ნათია კოპალიანი, იტალია

ნათია კოპალიანი, იტალია

,,ჟურნალისტიკა არ არის მარტივი საქმე. ამის უკან დგას დიდი ძალისხმევა, უძილო ღამეები, და ზოგჯერ ეს პროფესია სიცოცხლისთვის საშიშიც კი ხდება. კოვიდპანდემია, ტერაქტები, დამწვარი ტყეები – ეს ყველაფერი ჩვენი სამუშაოს ნაწილია. ჟურნალისტიკა არ არის მხოლოდ ეკრანზე გამოჩენა, ეს არის დიდი რისკი, საკუთარი რეპუტაციის დაცვა და მიუკერძოებლობის მცდელობა. ბევრი ადამიანი, რომლებიც ჩემთან ერთად სწავლობდნენ, ძალიან კარგი სტუდენტები იყვნენ, მაგრამ პრაქტიკაში ვერ შეძლეს ამ საქმის კეთება. ჟურნალისტიკაში წარმატება ნიშნავს, რომ საკუთარი ცხოვრება მეორეხარისხოვანი გახდეს და მთელი შენი რესურსი – გონებრივი და ფიზიკური, ამას მოახმარო. მეც ბევრი რამე შევწირე ამ პროფესიას.

რაც თავი მახსოვს, სულ ჟურნალისტი ვარ და სხვა რამის კეთება არც შემიძლია. ჯერ კიდევ ბაღის ასაკში, როდესაც სადარბაზოში გამოსვლებს ვაწყობდი, ყოველთვის რაღაც მიმყავდა და როგორც კი სკოლა დავამთავრე, მივხვდი, რომ ჟურნალისტი ვიყავი. ეს პროფესია ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, თითქოს ეს იყო საკუთარი თავის გადარჩენის ერთადერთი გზა.

სტუდენტობის პერიოდიდანვე სხვადასხვა გაზეთში ვბეჭდავდი სტატიებს. შემდეგ მუშაობა გაზეთ „ბათუმელებში“ გავაგრძელე, რომელიც დღემდე ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი გამოცემაა ქართულ მედიაბაზარზე. ეს იყო ადგილი, სადაც რეალურად დავიწყე ჟურნალისტიკის კეთება. დღემდე მადლიერი ვარ ამ კოლექტივის, რადგან მათ მასწავლეს, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ჟურნალისტი და რამდენად მნიშვნელოვანია, ყოველთვის საზოგადოების მხარეს იდგე.

შემდეგ გადავედი ტელევიზიაში. თავიდან რამდენიმე გასართობი პროგრამის წამყვანი ვიყავი, მერე კი საინფორმაციო სამსახურში ახალი ამბების ჟურნალისტად დავიწყე მუშაობა. მოგვიანებით დედაქალაქში წამოვედი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის კორესპონდენტად ვმუშაობდი საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში. ვაშუქებდი ყველა მნიშვნელოვან თემას, რომელიც დღის წესრიგში იდგა. ბოლოს კი ,,ტვ პირველში” პოლიტიკური გადაცემების პროდიუსერი ვიყავი.

ალბათ, ჟურნალისტიკა ერთ-ერთი იმ პროფესიათაგანია, რომელთან განშორებაც ადამიანებს განსაკუთრებით უჭირთ. მით უფრო, როცა ეკრანზე ხარ და მაყურებელი გიცნობს. ეს გადაწყვეტილება – ეკრანიდან წასვლა, რთულია, და ამას არ ვამბობ მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით.”


ჟურნალისტიკიდან ემიგრაციისკენ
,,სხვადასხვა ფაქტორმა მაიძულა, რომ გადამეწყვიტა პროფესიიდან და, ამასთან, ემიგრაციაში წასვლაც. დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებში არსებული გამოწვევები, განსაკუთრებით ეკონომიკური რესურსების ნაკლებობა, დიდ როლს თამაშობდა ამ გადაწყვეტილების მიღებაში. მედიაში მუშაობისას, საკუთარი ხარჯების გაწევა და ცხოვრების უზრუნველყოფა ურთულეს ამოცანად იქცა.

უიმედობამ და უპერსპექტივობამ, რომელიც თან სდევს ამ რეალობას, მაიძულა, გადამედგა რისკიანი ნაბიჯები და დამეთმო ყველაზე ღირებული – პროფესია. ზოგჯერ არ არსებობს სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ საკუთარი თავისა და ოჯახისთვის უკეთესი მომავალი უზრუნველყო და დატოვო სივრცე, რომელიც კლავს მოტივაციას და განვითარებისთვის საჭირო სურვილს.

