სალომე საღარაძე, 22 წლის, თბილისი
„ბავშვობიდან მიყვარდა ბურთის თამაში. სულ აქტიური ვიყავი. მაშინ, როდესაც გოგოები ბიჭებს ეპრანჭებოდნენ, მე ბურთს ვეპრანჭებოდი.
მამამ შემაყვარა სპორტი, 9 წლიდან ფეხბურთს ვთამაშობდი. ხობში, სანამ გუნდი არ იყო და შეიქმნებოდა, მამა მავარჯიშებდა. თამაში რომ დავიწყე, მეზობლებისგან იყო დამოკიდებულება, რომ „გოგოა და რას ერჩით?!“, მაგრამ არ მაინტერესებდა სხვისი აზრი მაშინ, როცა მშობლები თანახმა იყვნენ და გვერდში მედგენენ. დღემდე ეგრეა, ყველა ოჯახის წევრი გვერდში მიდგას. მე რომ სპორტში ვარ ბავშვობიდან, აქედან გამომდინარე, ჩემი დაც და ძმაც სპორტსმენები არიან. ჩემი და ფეხბურთელია, მაგრამ რაგბიში უნდა გადმოვიბირო. ძმა მოჭიდავეა. ის ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია.
რაღაც დროის მერე თბილისში გადმოვედი და 17 წლამდელებში დავიწყე ფეხბურთის თამაში. ერთხელ, გუნდელმა მითხრა, რომ რაგბისტი გოგოების გუნდი არსებობდა და მათ საყურებლად წავედით. იმდენად მომეწონა ეს სპორტი და სიტუაცია, რომ მეც დავიწყე რაგბიში ვარჯიში. ერთი კვირის თავზე გადავწყვიტე ამ სპორტში დარჩენა. თუმცა, ფეხბურთისთვის ბოლომდე არ დამინებებია თავი, ახლაც ვემატები ხოლმე „გურიას“ გუნდს პერიოდულად და ვთამაშობ საქართველოს ჩემპიონატში.
რაგბის კი შვიდქალა ეროვნულ ნაკრებში ვთამაშობ უკვე 5 წელია. 9 ნომერი ვარ, ხანდახან 12 ნომრადაც მათამაშებენ, მაგრამ როცა გაგვიჭირდება, შერკინებაშიც შეიძლება დამაყენონ.
შარშანწინ ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი ავიღეთ. ეს ჩვენთვის დიდი მიღწევა იყო და მთელი გუნდი ვტიროდით სიხარულისგან. ამ ჩემპიონატის შემდეგ, გადანაცვლებები მოხდა ჩვენს გუნდში, ბევრი ტრავმა იყო, ახალი თაობა დაგვემატა და ამჟამად B დივიზიონში ვთამაშობთ. ვცდილობთ, რომ ისევ A დივიზიონში ავიდეთ. B დივიზიონში შედარებით სუსტი გუნდები თამაშობენ, ვიდრე A დივიზიონში. ამიტომ, ჩვენი მიზანია A დივიზიონში გადასვლა და შემდეგ საუკეთესო 12-ში მოხვედრა. ამის რესურსი ჩვენ გვაქვს. ახლა უფრო ბევრი გოგო თამაშობს რაგბის, ვიდრე მაშინ, 5 წლის წინ, როცა მე დავიწყე თამაში.
ჩვენი გუნდიდან, რამდენიმე გოგო რაგბის მსაჯობის კურსსაც გავდივართ. ჯერ სწავლის პერიოდში ვართ, მაგრამ თან გვამსაჯებენ, რომ პრაქტიკა მივიღოთ. უნდა ვაღიარო, რომ ჩვენს მიმართ, მსაჯობისას უარყოფითი დამოკიდებულება არ აქვთ იმის გამო, რომ გოგოები ვართ, პირიქით ძალიან დადებითი დამოკიდებულებით არიან მოთამაშეები. „ქალბატონო მსაჯო“ – ასე მომმართავენ მოთამაშეები. პირიქით, მე მაქვს ხოლმე მორიდების მომენტი, ორმეტრიანი კაცები ქალბატონო მსაჯოო რომ მეუბნებიან. თავიდან მსაჯობა პატარა ასაკობრივ ჯგუფებში დავიწყე, ამიტომ, ასე თუ ისე შევეჩვიე. თუმცა ჩემ თავს მსაჯად ვერ ვხედავ. როცა სპორტს თავს დავანებებ, ალბათ რადიკალურად შევცვლი ჩემს ცხოვრებას, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს სპორტი.
რაგბი საკმაოდ ძნელი სპორტია, ბევრი ვარჯიში გვიწევს, თუმცა თავს არ ვზოგავთ და ხშირად ჩვენი მწვრთნელი გვეუბნება, რომ თქვენ კაცებზე მეტი შეგიძლიათო. მაგრამ თავის დანებება არასოდეს მომდომებია, პირიქით, ჩემს მწვრთნელს ვეხვეწები ხოლმე კაცების გუნდში მათამაშეთქო. ვარჯიშები ყოველ მეორე დღეს გვაქვს, მაგრამ ისეთი დატვირთული ვარჯიშებია, მეორე დღესაც დაღლილი ვარ ხოლმე.
2016 წელს საუკეთესო ქალ რაგბისტად მაღიარეს. ეს აღიარება ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. თუმცა, რა თქმა უნდა, ისე გამიხარდა, რომ ემოციებს ვერ ვთოკავდი. პრიზად სიგელი და პლანშეტი გადმომეცა.”