ხათუნა სამნიძე, 38 წლის, ბათუმი/თბილისი
„ეს ის შემთხვევაა, როცა რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებას კი არ იღებ, არამედ ისეთი ვითარებაა, რომ ხვდები, რასაც აკეთებ, გინდა მომავალშიც აკეთო, პოლიტიკა ქვია.
ვსწავლობდი გერმანიაში, უკვე იმ ეტაპზე ვიყავი, როცა ბავშვიც თან წავიყვანე (2 წლამდე ბებიასთან იზრდებოდა ბათუმში), სამსახურიც ნაპოვნი მქონდა. და ამ დროს, საქართველოში მოხდა ე.წ. ვარდების რევოლუცია. მალევე აჭარაშიც შეიცვალა აბაშიძის 13 წლიანი რეჟიმი, რომლის წნეხს ვერც ჩემი ოჯახი გადაურჩა და ეს ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. უცხოეთში სწავლა ყოველთვის მინდოდა, ცხოვრებაც მომწონდა, მაგრამ დაბრუნებაზე სულ ვფიქრობდი. ამიტომ, როგორც კი “რევოლუციონერი” მეგობრები დამიკავშირდნენ, როგორც კი დავიჯერე, რომ ამ ცვლილებებისთვის საჭირო იყო ყველა, ვისაც პროფესია და გამოცდილება ქონდა საქართველოში დაბრუნებულიყო, დახმარებოდა ქვეყანას, გადავწყიტე მეც ბათუმში დაბრუნება. ასე იდეალისტურად ვუყურებდი ყველაფერს, გულწრფელად მჯეროდა, შორიდან ასე ჩანდა, რომ ახლა უკვე სწორად განვითარდებოდა ქვეყანა. ასეთი გულწრფელობითვე ჩავერთე პოლიტიკაში – გავხდი აჭარის უმაღლესი საბჭოს, საკანონმდებლო ორგანოს წევრი.
ვერ ვიტყვი, რომ პოლიტიკური საკითხები ბოლომდე მქონდა გაცნობიერებული, ან შესაბამისი გამოცდილება მქონდა დეპუტატობისთვის, მაგრამ ძალიან მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა განვითარების ახალ გზაზე, ასე აღვიქვამდი ჩემს როლს, მჯეროდა ბევრის შეცვლას რომ შევძლებდი. თუმცა, იმედები გამიცრუვდა – არც მართვის სტილი, არც ღიაობა, არც მოქალაქეების ჩართულობა, მალე მივხვდი რამდენად ფასადური იყო ყველაფერი და გადავედი ოპოზიციაში. მივხვდი, რომ სწორედ იქ ისმოდა სიმართლე, გამბედავი სიმართლე უმრავლესობის ძალიან პოპულარული, მაგრამ მცდარი პოზიციების საწინააღმეგოდ. ასე გავხდი 2005 წელს რესპუბლიკელი – პარტია, სადაც ადამიანები ათწლეულები იდეის ერთგულები არიან.
