ნათია გაგაძე, 23 წლის, ბათუმი

„საქაერონავიგაციაში ვმუშაობ, ავიამეთვალყურე ვარ ბათუმის აეროპორტის კოშკურაში. ჩემი მოვალეოება ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. პილოტებს ვაძლევ მითითებებსა და მიმართულებას, რომ შემდგომ შესაბამისი ინფორმაციით მიიღონ გადაწყვეტილება, რა და როგორ გააკეთონ, ამასთან, ვწყვეტ მათ თანმიმდევრობას სხვა ჩემს კოლეგებთან ერთად, სიტუაციიდან გამომდინარე.  ავიამეთვალყურეების სამი სიმაღლე არსებობს, მე ყველაზე დაბალ სიმაღლეზე – კოშკურაში ვარ.

ავიამეთვალყურეობაში მოულოდნელად მოვხვდი, ავიაციაში ინტერესი არასდროს მქონია. საზღვაო ნავიგაცია მაინტერესებდა, მაგრამ მოვექეცი იმ წნეხის ქვეშ, რომ ეს ქალის პროფესია არაა. მათემატიკა და ციფრები ძალიან ახლოსაა ჩემთან, ამიტომ ფინანსებზე ჩავაბარე. თავიდან  კი საინტერესო იყო, მაგრამ მერე რომ დავფიქრდი, მთელი დღე ზიხარ და სამაგიდო სამუშაოს ასრულებ. წარმოვიდგინე, რომ ეს უნდა გამეკეთებინა წლების მანძილზე და მივხვდი, რომ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ვერ შევძლებდი ამას. ამ დროს, სრულიად შემთხვევით, ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა ვაკანსია, რომელიც საქაერონავიგაციამ დადო. სამუშაოს აღწერა მომეწონა, რა იცი, რა ხდება მეთქი და გავაგზავნე. ინგლისურის მაღალ დონეზე ცოდნას ითხოვდნენ, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობას და ა.შ. რაც ყველა სამუშაოს სჭირდება, არ იყო აუცილებელი გამოცდილება გქონოდა ავიაციაში. მთავარი იყო, სასწავლებლად რომ გაგიშვებდნენ, იქ აგეთვისებინა ეს პროფესია და შეგძლებოდა ერთდროულად რამდენიმე რამეზე კოორდინაციის მოხდენა. პირველ ეტაპზე ინგლისურის დონეს ამოწმებდნენ, მეორე ეტაპი იყო IQ ტესტი ავიაციის განხრით, ცხოვრებაში რადარი არ მქონდა ნანახი, იქვე ჩაგვიტარეს პატარა ტრენინგი და მომიწია რადარზე მუშაობა ამ მცირე აღწერილობით. ეს იყო ჩეხეთის ავიაციის უნივერსიტეტის გამოცდა, იქ რომ მოვმხვდარიყავი. 2000 ადამიანიდან 30 გადავედით გასაუბრების ეტაპზე, ჩეხეთიდან იყვნენ ჩამოსული სპეციალისტები – ავიამეთვალყურეები  და ადამიანური ფაქტორების სპეციალისტი, რომლებთანაც გავიარეთ გასაუბრება და აგვარჩიეს 12 ადამიანი, აქედან სამი გოგო ვიყავით. პრაღაში, ჩეხეთის საავიაციო უნივერსიტეტში ვსწავლობდი 4 თვის განმავლობაში თეორიას დაჩქარებული მეთოდით, თვენახევარი ვმუშაობდი სიმულატორზე, ნელ-ნელა გვიზრდიდნენ დატვირთვას, ჯერ 5 რეისი იყო დღეში და მერე ნახევარ საათში 20 ფრენა გვქონდა. ამ ყველაფრისთვის ერთდროულად უნდა მიგეხედა, ამასთან, მიგეხედა აეროდრომზე მოძრავი ტრასპორტისთვის, მათაც მიმართულება სჭირდებათ, არ იციან, შენ რა გეგმა გაქვს თავში, რომელ თვითმფრინავს როდის გაუშვებ, სად გაუშვებ და ელოდებიან ნებართვას გადაკვეთასა და მოძრაობის დაწყებაზე, ესეც უნდა გააკონტროლო, ბორტს რომ არ შეუშალოს ხელი, რასაც მერე ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება, შეიძლება ყველაფერი გაჭედოს.