ჩემი გადაწყვეტილება მხოლოდ ეკონომიკურ სირთულეებზე არ იყო დამყარებული. თუმცა, როდესაც ჩემს ბოლო ხელფასს შევადარე ევროპაში მიმტანობისას მიღებული შემოსავალი, მივხვდი, რომ ორნახევარჯერ მეტს გამოვიმუშავებდი. ეს იყო შემაშფოთებელი რეალობა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მე არ ვიყავი დამწყები ჟურნალისტი და ჩემი ხელფასი საქართველოს მასშტაბით დაბალ ხელფასად არ ითვლებოდა.

გარდა ამისა, საკმარისი არ არის მხოლოდ ჩემი კეთილდღეობა. თუ ჩემი გარემო – მეზობლები, კოლეგები და ზოგადი სიტუაცია – არ არის სტაბილური, მხოლოდ ჩემი კარგად ყოფნა არაფერს ცვლის. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა კი ნამდვილი კატასტროფაა. სამუშაოსთვის განაწილებული ხელფასები და სასურსათო თუ მედიკამენტების ფასები ერთმანეთთან შეუსაბამოა.

ემიგრაციაში ყველაზე რთულია, როცა ცხოვრობ ოჯახის და იმ პროფესიის გარეშე, რომელსაც შენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმე და შენი ცხოვრების მთავარი საყრდენია. ემიგრაციაში წასვლა და პროფესიულად იმავე საფეხურის მიღწევა, რაც სამშობლოში გქონდა, ბევრ წელს მოითხოვს. მე პირადად გამიჭირდა, რადგან სოციალური და აქტიური ადამიანი ვარ და მინდოდა იმ პროცესებისა და ახალი ამბების ნაწილი ვყოფილიყავი, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა. ნებისმიერ მანიფესტაციასა და გამოსვლაზე, ან სხვა მნიშვნელოვან მოვლენაში აქტიურად ჩართვა მინდოდა. შემდეგ ეტაპზე ენის ბარიერი დგება, რომელიც ძალიან რთულია გადასალახავად და ამასაც დიდი დრო სჭირდება. ასევე რთულია კულტურულ განსხვავებებთან შეგუება და მეგობრების, იმ ადამიანების პოვნა, ვისაც შენს ემოციებს გაუზიარებ. ემიგრაციაში ცხოვრების გაგრძელება რომ შეძლო, დიდი მოტივაციაა საჭირო. ინფორმაციის ნაკლებობაც ერთ-ერთი პრობლემაა. ევროპაში საბუთების მისაღებად ძალიან ბევრი და სწორი ინფორმაცია უნდა გქონდეს, თუმცა, სამწუხაროდ, ემიგრანტებს ეს ინფორმაცია ხშირად არ აქვთ, ან მცდარი ინფორმაცია აქვთ. ამის გამო ბევრ შეცდომას უშვებენ, რაც მათთვის დიდი შოკია. განსაკუთრებით უჭირთ წინა თაობის ემიგრანტებს, რომლებიც უფრო დიდ ასაკში წავიდნენ ემიგრაციაში. მათთვის გადაადგილებაც რთულია, რადგან ეს დიდი ქვეყანაა და ბევრი ბარიერია გადასალახი. რთული გზაა იმისთვის, რომ მოიპოვო სამსახური, მუშაობის უფლება და მცირედით მაინც დასტაბილურდეს შენი ყოფა.

შორიდან არ ჩანს ის მძიმე ხვედრი და რამდენად გაუსაძლისია ის ყოფა, რასაც რეალურად ემიგრაცია იწვევს. მაგრამ საემიგრაციო ჯგუფებში ხშირად ნახავ, როგორ ითხოვენ ადამიანები დახმარებას, ან კითხულობენ, როგორ გაუმკლავდნენ დეპრესიას, ოჯახის ან სამშობლოს მონატრებას. ამის ყურება ძალიან მძიმეა. მე პირადად არ გამიგია რაიმე სერვისი, რომელიც ამ ადამიანებს თუნდაც ონლაინ მაინც უწევს მხარდაჭერას. ჩემი აზრით, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს იმ ადამიანებზე, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან და მათ ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისებს უქმნიდეს, რადგან ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგი ეტაპები ძალიან რთულია ფსიქოლოგიურად. ეს ადამიანები ვერ გრძნობენ, რომ მათ უკან სახელმწიფო დგას და ეს უიმედობის განცდას იწვევს. იმ მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესთან, რომელსაც ემიგრაცია იწვევს, ეს ადამიანები აბსოლუტურად დაუცველები და მარტონი არიან.”