უმაღლეს საბჭოში 30 წევრიდან მხოლოდ 5-ნი ვიყავით ქალი. მე ვიყავი ახალგაზრდა ქალი, ახალბედა პოლიტიკაში. მაშინ ვიგრძენი პირველად, რას ნიშნავს, როცა ხარ უმცირესობაში – ახალგაზრდა ქალი პოლიტიკოსი მამაკაცებით დომინირებულ სივრცეში. კომპლიმენტები, გაურკვეველი კომენტარები, უადგილო, ზოგჯერ უხამსი ხუმრობები – ეს ისაა, რასაც ქალები ხშირად ვერ ვუმკლავდებით, გამოუცდელობის, უხერხულობის გამო. არ გვასწავლეს, რადგან ასეთ საზოგადოებაში ვიზრდებით, რატომღაც გვგონია, ეს ასე უნდა იყოს. თავი ბევრჯერ ვირგძენი უხერხულად, მალე ამას პროტესტის გრძნობაც დაემატა, მაგრამ რა უნდა მექნა არ ვიცოდი. ამ გამოცდილების მერე, ყოველთვის ვამბობ, რომ გოგონებს ადრეულ ასაკშივე უნდა ვასწავლოთ, როგორ მოიქცნენ ასეთ დროს, რომ უხერხულობა მათი ბრალი არ არის და რომ აქედან იწყება სწორედ დისკრიმინაცია. მე არ ვიცოდი: ერთ-ერთი სიტყვით გამოსვლის დროს, მიკროფონთან მისულს სიტყვა უხეშად შემაწყვეტინა მამაკაცმა დეპუტატმა რეგლამენტზე მითითებით (თუმცა იგივე რეაქცია ჩემს წინა მამაკაც გამომსვლელზე არ ქონია). უკან არ დავიხიე, რეგლამენტი მხოლოდ ჩემზე რატომ გახსენდებათთქო. სხდომის შემდეგ საჯაროდ ხუმრობანარევი ღიმილით მითხრა – გინდა გეტყვი, რა მახსენდება, როდესაც მიკროფონთან დგებიო. არ მომეწონა ხუმრობა, თან დაამატა, ყურში გეტყვი თუ გინდაო. ასეთი პროტესტის გრძნობა მანამდე არ გამჩენია, და მიუხედავად ამისა, არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი მამისტოლა კაცთან, რომელსაც თქვენობით მივმართავდი. პროტესტი, უხერხულობა, ჩემი ბრალი ხომ არ არის, რატომ ხდება ეს – ამ შეკითხვებზე ფიქრით დავტოვე გამწარებულმა იქაურობა. არავის არასდროს უთქვამს ჩემთვის მაშინ, რომ ეს ქალის დისკრიმინაციაა და უნდა შეუტიო, მხოლოდ საკუთარი თავის დასაცავად არა, ყველა ქალის დასაცავად! ისევ ქალმა დამიცვა, დედას შევსჩივლე, რომელმაც თავისუფლებასთან ერთად მორიდებულობაც მასწავლა ბავშვობაში, მაგრამ ამჯერად მირჩია არც ასაკს მოვრიდებოდი და არც რანგს, რომ ეს ჩემი ბრალი კი არაა, ასეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და მკაცრი პასუხი პირველი ნაბიჯია. მაგრამ ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ ასაკოვანი კაცებისგან არა, სამწუხაროდ თანატოლი კაცებისგანაც მიგვრძვნია, მაგ. მრავალმნიშვნელოვანი ნიშნისმოგებით შეკითხვები, თუ როდის ბრუნდებოდა გერმანიიდან ჩემი მეუღლე, ან მოწოდებები რომელიმე საპროტესტო აქციაზე შინაარსით – “აქ რა გინდა, ბავშვს მიხედე სახლში, ამის დრო გაქვს?!”. დისკრიმინაციას ასაკი არ აქვს, და აი, ის კი, თუ როდის ვასწავლით ბიჭებს და გოგონებს რა არის დისკრიმინაცია სწორედ რომ ასაკთანაა დაკავშირებული – ბაღში, სკოლაში, ოჯახში – ეს უნდა ისწავლებოდეს საფუძვლიანად.
ჩემს უხეშ პასუხებს, ხმამაღალ თავდაცვას, შეტევას საკუთარი პოზიციის დასაცავად, ახალი შეფასებები მოყვა – “სწერვა”, აგრესიული ქალი… ის, რაც კაცებისთვის ჩვეულებრივი ქცევაა, ქალს “არ უხდება” და აუცილებლად ხდება განსხვავებული, დადგენილი ნორმების ჩარჩოებიდან გასული. ასეთია კაცებით დომინირებულ პოლიტიკაში ქალების ხვედრი, მაგრამ ეს იცვლება, ჩემი აზრით და ამას ჩვენც ვუწყობთ ხელს, ქალები პოლიტიკაში და კაცები, რომლებიც პროგრესულად აზროვნებენ, არ აქვთ კომპლექსები და იციან, რომ თანასწორობის გარეშე არსად არ არსებობს განვითარება. მე გამიმართლა, რომ ასეთ პარტიაში აღმოვჩნდი, მშობლებიც ასეთი პროგრესული მყავს და მეგობრებიც. ეს პრივილეგიაა, რომელიც ძალიან ბევრ ქალს არ აქვს ჩვენს ქვეყანაში და სწორედ მათთვის არ უნდა დავიშუროთ არც ენერგია, არც დრო, არც მცდელობები, რომ იგრძნონ ძალა და ჰქონდეთ რწმენა საკუთარ თავში.
