თამარ კორძაია, თბილისი
„ბუნებრივი პროტესტი აკრძალვების მიმართ მუდმივად მქონდა, მაგრამ ამას სქესის გამო ჩაგვრის სახელი მოგვიანებით დავარქვი, როცა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გავხდი. ჯერ კიდევ პატარაობაში ვხვდებოდი, რომ ჩემი ძმა ბევრად უფრო მომგებიან მდგომარეობაში იყო, ვიდრე მე. ბევრი ძალისხმევის შედეგად მომიწია ამერჩია ის პროფესია, რაც მინდოდა; თან მესწავლა და თან ორი მცირეწლოვანი ბავშვისთვის მიმეხედა; ჩამეცვა ის, რაც მინდოდა, რომ მცმოდა; პასუხი მეგო იმისთვის, რომ პირველი ოჯახი ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დამენგრა … იმისთვისაც, რომ ახლა მეორე ქორწინებაში ვარ…
2013 წლის გაზაფხულზე, როცა მივედი საარჩევნო შტაბში, მაშინ დავიწყე იმის გააზრება, რომ ქალის ჩაგვრა სისტემური პრობლემაა. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა ჩემი მეორე ქორწინება. ვგრძნობდი, რომ აჩრდილივით დამყვებოდა ეს ამბავი და ისიც ნათელი იყო, ჩემს კარიერაში როგორ იყენებდნენ ამას ჩემს საწინააღმდეგოდ. პირდაპირი ზეწოლა იყო იმაზე, რომ ეკლესიაში აუცილებლად მეარა… მიკონტროლებდნენ რა ჩამეცვა, როგორი ფეხსაცმელი უნდა ყოფილიყო ჩემი არჩევანი…
ერთადერთი ქალი მაჟორიტარი კანდიდატი ვიყავი ნაძალადევის რაიონში და გულწრფელად ვამბობ, რომ ვაკვირდებოდი, არც ერთ ჩემს კაც კოლეგას მსგავსი პრობლემა არ შეხვედრია. უნდა ითქვას, რომ როდესაც ამ დეტალებს ქალების უფლებების თემას ვუკავშირებდი, ეს სისულელედ მიაჩნდათ, რა შუაშია ქალთა უფლებებიო, მაგრამ თუ კომპლექსურად შეხედავ, ეს ქალისთვის ჯოჯოხეთია.
მახსოვს პირველი ჩემი მისვლა პარლამენტში, როდესაც ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ხმამაღალი რეპლიკა თქვა – ძლივს არ ეღირსა ამ კოალიციას ლამაზი ქალიო. თავი, როგორც არა მოაზროვნე ადამიანად ვიგრძენი, არამედ, როგორც შესამკობელ ატრიბუტად. სხვათა შორის მსგავსი დამოკიდებულება არაერთხელ მიგრძვნია, როცა მაგალითად, ტელედებატებიდან გამოსულს მირეკავენ და მეუბნებიან, როგორ კარგად გამოვიყურებოდი და არა იმას, თუ რა ვისაუბრე. ჩემი ხედვები ცოტას თუ ახსოვს.
სქესის ნიშნით განცდილი უსამართლობა ეს არის ტკივილი ქალის გულში. და თუ ამ ტკივილს არ დამალავ, არამედ აღიარებ და ამაზე ხმამაღლა ისაუბრებ, აქიდან იწყება ბრძოლა თანასწორობისთვის. ჩემი პარლამენტში საქმიანობის განმავლობაში წამოვაყენე არაერთი ინიციატივა სექსუალური შევიწროებისა და ფემიციდის კანონპროექტის ფარგლებში. ორივე კანონპროექტს მოყვა ირაციონალური შიში კაცი კოლეგების მხრიდან. დისკუსიების დროს ხმამაღლა ამბობდნენ, რომ რა დროს ეს საკითხებია, როცა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი სოციალიაური თემა არის მოსაგვარებელი. მიაჩნდათ, რომ დიახ, ნორმაა ის, რომ ქალს უნდა სიამოვნებდეს კაცის მხრიდან დომინაცია და იმის აღიარება, რომ ქალი კაცისთვის სასურველია.. დიახ, ქალი ოჯახში დაქვემდებარებული ობიექტია და კაცის სიცოცხლე შეიძლება უფრო ღირებულიც კი იყოს… ძალიან ხშირად მითქვამს, ბატონებო, მე თამარ კორძაია ვარ, ქალი, რომელსაც ეს ყველაფერი საკუთარ ტყავზე უგრძვნია და მე ეს მტკივა. პასუხად კი ვისმენდი: „არა, შენ თამარი არ ხარ და შენ ეს არ გტკივა. ჩვენ უკეთ ვიცით, რა ჭირდებათ ქალებს“… ამიტომაა, რომ ქალების ფემიციდის წინააღმდეგ კანონპროექტის მოსმენა ჯერაც არ ჩანიშნულა. არადა ეს კანონპროექტი რადიკალურად შეცვლის ძალადობის მსხვერპლი ქალების ცხოვრებას.
