სალომე ბენიძე, 30 წლის, თბილისი
“დღესაც ხშირად ხდება, რომ ტექსტებს სხვადასხვანაირად იღებს საზოგადოება იმის მიხედვით, ქალის დაწერილია თუ კაცის. ასეთი რამ ბევრჯერ მინახავს. ჩემი ტექსტებიც შეუფასებიათ, როგორც „ქალის დაწერილი“. მწერალ ქალებს ბრძოლა გვიწევს თვითდამკვიდრებისთვის, მაგრამ მაინც ვიტყოდი, რომ ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ ისეთი თამამები, როგორებიც დღეს ვართ და ქართული ლიტერატურაც არასოდეს ყოფილა ასეთი გახსნილი ქალების მისაღებად. ჩვენ დღეს ვცდილობთ, ქართველ მკითხველს გავაგონოთ მწერალი ქალების ხმა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არ, ან ძალიან სუსტად ისმოდა.
საუკუნეების განმავლობაში წერა კაცების პრივილეგიად ითვლებოდა და უეცრად მივედით იქამდე, რომ ამ მკვეთრად მამაკაცურ სამყაროში ისმის ქალის ხმა. ბუნებრივია, რომ კაცებს, როგორც ყველა სხვა სფეროში, ლიტერატურაშიც არ ეთმობათ პოზიციები. ხშირად შეიძლება გაიგონოთ ასეთი ფრაზა, რომ „ქალის პირობაზე არაუშავს, კარგად წერს“ ან ა.შ. კაცმა კოლეგებმა, ზოგჯერ შეიძლება მსგავსი რამ გითხრან, ან შეიძლება თავზე ხელი გადაგისვან და ამით დამთავრდეს შენი შეფასება. აი, რას ნიშნავს „ქალის პირობაზე“ ან „კაცის პირობაზე“?! ჩემთვის ეს სრულიად გაუგებარია.
თუ როგორღაც გაბედავ იყო პოპულარული, ადამიანები გკითხულობდნენ, შენი წიგნები იყიდებოდეს დიდი რაოდენობით და ა.შ., ამას ძნელად გპატიობენ. მე მაქვს ეს „მწარე“ გამოცდილება ჩემი ბოლო წიგნიდან – „ქალაქი წყალზე“. რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება, მაგრამ უფროს თაობაში უფროა მსგავსი განწყობები. ეს, ალბათ, პრივილეგიების დაკარგვის შიშია და ქალებთან იმ სამყაროს გაყოფის, რომელიც აქამდე კაცებს მარტო საკუთარი ეგონათ. ვერ ვიტყვი, რომ ახალგაზრდა თაობაში იგივე არ არის, მაგრამ თითქოს უფრო ნაკლებად. ჩემი თაობის ბევრი კოლეგისგან, მე დიდი მხარდაჭერა მიგრძვნია, ხშირ შემთხვევაში.
სულ ვამბობ, რომ ამ პირობებში ქალებმა მაინც მოვახერხეთ და მოვიპოვეთ წერის უფლება. მოვიპოვეთ ისევე, როგორც, მაგალითად, აქტიური და პასიური საარჩევნო უფლებები. წერის უფლება ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ქალებს ამით თვითგამოხატვის საშუალება მოგვეცა. მოგვეცა შესაძლებლობა მოვყვეთ, როგორები ვართ სინამდვილეში, იმიტომ, რომ საუკუნეების განმავლობაში ლიტერატურაში ქალი იყო ისეთი, როგორადაც მას ხედავდნენ კაცები. წერის უფლების მოპოვებით, ქალი ლიტერატურაში უკვე თავად გახდა სუბიექტი – თვითონ ქმნის, თვითონ არის ამ პროცესის მონაწილე და ამბობს თავის სათქმელს.
