ნუცა ერისთავი, 26 წლის, თბილისი

„ჟურნალისტიკა რომ დავამთავრე, წავედი ინგლისში, ინგლისური ენის მოკლე კურსი გავაკეთე და მამიდაჩემთანაც ვმუშაობდი, ქართული კაფე აქვს და ვეხმარებოდი. ორი წელი გამომივიდა იქ ყოფნა, სადაც ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი.

აარონი არის შავკანიანი და წარმოშობით იამაიკიდანაა. ჩემი მასთან ურთერთობა ძალიან საინტერესო იყო თავიდანვე – მე ღია ვარ ყველა ადამიანთან ურთერთობაში და ასე მგონია, ყველა ასე უნდა იყოს. ეს კულტურების სხვადასხვაობაც ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. თვითონაც ძალიან გახსნილი იყო, რაც ძალიან მომეწონა. არასოდეს არ მქონია ასე ახლო ურთიერთობა სხვა ქვეყნის, სხვა რასის, სხვა კულტურის წარმომადგენელთან და კიდევ უფრო საინტერესო იყო იმიტომ, რომ მე, როგორც ჟურნალისტი, ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ.

ჩემი ვიზის ამოწურვის შემდეგ, ისევ საქართველოში ჩამოვედი და ჩამოვიდა ჩემი მეუღლეც. აქ მე და აარონმა სპონტანურად მოვაწერეთ ხელი იმიტომ, რომ ბრუნდებოდა ბრიტანეთში და მითხრა, მოდი, შენც წამოდიო. 6 თვე იყო აქ და მერე გვინდოდა ერთად დაბრუნება და ვეღარ დავბრუნდი. გავიჭედე აქ. სერიოზულ სტრესთან იყო ეს დაკავშირებული, ძალიან განვიცადე მორალურად იმიტომ, რომ აარონი იქ ძალიან აქტიურად იყო ჩართული ბევრ პროექტში და უცებ გაირკვა, რომ ვიჭედებით აქ, სადაც აბსოლუტურად ნულიდან უნდა დაიწყოს ყველაფერი. უნდა გაიცნოს ჩვენი კულტურა, უნდა გაიცნოს ხალხი და ჰყავდეს მეგობრები. ნელ-ნელა თავიდან დავიწყეთ ცხოვრება და ადაპტაცია.

ახლა მიდი-მოდის ხოლმე, სხვანაირად არც გამოვა იმიტომ, რომ აქ არ არის ის პროექტები და არც ის შესაძლბელობები, რაც იქ აქვს. აარონი მოცეკვავეა. ინგლისში ესწერება თანამედროვე ბალეტის მასტერკლასებს. ხან რეკლამას იღებენ, ხან ფილმს იღებენ და აარონი, როგორც მოცეკვავე ან მსახიობი სულ ჩართულია ასეთ რაღაცეებში. თვითონაც ხშირად ატარებს მასტერკლასებს არა მხოლოდ ლონდონში, არამედ ლონდონის შემოგარენშიც. აქ რომ ჩამოვიდა, მე გადავდე ყველაფერი, რომ წარმედგინა ხალხისთვის, ხელი შემეწყო იმიტომ, რომ მე რომ ინგლისში ჩავედი ასეთი პრობლემები არ მქონია. იქ მამიდაჩემი იყო, ბებიაჩემი, ჩემი ბიძაშვილები იყვნენ. უცებ გამოვნახე საერთო. აარონი ღიაა ყველა ურთიერთობისთვის, მაგრამ აქ თავიდანვე გაუჭირდა. მივხვდი ამას და ამიტომ, ხანდახან, შეხვედრაზე რომ მიდიოდა, ბავშვებს რომ მიყვებიან დედები, ისე დავყვებოდი. მე სხვა წუხილი და სხვა განცდები მქონდა და მინდოდა, რომ იმ დროს მასთან ვყოფილიყავი. სულ იყო ენის ბარიერიც, მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში ყველამ ვიცით ინგლისური.

