ნინიშა ჩლაიძე, 50 წლის, თბილისი

ნინიშა ჩლაიძე, 50 წლის, თბილისი

„ცხოველების მიმართ ჩემი დიდი სიყვარული ღრმა ბავშვობიდან იწყება. მახსოვს, როცა ვუყურებდი ფილმებს, სადაც ცხოველი იყო, მეწყებოდა შფოთვა, რომ მას რამე არ დამართოდა. ასეთი მგრძნობელობა იმითაც იყო განპირობებული, რომ ჩვენ გავიზარდეთ ისეთ კოშმარულ ქვეყანაში, სადაც ღამით დადიოდნენ და ხოცავდნენ მიუსაფარ ძაღლებს. რამდენჯერ გამიგონია ძაღლების განწირული ხმა და მშობლებს უთქვამთ, კინოს იღებენო, რომ გაგვფრთხილებოდნენ. ალბათ, სადღაც კარგად ვხვდებოდი, რომ ეს არ იყო გადაღება.

ჩემი პირველი ძაღლი ბავშობაში მაჩუქა ბებიას მეგობარმა ტატიანამ. თავად მას 5 ძაღლი ჰყავდა და მასთან სტუმრობა ჩემთვის დღესასწაულივით იყო. ძაღლს სახელად ,,კაპი’’ დავარქვი, მალოს ნოველის – „უსახლკაროს” პერსონაჟის სახელი. სამწუხაროდ, მანქანამ დაარტყა და მალევე დაიღუპა. მთელი ბავშვობა მიმალავდნენ თურმე ამ ამბავს და მხოლოდ ცოტა ხნის წინ გავიგე სიმართლე.

მახსოვს, 90-იან წლებში სევასტოპოლის ქუჩისკენ გალის ქუჩიდან ფეხით ავდიოდი კიბეებით. ამ ადგილს ყველა ერიდებოდა, რადგან მშიერი ძაღლების ხროვა იყრიდა თავს. სწორედ აქ აღმოვაჩინე, რომ მქონდა თანდაყოლილი უნარი, როგორ უნდა დამემეგობრებინა ქუჩის ძაღლები. მოგვიანებით ეს უნარი პროფესიად ვაქციე და ძაღლების ქცევის კორექციაზე აქტიურად ვმუშაობ.

კაპის გაუჩინარების შემდეგ იმხელა სტრესი მივიღე, რომ საკუთარ თავთან პირობა დავდე, არასდროს ავიყვანდი ძაღლს. სანამ არ გყავს ძაღლი, რაღაცნაირად ვერ ხედავ იმ პრობლემას, რომელიც ქუჩის ძაღლებს აქვთ, ან, თუ ხედავ, გულგრილი ხარ. სხვათა შორის, ბევრმა ცხოველმოყვარულმა ჩვენი პირველი ძაღლი ვიყიდეთ. მაშინ არ ვიცოდით, რომ ყიდვას აყვანა სჯობს, მაგრამ ბევრ რამეს გამოცდილებასთან ერთად სწავლობ. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო და ჩემი შემდეგი ძაღლი იყო ამერიკული კოკერ სპანიელი, სახელად მომო. ჩემი შვილი ატიპური განვითარებისაა და ვფიქრობდით, რომ ძაღლი ნუცას დაეხმარებოდა თვითშეფასების ამაღლებასა და თვითგანვითარებაში. ამ გადმოსახედიდან, შეცდომა იყო, რომ ქუჩიდან არ ავიყვანე ძაღლი, და ისიც, რომ ოჯახის წევრებთან წინასწარ არ ვისაუბრე ცხოველზე ზრუნვის პასუხისმგებლობების გადანაწილებაზე. ჩემს შემთხვევაში, ნუცა დაფრთხა, ვერ აიღო პასუხისმგებლობა და მომოს პატრონი აღმოვჩნდი მე.

