მორთულა გაგიშვილი, 73 წლის, რუსთავის მოხუცთა თავშესაფარი
„საბუთებში მორთულა მქვია, მაგრამ გულოს მეძახიან… აი, ასეთი ქალი ვარ მე. ჩემმა მამიკომ დამარქვა ეს სახელი.
წარმოშობით სამაჩაბლოდან ვარ, სოფელ ახმაჯიდან. საზღვარზეა ეს სოფელი და რუსების ჯარის ნაწილები იდგა ერთ სამ ადგილას. ახლა მხოლოდ ერთი საჯარისო ნაწილია დარჩენილი და ნეტავი ყველანი წავიდნენ, რომ შევძლო ჩემს სახლში დაბრუნება. დანგრეულია ჩემი სახლი, მაგრამ მაინც… მამა-პაპეულის დატოვება მიჭირს, ფიზიკურად მიჭირს, თორემ ახლაც წავიდოდი.
რუსთავის აზოტის ქარხანაში 20 წელი ვიმუშავე და შემდეგ ისევ დავბრუნდი სოფელში. რადგან გვქონდა სოფელი, მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ დაბრუნება. შემდეგ იცით რაც მოხდა, აგვისტოს ომი… 6 მარტს კი, ჩემი მეუღლე დაიღუპა. დავრჩი ასე, შვილიშვილების ამარა, მარტო. დიდი გაჭირვება გამოვიარე, რეები არ გადავლახე, მაგრამ დღესდღეობით აქ ვარ კარგად.
იძულებული გავხდი, რუსთავში გადმოვსულიყავი იმიტომ, რომ აქ ბევრი ახლობელი მყავდა. ახლა მოხცუთა თავშესაფარში ვცხოვრობ. ჩემი შვილები და შვილიშვილები საფრანგეთში ცხოვრობენ და მარტო რომ არ ვყოფილიყავი აქ გადმოვედი უკვე ორი წელია, თუმცა ძალიან კმაყოფილი ვარ.
ჩემი სახლი მენატრება. იმდენი მიშრომია და მიწვალია… რისთვის? დარჩა ასე… ყველა გაიფანტა ვინც იქ ცხოვრობდა, ზოგი იქეთ… ზოგი აქეთ… ახლა ჩემი მაზლი იქ ცხოვრობს და შედარებით სიმშვიდეა, თუმცა თავიდან რუსები რომ შემოვიდნენ, დიდი გაჭირვება იყო და ჩემი შვილიშვილები მეტყოდნენ „ბებო, წავუღებთ რამეს“ და აკრიფავნდნე ხან ვაშლს, ხან კარტოფილს და მიჰქონდათ ჯარისკაცებთან. მერე ისინი ბავშვებს ხელის აწევით ესალმებოდნენ.
42 წლის შვილი მყავს დაღუპული. გაჟონვა დაემართა და ვერაფერი ვუშველეთ. ვერ გადავარჩინეთ. სახლიც კი გავყიდე, ყველაფერი, რაც გამაჩნდა, მაგრამ ვერაფრით ვუშველე. ტყუილი იყო სულ ყველაფერი… მე ვცოცხლობ და ის მიწას არის ამოფარებული, მაგრამ რა ვქნა… ცხოვრება კიბეაო რომ იტყვიან ხოლმე, მართალია, სწორია. მაგრამ რა ვქნა, თანდათან შევეგუე ყველაფერს.
კარგი იყო ის ცხოვრება, რაც მქონდა და რანაირადაც ვიყავი, მაგრამ… მაგრამ არ განიავებულა ჩემი ცხოვრება.“