ანა სიხაშვილი, 22 წლის, თბილისი

ანა სიხაშვილი, 22 წლის, თბილისი

მხარდაჭერის როლი
,,მე ხუთი წლიდან ვერ ვხედავ. დიაგნოზის მიხედვით, ვირუსის გამო დაზიანდა სისხლძარღვები და ამას თან დაერთო ქრონიკული ანთება. დამტკიცებული არ არის, მაგრამ საფუძვლიანი ვარაუდია, რომ ექიმების არასწორი ჩარევითაც მოხდა ეს ყველაფერი. შედეგად, ხუთი წლის ასაკში სრულად დავკარგე მხედველობა.

შშმ ადამიანი როცა ჩნდება ოჯახში, მშობლები სრულიად მარტო რჩებიან ამ ბავშვთან. ინფორმაციასაც კი არ აწვდის სახელმწიფო, არათუ სხვა რამეს. ოჯახის ექიმთან თუ აღმოჩნდება მშობელი, შეიძლება საერთოდ გააგიჟოს ისეთები უთხრას – ბავშვის დამალვისკენ მოუწოდოს ან გაშვილებისკენ და ა.შ. სულ ვამბობ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ არც ჩემს მშობლებს ჰქონდათ ინფორმაცია ბევრ რამეზე, ისინი რაღაცებს თვითონ მიხვდნენ. მუდმივად ცდილობდნენ, თანასწორად მომქცეოდნენ და არ ჰქონდათ ის მომენტი, რომ ,,ნივთი ხარ და ჩვენ გადაგდებთ.’’ განსაკუთრებული როლი, ალბათ, დედას ჰქონდა, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც ორივე მშობელი ძალიან ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ მე განათლება და ბევრი სხვა რამე მივიღო. ჩემთვის მთავარი, არა მარტო აღზრდის პროცესში, არამედ ყველანაირ ურთიერთობებში, არის დამოკიდებულება. შეიძლება, მიუწვდომელი გარემო და ძალიან ბევრი პრობლემა იყოს, მაგრამ თუ ვხედავ, რომ დამოკიდებულება არის ჯანსაღი, იქ ძალიან დიდი მოტივაცია მეძლევა. ამიტომ, ოჯახის სწორი დამოკიდებულებების გამო, ჩემი მდგომარეობით დიდად ტრავმირებული არ ვყოფილვარ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ, ალბათ, გეცოდინებათ, როგორ მალავდნენ შშმ შვილებს.

დედაჩემი ამბობს ხოლმე, არ ვიცოდი, ეს ამ ქვეყანაში როგორ უნდა მომხდარიყო, მაგრამ სულ ვარწმუნებდი თავს, რომ შენ აუცილებლად უნდა მიგეღო განათლებაო. ჩემი განათლება მთლიანად მათი დამსახურებაა და არა სახელმწიფოსი. მათ რომ სკოლაში თავად არ ვეტარებინე, ვიქნებოდი ადამიანი, რომელიც ზის სახლში, ხელით აჭმევენ წვნიანს და, არავის ვაკნინებ, მაგრამ, უსმენს რადიოს. ამას შეგუებული ვიქნებოდი, რადგან იმის თავდაჯერებულობა არ მექნებოდა, რამე მომეთხოვა. ძალიანაც რომ მოინდომოს უსინათლო ადამიანმა, თუკი ვინმემ არ გაიყვანა გარეთ, ვერც თეთრი ხელჯოხის გამოყენებას ისწავლის. უსინათლოს თუ არ აჩვენე, პირობითად, როგორია ფოთოლი, იმას მთელი ცხოვრება ოთხკუთხედი ეგონება. სამწუხაროდ, საქართველოში დიდი ნაწილის რეალობა ეს არის, უწევთ, შეეგუონ.

