ნანა ჩქარეული, 39 წლის, ახალგორი/წეროვანი

„ძალიან ჩვეულებრივად ვცხოვრობდი და ძალიან ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, არაფრით ვიყავი აქტიური და გამორჩეული. მაგრამ სტუდენტობის შემდეგ, როცა ახალგორში დავბრუნდი და დავინახე, რომ ძალიან ერთფეროვანი იყო ცხოვრება, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, მაშინ გამიჩნდა სურვილი, რომ რაღაცა ორგანიზაცია გამეკეთებინა ან ორგანიზება გამეკეთებინა ახალგაზრდებისთვის, რომ რაიმე სახის აქტივობები განგვეხორციელებინა ადგილზე. მაშინ, 2002 წელს ჩამოვაყალიბე არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგორში. რაღაც სახის აქტივობებს ვახორციელებდით, თუმცა ეს იყო სურვილის გარშემო შეკრებილი ადამიანები, თორემ ბოლომდე არც გვესმოდა არასამთავრობო ორგანიზაციას როგორ უნდა ემუშავა. მსუბუქად ვაპროტესტებდით რაღაცეებს, განათლების საკითხებზე ვმუშაობდით, ასევე, უცხო ხილი იყო კოპმიუტერი და გავხსენით კომპიუტერული ცენრტი და ა.შ.

მოგვიანებით გავხსენით ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრი და ომიც მოხდა. მოგვიწია ახალგორის დატოვება და აქეთ წამოსვლა. ეს იყო ძალიან რთული პერიოდი. საერთოდ დეზორიენტირებული ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა. ძალიან ბევრი იდეა და გეგმა მქონდა, თუმცა ფიქრებშივე ვხვდებოდი, რომ ამას ვაკეთებდი ახალგორში და მთელი ერთი წელი ამ გაურკვევლობაში ვიყავი. თუმცა კარგი ის იყო, რომ იმავდროულად, თბილისში დევნილთა ორგანიზაციებმა გავაკეთეთ კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის, თუმცა ახლა ვფიქრობ, რომ ის წლები დავკარგე იმიტომ, რომ ჯობდა წეროვანში ვყოფილიყავი, ვიდრე თბილისში. მაგრამ, მეორე მხრივ, დიდი გამოცდილება მომცა და ბევრი რამე მასწავლა კოალიციაში მუშაობამ. მოგვიანებით დავინახე, რომ წეროვანში უფრო მეტი მუშაობა იყო საჭირო იმიტომ, რომ აქ ვცხოვრობდი, შიგნიდან ვხედავდი რა ხდებოდა და ჩემს მეგობრებთან ერთად გადავწყვიტეთ, აქ გაგვეკეთებინა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც დავარქვით „უკეთესი მომავლისათვის“. ამ ორგანიზაციის მთავარი მიზანი და ხედვაა ქალებისა და ახალგაზრდების ინტეგრაცია, პროფესიული ხელშეწყობა და ვმუშაობთ იმისათვის, რომ ქალებისა და ახალგაზრდებისთვის უფრო კომფორტული გარემო შევქმნათ, უფრო მეტი უნარები ჰქონდეს იმისათვის, რომ იყვნენ რეალიზებული და საკუთარი თავის რწმენა ჰქონდეთ.

ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა პროექტები განვახორციელეთ, ჩამოვაყალიბეთ ქალთა კლუბი, გავაკეთეთ პროექტი, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებმა შეიძინეს უნარები, თუ როგორ იმუშაონ თვითმმართველობასთან, პრობლემები როგორ მოაგვარონ, გადაჭრის გზები ისწავლონ და ა.შ.

მოგვიანებით დავინახეთ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ქალებისთვის სამუშაო ადგილები იყო. ამ დროს გავიგეთ სოციალური მეწარმეობის შესახებაც და გადავწყვიტეთ სოციალური საწარმოს შექმნა. დღეს წეროვანში სამი სოციალური საწარმო გვაქვს – ერთი არის ხალხური რეწვის სახელოსნო, ტიხრული მინანქრის სახელოსნო და სოციალური კაფე. ამ საწარმოებში ჯამში 11 ქალია დასაქმებული. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს საწარმოები განვითარდეს იმიტომ, რომ უბრალოდ კი არ ერქვათ რომ მუშაობენ ან დროს კლავენ, არამედ იმისთვის, რომ რეალური შემოსავალი ჰქონდეთ და ოჯახის ეკონომიურ გაძლიერებაში თავისი წვლილი შეჰქონდეთ.

