ნატო ბარამიძე, 48 წლის, დაბა ოჩხამური, ქობულეთის მუნიციპალიტეტი

„21 წლის ვიყავი, რომ მომიტაცეს. მაშინ კომუნისტური წყობა იყო და ყველანაირი რელიგია იდევნებოდა. ოჯახებს უწევდათ ჩუმად შეენახათ თავისი სარწმუნოება ან საერთოდ არ გაკარებოდნენ ეკლესიას. მეც მოუნათლავი ვიყავი, როცა გავთხოვდი. ერთ დღეს ჩემი მამათილი შემოვიდა ჩემს ოთახში და მკითხა, რომელი სარწმუნოების მიმდევარი ვიყავი. როცა გაიგო, რომ არ ვიყავი მონათლული, წიგნი მომცა და მთხოვა წამეკითხა. ეს წიგნი „ყურანი“ იყო. 4444-ჯერ წავიკითხე არაბულ ენაზე დაწერილი წიგნი და არაბულ ენასთან ერთად, ისლამის რელიგიას ვეზიარე. ეს არ იყო ძალდატანებით მიღებული სარწმუნოება. მე ყურანის მეშვეობით გავიაზრე, რომ ღმერთი არსებობდა და ეს ღმერთი სიყვარული იყო. ამის მერე გავხდი ამ რელიგიის მატარებელი და ვისაც სურვილი აქვს, ვასწავლი არაბულს და ყურანის სურებს.

1990 წელს, ზემო აჭარაში მეწყერი ჩამოწვა და ჩვენც იძულებულების ვიყავით დაგვეტოვებინა ჩვენი სოფელი. ისე, მოხდა, რომ ჩვენ და რამდენიმე ჩვენი მუსულმანი მეზობელი ოჯახები გორის რაიონში ერთ სოფელში ჩაგვასახლეს. გარდა იმისა, რომ გაჭირვებით ვცხოვრობდით (ჩვენ ერთმა კეთილმა ქრისტიანმა ადამიანმა საკუთარი ფარდული დაგვითმო), ყველაზე რთული მაინც ის ზეწოლა იყო, რომელსაც ჩვენი რელიგიის გამო განვიცდიდით. ეს ის პერიოდი იყო, როცა ქვეყანას არაფორმალური ძალები მართავდნენ. ძალიან ბევრი სამხედროები და იარაღიანი მხედრიონელები დაიარებოდნენ და ძარცვავდნენ ადამიანებს. ისლამში არის მარხვის პერიოდი, როცა მორწმუნე გარიჟრაჟიდან დაბინდებამდე არაფერს ჭამს და წყალსაც კი არ აკარებს პირს. სწორედ ეს მარხვის პერიოდი იდგა, როცა ჩემი მეზობელი ქალი მოვიდა ჩემთან ტირილით და შემომჩივლა: ნატო, მარხვა გამატეხინეს ძალითო. პრაქტიკულად იძულებული გაგვხადეს მუსულმანური ოჯახები დაგვეტოვებინა დროებითი საცხოვრებელი ადგილი და ისევ აჭარაში დავბრუნებულიყავით, ოღონდ ჩემი მაზლის სოფელში, მის სახლში.

ჩემი ქმრის ოჯახი ყოველთვის პატივს სცემდა ჩემს აზრს. მიმიღეს ისეთი, როგორიც ვიყავი: ლაღი და თავისუფალი. არ მზღუდავდნენ და თავს არაფერს მახვევდნენ. ასე გავზარდე ჩემი სამი ქალიშვილიც, რომლებსაც ვცდილობ კარგი განათლება მივცე, ბევრი ენა ვასწავლო, არ ვზღუდავ მათ გადაწყვეტილებაში.

თავსაფარს ვატარებ და თავს ამის გამო მანდილოსანს ვუწოდებ. ჩემი თავსაფრის ტარებით არავის ვაწუხებ, მაგრამ როცა გაიგებენ, რომ მუსულმანი ვარ, მაინც კეთროვანივით მიყურებენ. იმიტომ რომ გონიათ, რომ მუსულმანი ქალი დაჩაგრულია და აუცილებლად თავდახრილი და ჩუმად უნდა დადიოდეს. ეს არაა სწორი. მე ვცდილობ ჩემი მაგალითით ბევრს შევაცვლევინო მცდარი წარმოდგენები ისლამზე. ერთხელ, ქორწილში სუფრაზე მოვხვდი. მარხვაში ვიყავი ამ დროს. ქალების მაგიდაზე თამადად დამნიშნეს. არავინ იცოდა მუსულმანი რომ ვიყავი. ღირსეულად ვითამადე, ვხუმრობდი, ვხალისობდი, ვართობდი თანამესუფრეებს. თანაც ისე რომ ვერავინ შემამჩნია, პირს არაფერს ვაკარებდი. ბოლოს როცა ყავა შემომთავაზეს, ვუთხარი, მადლობა, არ ვსვავ, მარხვაზე ვარ-თქო. ყველას გაეღიმა, მარხვაზე ყავა შეიძლებაო. მაშინ გავუმხილე, რომ მუსულმანი ვიყავი. გაოცებულები მიყურებდნენ. მივხვდი, რომ მათ თვალში მუსლიმი ქალის სტერეოტიპული სახე დავამსხვრიე.

ახლა ბევრს გონია, რომ მუსულმანური რელიგია ძალადობაზეა დაფუძნებული. ბევრი მუსულმანიც ისლამის სახელით ჩადის ბოროტებას. არადა, ისლამი სიყვარულს და პატივისცემას გასწავლის. მე ქრისტესაც პატივს ვცემ. ჩემი ერთ-ერთი გოგონა ქრისტეშობის ღამეს გაჩნდა და ქრისტინე მინდოდა დამერქმია.

მე თანამედროვე მუსულმანი ქალი ვარ, არავის ვდევნი, არც თავს ვახვევ ჩემს რელიგიას, პირიქით ვფიქრობ რომ სხვადასხვა რელიგიებს ერთი საფუძველი აქვს, ეს ღმერთია და ღმერთი კი სიყვარულია. ერთმანეთს აზრები უნდა გავუზიაროთ და ერთმანეთის გატანა უნდა გვქონდეს.

ხულოში ბევრი ადამიანი გაქრისტიანდა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც არ უნდოდათ ისლამის დათმობა. გარეგნულად ამას არ გამოხატავენ, მაგრამ გულში ისლამს ატარებენ. რამდენიმე დღის წინ ჩემი სკოლის მასწავლებელი გარდაიცვალა. შუაღამეზე დამირეკეს და შემატყობინეს, რომ ფატი მასწავლებლის ბოლო სურვილი, მუსლიმური წესით განბანვა, მე უნდა შემესრულებინა. ერთდროულად გაოცებულიც ვიყავი და ამაყიც. გაოცებული იმით, რომ ამ ხნის განმავლობაში ფატი მასწავლებელი გაქრისტიანებული მეგონა. ის კი თურმე ფარულად ისლამს ატარებდა გულით. ამაყი, კი იმით ვიყავი, რომ შევძელი მისი ბოლო სურვილი ამესრულებინა და მუსულმანური წესით გამებანა.“