რუსა ჯიჯელავა, 22 წლის, თბილისი
„ოჯახში და მეგობრებში ქამინგაუთი გაკეთებული მაქვს. სახლში მარტო მე და დედა ვცხოვრობთ, მამა გარდაცვლილი მყავს. ზუსტად არ მახსოვს, 17-18 წლის ვიყავი, როცა ქამინგაუთი გავაკეთე. პირველად კლასელი გოგო შემიყვარდა და საკუთარ თავთან გავაცნობიერე ეს ყველაფერი, მაგრამ არ მყავდა არც ერთი ისეთი მეგობარი, ვისავ მოვუყვებოდი. ძალიან სტანდარტული ტიპის ადამიანები მყავდა გარშემო და როცა ვერაფერი მოვიფიქრე, დედაჩემს ვუთხარი. ვინმესთვის თქმა მინდოდა, რომ რამე ერჩია, რამე მექნა, არ ვიცოდი რა უნდა მექნა. რახან გარშემო არავის ვიცნობდი, ვინც ჰომოსექსუალური იყო, არ ვიცოდი ეს ნორმალური იყო თუ არა. საკუთარი თავის გარდა ლგბტ ადამიანს არ ვიცნობდი იმ პერიოდში. მოკლედ, დედას ვუთხარი და თურმე ხვდებოდა. საიდან ხვდებოდა არ ვიცი. ალბათ ჩემი საქციელებიდან, ან მზერიდან და მითხრა „ასე თუ ისე შევეგუეო“. ზუსტად არ ვიცოდი როგორი რეაქცია ექნებოდა, მაგრამ მეგონა, რომ ცუდი რეაქცია ექნებოდა. უბრალოდ მჭირდებოდა ვიღაცისთვის მეთქვა, ასე აღარ შემეძლო.
თავიდან, შეიძლება ითქვას, ნორმალურად მიიღო. არც უარყოფითი და არც დადებითი რეაქცია არ ჰქონია, უფრო ნეიტრალური. დიდი ხნის განმავლობაში თვლიდა, რომ რაღაც პერიოდის მერე გამივლიდა და ვინმე ბიჭს შევიყვარებდი. არასერიოზულად მიაჩნდა ჩემი ორიენტაცია და უბრალოდ ინტერესი ეგონა იმიტომ, რომ ისედაც ბევრი რამე მაინტერესებს და ეგონა, რომ მორიგი ექსპერიმენტი იყო. თუმცა, ბოლო პერიოდში, დავუწყე იმის ახსნა, რომ ასე არ არის, ნუ ფიქრობს ასე, რომ ბიჭი შემიყვარდება. ბოლოს და ბოლოს შეყვარებული მოვიყვანე სახლში და გაგაცანი ოფიციალურად და მეტი რა ვქნათქო. ამბობს, რომ მინდა ბედნიერი იყოო, მაგრამ გულის სიღრმეში ფიქრობს, რომ შევიცვლები. უფრო გარემოცვის გამო ალბათ და არა იმიტომ, რომ პრობლემას წარმოადგენს ორიენტაცია. მისი გარემოა სამსახური, რომელიც ჰომოფობიურია, მათთვის ჩემი ორიენტაცია იქნება განსხვავებული და გონია მასაც აითვალწუნებენ“.