ხათუნა ინასარიძე, 46 წლის, სოფელი ტიმოთესუბანი, ბორჯომის მუნიციპალიტეტი

„სულ თავიდან ბოსტნეული მომყავდა. ყველაფერი ასე დაიწყო, ჩვეულებრივ. საკუთარი მოხმარებისთვისაც ვშრომობ და ზაფხულში, როცა ბევრი დამსვენებელია, სავაჭროდაც. ძალიან კარგადაც ვყიდი. ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტები მომყავს, არანაირ ქიმიურ წამლებს არ ვხმარობ. სალათები, კიტრი, არაჩვეულებრივი მწვანილი. ჩვენ მცირემიწიან ადგილას ვცხოვრობთ და მოსავალიც ცოტა მოდის, ამიტომ მირჩევნია ნაკელით გავანოყიერო. ახლა უკვე ვახერხებ იმდენს, რომ ბაზარში რეალიზაციასაც ვუკეთებ და ოჯახში, საკუთარი მოხმარებისთვისაც მყოფნის.

კიდევ ეკოლოგიურად სუფთა, ბიოლოგიური სასუქებით განოყიერებული მარწყვი მომყავს 800 კვ.მ.-ზე. მანამდე ყოველთვის ბოსტნეულზე ვიყავი ორიენტირებული, კვალ-გვირაბები მქონდა გაკეთებული, მაგრამ რაკი ბოსტნეულის რეალიზაციას მხოლოდ სეზონურად ვახდენდი, გადავწყვიტე მარწყვიც მეცადა. მარწყვს კი აქვე სოფელში ვყიდი, შორს გატანაც არ მჭირდება. უფრო მეტი რომ იყოს, ისიც გამეყიდებოდა. მართალია, მარწყვიც სეზონურია, მაგრამ ბევრად უკეთესად იყიდება. მწვანილს სოფელში ვერ გავყიდი, ბაზარში უნდა წავიღო. მარწყვი რომ აქვე მეყიდება, მოსახერხებელიც არის. მე იმდენი დრო არ მაქვს, რომ მთელი დღე ბაზარში დავდგე იმიტომ, რომ ზამთრისთვისაც უნდა მოვემზადო. იმის გარდა, რომ მოსავალი მომყავს, ტყეში ვკრეფთ სოკოს, ფიჭვის კევს, კენკრას, თუ რამე საჭმელი პროდუქტია, ყველაფერს ვაგროვებთ. გაზაფხულზე კი გირჩის დროც დგება, რომლისგანაც მურაბა მზადდება.

მარწყვის კოოპერატივის წევრიც ვარ, სადაც შვიდი ადამიანია გაერთიანებული. თუმცა, სხვა წევრებს, მარწყვის გარდა, კარტოფილიც მოჰყავთ და ჟოლოც. ამ კოოპერატივში ქალი მარტო მე ვარ, დანარჩენი სულ კაცები არიან. კოოპერატივში ყოფნის სარგებელი ის არის, რომ მოტობლოკები შევიძინეთ, ჩვენ რეალურად ძალიან ცოტა თანხა გადავიხადეთ. სხვა დროს, რომ გამეთიბა და მიწა მომეხნა, მოტობლოკს ვქირაობდი ხოლმე. რეალიზაციის მხრივ, ჩემ მიერ წარმოებული პროდუქტის გაყიდვა არ მიჭირს. მითუმეტეს, ბევრი სხვადასხვა პროდუქტი მაქვს. მარწყვის, ბოსტნეულის გარდა, ყველი, კარაქი, არაჟანი და რა აღარ.

როცა წაღვერში დამსვენებლები ჩამოდიან, ბაზარში უფრო მაშინ ვყიდი სხვადასხვა პროდუქტს, მთელი წლის ნაშრომს. წაღვერში მოუწყობელი ბაზარი გვაქვს, მაგრამ მაინც მაქვს საშუალება ჩემს მოყვანილ და მომზადებულ პროდუქტებს რეალიზაცია გავუკეთო. ზამთარში კი ორთვენახევარი ბაკურიანში მივდივართ. ბაზარი არც იქ არის.
გარემოვაჭრეები ვართ. სულ ქუჩაში გვიწევს ყოფნა. ზამთარში მთელი დღე ქუჩაში დგომა კია ძალიან ძნელი, მაგრამ კარგი ვაჭრობაა და ისევ ასე გვირჩევნია უქმად ყოფნას.

