December 20, 2020 In ა-დ, თემები, რეგიონები, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ქალები ტექნოლოგიებში
გვანცა კიკალეიშვილი, 37 წლის, ხობი/თორსა
„პროფესიით ექიმი ვარ, ერთი წელი „ჩაჩავას კლინიკაშიც“ ვმუშაობდი. ისე გამოვიდა, რომ 2010 წელს, დროებით წამოვედი სოფელში და ბოლოს დიდი ხნით დავრჩი.
2013 წელს, ჩვენს სოფელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ათინათი“ შემოვიდა, რომელიც გაეროს ერთობლივი პროექტის – „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის“ და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების პროექტის – „ქალთა გაძლიერება ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, სოფლად მცხოვრები ქალების მიზნობრივ ჯგუფს არჩევდა. გასაუბრებების შემდეგ ჩვენი სოფელიც შეარჩიეს და ასე მოვხვდი პირველად არასამთავრობო სექტორში. ამავე წელს, სოფელ თორსაში ქალთა საინიციატივო ჯგუფი შევქმენით, რომლის ფარგლებშიც არაერთი პროექტი გავაკეთეთ. უკვე 2017 წელს, მივხვდით, რომ მზად ვიყავით, ორგანიზაცია დაგვერეგისტრირებინა და განათლებისა და განვითარების ცენტრი „თოლისკური“ დავაფუძნეთ. ამის შემდეგ, მეტი შესაძლებლობა გაგვიჩნდა სხვადასხვა პროექტის განხორციელებისთვის, მაგრამ მუდმივი შრომა გვიწევს, რომ არაფერს ჩამოვრჩეთ.

ვინაიდან ჩვენი ორგანიზაცია ახალგაზრდებთან აქტიურად მუშაობს, მე და ანიმ უპირატესობა ცოდნის გაზიარებას მივანიჭეთ. გარდა ამისა, ორგანიზაციის განვითარების სრულიად სხვა პერსპექტივები გაგვიჩნდა და არაერთი პროექტი წამოვიწყეთ ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაზე. ჩვენს პარტნიორებსაც მეტი ნდობა უჩნდებათ, როცა იგებენ, რომ სოციალური მედიის მარკეტინგისა და ვებპროგრამირების კურსი გვაქვს გავლილი და ჩვენს საქმიანობაში ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის აუცილებლობა კარგად გვესმის.
ჩვენი ორგანიზაციის ბაზაზე, ხობში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი ფუნქციონირებს. თბილისის „ადამიანის უფლებათა სახლის“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ჩვენი დღის ცენტრი სრულად გავაციფრულეთ. ცენტრში 20 ბავშვი გვყავს და ჩვენს ბენეფიციარებს, სპეცმასწავლებლისა და ფსიქოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, შეუძლიათ, პლანშეტები ინდივიდუალურად გამოიყენონ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებისთვის. აღნიშნულ სასწავლო პროგრამაში ახალი ტექნოლოგიების შესახებ მიღებული ცოდნა, გამოცდილება და კონტაქტები, ამ კონკრეტული პროექტის განხორციელებაშიც ძალიან დაგვეხმარა.

ამ ეტაპზე, მე და ანი ვმართავთ ჩვენი ორგანიზაციის ფეისბუქის გვერდს. ორგანიზაციის ყველა აქტივობა ონლაინ იგეგმება, მაგრამ ინფორმაციის გავრცელებას და ადამიანების მობილიზებასაც საკმაოდ კარგად ვახერხებთ. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ შეიძლება, ონლაინ უფრო მეტი ადამიანის ჩართვას ვახერხებთ ახლა, ვიდრე ოფლაინ გამოგვდიოდა. პანდემიის პირობებში, ის ცოდნა, რომელიც ამ პროგრამამ მომცა, კიდევ უფრო მეტად დამჭირდა. ამიტომ, ერთი რჩევა მექნება ქალებისთვის – როცა რაიმეს სწავლის შესაძლებლობა ეძლევათ, უარი არ თქვან. არ ვიცით, ცხოვრება ვის რას გვიმზადებს და ეს ცოდნა სად დაგვჭირდება.“
ავტორი: იდა ბახტურიძე
ფოტოგრაფი: ირაკლი გამსახურდია/გედა დარჩია
UN Women Georgia
”გვანცა კიკალეიშვილი იყო “სოციალური მედიის მარკეტინგისა და ვებპროგრამირების” 2019 წელს ჩატარებული სასწავლო პროგრამის 124 მონაწილიდან ერთ-ერთი. ტრენინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ნაწილია, რომელიც დაფინანსდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ისტორიაში გამოთქმული შეხედულებები წარმოადგენს ავტორის (ავტორების) მოსაზრებებს და არ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაეროს ან მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების შეხედულებებს.