ცია ლაბაძე, 23 წლის, ზესტაფონი
„ბავშვობიდან იმ თევზივით ვარ, რომელიც დინების საწინააღმდეგოდ ცურავს. ხშირად უთქვამს დედას, რომ ცხოვრება ძალიან გამიჭირდებოდა თუ ასეთად დავრჩებოდი. ყოველთვის განვსხვავდებოდი იმ სოციუმისგან, რომელშიც ცხოვრება მიწევდა. არ შემიძლია უმრავლესობასავით, ადამიანების წარმომავლობის, ეთნიკურობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან თუნდაც რელიგიის მიხედვით მსჯელობა. სამწუხაროდ, ამ რეალობაში ვერც ადამიანის ჩაცმულობით, მისი სიტყვებითა და ქმედებებით იმსჯელებ, ძალიან ძნელია მათი გულწრფელი ემოციების და განწყობის დაფიქსირება. პლაგიატობის უზადოდ დიდი უნარისა და სხვების გავლენის ქვეშ მოქცევის გამო, ადამიანები იმდენად სხვები არიან, იმდენად იხორცებენ ნიღაბებს, რომ თავადაც ვერ ცნობენ თავიანთ თავებს. ,,ეს სხვისი ცხოვრებით ცხოვრებას ჰგავს”- როგორც ჩემმა მეგობარმა თქვა.
დავიბადე ზესტაფონში, სადაც დღესაც კი შეიძლება შენი ,,მეს” გამოხატვის უფლება წაგართვან და მხოლოდ იმიტომ გახდე დაცინვის ობიექტი, რომ მკვეთრი ფერის ტანსაცმელი გაცვია. ჰო, ასე ხდება… ბევრ ბავშვს ნიადაგი უკვე შექმნილი აქვს (თუნდაც საცხოვრებელი ადგილის მხრივ), რომ თანდათან საკუთარი თავის აღმოჩენა თავისუფლად შეძლოს, ზოგს კი მთელი ცხოვრება უწევს ბარიერების გადალახვა. ეს არ ხდება მხოლოდ ზესტაფონში. ასე ხდება ბევრ სოფელში, ბევრ ქალაქში…
კერძო სკოლაში ვსწავლობდი, იქ, სადაც დედაჩემი ასწავლიდა და ეს ჩემთვის პროვილეგია სულაც არ იყო. მასწავლებლები, რომლებიც კამათში საკუთარი პოზიციების დაცვას და განსხვავებული აზრის გამოთქმას (ნებისმიერი კონკრეტული მოვლენაზე) უზრდელობად აფასებდნენ და ყოველ დღე დედაჩემს საყვედურობდნენ. დედაჩემმა ძალიან გვიან გამოიმუშავა თავდაცვითი მექანიზმი და ყველა დეტალში ჩემი დადანაშაულების ნაცვლად (განწყობით ,,შენ იქნებოდი დამნაშავე” ,,რატომ მარცხვენ” ,,უფროსებს არ უნდა ეპასუხო”) ისწავლა ჩემი გაცნობა, ჩემთან საუბარი (ძალიან გვიან დავიწყეთ გულწრფელად საუბარი და ერთმანეთის გაგება) და ჩემი პოზიციების დაცვა.
თბილისში როცა ჩავაბარე, მივხვდი, რომ ძალიან სხვა სივრცეში მოვხვდი, ცოტახნით დაბნეული ვიყავი, ვერ ავეწყე უნივერსიტეტის სისტემას, მაგრამ უნივერსიტეტმა უფრო მეტად მომცა საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება.