პარარელურად ვმუშაობთ ახალგაზრდებთან, ეს არის ამერიკის საელჩოს პროექტი „ბუქმობილი“ ბიბლიოთეკა ბორბლებზე, რომელიც დადის დევნილთა ოთხ სხვადასხვა დასახლებაში. “ბუქმობილი” აღჭურვილია ინგლისურენოვანი წიგნებით, სადაც, ასევე, ხელმისაწვდომია ინტერნეტი, აუდიო და ვიდეო მასალა, მხატვრული და დოკუმენტური ფილმები. მასში განთავსებულია სადისკუსიო სივრცეც, რაც საშუალებას იძლევა გაიმართოს საუბრები სხვადასხვა თემებზე. „ბუქმობილს“ ძირითადად ბავშვები სტუმრობენ, თუმცა მოზარდებიც შემოივლიან ხოლმე. მთავარი მიზანია, წიგნი მივუტანოთ ახალგაზრდებს, რომ სამოქალაქო აზროვნება ჩამოვუყალიბოთ ბავშვებს, ახალგაზრდა თაობას…

დევნილობის ნიშნით გარმოჩეული, განცალკევებული პრობლემები არ არსებოს, სულ ვამბობ, რომ ჩვენს ქალებსაც ის პრობლემები აწუხებთ, რაც მთელ საქართველოში. ეს არის, რა თქმა უნდა, ოჯახში ძალადობა, საკუთარი უნარების ნაკლები რწმენა, საკუთარი უფლებების ნაკლები ცოდნა და ა.შ. ამიტომ, ამაზე ვმუშაობთ, რომ ქალებს ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია თავისი უფლებების შესახებ და შეძლონ ამ უფლებების დაცვა.
ყოველთვის იმ კუთხით ვუხსნით ხოლმე, რომ პირველ რიგში მათი შვილებისთვის არის ეს მნიშვნელოვანი, გავიგეთ, რომ შენი თავი გადადე და რაღაცას „გმირობ“, მაგრამ… ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის, ხისტი გადაწყვეტილებების მიღება ძალიან რთულია, როცა აქ, დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობ. დაცულობის შეგრძნება სახელმწიფოს მხრიდან ფაქტიურად არ არის, ამიტომ, ისევ იმ გადაწყვეტილებამდე მიდიან, რომ დარჩნენ იქ, სადაც არიან და დაიცვან თავი როგორღაც. როგორც წესი, არ უყვართ ამაზე საუბარი და სხვათაშორის, ამ ახალმა დასახლებამ კომუნიკაცია ძალიან დაარღვია. თუ ქართულ, ტრადიციულ სოფელში ყველამ ვიცით ერთმანეთის შესახებ ვის სახლში რა ხდება, აქ ეს არ ხდება, ინფორმაციის გავრცელება ძალიან გვიჭირს ხოლმე იმიტომ, რომ უფრო ქალაქური ტიპის ჩასახლებად ჩამოყალიბდა, ყველა თავის ქერქშია ჩაკეტილი. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩვენი სოფელი აქ არის ჩასახლებული, სამეზობლო პრინციპი დაირღვა. აქ კი ვცხოვრობთ, მაგრამ წლები ისე გადის, გზაში ერთმანეთს ვერ ვხვდებით.

ჩვენ სხვა დასახლებებიც ვმუშაობთ და იქ კიდევ სხვა სოციალური პრობლემებია. ეს სოციალური პრობლემები, ხშირ შემთხვევაში, პირდაპირ დაკავშირებულია ქალების პრობლემებთან. მაგალითად, წეროვანში საცხობი რომ გახსნა, მყიდველი სულ ეყოლება, თუმცა იგივე არ მუშაობს ფრეზეთში, სადაც პატარა დასახლებაა და ყველა სახლში აცხობს პურს. ძალიან მცირე პერსპექტივაა იქ და თუ ვინმე ოდნავ მაინც შეძლებს რამეს, ცდილობს იქაურობა დატოვოს. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ შეგუებულები არიან ამ პრობლემებს.

ჩვენ დევნილთა სამინისტროსთან ვთანამშრომლობთ და სულ ვეუბნები, რომ არ შეიძლება ყველა დასახლებას ერთი პრინციპით მიუდგე, რაც წეროვანს სჭირდება, ის შეიძლება ფერეზეთს არ სჭირდებოდეს და პირიქით. ეს ლაპარაკი – ლაპარაკად რჩება. წეროვანს მაინც არაუშავს, ქალაქთან ახლოსაა, დიდი დასახლებაა, გარშემო ქარხნებია, არის სამუშაოს პოვნის შესაძლებლობა. თუმცა, არიან ოჯახები, რომლებსაც არც სამსახური აქვთ, არანაირი შემოსავალი არ აქვთ, მხოლოდ დევნილობის შემწეობის 45 ლარზე ცხოვრობენ. ამასთან ერთად, აქ შიდა მეურნეობას ვერ განავითარებ მიწის არქონის გამო, მთლიანად ფულად შემოსავალზე ხარ დამოკიდებული. სოფელში ცხოვრებისას ყველას ჰქონდა მეურნეობა, რაღაცაზე იყვნენ აწყობილი, აქ ამის შესაძლებლობა არ არის.

ძალიან საინტერესო დროში მოგვიწია ცხოვრება… ბევრი რამ დავძლიეთ, მაგრამ უფრო მეტი გამოწვევები გველის წინ. არ ვიცით როგორ შეიცვლება ჩვენი ცხოვრება მომავალში… მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ერთ მშვენიერ დღეს შევძლებ საზღვრის გადალახვას, ჩემს თანასოფლელებთან ერთად ცხოვრებას და ჩემი ყოველი საქმიანობა ამ წუთისათვის მზადებაა.”