და აქედან დაიწყო ჩემი თავგადასავალი ძაღლების სამყაროში.
ვერის ბაღთან ძალიან ახლოს ვცხოვრობთ და, ფაქტობრივად, ვერის ბაღი არის ჩვენი ეზო. პირველად როცა გაგყავს საკუთარი ძაღლი სასეირნოდ, მაშინ იწყებ ქუჩის ძაღლების შემჩნევას. ძაღლებს აქვთ ასეთი ჩვევა – ახალი ძაღლის დანახვისას, მის გასაცნობად იკრიბებიან და აი, აქ გამახსენდა 90-იან წლებში ქუჩის ძაღლებთან ურთიერთობის ჩემი გამოცდილება. მივხვდი, რომ კი არ უნდა გავიქცე, ხელში კი არ უნდა ავიყვანო ჩემი ძაღლი, არამედ უნდა გავაცნო და დავამეგობრო. ამას ჯერ საკუთარი ძაღლის ინტერესიდან გამომდინარე ვაკეთებდი, რომ მომო უსაფრთხოდ ყოფილიყო. ძაღლებთან ჩამქონდა საკვები, ვიჩვევდი მათ. მერე მივხვდი, რომ ეს არ იყო მარტო საკუთარი ძაღლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ზრუნვა. დავიწყე იმის გააზრება, რომ ჩემს ძაღლს არ შიოდა, არ სციოდა და ამ დროს, რამდენი ძაღლი იყო, რომლებსაც არც ერთი არ ჰქონდათ და დახმარება სჭირდებოდათ.

აქედან „დავიღუპე“ – მოვიწამლე იმით, რასაც ქუჩის ძაღლებზე ზრუნვა ჰქვია.
ნელ-ნელა ვერის ბაღი გახდა ჩემი სამფლობელო. ჩემამდე ამ ბაღში ბევრი უვლიდა ძაღლებს და მათ, ასე ვთქვათ, „მომნათლეს“ ამ საქმეში. ამიხსნეს, რომ მარტო კვება არ არის ძაღლზე ზრუნვა, საჭიროა კასტრაცია-სტერილიზაცია, აცრები და პარაზიტებზე მკურნალობა. აქედან მოყოლებული, ზუსტად ისევე ვზრუნავ ქუჩის ძაღლებზე, როგორც საკუთარზე. მომოს შემდეგ 2 ძაღლი ავიყვანე, ამჯერად სახლში ცხოვრების ბედნიერება სწორედ ქუჩაში ცხოვრების ცუდი გამოცდილების მქონე ძაღლებს – მელანოს და წრიპას ხვდათ წილად.

ძაღლებზე ზრუნვის პროცესი არის ყოველდღიური და ურთულესი. ძალიან დიდი ფინანსური და ემოციური რესურსი სჭირდება. ემოციური რესურსი ყველაზე მეტი მიაქვს, რადგან ხშირად დაავადებული ლეკვების მოვლა გიწევს და ყოველთვის ვერ გამოდიხარ ამ ბრძოლიდან გამარჯვებული. ყველას, ვინც ჩემი „ტომის“ წარმომადგენელია, ანუ ცხოველმოყვარულებს, ერთხელ მაინც გვითქვამს, რომ მორჩა, გადიხარ ამ თამაშიდან, მაგრამ სინამდვილეში, ვერასდროს ტოვებ. სამწუხაროდ, ცხოველის სიყვარული ამ ქვეყანაში ტანჯვას ნიშნავს. განწირული ხარ მუდმივი შფოთვისთვისა და დარდისთვის. ფაქტობრივად, შენთვის მშვიდი ცხოვრება არ არსებობს და ამ პასუხისმგებლობის ზიდვა ძალიან რთულია.

