დიანა ჯიშიაშვილი, 29 წლის, თბილისი

“17 წლის ასაკში მივიღე ტრავმა…

ძალიან მიყვარდა ცურვა, ყოველ ზაფხულს ველოდებოდი და ზამთარში კი აუზზე დავდიოდი. ამ წელს ზაფხულში ბებიასთან ვიყავი დასასვენებლად. მეგობრებთან ერთად წავედი მდინარეზე. იმ ადგილიდან რამდენჯერმე გადავხტი მანამდე, სანამ ტრავმას მივიღებდი. ერთ-ერთი გადახტომის დროს ფეხი დამისრიალდა, ცუდად დავეშვი და დავიზიანე კისერი. ურთულესი დაზიანება მაქვს, სიცოცხლესთან საერთოდ შეუსაბამო. მახსოვს ის მომენტი, საოპერაციოში რომ შევყავდი, აი, მაგ დროს მთელმა ცხოვრებამ თვალწინ როგორ ჩაიარა. საერთოდ ბუნება მიყვარს ძალიან, რომ მივყავდი, მაშინ ვერ ვმოძრაობდი, მარტო თვალების დახამხამება შემეძლო და ფანჯრებში დავინახე ფოთლები. ეს ფოთლები ისეთი ზღაპრული მომეჩვენა, რაღაცნაირად ბზინავდნენ და ერთადერთი რაც გავიფიქრე ის იყო, რომ ღმერთო, ნეტა კიდევ შევძლო, რომ ეს ფოთლები დავინახო-მეთქი.

18 წელი რეანიმაციაში შემისრულდა… მიუხედავად იმისა, რომ სრული პარალიზი მქონდა და ოთხ კედელს შუა მიწევდა საავადმყოფოებში ყოფნა, სულ მინდოდა გარეთ გასვლა. ეტლში ჩაჯდომა იყო ჩემთვის შეუძლებელი, თითქმის წელიწადნახევარი ვწვალობდი და ვერ ვჯდებოდი. ვითიშებოდი იმიტომ, რომ არაფერი მიმუშავებდა – არც ხელი, არც ფეხი, სუნთქვაც მიჭირდა… პირველად გარეთ რომ გავედი საავადმყოფოდან და გავისეირნე, კატებთან წავედი იქვე ნაგვის ურნებთან. სასწაული იყო, რომ მე ეს შევძელი, ანუ ეს იყო ჩემი ერთ-ერთი მიღწევა და ბრძოლის შედეგი, რომ შევძელი ეტლში დაჯდომა.

მაგრამ, მერე რომ გავიხედე საზოგადოება როგორ მაკვირდებოდა და გავიაზრე, რომ საჭირო იყო ადაპტირებული გარემო ჩემი გადაადგილებისთვის იმიტომ, რომ თუნდაც, იმ ნაგვის ურნებთან ძლივს მივაღწიე, ჩავიკეტე. ყველაზე საშინელი, რამაც მე დიდი სტრესი მომაყენა, ეს იყო სიბრალული. მეგობრების ნაწილის მხრიდანაც აი, თუნდაც ეს ფორმა „გი-ნა-ხუ-ლებ“, ანუ კი არ მოვალ შენთან, როგორც ადრე, „გინახულებ“. მახსოვს ერთმა მეგობარმა მითხრა, რომელმაც საკუთარ ქორწილში არ დამპატიჟა – რომ წარმოგიდგინე, ყველა იმხიარულებდა, იცეკვებდა და შენ ვერ იცეკვებდი, ამის გამო არ დაგპატიჟეო. ხო, ასე ჩემს მაგივრად მიიღო გადაწყვეტილება. მერე ჩვენმა სხვა საერთო მეგობარმა დაბადების დღეზე დამპატიჟა და იმდენი ვიცეკვეთ, არანაირი ბარიერი არ მქონია. აი, ეს სიბრალულის თუ გაუგებარი მომენტები როცა გაჩნდა, ჩავვარდი ძალიან ღრმა დეპრესიაში. სულიერი ტკივილი უფრო მტანჯავდა და როცა სულიერად არ ხარ მხნედ, მერე უკვე ფიზიკურიც გიუარესდება.