როცა უკვე აქტიურ პოლიტიკაში ხარ, როგორც ქალს კიდევ უფრო მეტი წინააღმდეგობების გადალახვა გიწევს. მიუხედავად იმისა, რომ მოვლენების ეპიცენტრში ვიყავი, სულ მუდმივად მქონდა იმის განცდა, რომ ჩემი გვერდზე „ჩაჩოჩება“ უნდოდათ. აი, მაგალითად, ვართ რეგიონში და კაცები სპონტანურად გადაწყვეტენ რესტორანში წასვლას. როგორც წესი, ქალ კოლეგას იქ არასდროს გეძახიან. თვლიან, რომ ქალისთვის მიუღებელი იქნება კაცის გარემოცვაში შუაღამით რეგიონში რესტორანში დაპატიჟება. ამ დროს კი, იქ, შესაძლოა მნიშვნელოვანი თემები წამოიჭრას და გადაწყვეტილებებიც იქნას მიღებული, შენ კი, ქალი, ავტომატურად გამოთიშული ხარ ამ პროცესს, მაშინაც კი, როცა ე.წ. გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე ხარ.
ვფიქრობ, ქალებს მეტი სოლიდარობა გვაქვს, რადგან ჩაგვრა გვაერთიანებს. მაგრამ ქალებს პრობლემა აქვთ პატრიარქალურ იარარქიასთან. ქალებისთვის უმნიშვნელოვანესია ვაღიაროთ საკუთარი უნიკალურობა და ის, რომ ერთხელ მაინც (თუ არა მეტჯერ) განგვიცდია უთანასწორობა სისტემასთან სწორედ გენდერული ნიშნით. ამაზე ქალებმა ჯერ ერთმანეთთან უნდა ვისაუბროთ და მერე საჯაროდ. ძალიან შორს ვარ იმ აზრიდან, რომ ქალებს ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ უგრძვნიათ თავი დამცირებულად, დაჩაგრულად და ნაკლულ ადამიანად. ამიტომ თუ ამას თითოეული ქალი გავიაზრებთ და პირველ რიგში ერთმანეთთან ვიქნებით გულწრფელები და შემდეგ კაცებთან, ჩვენ აუცილებლად გავერთიანდებით სოციალური ცვლილებებისთვის.
ხმამაღლა ვამბობ, რომ თანაბარი გარემო არ არსებობს. სწორედ იმის არ აღიარება, რომ თანაბარი პირობები არ არსებობს, ნიშნავს იმას, რომ მოვლენებს უთანასწოროდ ხედავ. ეს არის იმის აღიარებაც, რომ სიძლიერის ერთადერთი საზომი კაცის მდგომარეობაა, რომელსაც, იმიტომ რომ კაცია, წილად ხვდა იყოს მეტად თავისუფალი საზოგადო საქმეში. იმაზე მეტი სისასტიკე და ძალადობა არ არსებობს, ვიდრე თქვა, რომ ქალიც კაცის თამასის მიხედვით შეფასდეს, რადგან, სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში ქალის წარმატება შვილების გაზრდით და მეოჯახეობით, მისი გარეგნობით ფასდება. ქალს ბავშობიდანვე არ აქვს თანაბარი გარემო კაცთან მიმართებაში: აკონტროლებენ მის ქცევას, მის სექსუალობას, მის არჩევანს. ამიტომ, ჩვენ ქალები თუ გავერთიანდებით და ერთმანეთს შევუწყობთ ხელს, იმხელა რესურსს აღმოვაჩენთ საკუთარ თავში, რომ ცვლილება, ჩვენიდან დაიწყება.“