ხშირად ჩვენი მისამართით უსამართლო საყვედურები მოდის. მსმენია, ადამიანს სჯობს დაეხმარო, ვიდრე ძაღლსო. მიმაჩნია, რომ ეს სამყარო არ ეკუთვნის მხოლოდ ადამიანებს. უნდა დავეხმაროთ სუსტებს, რომლებსაც ხმა არ აქვთ ადამიანებისგან განსხვავებით, ვერავის აწვდენენ მას და სწორედ ადამიანების უპასუხისმგებლობით არიან ასეთ დღეში ჩაცვენილი. ან რატომ უშლის ეს ხელს იმას, რომ ადამიანსაც და ძაღლსაც, ორივეს დავეხმარო?! აქვე, მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, „სექტას“ რომ გვეძახის, დაფიქრდნენ ერთ რამეზე, თუ რამხელა საქმეს ვუკეთებთ მათ – სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ამ ცხოველებს ვაჭმევთ, ვასტერილებთ, ვაჩვევთ სოციალიზაციას, ვუკეთებთ აცრებს, ცხოველები არ მრავლდებიან და ადამიანებისთვის არიან მეტად უსაფრთხო. ჩვენ ამ ხალხისთვისაც ვმუშაობთ და ვიღვწით, მათი საცხოვრებელი გარემო რომ უფრო უსაფრთხო გახდეს. რადგან ჯერჯერობით ამ უმოქმედო და უუნარო სახელმწიფოში გვიწევს ცხოველებთან თანაცხოვრება, ეს მოცემულობა უნდა მივიღოთ. სწორედ ჩემი თანამოაზრეები, ცხოველმოყვარულები, ძალიან დიდ შრომას და ენერგიას დებენ იმაში, რომ მათაც შეუქმნან უსაფრთხო გარემო.


რატომ არის ამდენი ძაღლი ქუჩაში?
სახელმწიფო თავისი უუნარო პოლიტიკით ცალსახად დამნაშავეა. ძაღლების გამრავლების პირველი ფაქტორი ისაა, რომ საკმარისად არ მუშაობს მათი სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამები. თბილისი, ბათუმი და ქუთაისი კი არის მოწინავე ამ მხრივ, მაგრამ დღესაც მრავლად გვხვდებიან გაუსტერილებელი ძაღლები.

განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა რეგიონებში. უკვე მერამდენე წელია, თვითმმართველობების არჩევნების დროს მოსახლეობა ნომერ მეორე პრობლემად მიუსაფარი ცხოველების საკითხს ასახელებს და ეს პრობლემა არა თუ გვარდება, უარესდება. აუცილებელია, სახელმწიფომ გაზარდოს მიუსაფარი ცხოველების ბიუჯეტი თვითმმართველობებისთვის, რომ სტერილიზაცია-კასტრაციის აგრესიული პროგრამები ამუშავდეს.

ქუჩის ძაღლების გამრავლების მეორე წყაროა უკონტროლო ძაღლსაშენები, რომელთა მუშაობა არ რეგულირდება კანონმდებლობით. საქართველოში ძაღლის ყოლის პოპულარულობასთან პირდაპირპროპორციულად გაიზარდა ქუჩაში ძაღლების რაოდენობა. დააკვირდით მეტისებს – ზოგს თავი ნაგაზის აქვს, ფეხები ტაქსასი, ტანი ჰასკის და ცხვირი კოკერის. ესენი არიან ჯიშიანი ძაღლების მეტისები. წარმოუდგენელია, რომ ძაღლები ფეისბუქის განცხადებებით მრავლდებოდნენ. ნებისმიერ ინდივიდს, ვისაც ჯიშიანი ძაღლი ჰყავს, ყველანაირი წესების დარღვევით და გენეტიკური კონტროლის გარეშე შეუძლია ძაღლის შეჯვარება და ბიზნესად ქცევა. შემდეგ ლეკვებს ყიდიან, ჯერ მაღალ ფასს ადებენ, შემდეგ, როგორც ჩამოწერილ საქონელს, აკლებენ. ლეკვებიც ხშირად რომანტიკული საჩუქრები ხდებიან – როგორც სათამაშოს, ისე აჩუქებენ ახალ წელს, ხან დაბადების დღეზე, რაც არის ძალიან საშიში ტენდენცია.

