ნატალია ბერიძე, 39 წლის, თბილისი

მუსიკის გზაზე

„პროფესიით მუსიკოსი ვარ, თუმცა მუსიკალური განათლება არასდროს მიმიღია. მახსენდება სულ რაღაც 2-3 წელი, როცა მუსიკალურ ათწლედში დავდიოდი და ძალიან ვწვალობდი. სამაგისტრო განათლება ჟურნალისტიკასა და საჯარო ადმინისტრირებაში მაქვს მიღებული, თუმცა ამ კუთხით არასდროს მიმუშავია.

მუსიკასთან მთელი ცხოვრება მაქვს შეხება, უბრალოდ არაფორმალურად. ყველა მელომანი იყო ოჯახში. მამა, პროფესიით არქიტექტორი, ფანტასტიურად უკრავდა ჯაზს. მამიდაჩემი, ფორტეპიანოს მასწავლებელი იყო და მთელი ბავშვობა მისი როიალის ქვეშ ვიჯექი, ვუსმენდი, როცა მოსწავლეები ყავდა.

ბავშვობიდან ვცდილობდი როიალზე ჩემი მუსიკა შემეთხზა. ერთხელ სოლფეჯიოს გამოცდა ასე ჩავაბარე, კარნახს ვერ დავწერდი, რადგან თეორიული ცოდნა არ მქონდა და მოვიფიქრე ჯაზ-მელოდია, რის გამოც ნიშანი დამიწერეს. თუმცა არასდროს მიფიქრია, რომ გავხდებოდი კომპოზიტორი.

მთელი ცხოვრება მიმართლებდა. გამიმართლა, რომ იმ 90-იანი წლების საქართველოს არტისტულ დაჯგუფებაში – გოსლაბში – მოვხვდი. ეს იყო ერთგვარი მულტიდისციპლინარული მოძრაობა, რომელიც აერთიანებდა მუსიკას, მხატვრობას, ვიდეო ფროდაქშენს და ამავდროულად ჰქონდა რევოლუციური იდეოლოგია, რომელიც კოსმოპოლიტურ იდეებს ეფუძნებოდა.

თინეიჯერი ვიყავი, როცა გოსლაბში მოვხვდი ჩემი დის კონტაქტების მეშვეობით და ერთადერთი, ვინც ინგლისურად წერდა. ვწერდი ცოტა ფილოსოფიურ ტექსტებს, რომლის მეშვეობითაც საზღვარგარეთ გაიცნო ხალხმა არტისტების ეს დაჯგუფება. ახლანდელი გადმოსახედიდან ცოტა სასაცილოდ მეჩვენება ეს ტექსტები, ხანდახან ვფიქრობ, ნეტა რამ დამაწერინა… მაგრამ იმ პერიოდში ეს იყო ჩვენი გადარჩენის კუნძული.

ზუსტად გოსლაბში ჩაეყარა საფუძველი პირველ ქართულ ელექტრონულ მუსიკას. პირველი ნიკა მაჩაიძე იყო, ვინც ელექტრონული მუსიკის კეთება დაიწყო თუმცა 2001 წელს, როცა ნიკა ევროპულ ტურნეში წავიდა და კომპიუტერი დატოვა, მე დავიწყე ჩემი მუსიკის შექმნა და მის კომპიუტერში ვამუშავებდი კომპოზიციებს. აღმოჩნდა, რომ ჩემი შექმნილი მუსიკა ყველას მოეწონა და ამ საქმითაც სერიოზულად დავინტერესდი. ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი ოჯახი იყო პირველი, ვინც მხარი დამიჭირა და ჩემი დიპლომების პრაქტიკული გამოყენების მოთხოვნით არ შემაწუხა.

