ცაბუნია ვართაგავა, 26 წლის, სოფელი ხეთა, ხობის მუნიციპალიტეტი

„სახელი
——–
უფროს თაობაში „მიხოს გოგო ვარ“. ჩემს თაობაში „ცოტნეს და“. სახელი მამამ დამარქვა, კონსტანტინე ლორთქიფანიძის მოთხრობის „ცაბუნია“-ს გამო. მეორე მსოფლიო ომის დროს ცაბუნია აბულაძე ეძებს დაჭრილ მამას. ის ყოველდღე სამტრედიის სადგურზე დადის, რომ ომიდან ჩამოყვანილ დაჭრილებს გამოჰკითხოს მამის ამბავი. ასეთი სიუჟეტი აქვს მოთხრობას და მას ჩემი მშობლების თაობას სკოლაში ასწავლიდნენ. საბოლოოდ კი, მე შემარქვეს ეს სახელი. მგონი, მთელ საქართველოში მხოლოდ 6 ცაბუნია ვართ. იყო დრო, როდესაც ვერ ვიტანდი და ვფიქრობდი, რომ აუცილებლად გადავირქმევდი. შემდეგ მივეჩვიე, ბოლოს კი შემიყვარდა. განსხვავებული სახელია და ადამიანებს ადვილად ვამახსოვრებ თავს.

ოჯახი
——-
ბავშვობიდან მოყოლებული მშობლები არაფერში მზღუდავდნენ. ერთადერთი, დედას ის ანერვიულობს, რომ უცენზურო სიტყვას თუ დავწერ ფეისბუქზე, მეუბნება ხალხი რას იტყვისო, მეზობელბი ეუბნებიან „შენმა გოგომ ასე დაწერა…“. მაგრამ ნელ-ნელა ეჩვევა და თვითონაც გამოუმუშვდა, რომ ყურადღება არ უნდა მაიქციოს.

ძმას რაც შეეხება, ყოველთვის ყველაფერში ჩემი მხარდამჭერი იყო და არის. თან ჩემზე 4 წლით დიდია. მასთან ერთად მოვწიე პირველი ღერი სიგარეტი, მასთან ერთად დავლიე პირველი ჭიქა ალკოჰოლი… ყოველთვის მეუბნება „როგორც გინდა ისე მოიქეცი, არ უსმინო, დაიკიდე, რაში გაინტერესებს რას იტყვიან შენზე სხვები”. მისგან დამალული არაფერი მაქვს. ზუსტად ვიცი, არასდროს გამკიცხავს ყველაზე სულელური ქმედებისთვისაც კი, უბრალოდ გამიღიმებს და მეტყვის შენი ცხოვრებაა, შენი შეცდომებია, შენი ნაბიჯებია, შენ რაც გინდა, ის ქენიო.

მამაჩემისთვის ყოველთვის პრიორიტეტული შვილებისთვის განათლების მიცემა იყო. თვლიდა, რომ ქალისთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანი იყო განათლება და პროფესიის ქონა, როგორც კაცისთვის. ამიტომ, სასაცილოდ არ ჰყოფნიდა ბებიაჩემის სიტყვები, სწავლა რად უნდა გოგოს, საჭმლის კეთება ისწავლოს და გათხოვდესო. ერთხელ ფიზიკაში სამიანი რომ მივიღე და დედაჩემმა ისე გადაიკივლა, ლამის მეზობლები შეყარა, მამაჩემმა წიგნიდან ამომხედა და ასე მითხრა, შენთვის ვამბობ, შვილო, შენ დაიჩაგრები უსწავლელი ცხოვრებაში, თორემ მე ჩემი გზა უკვე გავიარეო. ქალს თვითონ უნდა შეეძლოს თავის რჩენა, ვინმეზე რომ არ იყოს დამოკიდებულიო… ყოველთვის მამხნევებდა. სჯეროდა, რომ ჩემით მივაღწევდი ყველაფერს. არასდროს დაუშლია სადმე წასვლა, რამის კეთება… ერთადერთი, რასაც ვერ მპატიობს, მაგისტრატურა რომ არ დავამთავრე და აკადემიური ავიღე… მაგრამ გაგებით შეხვდა ამ გადაწყვეტილებასაც.

