თიკუნა ბეკოშვილი, 29 წლის, თეთრიწყარო

თეთრიწყაროში დავიბადე და სკოლაც აქვე დავამთავრე. ბავშვობიდანვე ჟურნალისტობა მინდოდა, მაგრამ შემთხვევით გოდერძი ჩოხელი წავიკითხე, რომელიც ჩემთან იმდენად ახლოს მოვიდა, რომ თვითონ ამ ადამიანითა და იმით დავინტერესდი, რამე თუ იყო მასზე გადაღებული – რეპორტაჟი, სიუჟეტი ან დოკუმენტური ფილმი. აღმოჩნდა, რომ არაფერი არსებობდა. გოდერძი მაშინ ცოცხალი იყო და ძალიან მინდოდა მისი გაცნობა, მაგრამ, მოგეხსენებათ, იმ პერიოდში ქალაქთან კომუნიკაცია მარტივი არ იყო. ვფიქრობდი, სტუდენტი რომ გავხდები და თბილისში წავალ, გოდერძის აუცილებლად გავიცნობ-მეთქი. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ კარგი მეგობრები ვიქნებოდით. თუმცა, გოდერძი ისე გარდაიცვალა, მისი გაცნობა ვერ მოვასწარი. მწერალი რომ გარდაიცვალა, მაშინ მტკიცედ გადავწყვიტე, რომ რეჟისორი გავხდებოდი და გოდერძი ჩოხელზე ფილმს მე გადავიღებდი.

ბავშვობიდან მქონდა მხედველობასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ 14 წლის რომ ვიყავი, თამაშის დროს, ბავშვმა თვალში ჯოხი გამარტყა, რამაც პრობლემის გაუარესება გამოიწვია – ბადურა ჩამომეშალა და ერთ თვალში მხედველობა საერთოდ დავკარგე. მთელი ძალა მეორე თვალს დააწვა, რომელშიც ისედაც მინუსი მქონდა და იმაზეც პრობლემები დამეწყო. საქართველოში თითქმის ყველგან ვმკურნალობდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არცერთი ოპერაცია ნორმალურად არ გამიკეთეს. ამ ყველაფერმა ჩემზე ფსიქოლოგიურად ძალიან იმოქმედა. წარმოიდგინეთ, ერთ თვალში საერთოდ აღარ მქონდა მხედველობა და უცებ აღმოვაჩინე, რომ მეორე თვალზეც კატასტროფულად მაკლდებოდა. თან, ეს ის პერიოდია, როცა აბიტურიენტი ვიყავი და ჩასაბარებლად ვემზადებოდი. მაშინ ინტერნეტზეც არ გვქონდა ინტენსიური წვდომა, ამიტომ დიდ ენციკლოპედიებში ვეძებდი კინოსა და თეატრის ისტორიას ამ მხედველობით, ხელით ვაკეთებდი ე.წ. „კონსპექტებს“ და მთელი ის წლები ასე ვმეცადინებოდი. დედაჩემს ეშინოდა, რომ „პატრონის“ გარეშე თეატრალურში არავინ მიმიღებდა და გული დამწყდებოდა. თან, ვერ ხვდებოდნენ, რაში უნდა გამომეყენებინა ეს პროფესია და მეწინააღმდეგებოდნენ.
კატეგორიულად გამოვაცხადე, რომ ან თეატრალურში ვისწავლიდი ან – არსად.

შიდა წერით გამოცდაზე 100-იდან 98 ქულა ავიღე. მეორე დღეს ზეპირი გამოცდა მქონდა, რომელიც შავ ლაქად დარჩა ჩემს მეხსიერებაში. გამოცდაზე რომ შევედი, ჩემ წინ კომისიის წევრები ისხდნენ და მსოფლიოს კინოისტორიიდან სათითაოდ მისვამდნენ უამრავ კითხვას. პასუხი ყველა კითხვაზე მქონდა, რადგან საკუთარ ცოდნაში ძალიან დარწმუნებული ვიყავი. ერთ-ერთმა კომისიის წევრმა და რეჟისორმა, რომელსაც იმ წელს ჯგუფი უნდა აეყვანა, მითხრა, რომ მე ვერ მოხვდებოდი, რადგან ყველა ადგილი შევსებული იყო. აღმოჩნდა, რომ სულ 7 ადგილი იყო და შვიდივე ამ რეჟისორთან ემზადებოდა. ეს ადამიანი რეჟისორი დათო ჯანელიძე იყო, რომელიც, ჩემი პასუხების მიუხედავად, მეუბნებოდა, რომ ჯერ მზად არ ვიყავი და მომავალ წელს ჩამებარებინა. მესამე დღეს მივედი და ჩარიცხულთა სიაში არ ვიყავი, ნაშრომში მიღებული 98 ქულა კი ეწერა, მაგრამ ზეპირი გამოცდის ქულა – არა. გასაჩივრებაც ვცადე, მაგრამ არაფერი გამოვიდა, აზრი არ ჰქონდა. შეიძლება, ჩემი ჯანმრთელობის პრობლემების გამოც არ მიმიღეს და ეს პირდაპირ ვერ მითხრეს, ამაზეც ხშირად მიფიქრია. მოკლედ, თეატრალურს შევეშვი, იმავე წელს ეროვნულ გამოცდებზეც გავედი და ილიაუნიში ჩავირიცხე,
ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე.

