ნინო მარხვაიძე, 16 წლის, ქვემო ალვანი

“მათემატიკაა ჩემი საყვარელი საგანი, საკმაოდ ძლიერი ვარ ტექნიკურ საგნებში, მაგრამ, ალბათ თქვენც გაგეცინებათ, უცხო ენებზე ვაპირებ ჩაბარებას. თავდაპირველად ბიზნეს ადმინისტრირების განხრით მინდოდა წავსულიყავი, ეკონომიკა მაინტერესებს, მაგრამ სკოლაშიც მასწავლებლებმა და ოჯახის ახლობლებმაც დამაჯერეს, რომ რადგან გოგო ვარ, დიდი კონკურენციის პირობებში აღმოვჩნდები და ამ განხრით დასაქმება გამიჭირდება. ამიტომ ჩემს თავს უფრო ქალური პროფესია შევურჩიე, თარჯიმნად მაინც ვიმუშავებ… ერთ-ერთი წარუმატებელი მაგალითი დედაა, ისიც ეკონომისტია და ამჟამად დიასახლისი. ვიცი, მას სხვა რეალობაში მოუწია თავისი პროფესიული მოღვაწეობა, მაგრამ ეს მაგალითი და კიდევ საზოგადოების მოწოდებები, რომ ქალს პატრონი ჭირდება, რომ კარგ სამსახურში დასაქმდესო, საკუთარ ძალებში ეჭვს მიჩენს. თავდაჯერება გვაკლია გოგოებს და ამაში ხელს საზოგადოებაც გვიწყობს.

იმ დღეს კლასელებთან ვამბობდი, ძალიან მინდა მანქანის მართვა ვისწავლო-თქო და ბიჭებმა დამცინეს, სად გოგო და სად მანქანის მართვაო. მერე თემა განავრცეს და მთელი დღე ამაზე ხუმრობდნენ, ნინოს რომ მანქანაში ჩაუჯდები, ვერც გადარჩებიო. ასეთი დამოკიდებულებები გოგოების თვითშეფასებაზე ძალიან მოქმედებს. კი, შეიძლება არ მიაქციო ყურადღება ერთხელ, ორჯერ, მაგრამ გოგოების შესაძლებლობებზე ეჭვები ყოველდღიურად რომ გესმის, მერე თავსაც აჯერებ, რომ ასეა.

ძალიან ხშირად გარეგნობის გამო მაბულინგებენ სკოლაში. ამბობენ, რომ ძალიან გამხდარი ვარ და ფიცარს ვგავარ. ასეთი დამოკიდებულება გოგოებს გვაკომპლექსებს და საკუთარი გარეგნობის მიმართ უფრო მომთხოვნები ვხდებით. მეც ვარჯიში დავიწყე სახლში, რომ კუნთებს მოცულობა მივცე. რამდენი გოგოა ჩემს გარშემო, რომ ჩემს ასაკში ბოტოქსების გაკეთებაზე ფიქრობს, მაკიაჟს ატარებს, რომ სილამაზის სტანდარტს მოერგოს. ვიღაც კი სილამაზის ბიზნესით მდიდრდება. სამწუხარო რეალობაა, რომ გოგოებს სულ გვიწევს მოვერგოთ იმ ყალიბს, რასაც საზოგადოება გვიწესებს და გავამრთლოთ მათი მოლოდინები.

ცოტა ხნის წინ Flex-ის კონკურსში მივიღე მონაწილეობა. თუ გამიმართლა და ფინალისტი გავხდი, ამერიკაში მომიწევს ერთი წლით წასვლა. ვიცი, რომ ეს იქნება უზარმაზარი ნაბიჯი ჩემს ცხოვრებაში და გამოცდილებასთან ერთად საკუთარი პიროვნების გაზრდაში და თვითშეფასების ამაღლებაში დამეხმარება. უცხო გარემოში და ხალხში თავის დამკვიდრების შემდეგ, აქ საქართველოში უფრო გამიადვილდება დამოუკიდებლად ცხოვრება და ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედავ.“