სოფლის ცხოვრება
———————-
რთულია გოგოობა სოფელში, სადაც გოგოობის უამრავი დაუწერელი კრიტერიუმი არსებობს, რომელსაც აუცილებლად უნდა დაემორჩილო, თუ არადა შეგახსენებენ მამის ბიძაშვილები, მამის მამიდაშვილები, მამის მეგობრები და ა.შ. მოკლედ, ყველა, ვისაც არ დაეზარება. შენ კი გიხარია, რომ ოჯახის წევრები შენი მხარდამჭერები არიან.

გოგონები სხვაგან არ ათევენ ღამეს, გოგონები ბიჭებთან არ თამაშობენ, გოგონები არ ბილწსიტყვაობენ, გოგონები ჩუმად რეცხავენ ჭურჭელს, ისე რომ თეფშების ერთმანეთზე მიჭახუნების ხმა არ ისმოდეს, გოგონებმა იციან ძროხის მოწველა, ყველის ამოყვანა, ლობიოს ამოლესვა. გოგონებს სხვა არაფერი ევალებათ. უამრავი ასეთი წესი დაგროვდა ჩემ ირგვლივ. მიუხედავად ამისა, სასწავლებლად წასულს, როგორც კი პირველივე შანსი მომეცა, სოფელს დავუბრუნდი. ოღონდ უკვე საკუთარი წესებით.

სოფელში დღეც სხვანაირად იწყება. დილის ექვს საათზე. მამლების ყივილთან და საქონლის ზმუილთან ერთად. ყველაფერი უნდა მოასწრო — ძროხის მოწველა, ყველის ამოყვანა, საქონლის ტყისკენ გარეკვა. საჭმელიც უნდა გაკეთო. ეს ყველაფერი სწრაფად უნდა ქნა, ისე, რომ 9 საათზე სამსახურში იყო გამოპრანჭული და ღიმილიანი. 6-მდე არ უნდა დაიღალო, დაღლა არ შეიძლება, დაღლა ექვსის მერეც არ შეიძლება, ისევ საქმეები გაქვს — საქონელი დასაბინავებელი, ძროხა ისევ მოსაწველი. ხან დაფნა გაქვს გასაფოთლი, ხან თხილი შესაგროვებელი, ხან სიმინდი დასარჩევი — სეზონს გააჩნია. წისქვილში სიმინდის წაღებაც არ უნდა დაგავიწყდეს, თორემ დაგრჩება მეორე დღეს შინაური ცხოველი და ფრინველი მშიერი.

„ხალხი ვერ გაიგებს” – ხშირად მეუბნება დედა. ხალხს კი აინტერესებს რამდენი მაქვს ხელფასი, როდის ვთხოვდები, რატომ არ მყავს შეყვარებული, რატომ არ მიკრძალავს ოჯახი სოფლისთვის არმოსაწონ საქციელს. “ძღაბის ჭირქაშ ბორკ ათადგ, ჭკვერას ორდა ბებ” („გოგოს ჭიქას ფეხი აქვს, ჭკვიანად იყავი, ბებო“) – ჭკუას მარიგებდა ბებია ყოველდღე.

პატარაობისას მინდოდა ერთ დღესაც გამეღვიძა და ბიჭი ვყოფილიყავი. ახლა გავიზარდე და მივხვდი, გოგოობა კარგია, მთელი თავისი სირთულეებით, გამოწვევებით, მრავალფეროვანი გამოცდილებით.

აქტივიზმი
————-
პროფესიით სოციალური მუშაკი ვარ. ალბათ, გარემოსთან ერთად, პროფესიამაც იმოქმედა ჩემს ისეთ ადამიანად ჩამოყალიბებაში, როგორიც ახლა ვარ. სწორი შეხედულებები ჩამომიყალიბა და მასწავლა, რომ უმთავრესი ღირებულება ადამიანი და მისი კეთილდღეობაა.

ამჟამად „თანასწორობის მოძრაობაში“ ვმუშაობ, თემის მობილიზატორად, ასევე სამედიცინო კონსულტანტად, პრე- და პოსტ კონსულტაციას ვუწევ ადამიანებს აივ-ინფექცია/შიდსთან დაკავშირებით და ვუტარებ ნერწყვის სწრაფ ტესტს. აქ, ჩვენს ოფისში, თვეში რამდენიმეჯერ საინფორმაციო შეხვედრა ტარდება სხვადასხვა თემაზე, სხვადასხვა უნარ-ჩვევების გაძლიერებაზე. აქ აქტიური ადამიანები ვიკრიბებით და სხვადასხვა თემებზე ვმართავთ დისკუსიებს, ასე ვთქვათ, აქტივისტების თავშეყრის ადგილია. მე ლგბტ თემის მხარდამჭერი და აქტივისტი ვარ.

