მერი მძელური, 25 წლის, თბილისი
„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე, პირველი კურსის სტუდენტი ვარ. ამასთან ერთად, ტაქსისტად ვმუშაობ „ტაქსიფაიში“.
იმდენად მიჩვეულები ვართ, რომ ტაქსის მძღოლი კაცი უნდა იყოს, რომ ძალიან უკვირთ, როცა გამოძახებისას მე მივდივარ. ერთხელ ერთმა კლიენტმა ისიც კი მითხრა, გამოძახებისას სახელი „მერი“ რომ დაეწერა, ისიც კი ვიფიქრე, რა დრო დადგა კაცს მერი ქვიაო. ანუ ის უფრო მარტივად დასაშვებია, რომ კაცს მერი ერქვას, ვიდრე ქალი მძღოლი იყოს.
ქალებს მაინც ძალიან უხარიათ ხოლმე ქალი მძღოლი იმიტომ, რომ კომფორტულად გრძნობებ თავს. ქალი მძღოლები პოლიტიკაზე არ ლაპარაკობენ და არც ბენზინის ფასზე წუწუნებენ. კაცი მგზავრები კი, თავიდან თითქმის ყველა დაძაბულია. ჩვენთან ხომ სტერეოტიპი არსებობს, რომ თითქოს ქალი მძღოლი ცუდი მძღოლია. ცოტას რომ გავივლი და ხვდებიან, რომ მანქანას ბევრ კაცზე უკეთ ვმართავ, მერე უკვე მენდობიან.
მანქანის ტარება მაგრად მიყვარს. სხვა სამსახურისგან თავისუფალი დრო რომ მქონდა, არ მინდოდა უქმად დამეკარგა, ამიტომ გადავწყვიტე ტაქსიში მემუშავა და დამატებითი შემოსავალიც მქონოდა. ახლა უკვე ეს არის ჩემი ძირითადი შემოსავალი. გარედან შეიძლება ისე ჩანდეს, რომ ტაქსის მძღოლს დიდი შემოსავალი აქვს, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. მე, ყოველშემთხვევაში, არ ვარ კმაყოფილი, მაგრამ სულ არაფერს ასე სჯობს.
ჩვენს კომპანიაში კიდევ არიან სხვა ტაქსის მძღოლი გოგოები, ოღონდ რამდენიმე მათგანი მალავს ამ ამბავს ოჯახის წევრებისა და ნათესავებისგან. მე არ ვიცი რატომ ითვლება ეს დასამალ სამსახურად. რა თქმა უნდა, ყველას თავისი ცხოვრება აქვს და მე ამაში არასოდეს ჩავერევი, უბრალოდ, საერთოდ არ თვლი, რომ რამე დასამალია. მე, პირველ რიგში, ალბათ ძალიან გამიმართლა ოჯახის წევრებში. პირველად ეს სურვილი სახლში რომ გავაჟღერე, გაგიჟდნენ უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომ ვინმეს რამე არ დაეშავებინა. თორემ, რომ დარწმუნდნენ, რომ უსაფრთხოდ ვარ, არანაირი წინააღმდეგობა არ ჰქონიათ. თან ისინი რომ არ ვანერვიულო, მხოლოდ საღამოს ათ საათამდე ვმუშაობ. დღის განმავლობაში 5-6 საათი ვმუშაობ მარტო, ხანდახან მაშინაც კი, როცა ლექციებს შორის შუალედი მაქვს, დროს უქმად არ ვკარგავ. ამ სამსახურით მე ჩემი სწავლის ფულის გადახდას ვახერხებ.
მანამდე „ფუდპანდაში“ ჩემი მანქანით კურიერად ვმუშაობდი. ძალიან საინტერესო იყო იქ მუშაობა. როცა მომხმარებელს ვურეკავდი თქვენი შეკვეთა მოვიდა და კარი გამიღეთთქო, პასუხი იყო ხოლმე „ა, მოვიდნენ უკვე, გავუღებთ ახლავე“, რაზეც ვეუბნებოდი „არა, მე მოვედი, მე ვარ კურიერი“. ანუ მე ვეგონეთ ოპერატორი გოგონა და რატომღაც კურიერად ყოველთვის ბიჭს ელოდნენ. მე არ მინდა ეს დამოკიდებულება იყოს. მინდა ეს შეიცვალოს.