ვთვლი, რომ ყველაფერში გამიმართლა. მას მერე, რაც მუსიკის წერა დავიწყე, 1 წელიწადში იმდენი თრექი დავაგროვე, რომ 1 ალბომს ეყოფოდა. 2002 წელს მეგობრის მეგობარი, რომელიც გერმანელი იყო და მუსიკის ინდუსტრიაში მოღვაწეობდა, შემთხვევით მოხვდა ჩემს სახლში. Do you wanna record deal? – მკითხა და წარმოიდგინეთ, არც გავნძრეულვარ, არც მინერვიულია, ფოსტაშიც კი არ მივსულვარ, რომ დისკი გამეგზავნა, ისე აღმოვჩნდი გერმანიაში და ჩავწერე დისკი, რაშიც პირველი ანაზღაურება ავიღე. მას მერე 6 წელი გერმანიაში ვმოღვაწეობდი, ვუშვებდი ალბომებს, ვაწყობდი ტურნეებს. იმ სამყაროს წიაღში აღმოვჩნდი, რომელსაც შორიდან ვეთაყვანებოდი. უშუალოდ მიწევდა მუშაობა იმ ხალხთან, ვისაც ვუსმენდი და ვისზეც ვაფანატებდი.“

საქართველოში: მუსიკას არ აქვს გენდერი

ზოგადად არის ტენდენცია, რომ ქალებს ვისაც მუსიკის კეთება უნდათ, დაბალი თვითშეფასება აქვთ და ეშინიათ ამაზე საჯაროდ საუბარი. უმეტესად ეს მათი ოჯახების „დამსახურებაა“, რომლებიც ან სერიოზულად არ უყურებენ მათ საქმიანობას ან უყურებენ როგორც ჰობის.

როგორც ქალს, ოჯახის მხრიდან არანაირი შეზღუდვები და აკრძალვები არ მქონია, თუმცა ჩემი პირველი კომპოზიტორობის მიმართ სერიოზული დაინტერესების შემდეგ ბევრი სექსისტური დამოკიდებულება შევნიშნე, რაც ქალს, სუპერ-მასკულინურ სფეროში მოღვაწეობის გზაზე შეიძლება შეხვდეს. პირველი, რაც უხეშად მომხვდა, ეს იყო კაცების მხრიდან პატერნალისტურ-მენტორული დამოკიდებულება – აი, შენ კარგ მუსიკას აკეთებ, მაგრამ მაინც გჭირდება დახმარება და მიმართულების განსაზღვრა.

დღესაც, როცა უკვე პროფესიონალ კომპოზიტორად შევდექი, მუსიკა ჩემი საყრდენი გახდა, მაინც გონიათ, რომ მუსიკა ჩემი ჰობია და არა პროფესია. და ეს შეუძლიათ სახეში მითხრან. ეს არის სექსიზმი, ეს არის უნდობლობა ქალის მიმართ, ქალის რომელიც პროფესიონალი გახდა მასკულინური სფეროში. გიჟდებიან ჩემს მუსიკაზე, უსმენენ ჩემს თრექებს, მაგრამ როდესაც საქმე საქმეზე მივა, რომ შეკვეთა გააკეთონ, აუცილებლად ნიკას შეუკვეთავენ და არა მე.

მახსოვს, ერთხელ თეატრისთვის მუსიკა და ვიდეო შეგვიკვეთეს – მე მუსიკას ვაკეთებდი, ნიკა ვიდეოზე იყო პასუხისმგებელი. როცა ონლაინ აფიშა დადეს, კომპოზიტორებში ეწერა ნიკა მაჩაიძე და ნატალია ბერიძე.

სხვათაშორის ქალი კომპოზიტორების აღიარების პრობლემა გერმანიაშიც მწვავედ დგას. ჩემი ლეიბლი, რომლის ფარგლებშიც ვუშვებ ალბომებს, გუდრუნ გუთის სახელობის ფემინისტური ლეიბლია და ქალ არტისტებს უწყობს ხელს. საპანელო დისკუსიებში ყოველთვის დგას პრობლემა, რომ მუსიკის შექმნის სფეროში 95% კაცია და ქალები არ ჩანან. მახსოვს ერთხელ გამოვუშვი ალბომი და რეცენზიებში ყველგან კომპოზიტორად ჩემი პირველი ქმრის სახელი და გვარი ეწერა. აქ ორი პრობლემა დავინახე, ჯერ ერთი რომ ვერ დაიჯერეს ეს მუსიკა ქალის დაწერილი თუ იქნებოდა და მეორეც, ჩემი ყოფილი ქმარი აღიარებული არტისტი იყო და პოპულარიზაციისთვისაც მიაწერეს მის სახელს ჩემი ალბომი.