ჩემი სიყვარული 17 წლის ასაკში გაჩნდა. ის ალბათ ნამდვილია, რადგან უამრავი პრობლემა გადალახა და 21 წლის ასაკში ოჯახი შევქმენი ადამიანთან, რომელიც მიყვარს. რაღა თქმა უნდა, თავიდანვე გაცნობიერებული მქონდა ადრეულ ასაკში ქორწინებით გამოწვეული შესაძლო პრობლემები, მაგრამ ვინაიდან ,,ქორწინება,” ,,მეუღლე,” ,,ქმარი” ,,ცოლი” და ოჯახისთვის სხვადასხვა დამახასიათებელი სიტყვები, სტატუსები და დოგმები ჩვენთვის უცხოა, ჩვენ ერთმანეთთან ჯანსაღი ურთიერთობები გვაქვს და არა – ტრადიციული, არასდროს ვითვალისწინებთ ფუნქციურ გადანაწილებებს, რომ ქალმა ეს უნდა აკეთოს, კაცმა – ის. სხვაგვარად შეუძებელია, ეს ყოველთვის ამრავალფეროვნებს ჩვენს თანაცხოვრებას, ამჟამად რამოდენიმე საავტორო სიმღერაზე და საერთო პროექტზე ვმუშაობთ.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის დღე იყო, როცა რამოდენიმე ადამიანთან ერთად, ზედმეტი ალიაქოთისა და ტრადიციული მარაზმების გარეშე, ხელი მოვაწერეთ, ვაპირებდით პირდაპირ ერთად გვეცხოვრა, მაგრამ ოჯახის გადაწყვეტილებით მოგვიანებით ტრადიციული ქორწილი გადაგვიხადეს, ეს მათთვის სიყვარულის გამოხატვა და ნათესავებისა და მეზობლების პატივისცემა და მათ წინაშე მოხდილი მოვალეობაა, მაგრამ ჩემთვის დიდ მნიშვნელობას არ ატარებდა ეს დღე, მაინც რა უნდა იყოს ასეთი სახარბიელო ,,პატარძლისთვის” იმ დღეს, როცა მთელი დღე, სადღაც ამაღლებულ მაგიდაზე უწევს ჯდომა, უნდა უსმინოს ,,თრეშ” სიმღერებს, უნდა უღიმო ყველას, არ უნდა ჭამო, უნდა უყურო მთვრალი ადამიანების სახეებს და ქმედებებს და კაბა უნდა ათრიო აქეთ-იქით. მოხდა ისე რომ, მე და ლეომ ეს ყველაფერი პირიქით შემოვატრიალეთ, ქორწილი განვიხილეთ თეატრალურ დადგმად, რომელშიც ამხელა აუდიტორია გვყავდა… ყველა ეს წესები, რომელიც დოგმებადაა, სასაცილოდ მოგვეჩვენა და პროცესში ძალიან გავერთეთ. და ეს ყველაფერი ,,თანამედროვე ხელოვნებას-ს” დაემსგავსა, რომლებსაც პერფორმანსები ახლდა. თან არ მინდოდა მშობლებისთვის მეწყენინებინა და ეს ტრადიციაც ,,დავიცავი.” მშობლების თაობამ შეიძლება ბევრი რამ გაგიგონ, მაგრამ მთლიანად ვერ შეცვლი მათ შეხედულებებს, ასე რომ…
თურმე, კიდევ ერთი ქორწილი გველოდა, მეორე, უფრო ტრადიციული და ცოტა შემაშფოთებელი, ლეოს ოჯახს სურდა ასე. შემაშფოთებელი იმიტომ, რომ საერთოდ არ მქონდა ამ კუთხის (სამეგრელოს) ტრადიციებთან შეხება. ცოტახნის შემდეგ, რაც ამ ამბებმა ჩაიარა, მივხვდი, რომ არც ეს იყო დიდი ტრაგედია, რადგან ქორწილი საყვარელი ადამიანების შეკრების ადგილად განვიხილე. ეს ჰო მხოლოდ 1 დღეა (ჩემს შემთხვევაში ორი) რომელიც ჩემს პიროვნებას კი არ აკნინებდა, უბრალოდ ადამიანების ბედნიერებისთვის იყო საჭირო. ყოველთვის უცნაური წარმოდგენა მქონდა მეგრელ ხალხზე, მაგრამ, ამ ამბების შემდეგ, როცა ლეოს ოჯახი ახლოს გავიცანი, მივხვდი, რომ ძალიან გამორჩეულები იყვნენ სხვებისგან. ლეოს მამა მხატვარი და პედაგოგოა ანაკლიის ერთადერთ სკოლაში, დედა დევნილია ოტობაიადან, ხშირად მიყვება ხოლმე მის სევდიან ისტორიებს, როცა ომის დაწყებისას სახლის დატოვება მოუწიათ. მიუხედავად იმისა, რომ მეგრულად საუბარს არ ვაპირებ, ძალიან მომწონს მეგრული სიმღერები, ზოგიერთი სიტყვას ქართულად ვერ გადმოთარგმნი.