ჩემი მშობლებისთვის მეც მიწევს რაღაცების სწავლება. მაგალითად, ბოლო წლებია, სულ ვცდილობ, რომ ყველგან მარტო წავიდე. თავიდან საშინელი წინააღმდეგობა ჰქონდათ. მეუბნებოდნენ, ჩვენ ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, არაფერია ადაპტირებული და შეუძლებელია რაღაც ადგილებში შენით მიხვიდეო. დედაჩემი რამდენჯერმე ჩუმადაც გამომყვა უკან და როცა დარწმუნდნენ, რომ უსაფრთხოდ გადავადგილდები და ხელჯოხსაც ძალიან სწორად ვიყენებ, დამშვიდდნენ. ახლა მინდა ისიც ვასწავლო, რომ სახლში როცა არ ვარ, არ უნდა ინერვიულონ. მაგალითად, ზოგჯერ ტელეფონზე რომ მირეკავენ, არ ვპასუხობ. იცოდნენ, რომ ტელეფონზე ყოველთვის დროულად ვერ ვუპასუხებ და პანიკაში არ უნდა ჩავარდნენ. მოგვიანებით ვუბრუნებ ხოლმე პასუხს, რომ ამასაც შეეჩვიონ.”


განათლება შშმ ადამიანებისთვის
,,სკოლაში სწავლა სულ სხვანაირად წარმომედგინა. მხედველობის დაკარგვის შემდეგ, ჩემს მშობლებს სკოლაში შევყავარ, ოღონდ მივყავარ არა ჩვეულებრივ, არამედ უსინათლოთა სკოლაში. უკვე მიყვარდა წიგნების სუნი, ლამაზი ბლოკნოტები და ფერადი რაღაცები. ამ დროს აღმოვჩნდი სკოლაში, სადაც ხელში მომაჩეჩეს ძალიან დიდი წიგნი, რომელიც იყო ბრაილის და უამრავი ადამიანის გამონაცვალი. ჩვენ წიგნებს ხელით ვეხებით და იმ ფურცლებს ძალიან უსიამოვნო სუნი ჰქონდა. ახლა რომ ვიხსენებ, შოკი იყო ჩემთვის. აი, მაშინ ვიგრძენი, რომ რაღაც განსხვავებული დამოკიდებულებებია ჩვენ მიმართ.

დღეს თითქოს უსინათლოსაც შეუძლია, რომ საჯარო სკოლაში ისწავლოს, მაგრამ მასწავლებლების დამოკიდებულებებია ძალიან მნიშვნელოვანი. ძირითადად, რასაც ვაკვირდები, ისინი ამ ბავშვებს არ აღიქვამენ სრულფასოვან ადამიანებად, რომლებსაც სწავლა შეუძლიათ. მაგალითად, შეიძლება ბავშვს ეკუთვნოდეს ,,რვიანი’’, მაგრამ იმის გამო, რომ უსინათლოა, დაუწერონ ,,ათიანი.’’ეს მუდმივი სიბრალულის გამოხატვა და „მოდი, ვაპატიოთ“ დამოკიდებულებები ძალიან პრობლემურია.

2017-2018 წლებში „FLEX”-ის პროგრამით წავედი ამერიკაში. აქვე ვთქვათ, რომ ეს არის ამერიკული პროგრამა, რომელიც სრულად აფინანსებს ქართველი ბავშვების ერთწლიან ცხოვრებასა და სწავლას ამერიკაში. ახლაც გამოცხადებულია კონკურსი, 26 სექტემბრამდეა ვადა და ყველას ვურჩევ განაცხადის შეტანას. შშმ ბავშვებისთვისაც სრულად ადაპტირებულია ყველაფერი. საოცარი ერთი წელი გავატარე ამერიკაში. ამ ქვეყანაში რომ ჩადიხარ, თავს გრძნობ ძალიან ლაღად. იმიტომ, რომ ხარ გარემოში, სადაც ვიღაცებს კი არ უნდა უმტკიცო, რომ შეგიძლია იყო თავისუფალი ან დამოუკიდებელი, არა, შენ უკვე ხარ ასეთი და შენ გარშემო ადამიანებმა ეს იციან.

უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, სულ მქონდა განცდა, რომ ამის გამო ვიღაცისთვის მადლობები უნდა გადამეხადა. პირველად რომ მივედი უნივერსიტეტში, მკითხეს, რა გიშველოთ, რით დაგეხმარეთო. ხომ ვითომ პოზიტიური დამოკიდებულებაა, მაგრამ რაღაც ისეთს გეკითხებიან, რაც შენ არ უნდა იცოდე. პირველკურსელი ხარ, ისედაც დაბნეული და არ იცი, რა გჭირდება. მაშინ არც მე მქონდა ამაზე პასუხი. მაგრამ სხვების გამოცდილებებით ვისწავლე სწორედ ის, რომ მნიშვნელოვანია იცოდე, რა გჭირდება და მერე ყველაფერი მოითხოვო, რადგან კანონით გვაქვს ამის უფლება. ასე გავხდი თან სტუდენტი და თან – აქტივისტი. სხვათა შორის, შშმ ადამიანებმა ყველაზე ხშირად ერთმანეთს უნდა ვუთხრათ მადლობა, რომ არ ყოფილიყვნენ ესმა გუმბერიძე და მარიამ მიქიაშვილი, კიდევ უფრო რთული იქნებოდა ჩემთვის უნივერსიტეტში სწავლა. გამოდის, რომ ერთი ადამიანი მეორისთვის კვალავს გზას.

მოკლედ, იმ გააზრებით, რომ ვიცოდი, მქონდა უფლება ჩემით წამეკითხა ყველაფერი, მოვითხოვე მასალები ელექტრონულ ფორმატში მქონოდა. პანდემია იყო ძალიან კარგი პერიოდი ჩემთვის იმიტომ, რომ ყველაფერი გაციფრულდა მაშინ, უნდოდათ თუ არა. აქ პრობლემა იყო, რომ ჩემი პროგრამა ვერ კითხულობს დასკანერებულ წიგნებს. ტექსტები ,,ვორდის” დოკუმენტში აკრეფილი ან ისეთ ფორმატში უნდა იყოს, საიდანაც კოპირდება. ამიტომ, ზოგიერთ მათ დასკანერებულ წიგნს ვერ ვკითხულობდი. ამაზე შემოთავაზებები იყო, რომ დედამ წაგიკითხოსო. წარმოიდგინეთ, სახლში მყავს სამი პატარა და, კვირაში ზოგჯერ 6 ლექცია მქონდა, თითოეულში კი ათობით წასაკითხი გვერდი. ფიზიკურადაც ვერ მოასწრებდა, ან მას რატომ უნდა წაეკითხა? და რომც წამიკითხონ, ასე ვერ იქნება ჩემი განათლება ხარისხიანი.

ყოველთვის ვიშველიებდი და ვახსენებდი შშმ პირთა უფლებათა კონვენციას, რომელიც ჩვენც გვაქვს მიღებული. კონვენციის მიხედვით, შშმ ადამიანების უფლებაა, რომ გვქონდეს მისაწვდომი მასალა. ამ ყველაფრით გავედი ფონს, რასაც ჰქვია. ბოლოს, ხან კრეფდნენ და ხან სხვა ალტერნატივებს პოულობდნენ. მოკლედ, ალბათ, მხოლოდ ერთი-ორი საგანი შეიძლება გამოერიოს ისეთი, რომელშიც მე მასალა არ მქონდა.