სამწუხაროდ, რეგულაციების უქონლობასთან ერთად, აქ ცნობიერების პრობლემაც დგას. როდესაც ადამიანი გადაწყვეტს ძაღლის აყვანას, კარგად უნდა იყოს ინფორმირებული, რა ჯიშის ძაღლი აჰყავს, რა ტემპერამენტი აქვს ცხოველს, მომავალ პატრონს რამდენად აქვს დრო, ფინანსური და ემოციური რესურსი და რაც მთავარია, მოთმინება. ძაღლის ყოლა არ არის მარტივი. ლეკვი რომ აგყავს, მზად უნდა იყო, რომ ის სახლში რაღაცას გააფუჭებს, მოისაქმებს და მარტო დარჩენისას იტირებს. გაცნობიერებული უნდა გქონდეს, რომ მინიმუმ 12-15 წელი შენი ცხოვრება შეიცვლება და ძაღლის საჭიროებებს მოერგება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის ყველა წევრმა განაცხადოს თანხმობა, რომ ძაღლის მოვლის პასუხისმგებლობა ყველაზე თანაბრად გადანაწილდეს. ამ საკითხების უგულებელყოფა ხშირად ხდება ძაღლის ქუჩაში აღმოჩენის წინაპირობა.

გამოსავალი არის ძაღლსაშენებისთვის რეგულაციების და ლიცენზირების წესის დადგენა, როგორც ეს ევროპის ქვეყნებში ხდება, რაც ცალსახად სახელმწიფოს ვალდებულებაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში მთავრობას არ აქვს ამის შესრულების კეთილი ნება. ჩვენ თუ გამრავლების კონტროლს თანხვედრაში არ მოვიყვანთ ქუჩის ძაღლების კასტრაცია-სტერილიზაციის აქტიურ პროგრამებთან, ამ პრობლემას ვერ აღმოვფხვრით. ყოველივე ამის შედეგად, ხელშესახები ცვლილება 5-7 წელიწადში დადგება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძაღლების ახალი ნაკადი კატასტოფულად გაიზრდება.

ხშირად ხალხს არასწორად ჰგონია, რომ ძაღლების თავშესაფარი არის გამოსავალი. მინდა განვმარტო, რომ მუნიციპალური თავშესაფარი არ არის ვალდებული, მუდმივი საცხოვრებელი მისცეს ძაღლს. მას მხოლოდ ევალება კასტრაცია-სტერილიზაცია, ვაქცინაცია და ბუნებრივ არეალში გაშვება. მეორე პრობლემაა ის, რომ მუნიციპალური თავშესაფარი იმასაც კი ვერ უზრუნველყოფს, რომ ეს ადგილი არ გახდეს დაავადებების გავრცელების კერა. სანიტარული ნორმები წარმოუდგენლად დაბალია და ქალაქში გავრცელებული დაავადებების წყარო სწორედ თავშესაფარია. ძაღლები არ არიან ვოლიერში ცხოვრებისთვის დაბადებული. მსგავსი მუდმივი თავშესაფრები უნდა იყოს მხოლოდ ისეთი ძაღლებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად ცხოვრება. ასევე აუცილებელია, თავშესაფარმა ძაღლის აყვანის წახალისებაც დაიწყოს.

აუცილებელია სახელმწიფოსა და ცხოველების მოყვარულების თანამშრომლობა. ჩვენ ისედაც ვაკეთებთ ამ საქმეს და სახელმწიფოც თუ დაგვიდგება გვერდში, ასმაგად მოტივირებულები ვიქნებით. ჩვენ ხომ სულ იმის ზრუნვაში ვართ, რომ დავიცვათ ჩვენი ცხოველები. სულ ხმალამოღებული ვიბრძვით და გვეშინია, რომ ცხოველი, რომელშიც ამხელა სიყვარულს და ენერგიას დებ, ვიღაცის სურვილით შეიძლება გააქრონ.