ჩემი კლიენტების 70 პროცენტს ვიცნობ და გამოძახების შემთხვევაში ზუსტად ვიცი სად უნდა მივიდე და ვინ სად წავიყვანო. ხანდახან ყავაზეც მეპატიჟებიან. ერთს დაბადების დღე ჰქონდა და მეც დამპატიჟა შემოგვიერთდიო. ვერ შევუერთდი, მაგრამ სამაგიეროდ ფული არ გადავახდევინე. ან არის შემთხვევა, როცა თანხა აკლიათ ხოლმე და არც ამაზე მაქვს პრობლემა, ყველაფერი ხდება. მეორეს მხრივ, ისეთი შემთხვევებიც არის, როცა, პირიქით, აქეთ მიტოვებენ უფრო მეტს, ვიდრე მგზავრობა დაჯდა. მოკლედ, ბევრნაირი ადამიანი მხვდება მუშაობისას, ჩემთვის ეს საქმიანობა ადამიანებზე დაკვირვებისა და მათთან ურთიერთობის თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა.
ისიც აღსანიშნავია, რომ მანქანა და მანქანის ტარება ძალიან მიყვარს, ასე რომ არ იყოს შეიძლება ეს სამუშაოც ასე არ მსიამოვნებდეს და თუნდაც ამ ქალაქში მოძრაობას ვერ გავუძლო. რაც თავი მახსოვს, მანქანა სულ მინდოდა. როგორც კი სტაბილური სამსახური ვიშოვე, სესხი ავიღე და ვიყიდე. მანამდე კი მოპედით დავდიოდი. ერთი შვიდი წლის წინ გოგო მოპედზე იგივე იყო, რაც დღეს გოგო ტაქსის მძღოლია.
სკოლა დავამთავრე თუ არა, ეგრევე დავიწყე მუშაობა მიმტანად; მიმტანიდან გადავედი სალაროზე, მოლარე ვიყავი, მერე გადავედი მზარეულად. ჩვენს ქვეყანაში მართლა რთულია სამსახურის შოვნა, მაგრამ თუ გინდა, რაღაცას მაინც იპოვი. ვფიქრობ, ბევრი იმას ელოდება, რომ კაბინეტში დაჯდეს, იჯდეს თბილად, ბევრი საქმე არ ჰქონდეს – ასეთი სამსახური ასე მარტივად არ მოდის, ჩემი აზრით. მანამდე რაღაცეები უნდა გააკეთო, ბევრგან გამოსცადო შენი თავი. მუშაობის 7 წლიანი გამოცდილება მაქვს და სულ იმას ვხუმრობ, რომ აფთიაქისა და ბანკის გარდა ყველგან მიმუშავია. ალბათ, ჩემი მშობლების დამსახურებაა, რომ შრომა არასოდეს მეუხერხულებოდა. „დედა სიგარეტის ფული მომე“-ს თქმას მირჩევნია წავიდე და მიმტანად ვიმუშაო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლები ყოველთვის ცდილობდნენ ყველაფერი მქონოდა, რაც მინდოდა. მაგრამ, ვფიქრობ, დამოუკიდებლობა საუკეთესო შეგრძნებაა. იმდენად მიყვარს დამოუკიდებლობა, რომ თუ რამე სამუშაოს შესრულება ფიზიკურად შემიძლია, მე მასზე არასოდეს ვიტყვი უარს. თუ ჯანმრთელობა ხელს გიწყობს, ყველაფერი უნდა გააკეთო, რაც შეგიძლია და კაბინეტს არ უნდა ელოდო.
ჩვენს საზოგადოებაში, რატომღაც დაყოფილია, რომ რაღაც საქმე ქალმა უნდა აკეთოს და რაღაც საქმე – კაცმა. ჩემთვის არ არსებობს კაცის საქმე და ქალის საქმე. არსებობს მხოლოდ შესაძლებლობები. მე კი მაქსიმალურად ვცდილობ რაღაცეები შევცვალო, თუნდაც ჩემ ირგვლივ. ზუსტად ვიცი, ამაში ჩემს პატარა წვლილს შევიტან“.
ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: სოფო აფციაური