ახლა დავამთავრე ბაკალავრი და განათლების მიღებას აუცილებლად გავაგრძელებ, მაგრამ მაგისტრატურას სხვა ქვეყანაში დავასრულებ. წავალ, სადაც განათლების ხარისხი იქნება ძალიან კარგი და მისაწვდომობის საკითხებიც დარეგულირებული იქნება. მე მართლა აღარ შემიძლია ეს ჯახირი და ჩხუბი იმაზე, რომ წიგნი მინდა. უბრალოდ, მინდა, რომ მომცენ წიგნი და მერე მე გადავწყვიტო, დილას წავიკითხავ თუ საღამოს.”
აქტივიზმი


,,აქტივისტად იდენტიფიცირება 18 წლიდან დავიწყე, მაგრამ მანამდეც სულ რაღაცას ვაპროტესტებდი. სხვა არჩევანი თითქოს არც მქონდა, ჩემი უფლებები უნდა დამეცვა. მაგრამ რაც „რუსული კანონი“ გამოჩნდა, მას მერე ქუჩაში ვდგავარ. კარგად მახსოვს 2008 წლის ომი და იმდენად დიდი აგრესია მაქვს რუსეთზე, ვგრძნობ პასუხისმგებლობას როგორც მოქალაქე, რომ იქ ვიდგე.

ძალიან ვბრაზდები, როცა იმ ხალხს აცხადებენ აგენტებად, რომლებისგანაც მე ვისწავლე ჩემი უფლებები, შევძელი სასწავლებლად საზღვარგარეთ წასვლა და აღარ ვცხოვრობ ისე, როგორც საბჭოთა საქართველოში ცხოვრობდნენ უსინათლო ადამიანები. მოსმენილი მაქვს, რომ საზღვარგარეთ კი არა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც კი არ იყვნენ ნამყოფები. ერთ სივრცეში, მაგალითად, ფონიჭალაში ჰყავდათ ეს ადამიანები შეკეტილი და იქ ოჯახდებოდნენ, იქვე გახსნილ საწარმოებში მუშაობდნენ და სხვა სივრცეებში განვითარების შესაძლებლობები არ ჰქონდათ.

წლების მერე, მართალია, რთულად, მაგრამ უცხოელი პარტნიორების დახმარებით, მოჯადოებული წრე თითქოს გაიხსნა. ძლივს შეიქმნა გარკვეული სერვისები შშმ ადამიანებისთვის და ახლა გვეუბნებიან, იმათ, ამაში რომ გვეხმარებიან და დიდი ფინანსები ჩადეს, აგენტებად ვაცხადებთო. ეს ორგანიზაციები თუ გავლენ ჩვენი ქვეყნიდან, ვხვდები, რომ ისევ იქ შეიძლება დავბრუნდეთ და ერთი ნაბიჯია მაგ რეალობამდე. უფრო ეადვილებათ, რომ ერთ სივრცეში შეგვყარონ და იზოლაციაში მოქცეულებს, მოთხოვნებიც აღარ გვქონდეს.

ძალიან მინდოდა, რომ შშმ ადამიანები ამ პროცესში აქტიურად გამოჩენილიყვნენ და ჩაშლილად აგვეხსნა, ეს კანონი როგორ გვეხებოდა ჩვენ. ამიტომ, შშმ თემმა განცხადებებიც გავავრცელეთ კანონის წინააღმდეგ და მსვლელობაც დავგეგმეთ. ძირითადად, უფრო მატერიალურ მხარეზე ამახვილებენ ყურადღებას. მე კი მინდოდა, იდეურად დაგვენახვებინა, რომ თუ დონორები წავიდნენ აქედან, ხოლო შშმ ადამიანებს აღარ გვექნება სამართლებრივი ადვოკატირების შესაძლებლობა, აღარც სიტყვის თავისუფლება გვექნება. ჩემს შიშებს ვიტყვი. 26 ოქტომბრის მერე ესენი თუ დარჩებიან, ვიღაცებს სცემენ და გამოჩნდება, რომ პირდაპირი დისკრიმინაციაა. ჩვენ არ გვცემენ, შშმ ადამიანების ცემით ცუდად რომ არ გამოჩნდნენ. მაგრამ, სამაგიეროდ, ჩემნაირებს ისე წაგვართმევენ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ისედაც მწირი გვაქვს, ამას ვეღარავინ გაიგებს.”

ავტორი: იდა ბახტურიძე
ფოტო: სოფო აფციაური