დინა ოგანოვა, 28 წლის, თბილისი

„ბავშვობაში მე და დედა სულ ბორჯომში ვისვენებდით და ისე გამოდიოდა, რომ ყოველთვის ერთი ფოტოგრაფის სახლში ვრჩებოდით. ის ბორჯომის პარკში მუშაობდა, ფოტოებს იღებდა. ამ სახლში მე ყველაფრის გაკეთება შემეძლო, ყველაფერზე ნებართვა მქონდა, გარდა ერთადერთ ოთახში შესვლისა, რაც კატეგორიულად აკრძალული მქონდა. ის ოთახი ყოველთვის ანათებდა, წითელი შუქი გამოდიოდა და საათობით ვიჯექი ხოლმე შესასვლელთან, ველოდებოდი როდის გამოვიდოდა ფოტოგრაფი, რომ შემეხედა და რამე მაინც დამენახა შიგნით. ფოტოების დაბეჭდვის მერე მოჭრილი ქაღალდი რაც რჩებოდა, მე მაძლევდა სათამაშოდ. მე კი ბედნიერებისგან ვკვდებოდი, „აი, რამხელა რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში…“. თან სულ მხედავდა რომ იქ ვიჯექი და ველოდი და მაინტერესებდა. ბოლოს, როცა ბორჯომში ჩავედით დასასვნებელად 4-5 წლის ვიყავი, მერე აღარ ვყოფილვართ და წამოსვლის დღეს ეს კაცი გამოვიდა და მითხრა „წამოდი, შეგიყვანო.“ ეს მომენტი ცხოვრებაში არ დამავიწყდება იმიტომ, რომ დავინახე ქაღალდზე როგორ გამოდიოდა გამოსახულება და ამან ძალიან დიდი ეფექტი მოახდინა ჩემზე, ძალიან შთამბეჭდავი მოვლენა იყო ჩემთვის. თბილისში წამოსვლის წინ პატარა ფოტოაპარატი მაჩუქა.

მერე არეულობის პერიოდი იყო, 90-იანები წლები, ფოტოაპარატიც დაიკარგა, არც არავის გახსენებია მისი არსებობა. სკოლაში სწავლის პერიოდში ძალიან მინდოდა რეჟისორი გამოვსულიყავი, მაგრამ, როგორც ზოგადად საქართველოში ხდება, ან ეკონომისტი უნდა ყოფილიყავი ან იურისტი… ასეთი „ჩარჩო“ იყო წამოყენებული ოჯახის მხრიდან. და როცა ვამბობდი, რომ თეატრალურში მინდოდა ჩაბარება, პასუხად ვიღებდი, რომ „თეატრალურში მხოლოდ ბოზები სწავოლბენ“, ხომ იყო ეს დამოკიდებულება, არა?

მოკლედ, არ მინდოდა არც ეკონომისტი და არც იურისტი გამოვსულიყავი და სკოლა რომ დავამთავრე, რახან ბაბუა პეტერბურგში ცხოვრობდა, გადავწყვიტე მასთან წასვლა. მე დედისერთა ვარ, მამა გარდაცვლილი მყავს და ჩემ ირგვლივ სულ ქალები არიან – დედა, ბებია, ორი დეიდა, დეიდაშვილი, თან ყველაზე პატარა ვიყავი და ყველა ჩემზე იყო გადაყოლილი. ბაბუას ვუთხარი, რომ მე გადავწყვიტე მასთან ცხოვრება, რადგან ვერ გავხდებოდი ვერც ეკონომისტი და ვერც იურისტი. ბავშვობიდან სულ ვიცოდი, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ საქართველოდან წავიდოდი. სხვა რამეს არც განვიხილავდი. ბაბუა ძალიან კარგად შემხვდა და ვგეგმავდი, რომ დავიწყებდი მომზადებას და მოსკოვში ჩავაბარებდი და ვისწავლიდი. მე ასეთი ოცნებები და გეგმები მქონდა, მარგამ უეცრად ბაბუა გარდაიცვალა და ისევ საქართველოში მომიწია ჩამოსვლა.

