ნატა, 25 წლის, თბილისი
„დაბადებიდან ბებია და ბაბუა მზრდიდნენ. დედამ მიმატოვა, მამა კი 6 თვის ვიყავი, როდესაც გარდამეცვალა. ოჯახში ბავშვობიდანვე ყველაფერს მე ვაკეთებდი. ჩემი ქათმები, გოჭები, ინდაურები მყავდა, რომლებიც ჩემი შემოსავლის წყარო იყო. ძალიან პატარა, დაახლოებით 5-6 წლის ვიყავი, როდესაც პირველად მივხვდი, რომ სკოლაში უფროსი ბიჭების მიმართ მიჩნდებოდა გრძნობები. ამას თავიდანვე ვაღიარებდი და ვამბობდი, ამიტომ სოფელში დრო და დრო შეეჩვივნენ მეზობლები, რომ განსხვავებული ვიყავი. მაშინ ეგონათ და მეც მეგონა რომ გეი ვიყავი, რადგან ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ არაფერი ვიცოდი, არანაირი ინფორმაცია არ მქონდა.
მომწონდა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა, მომწონდა ბებიაჩემის სამკაულები, კაბები, ფერად-ფერადი მოსაცმელები. ამ ყველაფერს თავისუფლად ვატარებდი. სოფელში რომ გავივლიდი ისე მეცვა ხოლმე, როგორც ქალს და ამის გამო არავინ მაბულინგებდა, ან მჩაგრავდა. ეზოში ზაფხულობით ფეხბურთს რომ ვთამაშობდით მაკიაჟით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით მეც ვთამაშობდი, კარებში ვიდექი ხოლმე ძირითადად, რადგან ქუსლებით ვერ დავბროდი. ახლა მიყვარს ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა, ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. სადა მაკიაჟს და ჩაცმულობას ვანიჭებ უპირატესობას. როცა ისე მაცვია, როგორც ქალს, მაშინ ვერავინ ხვდება, რომ ბიოლოგიურად მამაკაცი ვარ. ეს მსიამოვნებს.
ამჟამად სექს-მუშაკი ვარ. მიმუშავია ბენზინ-გასამართ სადგურზე, სხვა ადგილებშიც, თუმცა თვიურად შემოსავალი როდესაც 200-300 ლარია, რა თქმა უნდა, ამით ვერ იცხოვრებ, ამიტომ იძულებული ვარ ამ გზით ვირჩინო თავი. ჩემი სამუშაო დიდ რისკებს შეიცავს. სულ გეშინია, რომ ვინმე დაგაშინებს, დანას დაგარტყამს, იარაღით მოგკლავს… პატრულიც გვიმძაფრებს დაუცველობის შეგრძნებას, როდესაც დაგცინის, ცინიკურად გელაპარაკება, გამცირებს… ამ შემთხვევაში იძლებულები ვართ გენერალურში ვიჩივლოთ, თუმცა მათგანაც სრული იგნორი, სიჩუმე… დღეს რომ ვიხსენებ, დადებითი არაფერი მახსენდება, რაც ჩემს იდენტობას უკავშირდება. ყველაფერი რაც გამოვიარე ამან მხოლოდ ის მასწვალა, რომ არავის უნდა ვენდო და დღეს მე ადამიანებს ვეღარ ვენდობი“.