თავიდან ჩემთვის ნებადართული არ იყო რადართან მიახლოება, მხოლოდ უნდა მეყურებინა. დღემდე ძალიან მიხარია რადართან რომ ვჯდები, პილოტებს რომ ველაპარაკები, ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებაში არ მინახავს და დიდი ალბათობით, ვერც ვერასდროს ვნახავ. კოორდინაციისა და კოოპერაციის ისეთი შეგრძნებაა… ორივე მხარე დაინტერესებული ვართ, რომ როგორც ერთმანეთში მოვილაპარაკებთ, ისე გაკეთდეს. თან ბათუმში ცოტა რთული აეროპორტია მთების გამო, მხოლოდ ერთი მხრიდანაა აფრენა და ორ თვითმფრინავს  ერთდროულად ვერ გაუშვებ. ჩვეულებრივ, სტრესული დღეები არაა, როცა საათში ორი-სამი ფრენა გაქვს, თავისუფლად მოძრაობენ თვითმფრინავები და ერთმანეთს ხელს არ უშლიან, მაგრამ არის შემთხვევები, როცა 5-6 ფრენაა და დიდხანს არ უნდა ალოდინო, რომ პილოტი არ გაბრაზდეს, მათ თავიანთი დრო აქვთ, როდის უნდა იყვნენ სხვა აეროპორტში. თან ამ ყველაფერს სხვა მეთვალყურესთან ერთად წყვეტ იმის გათვალისწინებით, რომ თავის სივრცეში პრობლემა არ შეუქმნა. მაგ დროს რომ დაამთავრებ მუშაობას და გაჩერდები, გრძნობ, როგორ იყავი დაძაბული. არის სიტუაცია, როცა რამდენიმე ბორტი მიდის ერთდროულად, ოთხივე ცალ-ცალკე გთხოვს ერთსა და იმავეს ინფორმაციას და შესაბამისად, თითო-თითო წუთი ყველას უნდა წაუკითხო, მერე სხვას უნდა დაურეკო, იმან გადმოგცეს ინფორმაცია, რომელიც შენ გჭირდება, შენ ბორტს გადასცე, ბორტმა წაგიკითხოს და  უნდა შეამოწმო, ხომ ყველაფერი სწორად გაიგო, თან უნდა გაუშვა და თან მიწაზე ვინც მუშაობს, მასთან გააკეთო კოორდინაცია. ავიაციაში არის ასეთი ტერმინი – „შვეიცარიული ყველის მოდელი.“ შეიძლება მე რაღაც შემეშალოს, მაგრამ თუ პილოტი მიხვდა და არ გააკეთა, არაფერი მოხდება. შეიძლება პილოტს შეეშალოს და მე დროულად მივხვდე ამას, ანუ ბევრი რაღაც, ბევრი ხვრელი უნდა დაემთხვას, რომ კატასტროფა მოხდეს. ამით ძალიან ვართ დაცული.

აფრენისას ყველაზე დიდი პრობლემა ფრინველებია, ბათუმის აეროპორტი ზღვის პირასაა და ბევრი თოლიაა. „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“ ძალიან მიყვარს, მაგრამ ეს თოლიები ყველანაირად საპირისპირო და სულელები არიან.  მაგალითად, ყვავები, როცა თვითმფრინავი მოდის და ხმა ესმით, სხვა მიმართულებით მიფრინავენ, მაგრამ თოლიები ცდილობენ გადაასწრონ. დურბინდით ვხედავთ ამას და ვაგზავნით აეროდრომს, ხან რაღაც ხმები აქვთ ჩართული, ხან ფეიერვერკებს ისვრიან, რომ გაყარონ, ააფრენენ, მაგრამ ორი წუთი აკლია ბორტს დაჯდომამდე და ისე უცებ დასხდებიან, საიდან მოვიდნენ, ვერ დაინახავ. თვითმფრინავი ძალიან დიდი სიჩქარით მოფრინავს და პატარა კენჭის მოხვედრაც კი ავარიული შეიძლება აღმოჩნდეს, თოლიებისგან ზიანდება ხშირად ბორტი, სადაც რადარია, იქ  ან ძრავაში ხვდებიან. ასეთ შემთხვევაში მერე ინჟინერი უნდა ჩამოვიდეს, შეამოწმოს, ამ ყველაფერში დრო გადის და მთელი გრაფიკი ირევა.

ძირითადად, ისეთი პროფესიები და სამუშაო, სადაც ღამის სმენაში ხარ და ტექნიკურად რთულია, მიიჩნევა, რომ ქალის საქმე არაა. საქართველოში 130 ავიამეთვალყურეა, აქედან ათი ქალია და სხვადასხვა სიმაღლეებზე მუშაობენ ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში. ხალხის დამოკიდებულება დადებითია, რამდენჯერმე იყო შემთხვევა, როცა მკითხეს, ვისი რეკომენდაციით  მოხვედიო, ნაცნობობაზე იყო ხაზი გასმული. აინტერესებთ, კონკურსი როდის გამოცხადდება, რომ მიიღონ მონაწილეობა და უკვირთ, რომ თურმე ქალებსაც იღებენ აქ. ავიაცია ხომ რაღაც ამაღლებული და მოშორებული თემაა ხალხისგან და რადგან ვერ ერკვევიან, რთული ჰგონიათ. არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ვინმეს ეთქვა, გოგო ხარ და ვერ გააკეთებო, მაგრამ ხანდახან უფრო უცხო ხალხს უკითხავს, როგორ არ მიჭირს ღამის სმენაში მუშაობა. კაცს ხომ ამას არავინ ჰკითხავს?! სახლშიც არავის უთქვამს, ეს კაცის პროფესიააო. რომ მივდიოდი, მაშინ გავაფრთხილე დედაჩემი, ცოტა მოულოდნელი იყო, მაგრამ არანაირი უარყოფითი ემოცია არ ჰქონია.

მათემატიკას, ფიზიკას, ქიმიასა და ბიოლოგიას კარგად ვსწავლობდი.  ამის გამო „კომპლიმენტს“ მეუბნებოდნენ, ბიჭის ტვინი გაქვსო. მაშინ მეგონა, რომ ეს ძალიან კარგი იყო და ჭკვიანი ვიყავი, ახლა რომ მახსენდება, ძალიან მრცხვენია. ქალი ვარ და ჭკუაც ქალის მაქვს. ქალებსაც გვაქვს შესაძლებლობა, ძალიან მაგრად ვიცოდეთ ფიზიკა, ქიმია, ყველა მსგავსი საგანი და ამას სქესი არ განსაზღვრავს.“