დედამ უკვე კატეგორიულად მითხრა, რომ ვერსად ვეღარ წავიდოდი იმ არგუმენტით, რომ „შენს გარდა არავინ გვყავს, სად უნდა წახვიდე…“ და ა.შ. დავრჩი აქ. უნდა მესწავლა ეს ვიცოდი. ამიტომ, მაინც ჩავაბარე ეკონომიურზე.

უკვე პირველი კურსიდან დავიწყე ფოტოების გადაღება. პატარა „მილნიცით“ ვიღებდი და შემდეგ ვბეჭდავდი ფირს იმიტომ, რომ მაინტერესებდა რას ვიღებდი. მახსოვს, 15 მაისი იყო, დედაჩემის დაბადების დღე და თეატრში დავპატიჟე. მისვლა დავაგვიანე იმიტომ, რომ ფოტოებს ვბეჭდავდი და შესვლისთანავე დედას მივეჭერი „დე, ნახე ფოტოები დავბეჭდე-მეთქი“. ჩემ გვედით კაცი იჯდა და მთხოვა „შეიძლება შენი ფოტოები დავათვალიეროო?“ „რა თქმა უნდათქო“ და უცბად, დათვალიერების შემდეგ თავისი სავიზიტო ბარათი გამომიწოდა და დაამატა „ხუთშაბათს, 5 საათზე გელოდებიო“. ადგა და წავიდა. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ შევხედე ბარათს, რომელსაც ეწერა – იური მეჩითოვი.

იმ პერიოდში არაადამიანურად გვიჭირდა მართლა. დედაჩემს ვუთხარი გავაფრენ, აქ თუ არ მიმიყვანთქო… „ცხოვრება ხომ დამინგრიე იმით, რომ ეკონომიურზე ჩავაბარე…“ და ა.შ. დედა დამთანხმდა და მივედით ხუთშაბათს, 5 საათზე. იმისთვის, რომ იური მეჩითოვთან მესწავლა 100 დოლარი იყო გადასახდელი, რაც იმ დროს ძალიან დიდი ფული იყო ჩვენთვის. დედაჩემმა დიდი მადლობა, მაგრამ ვერ გადავიხდითო. იურიმ სთხოვა დღეს დარჩესო. ოთხნი ვიყავით ჯგუფში და ყველას გვკითხა, რატომ გინდათ ფოტოგრაფიის სწავლაო და მაშინათვე ვუთხარი, რომ მინდოდა ფოტოგრაფია ჩემი პროფესია ყოფილიყო. მან კი მითხრა – „იქნებაო“.

პირველი დავალება მეგობრის პორტრეტის გადაღება იყო. მე ვუთხარი „დიდი მადლობა, მაგრამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კამერაც არ მაქვსთქო“. კარადიდან „ზენიტი“ გადმოიღო და მომცა და დაჟინებით მითხრა მოხვალო! ორშაბათს და ხუთშაბათს იყო გაკვეთილები, მაგრამ მოხდა ისე, რომ ზუსტად ერთ თვეში ჯგუფი დაიშალა. დავრჩი მარტო მე. და რახან იურა ყოველდღე გადაღებაზე დადიოდა და უკვე მანდ დავყვებოდი, აღარ მიწევდა სტუდიაში სიარული. უკვე მესამე და მეოთხე კურსზე ვიცოდი, რომ ეკონომისტი არასოდეს ვიქნებოდი და ფოტოგრაფია იქნებოდა ჩემი პროფესია.

მერე მივხვდი და ახლაც ვაცნობიერებ, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო საქართველოში დაბრუნება. ახლა ისეთი ბედნიერი ვარ და სულ ვამბობ, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც ძალიან მიყვარს. არა იმიტომ, რომ აქ დავიბადე და გავიზარდე, აქ ყველაფერი სხვანაირია ჩემთვის. თუნდაც გადაღების თვალსაზრისით. საქართველოზე მაგარი ქვეყანა გადაღებისთვის და ჩემი პროექტებისთვის არ არსებობს.