კიდევ რაც მაინტერესებს, ეს არის მეფუტკრეობა. ჩემი თაფლი მაქვს, მართალია მხოლოდ 8 ოჯახი მყავს, მაგრამ 1000 ლარის ცაცხვის თაფლი მაინც გავყიდე. შარშან 4 ოჯახი მყავდა, მაგრამ გამრავლება შევძელი, უფრო მეტი კი მინდოდა, მაგრამ სკების არქონის გამო ვერ გავამრავლე. ძალიან მინდა უფრო მეტი სკა მქონდეს, პროექტიც დავწერე „აწარმოე საქართველოსთვის“, მაგრამ დაფინანსება ვერ მოვიპოვე. ყველაფერი, რასაც ვაკეთებ ჩემით ვისწავლე და პრაქტიკაში ვხვდები, რომ მეტი ცოდნა მჭირდება, ამიტომ, ძალიან მინდა მეფუტკრეობაზე ტრენინგების გავლა. წიგნებს კი ვკითხულობ, მაგრამ ტრენინგის გავლა და მცოდნე ადამიანის მიერ გადმოცემული პრაქტიკული ინფორმაცია მაინც სულ სხვაა. მინდა ფუტკარი 50 ოჯახამდე ავიყვანო. მცირე მიწის პატრონი ვარ და არ მაქვს გასაქანი, რომ უფრო მეტი პროდუქტი მოვიყვანო. სკას კიდევ იმდენი ადგილი არ სჭირდება და ვფიქრობ, მეტი სარგებელი მექნება მათი გამრავლებით.

მთელი დღის განმავლობაში დატვირთული ვარ. ან ჩემს ბაღებში ვმუშაობ ან ტყეში ვარ და რამეს ვაგროვებ. დილით პირველი ბოსელში გავდივარ, რომ ძროხებს მივხედო, 3 ძროხა მყავს. მათ რომ გავუშვებ, სახლში ვბრუნებდი, რომ აქაურობას, სახლის საქმეებს შევუდგე. მერე ან ტყეში გავდივარ ან ბაღებში. საღამოს ისევ სახლში ვბრუნდები და აქ ვაგრძელებ. საქმეს რა გამოლევს.

მე ასევე ვარ „სოფლად მცხოვრები ქალების ასოციაციის“ წევრი და თუ სადმე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა იმართება, ყოველთვის მიწვევენ ხოლმე და ჩემი წარმოებული პროდუქცია (მურაბები, კომპოტები, ტყლაპი) მიმაქვს და ვყიდი. საახალწლოდ, დეკემბრის ბოლოს კი, „ელკანა“ გვიწვევს ასევე გამოფენა-გაყიდვაზე.

წელს ზაფხულში გაჩენილმა ცეცხლმა ვაჭრობაში ძალიან შეგვიშალა ხელი. სხვა დროს, წინა წლებში, ახლა რაც გადამწვარია, იმ ადგილებში ფიჭვის კევს ვაგროვებდი. ეს ტყე ისე კარგად ვისწავლე, მარტოსაც შემიძლია ვიარო. მე მინდვრებში ვარ გაზრდილი, თავიდან მიჭირდა ხოლმე, ვერ ვიმხრობდი გზას, მაგრამ ახლა აღარ. წლების მანძილზე ყველა კუთხე-კუნჭული სულ ფეხით მაქვს შემოვლილი და ყველა გოჯი ნაცნობია. სულ ვშრომობ, მაგრამ მთავარია შრომა არ მეზარება. ჩემი შრომის და ჩემი თავის იმედი მაქვს, რომ უკეთესად იქნება ყველაფერი.“

ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: ნინო ბაიდაური