მონიკა ქობალია, 15 წლის, ზუგდიდი

„მინდა რომ ერთხელ მაინც გადავუშალო ადამიანებს გული საკუთარ ცხოვრებაზე და კარგი იქნება ჩემი მსმენელები, ქალები თუ იქნებიან.

8 წლის ვიყავი მამა რომ დამეღუპა. მე და დედიკო დავრჩით. იმისათვის, რომ სკოლაში სრულფასოვნად მესწავლა, ჩამეცვა, სასკოლო ნივთები მეყიდა, შემოსავალი გვჭირდებოდა. მანამდე მამა არაფერს მაკლებდა, მაგრამ მამის გარდაცვალების შემდეგ ეკონომიურად გაგვიჭირდა. დედიკომ სასურსათო მაღაზიაში დაიწყო მუშაობა და ელემენტარულ ნივთებს, რაც ბავშვს ჭირდებოდა, არ მაკლებდა. თუმცა ჩემს კლასელებთან შედარებით, არც ისე კარგად ჩაცმულ-დახურული ვიყავი. განსაკუთრებულად არასდროს მეცვა. ჩემს კლასელებს ჩემზე უკეთ ეცვათ, დასასვენებლად დადიოდნენ, მასწვალებლებთან ემზადებოდნენ. მე ეს არასდროს მქონია. იყო ისეთი პერიოდიც მთელი წელი ერთი ხელი ტანსაცმელი მქონდა მხოლოდ და არც ისე ახალი და არც ისე მოდური ფეხსაცმელი მეცვა. ამის გამო მახსოვს, ბევრჯერ გავმხდარვარ კლასელების დაცინვის ობიექტი. ბევრჯერ მიტირია და მტკენია გული, და მისაყვედურია დედასთვის, რატომ არ მაქვს კარგი ტანსაცმელი.

ერთხელ მახსოვს, კლასელმა მომაძახა, დედაჩემი მასწავლებელია და დედაშენი კი გამყიდველიო. არადა არ ვთვლი, რომ რომელიმე პროფესია დასაძრახია. მაგრამ ისე დამამცირებლად, ისეთი ირონიული ტონით მითხრა, რომ ძალიან მეტკინა გული. მაგრამ ახლა, ამ გადმოსახედიდან რომ ვაფასებ, იცი რას ვხვდები? იმას, რომ ასეთმა ცხოვრებამ კი არ გამაბოროტა, არამედ უბრალოება მასწავლა. უბრალოებაზე კარგი კი არაფერი არ არის, იმიტომ, რომ როცა უბრალო ხარ და არა ქედმაღალი, მაშინ შეგიძლია იყო ყველას მიმართ თანასწორი იმიტომ, რომ ზემოდან ქვევით არავის უყურებ.

11 წლის ვიყავი, დედიკო რომ რუსეთში სამუშაოდ გაემგზავრა. რაღაც პერიოდი რომ გავიდა, აღარ მეკონტაქტებოდა, არ მირეკავდა. თურმე დედა ძალიან ავად გამხდარა და მიმალავდნენ. ერთხელ მასხოვს, გვიან ღამით დამირეკა და თავისი ავადმყოფობის შესახებ მომიყვა. მაშინვე მივხვდი, რომ მალე დაიღუპებოდა. თითქოს ფეხქვეშ მიწა გამომეცალა.

დედიკოს გარდაცვალების შემდეგ მოსიარულე გვამივით ვიყავი.
ამან კიდევ იცი რა მასწავლა? ბრძოლისუნარიანობა. მე ვიცოდი, რომ იმისათვის რომ უკეთესი ცხოვრება მქონოდა, უნდა მიმეღო განათლება, რომ დამემკვიდრებინა ჩემი ადგილი. ჯერ ჟურნალისტობა მინდოდა, წერა დავიწყე ჩემით და ვთამაშობდი, ვითომ ინტერვიუებს ვწერდი. მერე ინტერნეტით მედია გაკვეთილების კურსი მოვძებნე და გავიარე. ამის მერე სამეგრელოში მოქმედ თითქმის ყველა მედია გამოცემაში და რადიოში გავიარე სტაჟირება. ყველგან მინდა ვიყო. ბებია მეუბნება ხანდახან, გაჩერდი შვილო, ეს შენს ფსიქიკაზე ცუდად იმოქმედებსო, მაგრამ ისეთი ადამიანი ვარ, რომ მინდა ყველაფერში მივიღო მონაწილეობა და ყველაფრისგან მივიღო გამოცდილება. მინდა რომ ჩემით მოვიწყო საკუთარი ცხოვრება. ყველა საკუთარ ცხოვრებაზე უნდა იყოს პასუხისმგებელი და არ არის სწორი, როცა ცდილობ რაღაცეები დააბრალო ბედს ან უბედობას.

კიდევ იცით რა არის გულსატკენი? რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევ, მით უფრო მეტად გაფასებენ ადამიანები. ის კლასელები, რომლებიც დამცინოდნენ, ახლა, როცა ბევრ აქტივობაში ვარ ჩართული, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ვთანამშრომლობ, რადიო გადაცემებს ვაკეთებ, ყველასთვის კარგი და საყვარელი მეგობარი გავხდი.

ჩემს თანატოლ გოგოებს ვურჩევდი, ადრეული ასაკიდან მიეჩვიონ დამოუკიდებლად პატარ-პატარა გადაწყვეტილებების მიღებას. როცა მშობლები გიმაგრებენ ზურგს, არაფერზე არ გიწევს ძალისხმევა, სასათბურე პირობებში იზრდები და ეს თითქოს გაჩლუნგებს, ბრძოლისუნარიანობას გიკარგავს. ახლა ვკითხულობ ბლეზ პასკალის აზრებს, და ეს მოაზროვნეც იმიტომ მომწონს, რომ ნაადრევი ასაკიდან დაიწყო საკუთარი თავის განვითარება.

მინდა რომ ამ საზოგადოებაში ჩემი ადგილი მოვიპოვო, ის ადგილი, საიდანაც ვერავინ ვერ გამაგდებს იმიტომ, რომ ვიცი, რომ ეს ჩემი პატარა ადგილია. სამომავლოდ გეგმაში მაქვს ჩემი არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბება, რომელიც დახმარებას გაუწევს და გააძლიერებს ობოლ და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს.“