ნუნუ ბერია, 80 წლის, თელავი

“ბავშვობიდანვე მიყვარდა თოჯინების კეთება. მე ზესტაფონელი ვარ, არდადეგებზე ვისვენებდით ხოლმე სოფელში და იქ სიმინდის ღეროსაგან დავიწყე თოჯინების გაკეთება, კაბებს ვუკერავდით და ასე ვერთობოდით. მაშინ არ იყო არც ტელევიზია, არც რადიო და რაღაცით ხომ უნდა გავრთობილიყავით?! მერე უკვე სწავლა რომ დაიწყო და უკვე დიდი გავხდი, ამას საერთოდ დავანებე თავი. შემდეგ ოჯახი იყო, შვილები და აი, როდესაც გაჩნდა ჩემი შვილიშვილი, დროც არ მქონდა მანამდე, გადავწყვიტე თოჯინები გამეკეთებინა მისთვის. ის დიდად არ დაინტერესდა, მაგრამ მე მაინც გავაგრძელე თოჯინების კეთება. პირველად ასეთი ლამაზები არ იყო, მერე თანდათანობით დავხვეწე. ახლა იმდენად მიყვარს და იმდენად კარგები არიან, რომ მითხრათ გაჩერდი და არ შეკეროო, ვერ გავჩერდები, ამის კეთება სულიერად მამშვიდებს და მაწყნარებს. ყოველდღე ვკერავ, ღამეც კი თოჯინებზე ვფიქრობ ხოლმე… დიდ მადლობას ვუხდი მკერავებს, რადგან ისინი მაძლევენ ნაჭრების ნარჩენებს, რაც თავად აღარ სჭირდებათ. რა ვიცი, მეც ვერთობი და ისინიც, ვინც ყიდულობენ. თელავში თითქმის ყველას აქვს ჩემი თოჯინები. ხანდახან რომ შევდივარ მაღაზიაში, ან რომელიმე დაწესებულებაში და ვეკითხები „ხომ არ გნებავთ ჩემი თოჯინები გაჩვენოთ?“ ზოგი მეუბნება არ მინდაო, მაგრამ მერე ისეთი გაოცებულები არიან ხოლმე, ერთად რამდენიმეს ყიდულობენ. მეც სტიმული მეძლევა.ზოგჯერ ისეთი ლამაზია, რომ არ მემეტება გავყიდო… გულითაც რომ მინდოდეს, ერთნაირი თოჯინები არ გამომივა, ყველა სხვადასხვანაირია და თან რაც დრო გადის, უკეთესი გამომდის. უკვე 500-მდე თოჯინა მაქვს შეკერილი. რა მასალაც მაქვს, იმის მიხედვით ვქმნი და ვუხამებ ფერებსაც. რომ დავასრულებ ხოლმე, ასე მგონია ცოცხალი არსება მიჭირავს ხელში, იმდენად საყვარლები არიან. აი, რა გავაკეთო 80 წლის ასაკში, ხო? ასე არ შემიძლია დავჯდე, რაღაცას ვაკეთებ და ეს ჩემთვის სიამოვნებაა.

მანამდე რას ვაკეთებდი? ზესტაფონიდან წამოვედი თბილისში, სამედიცინო ტეხნიკუმი იქ დავამთავრე და 35 წელი პოლიკლინიკაში ვიმუშავე მედდად. ჩემი მეუღლე პურის მაღაზიაში შემხვდა და რომ იტყვიან ერთი ნახვით შეყვარებაო, ეს მოხდა. გადამეკიდა და მთელი 6 წელი მსდია. მერე ჯარში წაიყვანეს და რომ ჩამოვიდა, ჩამომაკითხა ზესტაფონში და მაინც მე შემირთო ცოლად.

უფრო დიდი სტიმული მექნებოდა, მეტის გაყიდვას რომ ვახერხებდე, რა თქმა უნდა. ეკონმიურად ყველა პენსიონერს გვიჭირს დღეს საქართველოში – ან წამალი გინდა, ან სხვა რაღაც და არ გყოფნის პენსია. აი, მაგალითად, შეშა გვიძნელდება ძალიან. 300 მანეთი ღირს და ორი რეისი გვჭირდება სეზონზე. ნასესხები ფულით უნდა მოიტანო და მერე ეს იხადო. პენსიის ნახევარი მიდის გადასახადებზე. ამ დროს, ცოცხალი ადამიანები ვართ, ტვინი ისევ ისე მუშაობს და ათასი რამე გვინდა, პენსია კი არაფერში გვყოფნის და თოჯინები მეხმარება. ასე რომ, ეკონმიურად ჭირს და რაღაც დახმარება რომ იყოს, მაგალითად, 80 წელს გადაცილებულ ადამიანს ცოტა შეღავათი მაინც გავუკეთოთ წყლის გადასახადი იქნება თუ სხვა რამის… სოციალურ დახმარებას არ გვინიშნავენ, არ ვიცი რას ნახულობენ ამ სახლში – სარეცხი მანქანა შვილმა გვიყიდა, მაცივარი და ტელევიზორი კიდევ გადაგვეწვა. შორია სოც. სამსახური, მიჭირს იქ ჩასვლა. თან მოვლენ შეამოწმებენ და მაინც ყურადღებას არ გვაქცევენ, ჩავიქნიე ხელი ყველანაირად…

გარდა ამისა, გარემო არ არის ისე მოწყობილი, რომ ასაკიანი ადამიანი გარეთ გავიდეს. კაცები მინახავს რომ თამაშობენ, საუბრობენ, მაგრამ ქალებისთვის არაფერია. მაგალითად, ახლა მე ამას რომ ვაკეთებ, სადღაც კლუბივით რომ იყოს და გავუზიარო ვინმეს. საჭიროა მოხუცობაში არ მოწყდე სამყაროს, ცხოვრება გაიხალისო და იგრძნო, რომ ხარ ცოცხალი და რაღაც შემოქმედებითს აკეთებ. ხო მართალი ვარ?! მერე მე ძალიან მიყვარს, როცა ვიღაცა რაღაცას მასწავლის და მირჩევს. ამაში დრო გადის და შენ აღარ ფიქრობ იმაზე, რომ დღეს ხარ და ხვალ აღარ იქნები. მე კი მაინც არ ვარ პესიმისტი და ჩემს თავს მე თვითონ ვიხლისებ ხოლმე.”