ფატიმა რომანოვა, 27 წლის, თბილისი

„დავიბადე მამრობითი სქესის, თუმცა ვარ ინტერსექს ადამიანი, ანუ ადამიანი, ვისაც აქვს xx ქრომოსომა. სხვებს ბავშვობიდანვე არ ვგავდი და ამას ყველა მატყობდა ოჯახში, მითუმეტეს იმის პირობაზე, რომ 8 დედმამიშვილიდან, სადაც 4 ბიჭია, ყველაზე გამორჩეული მე ვიყავი. ჩამოყალიბების პროცესში მეტყობოდა, რომ სხვანაირი აღნაგობა მქონდა: გამოკვეთილი წელი, მკერდი, ფეხები… ხშირად უკითხავთ ჩემზე „ეს გოგო ვისია?“

ჩაგვრა, ძალადობა, ბულინგი – ეს ყველაფერი სკოლიდან დაიწყო. კლასში კარადაში მკეტავდნენ ხოლმე, შიგნით ასაფეთქებლებს მიყრიდნენ, მიბრახუნებდნენ. მიყვიროდნენ: „რაო პიდარასტო, მოგწონს სიბნელეში? კაცი ჰო არ შემოგიგდო?“ ან ჩამომაცმევდნენ ნაგვის ურნას თავზე და ცოცხებს მირტყამდნენ… ამას 13-14 წლის ბავშვები მიკეთებდნენ.

სწავლის პერიოდში სკოლის ტუალეტში ერთადერთხელ ვარ შესული, ისიც მასწავლებლების ტუალეტში. ისე მეშინოდა, რადგან ვიცოდი იქ რაც მოხდებოდა, რომ დამჩაგრავდნენ, რომ დამაშინებდნენ, რომ ცუდად მომექცეოდნენ და ისევ დისკრიმინაციის მსხვერპლი გავხდებოდი. იყო ცრემლები, ტირილი… თუმცა, სახლში ამის შესახებ ვერაფერს ვამბობდი. ვერ ვამბობდი, რომ პიდარასტს მეძახდნენ. ამის აღიარება ორმაგად რთული იყო. შიში და სირცხვილი ახლდა ამ ყველაფერს თან.

სახლშიც იყო ფიზიკური, ფსიქოლოგიური ძალადობა ჩემზე. ჩემი ძმები, რომელთაგანაც ერთი 2 წლითაა ჩემზე უფროსი და მეორე 7 წლით, ზიზღით მიყურებდნენ, ასეთივე კომენტარებს მიკეთებდნენ. აიღებდნენ საოჯახო ალბომს და ფოტოებში ჩემს სახეს ან ამოჭრიდნენ, ან სხვა რომელიმე ცნობილი ფეხბურთელის სახეს დააკრავდნენ ხოლმე. ასევე, ერთი სათამაშო მქონდა, დათუნია, რომელიც განსაკუთრებით მიყვარდა. სათამაშოს პლასტმასის თავი ჰქონდა. ხშირად ჩემი ძმები სწორედ ამ სათამაშოთი მცემდნენ, მირტყამდნენ, რადგან იცოდნენ, რომ უფრო მეტკინებოდა. ამას საკუთარი ძმები მიკეთებდნენ.

დღეს ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი და მხარდამჭერია დედა. ადამიანი, რომელმაც მიმიღო ისეთი როგორიც ვარ. ადამიანი, რომელიც სულ გვერდში მიდგას. არ არსებობს ჩვენს შორის საიდუმლოება, დაფარული ამბავი. დედა ყველაზე დიდი იმედია ჩემი.

თუმცა, ყველაფრისდა მიუხედავად, მე მაინც მეშინია. მეშინია, რომ ის 13-14 წლის ბიჭები, რომლებიც სკოლაში ასე მექცეოდნენ, დღეს ჩემ გარშემო არსებობენ. მეშინია, იმის განმეორების, რასაც ამდენი წლის განმავლობაში ვიტანდი და ვითმენდი“.