არსებობს გამოთქმა „ქალური ლიტერატურა“ და ხშირად ქირქილებენ ამაზე. ვფიქრობ, არაფერია იმაში ცუდი, რომ არსებობდეს „ქალური ლიტერატურა“. ჩემი დაკვირვებით, ქალურ ლიტერატურად მოიხსენიებენ ყველა იმ ნაწარმოებს, სადაც ქალები საკუთარ თავზე, პრობლემებზე და ცხოვრებაზე წერენ. მაშინ გამოდის, რომ ის რაც საუკუნეების განმავლობაში იწერებოდა, არის „კაცური ლიტერატურა“ და ამიტომ, არ უნდა იყოს საინტერესო ქალებისთვის? ცხადია, უნდა იყოს ისევე, როგორც ქალების ნაწერები უნდა აინტერსებდეთ კაცებს. ჩემს ბოლო წიგნზეც, „ქალაქი წყალზე“, უთქვამთ, რომ ეს გოგონებისთვის დაწერილი წიგნია. კი, ეს არის გოგონებზე, ქალებზე დაწერილი, მაგრამ არ არის, მხოლოდ, მათთვის დაწერილი წიგნი. ამ სამყაროში არ ცხოვრობენ მარტო კაცები ან მარტო ქალები. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერმანეთის შესახებ და უნდა ვიცოდეთ რა გვაწუხებს, რა გვიხარია, როგორები ვართ…. ამიტომ, მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ სილვია პლათის „ზარხუფს“, რომ შემეძლოს, ყველა ბიჭს წავაკითხებდი. იმისათვის, რომ მათ უკეთესად ესმოდეთ იმ ქალების, ვის გვერდითაც ცხოვრობენ, ვისზეც ამბობენ, რომ უყვართ და ხშირ შემთხვევაში, ამ ქალების ბატონ-პატრონებად წარმოუდგენიათ თავი. ამით კი, საკუთარ თავს და ცხოვრებასაც აზარალებენ.
„ქალურ ლიტერატურას“ რომ დავუბრუნდეთ, მე ასე ვიტყოდი – კი, შეიძლება მართლა არსებობს ეს ე.წ. „ქალური ლიტერატურა“, რომელიც ეფუძნება ქალების გამოცდილებას, რაც არის ახალი და ძალიან კარგი. ხოლო როგორც ყველა სიახლის, ისე მისი მიღებაც უჭირს საზოგადოებას, მაგრამ ღრმად მწამს, რომ ეს ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. საჯარო ლექცია მქონდა რამდენიმე დღის წინ და იქაც ვთქვი, რომ დარწმუნებული ვარ, როცა წლები გავა და თამთა მელაშვილის ტექსტებს სასკოლო პროგრამაში შეიტანენ, ის საკითხები, რაზეც თამთა წერს, უკვე ჩვეულებრივი და ყოველდღიური ფიქრის საგანი იქნება და არა ვინმესთვის უცხო, ან „ქალური“. ისტორია ყოველთვის პროგრესის მხარესაა და ის, რასაც ქალები ქმნიან თანამედროვე ლიტერატურაში, არის პროგრესი.
ზოგადად რას ვარ იცით დაკვირვებული? მაგალითად, მწერალი კაცების ცოლები ძალიან ამაყები არიან ხოლმე თავისი ქმრების საქმიანობით, რამდენად თამამადაც არ უნდა წერდნენ მათი ქმრები. მწერალი ქალების ქმრები კი, ჩემი შორიდან დაკვირვებით, მაინცდამაინც არ ამაყობენ ხოლმე ცოლების ნაწერებით, მითუმეტეს, თუ ეს ცოლები თამამად წერენ და საკუთარ გრძნობებზე ღიად საუბრობენ. ამიტომაც, სიმართლე რომ გითხრათ, ზოგჯერ მიჩნდება იმის შიში, რომ ოჯახმა, რომელიც შეიძლება ოდესმე მეც შევქმნა, არ დააზარალოს ჩემი ტექსტები, ანუ ჩემი თვითცენზურა არ გახდეს უფრო მკაცრი. იმაზე ფიქრი, რომ ერთ დღესაც იმ შენს ცნობილ „საკუთარ ოთახში“ შეიძლება მარტო აღარ იყო, ცოტა მაშინებს…. აი, ჩემს ბოლო წიგნში არის ბევრი თამამი ეპიზოდი და ყოველ ჯერზე, როცა ვწერდი ამ ეპიზოდებს, ვფიქრობდი, რამდენად შორს უნდა წავსულიყავი წერის დროს. მე უფრო იმის შიში მქონდა, რომ წიგნს არ მიკვროდა რაიმე იარლიყი. ჩემი თავისთვის იარლიყების მიკვრის ნაკლებად მეშინია.
ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე და შეგნებულადაც, წერის შესაძლებლობა მივმართე იქით, რომ თანასწორობისკენ გადავდგა ჩემი წილი ნაბიჯი. ეს ახლა ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია. საქართველოში ახალი ფემინისტური ტალღაა აგორებული
და მნიშვნელოვანია, რომ ყველამ, ვისაც შეგვიძლია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ – ვწეროთ, პოსტერი დავხატოთ, პარლამენტთან სიტყვით გამოვიდეთ და ა.შ მჯერა, რომ მხოლოდ ასეთი კომპლექსური მუშაობითაა შესაძლებელი ქალების მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლა საქართველოში. ჩვენ, ქალებს, ხომ ისეთი ფუნდამენტური რაღაცეებისთვის გვიწევს ბრძოლა, როგორიცაა, მაგალითად, რეპროდუქციული უფლებები. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ფლანგზე გავაძლიეროთ ერთმანეთი. აქედან მომდინარეობდა ჩემი გადაწყვეტილებაც და ბოლო წიგნის მთლიანი ჰონორარი ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების დასახმარებლად გადავრიცხე. ეს არის ქალებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება, რომელიც მძიმე შედეგებით მთავრდება, თუ მისი დროულად დიაგნოსტირება და მკურნალობა არ მოხდა. ამ წიგნმა დიდი პოზიტიური ტალღა მოიტანა ჩემს ცხოვრებაში. მე ყოველთვის მჯერა, რომ როდესაც ამხელა დადებით ენერგიას იღებ, შენც ხარ ვალდებული სამყაროს წინაშე, რომ გასცე. ჩემთვის ამის გაკეთება იმ კანონზომიერი ჯაჭვის გაგრძელება იყო, რომელშიც მე აღმოვჩნდი შუა რგოლი. მე, უბრალოდ, ავირჩიე ის თემა, რომელიც ქალებს ეხებათ და რამდენჯერაც მომეცემა საშუალება, რომ საზოგადოებას შევახსენო ნებისმიერი პრობლემა, რომლის წინაშეც ქალები დგანან, იმდენჯერ გავაკეთებ ამას.
იცით, პატარა რომ ვიყავი, მინდოდა რაღაც სუპერძალა მქონოდა. წლები რომ გავიდა გავაცნობიერე, რომ მაქვს ეს ძალა და ჩემი სუპერძალა არის წერა. რა თქმა უნდა, მე ვერ შევძლებ ჩასაძირად განწირული გემის ცალი ხელით შეჩერებას, მაგრამ, თუკი, ერთი ადამიანის აზროვნებაში და ცხოვრებაში მაინც ახერხებს ჩემი ნაწერი რაღაცის შეცვლას, გამოდის, რომ, ნამდვილად, ვარ სუპერძალის მფლობელი. აი, როცა ადამიანი გეუბნება, რომ შენმა წიგნმა მისი ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ, ამაზე უკეთესი რა შეიძლება მოისმინო. სადაც არ უნდა ვიყო, არ მტოვებს შეგრძნება, რომ მე მარტო აღარ ვარ. იმიტომ, რომ ჩემს გარშემო არიან ის გოგონები, რომელსაც უყვართ „ქალაქი წყალზე“ და იზიარებენ იდეებს, რაც ჩემს წიგნშია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არის მთელი არმია ახალგაზრდა ქალების, ვინც მზად არის, რომ საკუთარი უფლებებისთვის იბრძოლოს და უკეთესი გახადოს საკუთარი ცხოვრება.”