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში მუშაობა რომ დავიწყე, სადაც გენდერული თანასწორობის მიმართულებით პროგრამის კოორდინატორი ვიყავი, ყველაფერი თითქოს ჩამწკრივდა თანმიმდევრობით და მალე სახელიც დაერქვა. პროტესტი, რომელიც ჩემი საქმიანობის ნაწილი იყო პოლიტიკაში, ყველა ნაბიჯი რასაც ბუნებრივად ვდგამდი ცხოვრების გზაზე, თუ როგორ ვზრდიდი ჩემს ქალიშვილს სალომეს – ასე იქცევიან ფემინისტები. ყოველთვის ვიყავი ფემინისტი, გაუცნობიერებლად. ახლა ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდები ასეთს, ქალებს და კაცებს, ფემინისტებს, რომლებსაც ამაზე არ უფიქრიათ. მათ შორის პარტიაშიც. მე სახელი დავარქვი ამას 32 წლის ასაკში. ფემინიზმზე სტერეოტიპი ჯერ კიდევ დასამსხვრევია, მე ვცდილობ.
კიდევ ერთი სტერეოტიპი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არა მხოლოდ დასამსხვრევია, ამ მიმართულებით პირდაპირია სახელმწიფოს როლი – მარტოხელა დედების საკითხია. ქალი რომელიც მარტო აჩენს შვილს, ან ქალი რომელიც გაყრილია ქმართან და მარტო ზრდის შვილს/შვილებს ასევე ეჯახება ძალიან ბევრ პრობლემას – აღქმას საზოგადობაში, სადაც სტანდარტები ასე განსაზღვრულია და ყოველდღიურობაში, სადაც უამრავი ბარიერია, რასთან გამკლავებაც ორმაგად და სამმაგად რთულია. ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს არავითარი მხარდამჭერი პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობდა ასეთ დედებს საკუთარი პროფესიული შესაძლებლობების განვითარებაში, შეეხიდებოდა მატერიალურად, გააძლიერებდა შინაგანად.
მე ასეთი დახმარება არ მჭირდებოდა 9 წლის სალომესთან ერთად თბილისში რომ გადმოვედი საცხოვრებლად. სამსახური მქონდა და ისეთი სკოლა მოვძებნე, სადაც საღამოს 6 საათამდე იქნებოდა მეცადინეობა. როცა მარტო ხარ, ეს განსაზღვრავს არჩევანსაც – როგორ სკოლაში შეიყვანო შვილი, სად იქირაო ბინა, რა აქტივობებით დაკავდეს შვილი, რამდენი დრო დაუთმო მეგობრებს. საჭმელს ღამით ვაკეთებდი, სამსახურის მერე დროს სალომესთან ან მეგობრებთან ვატარებდი, ზოგჯერ შაბათ-კვირას კი ძალიან ვცდილობდი პარტიაში შემერბინა, არ დამეკარგა კონტაქტი თანაპარტიელებთან, ანუ თანამოაზრეებთან – იქ ყოფნა განსაკუთრებით მჭირდებოდა. ეს ყველაფერი შევძელი და ვამაყობ ამით, მეგობრების მხარდაჭერით და ისევ მშობლების გვერდში დგომით, მაგრამ ისევ გავიმეორებ, ძალიან ბევრი მარტოხელა დედაა, რომლებისთვისაც ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, სახელმწიფოს აქვს საზრუნავი. სამწუხაროდ, ეს არ არის პრიორიტეტული ხელისუფლებისთვის. ხოლო სანამ მთავარი არ იქნება ადამიანი, მანამ ძალიან რთულია ერთი კონკრეტული ჯგუფის დაცვაზე საუბარი.