თუმანიშვილის თეატრში ვიყავი, როცა შემთხვევით აბრა დავინახე, რომელზეც ეწერა – „თუმანიშვილის თეატრთან არსებული ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტი.“ დედაჩემს შესვლა რომ ვთხოვე, გამიძალიანდა – შენ უკვე ილიაუნის სტუდენტი ხარ და ინსტიტუტში რა გინდაო. იმდენი ხანი ვემზადებოდი თეატრალურისთვის, სხვა აღარაფერი მაინტერესებდა. ამ ინსტიტუტში ძალიან მაგარი ადამიანი, კახა კახაბრიშვილი დამხვდა. შეგახსენებთ ამ ადამიანს – ეს არის რეჟისორი, რომელმაც დადგა სატელევიზიო სპექტაკლები: „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, „გვადი ბიგვა“ და ა.შ. მოკლედ, გამესაუბრა და მითხრა, რომ შიდა გამოცდები მათაც ჰქონდათ აგვისტოში. იმ წელს, ჯამში 12 გამოცდა ჩავაბარე. მახსოვს, გამოცდაზე ნაცნობი სახეები დამხვდნენ კინოსა და თეატრის სამყაროდან. მათ დანახვაზე, უკვე გავბედნიერდი და თან ძალიან დადებითი აურა ტრიალებდა. მალევე დამირეკეს და მომილოცეს, რომ ტელე-კინო რეჟისურაზე მოვხვდი. ილიაუნიში შესატანი საბუთები მეორე დღესვე ამ ინსტიტუტში შევიტანე. ზოგი ჭირი მარგებელიაო, ამაზეა ნათქვამი. ისეთი გენიოსების ხელში მოვხვდი და ისეთმა პედაგოგებმა გამზარდეს, ძალიან გამიმართლა. წარმოიდგინეთ, ოტია იოსელიანთან რომ ვახშმობ და გურამ დოჩანაშვილთან ურთიერთობის შესაძლებლობა გაქვს. აღარაფერს ვამბობ იმ მსახიობებსა და რეჟისორებზე, ბატონი კახას მეგობრები რომ იყვნენ, მე მას ყველა გადაღებაზე დავყვებოდი.

