდა ათასობით ადამიანი და გახდა კვალიფიციური კადრი მშობლების ჩართულობის საქმეში. კონკრეტულ სკოლებში შევქმენით სტრატეგიული გეგმები და პრაქტიკაში მუშაობს უკვე ეს სისტემები.

და აი, ამხელა ისტორიის და გამოცდილების მქონე ორგანიზაცია დღეს საფრთხის წინაშე დგას.

ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი საქმიანობა არ არის უცხო ქვეყნის გავლენის გატარება. თუ ვინმეს ინტერესს ვატარებთ, ეს არის ქართველი ხალხის და ბავშვების ინტერესები. ჩვენი ნებით უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის ბაზაში არ დავრეგისტრირდით. ეს არის ღირსების შემლახველი და სახიფათო, და ხიფათს გვიქმნის არა მარტო ჩვენ, ვინც ვმართავთ ამ ორგანიზაციას, არამედ ყველა იმ მშობელს და ბავშვს, რომლებიც ჩვენ მოგვმართავენ. ვერ მივცემთ სახელმწიფოს უფლებას, რომ ჩვენზე განუსაზღვრელი კონტროლი დაამყაროს. ამის უფლებას ვერცერთ ხელისუფლებას ვერ მივცემთ. არ ვიცით, რა იქნება მომავალში.გავაგრძელებთ მუშაობას, სანამ დაგვაცდიან. ჩვენ პატარა ორგანიზაცია ვართ და თუ დაგვაჯარიმებენ, ცხადია, ვერ გადავიხდით. მოგვიწევს მივმართოთ სასამართლოს, მოვითხოვოთ, გვცნონ გადახდისუუნაროდ. ამის შემდეგ კი დაიწყება ჩვენი ლიკვიდაციის პროცესი. ეს ის სცენარია, რომელიც ,,რუსული კანონით’’ ჩაიფიქრა მისმა მიმღებმა ხელისუფლებამ. თუ ასე მოხდება, ამაზე პასუხისმგებლობა ცალსახად დაეკისრება სახელმწიფოს. ჩვენ კი, როგორც მშობლები, მაინც გავაგრძელებთ მუშაობას. სანამ ჩვენ უკან პატარა შვილები დგანან, გაჩერების არც უფლება გვაქვს და არც სურვილი.”

ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: სოფო აფციაური