სიმართლე გითხრათ, მე არ ვიცოდი თუ ასეთი პრობლემები იყო საქართველოში – სხვანაირის, განსხვავებულის მიუღებლობის. ამიტომ, აარონს ჩემი ქვეყანა წარვუდგინე როგორც სამოთხე – შენ ყველა დაგეხმარება, შენ ძალიან ბევრი მეგობარი გეყოლება და შენ უნდა სცადო, რომ შენი ცეკვა ჩემს ქვეყანაშიც წარადგინო და პოზიტიურად განაწყო ხალხი შენ მიმართ-თქო. რომ ჩამოვედით და ამ აღფრთოვანებამ გაიარა, რაღაცა სხვა სახის ყურადღება ვიგრძენი და ეს ნეგატიური სახის ყურადღება იყო. ეს არი იყო ის, რომ „შენ რა მაგარი ტიპი ხარ“ ან „სტუმარი ხარ და მოდი.“ ეს იყო სუფთა ნეგატიური განწყობა, რაც ჩემთვის, როგორც მისი შეყვარებულისთვის, ძალიან რთული იყო იმიტომ, რომ გაუქრა ყველანაირი წარმოდგენა ამ ქვეყანაზე მაშინათვე. იმიტომ, რომ თავიდანვე პირდაპირ მკითხა: „არიან თუ არა რასისტები საქართველოში?“

ეს პრობლემა ხომ ყველგან არის. რასისტი ცდილობს ეს ცუდი განწყობა მოგახვიოს თავზე, როგორც მოხდა, მაგალითად, სმარტში, როცა შეურაცხყოფა მიაყენეს და მე მითხრეს “ამ მაიმუნის გვერდით რატო ზიხარო“, ან როცა შემთხვევა მოხდა მაკდონალდსში, სადაც მე არ ვიყავი და დაცვამ „სიტუაციის გასანეიტრალებლად“ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. დაზარალებულს რატომ უნდა დაეტოვებინა ტერიტორია? ეს ნეგატიური განწყობა რომ დავინახე, ისე იმოქმედა ჩემზე და ამას როცა ვყვებოდი, ყველას ეგონა რომ ვაჭარბებდი.

მის მიმართ არსებობს სტერეოტიპული დამოკიდებულება: კალათბურთს თამაშობ? რეპს უსმენ? რეპს არ უსმენს საერთოდ, როკი უყვარს. მე შევდივარ მათ მდგომარეობაში, ვისაც აქ აბსოლუტურად არავინ ჰყავს და მე მიწევს ლაპარაკი, რომ შავკანიანი კია, მაგრამ აარონს ეს განათლება აქვს მიღებული, სწავლობდა იქ, მუშაობდა იქ, ასწავლის, ამაზე მიწევს ლაპარაკი, რომ შევფუთო ეს ადამიანი და იმიჯი შევუქმნა, რომ ცუდად აღარ ელაპარაკონ და წარმოიდგინე ის, ვინც შავკანიანია, არაა ლონდონში ნაცხოვრები და მარტოა აქ.

აარონს ჰქონდა დეპრესიის პერიოდები, თუმცა, მე უფრო მქონდა რეაქციები ხშირად, ვიდრე მას. მიაჩნია, რომ ეს არის გაუნათლებლობის ბრალი, მას ხომ თავისი სტრესი ჰქონდა და მე ჩემებური იმედგაცრუება მქონდა. იყო შემთხვევები, როცა მისი მისამართით ცუდს ამბობდნენ არც ვუთარგმნიდი და არც ვეუბნებოდი და ამას ჩემში ვინახავდი. ამას რომ არ ამბობ, ხომ ძალიან მოქმედებს შენზე. სერიოზული პრობლემები მქონდა. არ მინდოდა გვიან მასთან ერთად არსად გასვლა. მეც ჩავიკეტე. აღარ მსიამოვნებდა გარეთ გასვლა, მასთან ერთად მგზავრობა, როცა ინგლისში ნებისმიერი ტრანსპორტით, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს ვგრძნობდით თავს, როგორც სრულფასოვანი და სრულყოფილი ადამიანები. არ მიყვარს, როცა ღამით გარეთ გადის წყალზე, აფთიაქში. არ ვარ კომფორტულად. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი ვარ, რომ ასეთი ტიპების გამო ვერ გავიყინები ერთ ადგილას, წინ უნდა წავიდე და ვიბრძოლო, რაღაც მაინც არ გამოდის. რთულია ასე ცხოვრება.