რესპუბლიკურ პარტიაში ქალებს ბარიერები არ აქვთ. ამას საკუთარი გამოცდილებითაც ვამბობ. მაგრამ თავმჯდომარეობისას აღმოვაჩინე, რომ ქალების დათანხმება კენჭისყრაზე, პარტიულ თანამდებობაზე გაცილებით რთულია, ვიდრე კაცების. პარტიის კომიტეტში კენჭისყრის დროს, განსაკუთრებით რეგიონებში, მალევე შევამჩნიე, რომ არც ქალები აქტიურობდნენ საკუთრი თავის ან სხვა ქალის კანდიდატურის წარდგენით, და არც კაცები ასახელებდნენ ქალებს. ასეთ დროს მახსენდება ჰაინრიჰ ბიოლის ფრაზა -“ჩარევა სასურველია”. ჰოდა, ჩავერიეთ კიდეც ქალები ამ პროცესში და ღიად მოვითხოვეთ პროაქტიურად ქალების კანდიდატებად დასახელება, ქალებისთვის კონფერენციების მოწყობა, დავიწყეთ თანასწორობის თემაზე პროგრესულად მოაზროვნე კაცების გაამხანაგება, სულ უფრო ხშირად ქალების ჩართულობაზე აპელირება. იყო წინააღმდეგობაც – “არავითარი ბარიერი არ გაქვთ, რა საჭიროა სპეციალური ზომები” ეგიდით, ქილიკიც – “დაიწყეს გენდერი”, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, როცა ერთგული ხარ იდეის და არ იღლები შრომით, თან მარტო არ ხარ, შედეგიც ნელ-ნელა დგება. ახლა უკვე შიდაპარტიული კვოტის გადაწყვეტილებაა მიღებული პარტიაში. ძალიან საინტერესო იყო მსჯელობა და კამათი ამ თემაზე ეროვნულ კომიტეტში, პარტიის მთავარ ორგანოში, ერთ-ერთი დასამახსოვრებელი და ემოციური განხილვა.
არ უნდა იყოს პრივილეგია და საამაყო ქალისთვის, რომ კაცებით დომინირებულ პოლიტიკაში იმდენს მიაღწია (თავისით), რომ “ერთადერთია” ამდენ მამაკაცს შორის. მომისმენია ასეთი ტექსტები. პრობლემა ხშირად ჩვენშიცაა, ქალებში. მანამ ქალები ჩავთვლით, რომ ამ წრეში ერთადერთად ყოფნა პრივილეგიაა, არაფერი შეიცვლება. პირიქით, ჩვენ ეს პრობლემად უნდა დავინახოთ, სხვებს დავანახოთ და ხმამაღლა დავიცვათ ჩვენი უფლება ვიყოთ იმდენი, რამდენიც მამაკაცები არიან, ვიყოთ თანასწორნი, რადგან თანასწორობა აუცილებელია სწორი გადაწყვეტილებების მიღებისთვის, ვიყოთ ქალები იქ, სადაც ქალების პრობლემებს უკეთ წარმოვაჩენთ, ვიყოთ ისეთი სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ, რომ ძალა სწორედ მხარდაჭერაში იგრძნონ ქალებმა, გოგონებმა, რომლებისთვისაც ჩვენ მაგალითი ვართ, სტიმული ვართ, ენერგია ვართ ირწმუნონ საკუთარი თავის. ხშირად ვუთხრათ ჩვენს ირგვლივ გოგონებს და ქალებს – “შენ ეს შეგიძლია!”, ამას დიდი ძალა აქვს, ამას საკუთარი გამოცდილებით ვამბობ.“
ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: ნინო ბაიდაური