ჩემი ქმარი ხშირად აწყდება ისეთ სიტუაციებს, როცა მე ვუკრავ და ის მსმენელია. თუმცა გვერდით მჯდომი უცებ მიუბრუნდება და ეტყვის, აი, რა მაგრები ხართო. ნიკა ყოველთვის უსწორებს მრავლობით რიცხვს და უხსნის, რომ ეს მუსიკა ჩემი შექმნილია და კრედიტებიც მე მეკუთვნის. მუსიკალური ინდუსტრია თავისი არსით სექსისტურია და კაცებით დომინირებული. გარდა პოპ-ინდუსტრიისა, სადაც რიცხობრივად ქალები ჭარბობენ, თუმცა ისინი სექს-ობიექტებად არიან პოზიციონირებულები და მიდის მათი ჩაგვრა. სერიოზული მუსიკა, სადაც იწერება კომპოზიციები, არის მასკულინური და ქალი რთულად აღიქმება. ხომ გითხარით, რომ მე ოჯახმა ისე გამზარდა და იმხელა ძალა და თვითრწმენა მომცა, რომ მე პირადად ამ პრობლემას არ ვუყურებ მტკივნეულად. თუმცა გარემოა მტკივნეული, მტკივნეულია ის, რომ ფულს ვერ გაკეთებ ამ პროფესიით ისევ იმის გამო, რომ არ აღმიქვამენ კომერციულ კომპოზიტორად. ამიტომ ვალდებული ვარ, რომ ჩემს კოლეგებს, ქალებს საქართველოში ხელი შევუწყო.

მუსიკალური სკოლა, სადაც ვასწავლი ელექტრონულ-აკუსტიკურ მუსიკას, არის ერთგვარი მინი მოდელი დღევანდელი სექსისტური კულტურისა. მიუხედავად იმისა, რომ ფანტასტიური გოგოები სწავლობენ, მათ აქვთ სხვანაირი თავდაუჯერებლობა, რომელიც მაგალითად არ აქვს ბიჭს. ბიჭს შეუძლია სრულიად დებილობა მოიტანოს და მომასმენინოს, მხოლოდ იმიტომ რომ თვლის რომ მისი დრო არის და ეკუთვნის ეს. გოგო აუცილებლად დაფიქრდება, ან ვერ გაბედავს, სრულიად უნიკალური კომპოზიციის შემთხვევაშიც. სულ მაგას ვუჩიჩინებ, რომ მუსიკას არ აქვს გენდერი, გენდერგარეშეა, ამორფულია, არც გენდერი აქვს, არც მორალი, არც ნაციონალობა და გამოვიყენოთ ეს, სანამ ამ საოცრებაში ვართ, გამოვიყენოთ ეს უპირობობა დარგის და ნუ ვიქნებით შეზღუდულები.

საქართველოში ბევრი უნიჭიერესი და პერსპექტიული გოგო კომპოზიტორი გვყავს. მაგრამ როგორც ვთქვი, დაბალი თვითშეფასების გამო, ამ გოგოებს ეშინიათ ლაივების დაკვრის. მათი მთავარი მოტივატორი იქნება, თუ ხელს შევუწყობთ და დავეხმარებით ამ სტეროტიპული ბარიერის გადალახვაში.

ამიტომ ახლა თქვნი მეშვეობით სიამაყით დავაანონსებ, რომ CES-ის კრეატიულ სკოლასთან ერთად და ნათია სართანიას მხარდაჭერით, ყალიბდება CES Records, რომლის პირველი დისკი, მხოლოდ ქართველი ქალი კომპოზიტორების მუსიკისგან იქნება შექმნილი. ვაპირებთ ამ ალბომის ევროპაში პოპულარიზაციას. ეს იქნება რევოლუცია ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში და მჯერა, რომ მეტი თვითდაჯერებული ქართველი პროდუსერი ქალი იქნება საქართველოში, ვიდრე სხვა ქვეყანაში.“

ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: ნინა ბაიდაური