რა თქმა უნდა, აარონი ისტრესება, მაგრამ მე მგონია, რომ მე კიდე სხვანაირი სტრესი მაქვს იმისა, რომ იმედგაცრუებული ვარ ჩემს ქვეყანაში, როცა მეგონა, აქ ყველაზე კომფორტულად ვიქნებოდი. ინგლისში ვერ მივდივარ, რადგან ვიზები ძალიან გართულებულია და ერთხელ უარი მითხრეს, როგორც მის ცოლს იმიტომ, რომ, რადგან აარონი საქართველოში იყო 6 თვის განმავლობაში, შესაბამისი ამონაწერი ვერ წარვადგინეთ იმის დასამტკიცებლად, რომ მას შეეძლო ჩემი შენახვა ერთი წლის მანძილზე, რადგან იქ ჩასულს, ერთი წლის განმავლობაში არ მექნებოდა მუშაობის უფლება. აქ რომ ვართ, ხომ უნდა ვიყოთ კომფორტულად და მე ჩემი საქმე ვაკეთო და მან თავისი. ბევრჯერ გადამიდია ჩემი საქმე, როცა მიგრძვნია, რომ პრობლემა აქვს ან მოწყენილია.

ამ ჩვენს ამბავზე დიდი პოსტიც რომ დაიწერა, ყველამ დააშეარა და ტელევიზიებიც დაინტერესდნენ, მანდაც ძალიან დიდი ნაწილი იყო ნეგატიური დამოკიდებულება, რომ „არ არსებობს“, „გეჩვენებათ“ და „აჭარბებთ“. სამედიცინოს აფრიკლემა სტუდენტმა რომ თქვას, რომ პრობლემები აქვს, ამას არ აღიქვამენ სერიოზულად. შენ თუ აქ პატრონი არ გყავს როგორც, მაგალითად, მაშინ, როცა აარონს ასთმის შეტევა დაემართა და სკამზე დამჯდარს ასუნთქებდნენ ინგალატორს, სანამ არ დავრეკეთ იმიტომ, რომ ეგონათ ვიღაცა „ჭ“ – ასეთია ჩვენი ქვეყანა.

როცა რასისტულ პოსტს ვხედავ, აუცილებლად ვიწყებ ამაზე ლაპარაკს იმიტომ, რომ ამაზე თუ არ ილაპარაკე, მაშინ უნდა ჩაიკეტო, ამ სტრესს მისცე უფლება დაგაჩაჩანაკოს და არ მინდა ასე მოხდეს. ბევრს ვმუშაობთ ორივე, მეც მჭირდება ინსპირაცია და პოზიტიური ენერგია და მასაც სჭირდება იმიტომ, რომ მოცეკვავეა. თან ბავშვებთან მუშაობს, ინგლისურს ასწავლის, ათას პროექტშია და საქმე აქვს და ამაზე თუ არ ვილაპარაკეთ და ხმა ამოვიღეთ, ასე არ გამოვა.

ფეისბუკზე მესიჯები მომდიოდა ხოლმე „პატრონი არ გყავს შვილო?!”. თავიდან გადავწყვიტე, რომ ყველას პოზიტიურ პასუხს გავცემდი, რომ სიყვარულმა ფერი არ იცის და კანი არ იცის, მაგრამ ძალიან რთულია ისეთ ადამიანთან ლაპარაკი, რომელსაც არ ესმის და არც უნდა, რომ გაიგოს რამე. უნდა ილაპარაკო ამაზე. მართალია, სულ ვერ შესწირავ ამას შენ ცხოვრებას იმიტომ, რომ ცალკე ვცხოვრობთ, ვმუშაობთ და თუ მივეცით ამას საშუალება, რომ ჩვენზე იმოქმედოს, მაშინ უნდა ჩავწვეთ, საბანი გადავიფაროთ და ვთქვათ, რომ „ჯერ ვერ მივდივართ, ამიტომ არ უნდა შევეგუოთ!“ ამიტომ, როცა საჭიროა ვრეაგირებთ, როცა საჭიროა ვწერთ და ვლაპარაკობთ, მაგრამ, მე მგონი, იმისათვის, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას, ხალხმა უნდა გაიაზროს, რომ ეს პრობლემა არსებობს!

მინდა, რომ აარონთან მყავდეს შვილი იმიტომ, რომ შვილი ჩვენი სიყვარულის ნაყოფია და აბსოლუტურად არ მაინტერესებს ვინ გადაშენდება და რა გადაშენდება. რატომ არ უნდა ვიყო კომფორტულად ჩემს ქვეყანაში, სადაც შემიძლია ჩემს ბიჭს ჩავკიდო ხელი და სადაც მომინდება იქ ვიარო და არ მქონდეს იმის შიში, რომ მინიმუმ ათი კაცის მზერა უნდა ავისხლიტო და ვიღაც აქედან რომ შემომხედავს, იქეთ გავიხედო.“