ოქტომბერი 14, 2020 In თემები, თინეიჯერი გოგონები, კ-პ, კახეთი, რეგიონები
ნინი ბოჭორიძე, 21 წლის, თელავი
“სულ ვამბობ, რომ თელავი „დაბერდა.“ როგორც ყველა სხვა რეგიონში, აქედანაც ხდება “ახალგაზრდა ტვინების” გადინება – ბაკალავრიატს დაასრულებენ თუ არა, დიდ ქალაქებში მიდიან.
ჩვენ თუ არ შევცვლით, სხვა ისე შეცვლის, როგორც მას სურს და ვხედავთ, რომ ასეთმა შეცვლამ დიდი სიკეთე ვერ მოგვიტანა.
უკვე რამდენიმე წელია, თელავში, ახალგაზრდული ინტერესების ადვოკატირების პროცესში აქტიურად ვარ ჩართული. ჩემი აქტივიზმი სკოლამ განაპირობა, სადაც მუდმივად ვაწყდებოდი მასწავლებლების მხრიდან ბავშვების ჩაგვრას, შერჩევითობას, განათლების დაბალ დონეს. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, ალტერნატიული ცოდნის წყაროები მომეძიებინა, რომელიც ჩვენი – ახალგაზრდების უფლებების დაცვას შემასწავლიდა.
რთულია, თელავში იპოვო ისეთი ადგილი, სადაც განვითარდები. ამიტომ, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ ყველა ტრენინგსა თუ ფორუმს ვესწრებოდი, გავდიოდი სტაჟირებებს, ვსწავლობდი ლობირებისა და ადვოკატირების მექანიზმებს, რამაც, საბოლოოდ, აქტივისტად ჩამომაყალიბა. ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტში გავიმარჯვე და მერიაში მომიწია მუშაობამ. მერიაში სტაჟირებამ მომცა ცოდნა, სტრუქტურულად გამეგო, ვის რა უფლება-მოვალეობები ჰქონდა, ვისთან უნდა მივსულიყავი კონკრეტული საკითხის გადასაჭრელად და ვინ ვერ გაექცეოდა პასუხისმგებლობას. შედეგად, თელავში ყველა მიცნობს, როგორც ცვლილებაზე ორიენტირებულ ადამიანს.
რთულია, რეგიონში გამორჩეული ახალგაზრდა იყო, რადგან შენში ყოველთვის ხედავენ ადამიანს, რომელიც კონკრეტული პარტიული ინტერესის ტაშის დამკვრელი იქნება, ხშირად, ჩემი პროეტესტი თვითმმართველობაში აღქმული იყო, როგორც რომელიმე პარტიის წინააღმდეგ მიმართული, მაგრამ ეს არ იყო ჩემთვის შემაფერხებელი. რაც არ უნდა თქვან, რომ რომელიმე პარტიის პოზიციას ვაჟღერებ ამ ჩემი პროტესტით, მე ვიცი, ვინც ვარ – მე ვარ მოქალაქე, რომელიც იბრძვის ახალგაზრდების უკეთესი მომავლისა და ჩემი ქალაქის განვითარებისთვის.
ჩვენი, ახალგაზრდების პირველი მოგებული ბრძოლა იყო – ტრანსპორტის გაჩერებები. უნივერსიტეტიდან ან სხვა სივრცეებიდან გამოსულებმა, არ ვიცოდით, სად უნდა დავლოდებოდით კერძო ტრანსპორტს (თელავში არ არსებობს მუნიციპალური ტრანსპორტი), ხშირად, თოვლსა და წვიმაში, გარეთ გვიწევდა ლოდინი, მუნიციპალიტეტთან შევქმენით მოლაპარაკებების ფორმატი და დავარწმუნეთ, რომ თუ გაჩერებებს გააკეთებდნენ, სათქმელი ექნებოდათ, რომ სიკეთე გაუკეთეს ახალგაზრდებს, ჩვენ კიდევ უამინდობაში გაჩერებებზე გვექნებოდა თავშესაფარი. დავწერეთ პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული იყო ყველა დეტალი – ბიუჯეტი, ესკიზები. მოკლედ, ყველა გზა მოვუჭერით უარისთვის. 2 თვეში გაჩერებები გვქონდა.
შემდეგი საკითხი მუნიციპალური ტრანსპორტის გამართვა იყო. ახალგაზრდებს გადაადგილების პრობლემა გვაქვს – ერთადერთი ტრანსპორტი ტაქსია. ქალაქთან სოფლების ახალგაზრდების დაკავშირება 6-ის მერე საერთოდ ვერ ხერხდება, რაც იმის მიზეზია, რომ 6-ის მერე რეგიონი „იძინებს.“ ამ საკითხზე მუშაობას ვაგრძელებთ.
