ნათია ლეკვეიშვილი, 29 წლის
მინდა ჩემი ამბავი მოგიყვეთ. არქიტექტორ-დიზაინერობამდე მისაღწევად, ჩემი აზრით, გრძელი და საინტერესო გზა გამოვიარე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი მშობლები არქიტექტორები არიან, ჩემი ბავშვობა ეზოში თამაშის მაგივრად, მშობლების სტუდიაში გავიდა, სადაც ხშირად მიწევდა შეხება ამ სფეროსთან. ჩემს მშობლებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რათა ბნელ 90-იანებში მიმეღო კარგი განათლება, მუდმივად მევლო ოპერასა და თეატრში, რამაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემს პიროვნულ განვითარებაზე. 17 წლის ასაკში ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში მედიახელოვნების ფაკულტეტზე, 18 წლის დავოჯახდი წრფელი და დიდი სიყვარულით, 19 წლის ასაკში გავხდი დედა.
ჩემი გადმოსახედიდან, შრომა, რომელიც წლების განმავლობაში მშობლებმა ჩემში ჩადეს, ოჯახის “მისახედად” გადავდე. გავხდი ტიპური დიასახლისი პატარ-პატარა ინტერესებით და ნათია, რომელსაც თავისი პროფესია და “მე” გააჩნდა, დროთა განმავლობაში გაქრა. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს სიტუაცია ნორმალურად და სწორად მეჩვენებოდა. მქონდა მცდელობები პროფესიას დავბრუნებოდი, მაგრამ ყოველ ჯერზე ხელი ჩავიქნიე, რადგან ჩემი სურვილი ოჯახში დაძაბულობას ქმნიდა. ამასთანავე, ვხედავდი როგორ ვითარდებოდა ჩემი მეუღლე პროფესიულად და პიროვნულად, მის ფონზე ჩემი თავი დამდგარ წყალს მაგონებდა.
როცა “გამოვფხიზლდი” და მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, სწორედ მაშინ იჩინა თავი პრობლემებმა. საკმაოდ რთული აღმოჩნდა დროის გადანაწილება ისე, რომ ყურადღება არავის მოკლებოდა. ამ პრობლემას თავი კარგად ვერ გავართვი, სწორედ ამის გამო იწყებოდა კამათი ჩემსა და ჩემს მეუღლეს შორის. მგონია, რომ საქართველოში ქალების განვითარება, შეგნებულად თუ გაუაზრებლად, მამაკაცებში დიდ პროტესტს იწვევს, თითქოს მათი ეგო იჩაგრება. საბოლოოდ, კამათისა და ჩხუბების შემდეგ გადავწყვიტეთ ყველაფრის თავიდან დაწყება და ახალ სახლში გადავედით. მცდელობამ ასე თუ ისე გაამართლა და ყველაფერი კარგად მიდიოდა. ცოტა ხნის შემდეგ დედამთილთან და მულთან მოგვიწია გადასვლა, სადაც ნათლად გამოჩნდა სისუსტე – დედის კულტი, რომელიც ქართველ მამაკაცებს ახასიათებთ. რა თქმა უნდა, ამას მეუღლესთან მარტო ცხოვრებისას ვერ ვამჩნევდი. ვერ ვიტყვი, რომ ვინმეს ცუდი უნდოდა ჩვენი ოჯახისთვის, მაგრამ ურთიერთობაში სხვების ჩარევამ ბზარი გააჩინა ჩემსა და ჩემს მეუღლეს შორის.
მოგვიანებით, როცა უკვე მშობლებთან დავბრუნდი, ჩემი ორსულობის ამბავი გავიგე. ამ მიზეზით, კიდევ ვცადეთ ერთად ცხოვრება, მაგრამ ბავშვის გულისცემის მოსმენიდან მეორე დღეს ჩემი მეუღლე ავარიაში მოყვა. გადარჩა, მაგრამ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. სამწუხაროდ, არც ჩემი ორსულობა ყოფილა მშვიდი. ორსულობის ბოლოს ვკითხულობდი ჩემი მეუღლის მიერ სხვა ქალთან გაგზავნილ მესიჯებს, რის გამოც მეორე შვილი 36 კვირაზე ადრე მეყოლა.
განქორწინების შემდეგ არჩევნის წინაშე დავდექი, ჩემი გადასაწყვეტი იყო ჩავვარდნილიყავი დეპრესიაში, თუ დავმდგარიყავი ფეხზე და გავმხდარიყავი საუკეთესო. ჩემი ძმა, რომელიც 14 წელი საზღვარგარეთ ცხოვრობდა, საქართველოში დაბრუნდა, რათა მაქსიმალურად ამომდგომოდა გვერდში, ცდილობდა მრავალწლიანი ცოდნა და გამოცდილება ჩემთვის გაეზიარებინა. სურდა ის დრო ამენაზღაურებინა, რაც ჩემს პროფესიას მოვაკელი. დავაარსეთ ჩვენი არქიტექტურული ფირმა. თავდაპირველად, შემოსავალს ისევ ფირმაში ვდებდით, რათა ფეხზე წამოგვეყენებინა. ჯერ სახლში ვხვდებოდით დამკვეთებს, შემდეგ ჩვენი ოფისი გავხსენით, რომელიც საკმაოდ კარგი გამოვიდა. ყველა გასავლელი ეტაპი ახალ-ახალი გამოწვევა იყო, რომელიც დაუღალავი შრომის ფასად უნდა გადამელახა. ნელ-ნელა გავფართოვდით, დამკვეთს დამკვეთი დაემატა და თამამად შემიძლია თქმა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სტუდია ჩამოვაყალიბეთ.
ჩემი ისტორიიდან გამომდინარე, რომელიც იმაზე ბევრად გრძელია, ვიდრე აქ წერია, მინდა ყველა ქალს და მათ ოჯახებს ვუთხრა, რომ სირთულის ერთად გადალახვა გააძლიერებთ. ქალსაც შეუძლია იყოს დამოუკიდებელი და ძლიერი, რომელსაც გააჩნია თავისი პირადი ცხოვრება და ამბიციები პროფესიაში, მთავარია მიზნებისთვის შეეძლოს ბრძოლა.
ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: სოფო აფციაური