ევროპის სიკეთეები
„ევროკავშირი ნამდვილად არის ის ადგილი, სადაც საქართველო აუცილებლად უნდა იყოს, რადგან იქ ცხოვრებამ ბევრი რამით გამაკვირვა. პირველ რიგში, უმუშევრების მიმართ დამოკიდებულებამ და ჯანდაცვის სისტემის გამართულმა ფუნქციონირებამ. ჯანდაცვა მორგებულია თითოეულ მოქალაქეზე და ბევრი რამე უფასოა. ბევრჯერ გაგვიგია ისიც, როგორ მიდიან საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთში ან სხვა ქვეყანაში და იქით იღებენ დახმარებას. მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეები, მათთვის ყველაფერი კეთდება.

იტალიაში, მაგალითად, უმუშევარი ადამიანები სახელმწიფოსგან მატერიალურ დახმარებას იღებენ, რადგან ისინი გადასახადებს იხდიან. სახელმწიფო ასევე სთავაზობს გადამზადებას ან სამუშაოს მოძიებას საჭიროების მიხედვით. ეს არის ადამიანის საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო და კანონმდებლობა, რომელიც ჩვენც გვჭირდება.

გარდა ამისა, ევროპაში ფასები დაბალანსებულია ისე, რომ დასაქმებული ადამიანი ნებისმიერი რამის შეძენას შეძლებს. იტალიაში საწვავის ფასის ოცი ცენტით ზრდამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. წარმომიდგენია რა რეაქცია ექნებოდათ მათ იმ ფასებზე, რაც საქართველოშია, სადაც შემოსავალი და ხარჯები სრულიად შეუთავსებელია.

ასევე, საბანკო პროცენტებზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ჩვენი ქვეყნის საბანკო სისტემა და საპროცენტო განაკვეთები ჯანსაღ ეკონომიკაში ვერ იარსებებს. ევროპაში ნებისმიერი მოქალაქე სარგებლობს დაბალი საპროცენტო განაკვეთით, რაც საშუალებას აძლევს, შეიძინოს უძრავი ქონება, ავტომობილი ან სხვა საჭიროებები დაიკმაყოფილოს. ასევე, მოხუცები ევროპაში უზრუნველყოფილები არიან მაღალი პენსიით და უფასო მკურნალობით, მაშინ, როდესაც საქართველოში მათ ცხოვრება ძალიან უჭირთ.

ევროპაზე და ევროპელებზე დეზინფორმაციის შექმნა საბჭოთა პროპაგანდის ნაწილია და მცდარია. ვინც სწავლობს ან ცხოვრობს ევროპაში, დამეთანხმება, რომ ევროპაში, ცხოვრების მაღალ დონესთან ერთად, ღირებულებების პატივისცემა – ოჯახის, მეგობრებისადმი დამოკიდებულება და რწმენის პატივისცემა – ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მინდა, რაც შეიძლება სწრაფად გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი.“

მომავალი
,,ჩემი მომავალი ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის, როგორ გაგრძელდება პროცესები საქართველოში, რა სამსახურს ვიპოვი ქვეყანაში, ან რა იქნება ის პერსპექტივა, რის გამოც დავბრუნდები და დავრჩები. ამ რისკ-ფაქტორების გათვალისწინების შემდეგ, უკვე მივიღებ გადაწყვეტილებას.

ახლა ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და მიმაჩნია, რომ ეს უნდა გაგრძელდეს სწორი მიმართულებით. ჩვენი შემდეგი თაობა, რომელიც სრულად ევროპული ღირებულებების მატარებელია და რომელსაც არაფერი გააჩნია საბჭოთა, მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. ეს ქვეყანა, ისევე როგორც ეს ახალგაზრდები, რომლებიც იმსახურებენ ნორმალურ ცხოვრებას, იქნება ევროპული, განვითარებული და ეკონომიკურად უფრო სტაბილური.

ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობას უამრავი ბარიერი ახლავს, მაგრამ მე ვხედავ მათ ძალისხმევას, როგორ ცდილობენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და მადლობას ვუხდი მათ ამ ძალისხმევისთვის.

მე, მაგალითად, ვთხოვდი ყველა ადამიანს, რომ აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა და აუცილებლად დააფიქსირონ საკუთარი აზრი ამ არჩევნებში. მე ვერ დავიწყებ აგიტაციას და ვერავის მოვუწოდებ, ვის უნდა მისცენ ხმა, მაგრამ ვთხოვდი ყველას, კარგად დაფიქრდნენ იმაზე, ვის არ უნდა მისცენ ხმა და ამის მიხედვით მიიღონ გადაწყვეტილება.”

ავტორი: იდა ბახტურიძე
ფოტო: სოფო აფციაური