ორსულობის გამო უნივერსიტეტში სწავლას შევეშვი, ვინაიდან ჩვენი სახლი არ გვქონდა თბილისში და თან ლეო სწავლობდა მე ხან დედაჩემთან ვიყავი, ხან კიდევ ლეოს ბავშობის სახლში – ანაკლიაში. შემეძლო მანდ დავრჩენილიყავი და ლეოს დავლოდებოდი მეზღვაურის ცოლივით, მაგრამ მასთან ერთად ვცხოვრობდი ნაქირავებ სახლებში, ძალიან ძნელი იყო ეს ყველაფერი.
როცა ჩემი შვილი დაიბადა დედაჩემთან ვიყავი, მართლა შემეძლო დავნებებოდი ამ სიტუაციას, წავსულიყავი ლეოს ბავშვობის სახლში საცხოვრებლად, გავმხდარიყავი ტიპიური რძალი, ცოლი და დედა, მაგრამ გავიფიქრე, რომ საკმარისი იყო (თუნდაც ელემენტარულ) დათმობებზე წასვლა, რადგან ამ მომენტიდან ჩემი მომავალი წყდებოდა და ლეოს ოჯახის დახმარებით შევიძინეთ სახლი თბილისში და გადავწყვიტე სწავლა გამეგრძელებინა. ლეოს დედამ დახმარება შემომთავაზა, სახლი, ქმარი, ლეოს პატარა ძმა ანაკლიაში დატოვა და ჩვენთან ერთად წამოვიდა თბილისში. მხოლოდ საუნივერსიტეტო და საგანმანათლებლო სივრცეების მიერ მოცემული ცოდნა არასდროს მყოფნიდა, იყო ორსულობისდროინდელი მოდუნება და დეპრესიები, (როცა საკუთარ თავს არ ჰგავხარ), მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობა არასდროს შემიწყვიტავს და რითაც ყველაზე მეტად ვამაყობ – მრავალმხრივი ვარ, ჩემი არჩეული პროფესიის გარდა სხვა სივრცეებიც მაინტერესებს და არ ვაპირებ მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთი საქმის კეთებას დავუთმო. მინდა ჩემში ამ დრომდე დაგროვილი ემოციები ხელოვნების ნიმუშებად ვაქციო, აუცილებლად დავუბრუნდები იმ საყვარელ საქმეებს, რაც რატომღაც მივივიწყე.
ორსული და მშობიარე დედების მიმართ საზოდაგოების დამოკიდებულება ზოგჯერ მაბნევს, მათ უფლებებს უკვეცავენ და უუნაროებად განიხილავენ. ეს ხდება არა მხოლოდ დამსაქმებლის, არამედ ლექტორის მხრიდან და ახალი ნაცნობების მხრიდანაც კი, თითქოს მათი დამოკიდებულებები იცვლებოდა ხოლმე მას შემდეგ, რაც შეიტყობდნენ, რომ დედა ვიყავი. როგორ წარმოგიდგენიათ, რა არის ძალადობა? ძალიან ბევრ ადამიანი დღემდე ფიქრობს, რომ ძალადობა არის ხელით შეხება, გაუპატიურება და სხვა ძალადობრივი აქტები, რაც ფიზიკურ ზიანს აყენებს ადამიანს. მე მათ კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, რომ თქვენ ძალადობთ მზერით, ძალადობთ სიტყვებით, ძალადობთ იმ ქმედებებით, რომლებიც ხელით შეხებას არ გულისხმობს… დოგმებად აქვთ : ,,ორსულ ქალს რა უნდა სამუშაოზე?” ,,ჯერ სწავლა მერე ქორწინება,” ,,გათხოვილ ქალს რა უნდა უნივერსიტეტში,” ,,შვილს უნდა მიხედო რა დროს სწავლაა?!” ,,მორჩა შენი სწავლა,” ,,ამას თურმე შვილი ჰყავს.” მინდა ასეთ ადამიანებს ვუთხრა, რომ თუ ადამიანს შეგრძნებების უნარი დაქვეითებული არ აქვს, აზროვნებს და მექანიკური არ არის, წესით უნდა მიხვდეს, რომ ყველაფერს ვერ დაგეგმავს, ის უნდა მომხდარიყო, რაც მოხდა – სხვაგვარად შეუძლებელია, და კიდევ… მიუხედავად ჩემი ოჯახური მდგომარეობისა, ასაკისა და საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულებისა, ვაპირებ მთელი ცხოვრება ვისწავლო, რაღაც ახალი, მე მკაფიოდ მაქვს გააზრებული, რომ მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობ, ყოველშემთხვევაში ამ ფიზიკური მდგომარეობით და ვაპირებ ცხოვრებისგან მაქსიმალური შეგრძნებების და ემოციების მიღებას.