თვალსაჩინოა, რომ ბოლო პერიოდში ძალიან მოიმატა ძაღლებზე მზრუნველების რაოდენობამ. 10 წლის წინ მეგობრები გიჟს მეძახდნენ, ახლა თითქმის ყოველ მეორეს ძაღლი ჰყავს აყვანილი ან საბარგულში მიუსაფრებისთვის საკვები უდევს. ასევე შეიცვალა მოსახლეობის დამოკიდებულება ცხოველების წამების ფაქტებზე. ეს იმაშიც გამოიხატება, რომ ცხოველებზე ძალადობის შემთხვევების დროს პოლიციაშიც იმატა მიმართვიანობამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ იძულებული იქნებიან, რეაგირება მოახდინონ და ეს ყინულიც უნდა დაიძრას.

სხვა შემთხვევაა ბავშვების მხრიდან ცხოველის წამების ფაქტებზე რეაგირება. ჩემთვის და ბევრი ჩემი თანამოაზრისთვის სრულიად მიუღებელია ასეთ დროს ბავშვებისკენ მიმართული აგრესია. პირიქით, ბავშვი საშველია, რადგან თუ ის ცხოველზე ძალადობს, ან თავადაა ძალადობის მსხვერპლი ოჯახში ან ბულინგის ობიექტია თანატოლების მხრიდან. ამ დროს აუცილებელია სპეციალისტის ჩართვა და ბავშვის გადარჩენა სწორი მიდგომებით. ზრდასრულიც, რომელიც ცხოველს სასტიკად უსწორდება, შეიძლება მხოლოდ იმიტომ გაიზარდა ასეთი, რომ ბავშვობაში მას არ მიაქციეს ყურადღება.


როგორ უნდა მოვიქცეთ ქუჩის ძაღლებთან?
ვფიქრობ, ძაღლების ხროვასთან მოქცევის წესები ტელევიზიებით უნდა შუქდებოდეს და სკოლებშიც ისწავლებოდეს. მოდით, დავარქვათ ამას თავდაცვა, იმიტომ, რომ ასეთ მოცემულობაში ვცხოვრობთ.

მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რატომ შეიძლება იყოს ძაღლი აგრესიული – ის ან ტერიტორიას იცავს, ან მასზე სუსტ ძაღლებსა და ლეკვებს, ან ადამიანისგან ძალადობის მოლოდინი აქვს. ყველაზე საუკეთესო სტრატეგიაა, ხროვას გაეცალო და სხვა მიმართულებით წახვიდე, რომ მიხვდეს, არ აპირებ მასზე თავდასხმას. ყველაზე დიდი შეცდომა გაქცევაა, რადგან ასეთ დროს ძაღლში მტაცებლის ინსტინქტი იღვიძებს და შეიძლება გაქცეულს უკან დაედევნოს.

თუ ძაღლთან პირისპირ აღმოვჩნდით, სჯობს, ზურგი არ შევაქციოთ და პირველი ნაბიჯები უკუსვლით გადავდგათ. ასევე კარგად მუშაობს მასთან ლაპარაკი. უკიდურეს სიტუაციაში, თუ ძაღლი მაინც თავდასხმაზე გადმოვა, უნდა დავახვედროთ ქურთუკი ან ჩანთა, ნებისმიერი ნივთი, რომ დარტყმა ამ ნივთზე გადავიდეს და არა ადამიანის სხეულზე.

ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ძაღლი არის ასოციაციური ცხოველი. მას კარგად შეუძლია ადამიანების დამახსოვრება, ამიტომ, თუ ჩვენს სამეზობლოში ცხოვრობენ ძაღლები, რომლებისაც გვეშინია, მათთან ურთიერთობის ყველაზე სანდო და გამოცდილი მეთოდი მათთან დამეგობრებაა. დამეგობრება კი იწყება ძაღლების რეგულარული კვებითა და მათზე ზრუნვით.”

ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: სოფო აფციური