ჩემი სადიპლომო ფილმი გოდერძი ჩოხელის შესახებ იყო და ამ ფილმის გადაღებასაც ახლდა ერთი საინტერესო ამბავი. გადაღებისთვის, ცხადია, ფინანსები მჭირდებოდა და კულტურის სამინისტროში განცხადება შევიტანე, 2000 ლარს ვითხოვდი ფილმის გადაღებისთვის. სამინისტროდან პასუხი მომივიდა, 2000 ლარი არ გვაქვსო. ახლა კი ვუგებ იმ ადამიანებს, ფული რომ არ მომცეს და არ მენდნენ, მაგრამ მაშინ ძალიან გავბრაზდი. მახსოვს, Facebook-ზე დავწერე, გოდერძი ჩოხელისთვის 2000 ლარი ვერ გამონახეს-მეთქი. იმ პერიოდში, ხშირად დავდიოდი გოდერძის საფლავზე, იქ ვწერდი და ვმუშაობდი ფილმისთვის. მაშინაც ავედი და მახსოვს, ვესაუბრებოდი – გოდერძი, შენზე ხომ უნდა გადავიღო ფილმი და ცოტა შენც დამეხმარე-მეთქი. იქვე, საფლავზე ვიყავი, Facebook-ზე რომ შევიჭყიტე და ჩემს პოსტზე სრულიად უცნობი ადამიანის კომენტარი დამხვდა – „ამ ფილმს მე ვაფინანსებ.“ ეს ადამიანი აღმოჩნდა ასმათ ჩიტაური, რომელიც გუდამაყრის ხეობიდანაა, ამერიკაში ცხოვრობს და გოდერძის დიდი მოტრფიალეა. უცნობ ადამიანს მენდო, ფილმი დააფინანსა და პრემიერისთვის, ამერიკიდანაც ჩამოვიდა. გადაღებების შეჩერებაც კი მომიწია, ზუსტად მაგ დროს თურქეთში ოპერაცია გავიკეთე, მაგრამ იქიდან დაბრუნებული, ერთ კვირაში გუდამაყრის მთებში დავდიოდი და ნაოპერაციევი თვალით ფილმს ვიღებდი. გადაღებების ნახევარი კარგად არ მახსოვს, იმდენად დაბალი მხედველობა მქონდა მაშინ. რესპონდენტების სახეებს ერთი მეტრის მანძილზე ვერ ვარჩევდი, ოპერატორ გიგი ჯობავასა და გოდერძი ჩოხელის მეგობარს, მწერალ ნინო ზედელაშვილს, ხელჩაკიდებული დავყავდი. ყველაფრის მიუხედავად, პირობა შევასრულე და მაინც გადავიღეთ ეს ფილმი, რომელიც მე ძალიან მიყვარს.

სხვათაშორის, ახლა თეთრიწყაროს კულტურულ ძეგლებზე ვგეგმავ დოკუმენტური ფილმის გადაღებას. 400-მდე ისტორიული მნიშვნელობის კულტურული ძეგლი გვაქვს თეთრიწყაროში და დიდად არავინ იცის. პროექტი და ბიუჯეტის ნაწილი უკვე მზად მაქვს, ოლგა ბაბლუანმა დამიფინანსა, მაგრამ 3000 ლარამდე ისევ მოსაძიებელია იმისათვის, გადაღებები რომ დავიწყო. გარდა ამისა, წიგნი დავწერე, რომელზეც ტელეფონში ვიმუშავე, რადგან სხვაზე ვერაფერზე ვხედავ. 600 გვერდიანი წიგნი რუსეთ-საქართველოს თემაზეა და ორი წელი ვწერდი. ვინ დაბეჭდავს, ჯერ არ ვიცი, არავისთან მიმიტანია. ზაზა ურუშაძეს უნდოდა, ეს წიგნი ფილმად რომ გვექცია და ვერ მოვასწარით.

ყოველთვის იმის დეფიციტი მქონდა, რომ აქ ახალგაზრდებისთვის არაფერი ხდებოდა, ამიტომ თეთრიწყაროში საბავშვო თეატრი გავაკეთე. დასი გვაქვს, რომელიც უკვე 5 წელია არსებობს და სეზონურად სპექტაკლებს ვდგამთ. შემიძლია, სიამაყით ვთქვა, რომ თეთრიწყაროში პირველი სპექტაკლი მე დავდგი. რეგიონალურ ფესტივალზე პირველი ადგილიც ავიღეთ. მთელი ოჯახი ჩართული მყავს – მე და დედა კოსტუმებს ვქმნით, მამას დეკორატორის ფუნქცია აკისრია და ჩემი სახლი პერიოდულად სახელოსნოდ იქცევა ხოლმე. ბევრმა ბავშვმა აქ აღმოაჩინა სხვადასხვა უნარები, მაგალითად, ლექსის კითხვა რომ კარგად შეუძლიათ, სამსახიობო უნარები რომ აქვთ, ზოგი უკვე თეატრალურში ჩაბარებაზეც ფიქრობს. წარმოიდგინეთ, აქ დადიან ბავშვები, რომელთა ნაწილი არასოდეს ყოფილა თეატრში. ამიტომ, საჭიროა, ორ თვეში ერთხელ მაინც ვატაროთ ბავშვები თეატრში. თეატრი სიახლეა აქაურობისთვის და სპექტაკლის დღეს დარბაზი მაყურებელს ვერ იტევს.

ავტორი: იდა ბახტურიძე
ფოტო: ნინო ბაიდაური

UN Women Georgia

#შშმპ #შშმქალები #ქალთაგაძლიერება