მე მინდა ყველა გოგოს და ქალს მივმართო: ქორწინება არ ნიშნავს თქვენი პირადი ცხოვრების მოსპობას, და არც შვილის დაბადებით არ სრულდება თქვენი სიცოცხლე, ნუ იქცევით მოსიარულე ფიტულებად, აუცილებლად განაგრძეთ თქვენი მიზნების მისაღწევად ბრძოლა, საკუთარი თავისა და სურვილების აღმოჩენა, თუკი იგრძნობთ, რომ ბედნიერება გაქრა და გრძნობთ რომ ებღაუჭებით ქმრებს, ოჯახს და აზრს, თუ რას იტყვის ხალხი, აუცილებლად უნდა შეცვალოთ თქვენი მდგომარეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი ცხოვრება გაღიმებულ, შეგუებულ ნიღაბს მიღმა მოგიწევთ დამალვა. მე ბედნიერი ვარ ახლა, ჩემი ოჯახი ჩემთვის ყველაფერია, არ ვიცი მომავლის დღეები რას მოიტანს, უბრალოდ ვტკბები აწმყოთი.
დამახინჯებული აზროვნების მშობლებს, რომლებსაც საზოგადოების აზრი უფრო აინტერესებთ, ვიდრე საკუთარი შვილის, მოვუწოდებ, რომ შვილებს ნუ აღიქვამენ მსხვილ ინვესტიციად, რომელშიც ფულს სარგებლის მიღების მიზნით აბანდებენ, ამას ნუ აგრძნობინებთ კიარა… საერთოდ ამოიგდეთ თავიდან. მოუსმინეთ და ესაუბრეთ, სანამ თავად სურთ რაიმე გაგიზიარონ, მიეცით შვილებს ოცნების თავისუფლება, სწავლის საშუალება, გულის ტკენისა და ბევრი იმედგაცრუების უფლება, მიეცით ფიქრის და ლაპარაკის განუსაზღვრელად დიდი საშუალება და დაივიწყეთ მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჩაგვრა ამ მოტივით: ,,ჩემი შვილია და რასაც მინდა იმას ვუზამ.” დაამარცხეთ თქვენში ბრბოს სინდრომი და შვილები ისეთებად მიიღეთ, როგორებიც არიან – ყველაზე დიდი მარაზმი, რაც საზოგადოებას და ამ შემთხვევაში მშობლებს სჭირთ არის ინდივიდების ვერ მიღება-განდევნა, შეცვლის სურვილი: ,,მღვდელთან მივიყვანოთ, იქნებ მოიყვანოს ჭკუაზე” მსმენია დედისგან, რომელიც ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ მისი შვილი სხვის შვილებს არ ჰგავს. უნდა გააცნობიეროთ, რომ ისინი იმ საზოგადოებაზე ძვირფასები არიან, რომლის ჩარჩოებში და სტანდარტების ქვეშ ხვდებით. ვამაყობ იმ დედებით, რომელიც მათი შვილების არ რცხვენიათ.
ყველანაირი სტატუსების გარეშე, მე ვარ გოგონა, რომელიც მეოცნებეა, კარგად ვიცი, რომ მეოცნებეებისთვის ცხოვრება ძნელია. მე უკვე მზად ვარ ცხოვრების ყველა შემოთავაზებისთვის, სტიგმების, კლიშეებისა და მახინჯი ტრადიციების მოსპობაში აქტიური მონაწილეობისთვის. ვაპირებ, რომ დიდხანს დავიცვა არაფორმალურად ადამიანების უფლებები. ,,მშობლობა” ცუდი კუთხით არასდროს მოქმედებს ჩემზე, პირიქით, სიკეთითა და სიყვარულით მავსებს და უფრო მეტად ძლიერს მხდის. ჩემი, და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ორსულისა და დედის სურვილია, რომ საზოგადოებამ ისინი ქმედითუნარიანად აღიქვას და არ შეუქმას მათ შეზღუდული გარემო.“