ამასთან, ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა იმ საქმიანობაში გიხდიან ფულს, რაც ყველაზე მეტად გიყვარს. მე ვამბობ, რომ არასოდეს ვმუშაობ. სამსახური ჩემთვის არის, როცა ჯიპა-ში ფოტოჟურნალისტიკაზე ლექციებს ვკითხულობ. თუმცა გადაღებაზე ეს არასოდეს მითქვამს. ძალიან სასიამოვნოა, როცა მე თვითონ ვწყვეტ, ვის მივყიდო ჩემი ფოტო. აი, მაგალითად ჩემი წიგნი, რომელიც ზუსტად 87 ცალია, ვიცი ვის უნდა მივცე. ეს წიგნი „ჩემი სივრცე“ საქართველოს ახალ თაობაზეა. პირველ თაობზე, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიბადა და ცხოვრება დამოუკიდებელ საქართველოში დაიწყეს.

პრობლემები, როგორც ფოტოგრაფს მაქვს რელიგიურ დღესასწაულებზე, სადაც კატეგორიულად მეუბნებიან, რომ „შენ ამ გზით ვერ წამოხვალ იმიტომ, რომ ქალი ხარ, ეს კაცების გზაა…“. ამაზე მე მაქვს პასუხი, რომ „მე ვარ ფოტოგრაფი და არა ქალი და მე უნდა გადავიღო!“ ამაზე მიდის ჭიდილი. მახსოვს, ფშავში ერთ-ერთ რელიგიურ დღესასწაულზე ერთად ვიყავით მე, ნათელა გრიგალაშვილი და ზურა ქურციკიძე. მე ვუყურებდი იმ გზას, რომელიც უფრო საინტერესო იყო ჩემთვის, სადაც კაცები მიდიოდნენ, ცხვარი მიჰყავდათ და ა.შ. ამ შემთხვევაში კაცების მხარე უფრო საინტერესო იყო გადასაღებად და გავყევი იმ გზას, გადავდგი ნაბიჯი და გავიგონე ყვირილი, რომ „ჩვენ ახლა არ წავალთ, შენ თუ წახმოვალო“. იმიტომ, რომ შენ ხარ ქალი. არა მე არ ვარ ქალი ამ შემთხვევაში, მე ვარ ფოტოგრაფი. ზურა გაჰყვა კაცებს და მე და ნათელა დავრჩით ქალებთან, რომლებიც კაცებს ელოდებოდნენ, როდის მორჩებოდნენ სალოცავთან ქეიფს, როდის მოილოცებდნენ, დროს გაატარებდნენ და ეს ქალები იმისთვის ელოდებოდნენ ამდენი ხანი, რომ მთვრალი კაცები წამოეყვანათ, მაგრამ სალოცავთან ახლოსაც არ უშვებდნენ. ამხელა გზაზე წავედი რელიგიური დღესასწაულის გადასაღებად და 6 საათი არაფერი მიკეთებია. მსგავსი შეზღუდვა ჩემთვის მიუღებელია.

თუმცა, ყველაზე მეტად ქალების გადაღება მაინტერესებს იმიტომ, რომ საქართველოში ქალებს ბევრი პრობლემა აქვთ. წიგნი, რომელსაც ახლა ვაკეთებ არის მოტაცებულ ქალებზე. მთელი ბავშვობა მესმოდა, რომ ის მოიტაცეს, ეს მოიტაცეს, რომ ვერ წამომედგინა როგორ შეიძლება ასე ვინმეს უფლება შელახო. ჩემი წიგნის გამოცემის მერე არ ვიცი ადამიანები რამდენად დაფიქრდებიან ამაზე, რამდენად ნახავენ ის ადამიანები, რომლებისთვისაც არის ეს გზავნილი, მარგამ ამ პროექტს პირველ რიგში ჩემთვის ვაკეთებ იმიტომ, რომ იმდენად მაწუხებდა ეს საკითხი, რომ მომინდა ამაზე დამეწყო ლაპარაკი და მომეყოლა, რომ მოტაცების ფაქტები ნამდვილად არსებობს“.

მსგავსი ისტორიები