მე არ ვფიქრობდი, რომ მარტო საზოგადოებაშია პრობლემა. მეც გადავწყვიტე, რომ ვყოფილიყავი უფრო პოზიტიური მიდგომით, უფრო აქტიური და ნელ-ნელა დავიწყე გამოსვლა. პირველი პერიოდი ძალიან მიჭირდა და გარეთ გასვლის მერე, თითქოს, ყველას გამოხედვა უნდა ჩამომერეცხა, ვერ ვუმკლავდებოდი. დღესდღეობით კი საერთოდ რეაქცია არ მაქვს. პირიქით, როცა არ მიყურებენ, ეს უფრო უცნაური და უხერხული გახდა ჩემთვის.

მახსოვს, ინტერნეტში ერთ-ერთი კოლეჯი ვნახე და ვიფიქრე, მე რომ აქ მესწავლა რა კარგი იქნებოდა-მეთქი, მაგრამ ეგრევე გამოვრთე ის გვერდი, ტყუილად ნუ ოცნებობ-მეთქი, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე თავად დამიკავშირდნენ ზუსტად ამ კოლეჯიდან და მათთან სწავლა შემომთავაზეს. იმდენად არ დავიჯერე და იმდენად არ იყო მაშინ სწავლის შესაძლებლობები ჩვენთვის, რომ არც ვუპასუხე თავიდან. თავადვე მომწერეს უფრო მეტი ინფორმაცია და მერე აღვიქვი სერიოზულად. სწავლა რომ დავიწყე, ფიზიკურად ვიყავი ძალიან მძიმედ იმიტომ, რომ ოპერაციები კიდევ მჭირდებოდა, თან მაშინ ეს სადაზღვევოებიც არ იყო, როგორც დღესაა და ჩვენ როგორ აღგვიქვამდნენ იცი, რომ სახლში უნდა იწვე. მაგალითად, გამიგია საავადმყოფოს დერეფანში ექიმი როგორ ეუბნებოდა მამაჩემს, „ხო კვდება და წაიყვანეთ“, ანუ მწოლიარე რომ ვიყავი და მძიმედ, არ უნდოდათ სამედიცინო დახმარების გაწევა. სახლის პირობებში მიწევდა ბევრი რამის მკურნალობა, ჩემი მშობლები გახდნენ ჩემი ექიმები. ვიყავი ძალიან მძიმედ, მაგრამ სწავლა რომ დავიწყე და ყოველდღე მიწევდა გასვლა, დილით ადგომა, სწავლა… რაღაც პასუხისმგებლობა რომ გაგაჩნია, ფსიქოლოგიურად ძალიან დამეხმარა ეს. ეს აისახა ჩემს ჯანმრთელობაზეც და მალევე ოპერაციაც გავიკეთე, ანუ მდგომარეობა გახდა სტაბილური. კომპიუტერული ქსელისა და სისტემების ტექნიკოსი ვარ, ასევე, ვებ-დიზაინიც ვიცი და ამავე პროფესიით ვმუშაობდი.