როდესაც ლგბტ აქტივიზმში ერთვები, აღარ აქვს მნიშვნელობა შენს სქესს, სექსუალურ ორიენტაციას, გენდერულ იდენტობას ან თვითგამოხატვას. ზუსტად ისეთივე წნეხის ქვეშ ექცევი, როგორშიც ნებისმიერი ლგბტ ადამიანი. ჯერ ნათესავები გაძლევენ საყვედურნარევ შენიშვნებს… მერე ირგვლივ მყოფი ადამიანები მიგიტოვებენ მოსალმებას… მერე სადაც მიდიხარ, ყველგან შენზე ჭორაობენ, თან ისე, რომ გესმის ყველაფერი…

თუ ძალიან გაგიმართლა, სირთულეები მხოლოდ ამით შემოიფარგლება, თუ არა და საზოგადოებრივი წნეხის უფრო მძიმე ფორმებიც არსებობს, ხანდახან ფიზიკური განადგურებითაც რომ სრულდება ისეთი.

მე გამიმართლა… 2009 წელს, როცა პირველ კურსზე ვიყავი, თემა მქონდა დასაწერი ლგბტ თემთან დაკავშირებით და მივედი იმ დროს არსებულ ორგანიზაცია „ინკლუზივში“. იქ ვნახე პირველად ღია ლგბტ თემის წარმომადგენლები. პირველად მაშინ ვნახე რეალურად რა გამოწვევების წინაშე დგას ლგბტ თემი. მას შემდეგ თემის აქტიური მხარდამჭერი ვარ. 2013 წლის 17 მაისსაც ვიყავი აქციაზე. ფეისბუქზეც ყოველთვის ვკამათობ ამ თემაზე. ყველას, ვისაც დაჩაგრავენ ასევე გამოვესარჩლები, არა აქვს მნიშვნელობა, რა ნიშნით გახდება ჩაგვრის ობიექტი. ძალიან ხშირად მიკომენტარებენ „მარტო ლგბტ თემს იცავ, მეტი არავინ გაინტერესებს…“. არა, არ არის ასე. ყველას ვესარჩლები, ვისზეც ვიგრძნობ, რომ უსამართლოდ ჩაგრავენ. რომ ვუფიქრდები, ყოველთვის ასეთი ვიყავი. ალბათ ოჯახმაც შემიწყო ხელი, რომ სამართლიანი ვყოფილიყავი.

დედაქალაქისგან განსხვავებით, აქ პატარა ქალაქში ცხოვრება უფრო ჩაკეტილია, უფრო გვიჭირს გახსნა, თემში გასვლა. აქ უფრო ხშირია ინტერნალიზებული ჰომოფობია იმიტომ, რომ გახსნილად ცხოვრების და ინფორმირებულის უფრო დაბალი დონეა, ამას დამატებული საზოგადოების წნეხი. აქ თავშეყრის ადგილებიც არ არის. თბილისში არის სხვადასხვა ბარი, კლუბი, სადაც მიხვალ, მაგრამ რეგიონში მსგავსი არაფერია. მეგობრებთან ერთად ვცდილობ შევქმნა უსაფრთხო სივრცე, სადაც ნებისმიერი ადამიანი დაცულად იგრძნობს თავს, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა.

კიდევ ერთი სირთულე, რასაც ხშირად ვაწყდები, დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებასთან, რომ თუ ფემინისტი ხარ, ლგბტ აქტივისტი ხარ, არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელი ხარ, აუცილებლად ხარ „გრანტიჭამია ენჯეოშნიკი“, რომელიც ფულის გამო ყველაფერს იკადრებს. შესაბამისად, ცდილობენ შენი შეხედულებების იგნორირებას, გაუფასურებას. ეს საკმაოდ რთული პროცესია და ჩემგან, როგორც აქტივისტისგან ორმაგ ძალისხმევას ითხოვს საკუთარი შეხედულებების დასაცავად. თუმცა, მსგავსი გამოწვევები უფრო მაძლიერებს. იმედი მაქვს, ჩემი აქტივიზმით სასიკეთო ცვლილებებს მოვახდენ საზოგადოებაში“.

(ავტორი: ნინო გამისონია)