შემდეგი საკითხი, რაც წამოვჭერით, ახალგაზრდებისთვის გასართობი სივრცეების შექმნაა.
ღია ცის ქვეშ კინოთეატრი გავაკეთეთ, რომელსაც ასეულობით ადამიანი ესწრებოდა. თუმცა ამ პროექტს მდგრადობისთვის ბიუჯეტი ესაჭიროება.
მუნიციპალიტეტთან მუშაობა არ იყო მარტივი, თუმცა ბრძოლას ყოველთვის მოაქვს შედეგი. ხშირად გვქონია დაპირისპირება საკრებულოს დეპუტატებთან. მაგალითად, როცა ახალგაზრდული სივრცეების შექმნაზე გვქონდა დებატები, გვირჩიეს, ადგილი მოგვეძებნა, კოცონი დაგვენთო და მის გარშემო გვესაუბრა. ფორუმებზე ვუსაბუთებდი არგუმენტირებულად, რომ ახალგაზრდული სივრცეების ძველი გაგება – კოცონი და ჭიაკოკონობა, ახლა საინტერესო აღარ იყო და ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიური სივრცეები სჭირდებოდათ განვითარებისთვის. როცა წინადადებით შევდიოდით თვითმმართველობაში, ბოლომდე დამუშავებული პროექტი მიგვქონდა – ესკიზებით, ბიუჯეტით, შერჩეული ადგილით, სხვა ქვეყნების მოდელების გაზიარებით და შემდეგ უკვე გზა აღარ რჩებოდათ, უარი ეთქვათ. ძალიან კარგად მუშაობს ხელმოწერების შეგროვებაც, რომელიც მე ცოტა მოძველებული მეთოდი მგონია.
ჩვენი აქტიურობით ის შევცვალეთ, რომ დეპუტატების უმრავლესობა დავაფიქრეთ, რომ ქალაქს ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავება სჭირდება. მახსოვს, პირველად რომ გამოვჩნდით საკრებულოში, დეპუტატების უმრავლესობამ დააფიქსირა, რომ 2 მოწვევის საკრებულოში ახალგაზრდების ინიციატივა პირველად ნახეს. მიხარია, რომ ჩვენი აქტივიზმის შედეგია ის, რომ ბიუჯეტიდან 50 000 ლარი გამოიყო ახალგაზრდული იდეებისთვის და რამდენიმე იდეამ გაიმარჯვა კიდეც. ერთ-ერთმა დეპუტატმა სამი იდეა წამოაყენა, რომელიც ჩვენი იყო, მაგრამ სულ ვამბობ, რომ ოღონდ გააკეთონ და ჩათვალონ, რომ თავიანთია. თელავი გახდება სამაგიდო თამაშების ქალაქი, ასევე გაკეთდება პარკი, რომელიც ინტერნეტითა და ახალგაზრდებისთვის მულტიფუნქციური შენობებით იქნება უზრუნველყოფილი. ეს მოიტანა, ერთის მხრივ, ჩვენმა რადიკალურმა ქმედებებმა და მეორეს მხრივ, თანამშრომლობითმა პოლიტიკამ.
ახლა სხვაგან მიწევს ხარისხიანი განათლების გაგრძელება. თუმცა ეს ჩემი წასვლა ქალაქის მიტოვებას არ ნიშნავს. აუცილებლად დავბრუნდები თელავში, საკუთარ თავს საკრებულოს დეპუტატადაც ვხედავ. სწორედ აქტივიზმიდან წასული ადამიანები მინდა პოლიტიკაში, რადგან ვერავინ გააჟღერებს იმ ინტერესებს ისე, როგორც ეს ჩვენ, ახალგაზრდებს გვინდა. ახალგაზრდები პოლიტიკოსებს ძირითადად წინასაარჩევნოდ ახსენდებათ, როცა შეხვედრებზე იბარებენ. არჩევნების შემდეგ, ყველას ვავიწყდებით და გვაიგნორებენ, რაც უიმედობას აღვივებს. პოლიტიკა ბინძური საქმე აღარ იქნება, თუ მას სწორი ადამიანები გააკეთებენ და ვფიქრობ, რომ თუ იცი, როგორ აკეთო საქმე გარედან, შიგნიდან აუცილებლად მოიტან ცვლილებებს.”
ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: გედა დარჩია