მე პარალელურად ვმუშაობ ჩემი სხეულის აღდგენაზე, რომ მაქსიმალურად გამოვჯანმრთელდე. არ მაქვს ფარ-ხმალი დაყრილი და არც წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ცოტა მაინც შევძლო სიარული. ამიტომ, კოლეჯის დამთავრების შემდეგ, მინდოდა აქტიურად მევარჯიშა და ზუსტად ამ პერიოდში შევხვდი პარა-სპორტის განვითარების ცენტრის დარბაზის დირექტორს ერთ-ერთ გადაცემაში, სადაც განათლების საკითხებზე სასაუბროდ ვიყავი. მან შემომთავაზა მეფარიკავა, რადგან სჭირდებოდა სპორტსმენი იგივე დაზიანებებით, რაც მე მაქვს. ასეთი ტრავმით ფარიკაობა არის ურთულესი და პირველ დღეს რომ დავიწყე ვარჯიში, ხელს ძალას ვერ ვატანდი და აქ ჩხვლეტაზე, ან მუზარადის ტარებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. ნელ-ნელა მივაღწიე იმას, რომ დღესდღეობით ვარ ძალიან სტაბილურად, წონაშიც მოვიმატე და ეს კარგია, რადგან ატროფირებული იყო ჩემი სხეული. დღეს უკვე ვარ მსოფლიოს და ევროპის პრიზიორი. ფარიკაობა მოთხოვნას იწვევს, როგორც კარგი მუსიკის მოსმენა. თან ხელოვნებასთან ასოცირდება და ინტელექტუალური სპორტია. მერე დავფიქრდი, რომ ძალიან ბევრის რესურსი აღმოვაჩინე ჩემში ტრამვის მერე, თან ახლა უფრო ზუსტად ვხვდები რა მჭირდება, ადრე არეული ვიყავი.

რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას, მყავს მეუღლე, რომელთან ერთადაც მეორე წელია სრულიად დამოუკიდებლად ვცხოვრობ. მინდა ბავშვიც გავაჩინო, ეს ფიზიკურადაც შესაძლებელია ჩემთვის, მაგრამ პირველ რიგში, უნდა შევქმნა პირობები. დღესაც მთავარი პრობლემა არის არაადაპტირებული გარემო, განსაკუთრებით ძველ კორპუსებში. ჩვენ ნაქირავებში ვცხოვრობთ და ბინა ვერ ვიპოვეთ პირველ სართულზე ჩემს დარბაზთან ახლოს. ჩემს ქმარს წელი სწყდება ყოველ დღე. წარმოიდგინეთ, ამ სიმაღლე ვარ და ყოველ დღე ხელით მატარებს, მეორე სართულიდან ავყავარ და ჩამოვყავარ – დამსვამს ლოგინზე, ჩაიყვანს ეტლს, მერე ჩამიყვანს მე და უკანაც ანალოგიურად.

მინდოდა შემეძინა ბინა ახალაშენებულ კორპუსში, რომელიც მეტ-ნაკლებად უფრო ადაპტირებულია უკვე. თან მე მაინც ვიხდი საკმაო თანხას ქირაში ყოველთვე. განვადებით მინდოდა და წინასწარი შენატანის გარეშე არც ერთმა კომპანიამ არ გამიკეთა. მაგალითად, ერთ-ერთ კომპანიაში მე საერთოდ არ მომაქციეს ყურადღება, მერე ჩემი ახლობელი დაუკავშირდა და შეთანხმდნენ, რომ გამიკეთებდნენ შეღავათს, ანუ წინასწარი შენატანის გარეშე, მაგრამ იქნებოდა 20 წლიანი სესხი და ძალიან მაღალი პროცენტი უწევდა. ამაზეც თანახმა ვიყავი, რადგან დიდი პრობლემაა ჩემთვის არაადაპტირებულ კორპუსში ცხოვრება. უკვე ვემზადებოდი აქტიურად, ყვავილებიც კი დავრგე იმ ბინაში გადასასვლელად, რომელიც დამათვალიერებინეს და რაღაც პერიოდის მერე მირაკავენ, რომ ბანკმა გითხრათ უარი სესხზეო. მას მერე ყველა სამშენებლო კომპანიას მივწერე, ყველას ვუხსნი ჩემს მდგომარეობას და ვთხოვ შეღავათიან პირობებს, მაგრამ ზოგი საერთოდ არ მიბრუნებს პასუხს, ზოგი კი პეუბნება, რომ აუცილებელია ოფისში მივიდე, მიუხედავად იმისა, ვეუბნები, რომ ვარ ეტლით მოსარგებლე.

იცი რა, პრობლემები ბევრია, მაგრამ მაინც მჯერა, რომ თუ პოზიტიურად უყურებ სამყაროს, სარკისებურად იგივეს მიიღებ.”