ია თავდიშვილი, 31 წლის, სოფელი გურიანთა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

“სოფელ გურიანთაში, ქმართან და სამ შვილთან ერთად ვცხოვრობ. ძალიან პატარა, 18 წლის გავთხოვდი, მაგრამ გამიმართლა – ძალიან კარგი ოჯახი მყავს. თავიდან, 7-8 წელი, სახლში ვიჯექი, არაფერს ვაკეთებდი, მაგრამ ბავშვები რომ წამოვზარდე, მომინდა, ჩემი საქმე მქონოდა და ბიზნესით დავკავებულიყავი. დედაჩემისგან კერვა ვისწავლე, საკერავ მანქანას მივუჯექი და აღმოჩნდა, რომ ძალიან კარგადაც გამომდიოდა. ორ-სამ თვეში, ჩემი ატელიეც გავხსენი და ახლა ვხუმრობ ხოლმე, ჯერ ატელიე გავხსენი და კერვა მერე ვისწავლე-მეთქი, ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ვიყავი. ატელიე ოზურგეთში გავხსენი და ერთი – საბავშვო ხაზი ავიღე. კერვა ბევრ მიმართულებას მოიცავს და მინდოდა, ერთი მიმართულებით ვყოფილიყავი პროფესიონალი. დღემდე მხოლოდ საბავშვო ტანსაცმელს ვკერავ და ძალიან კარგად მუშაობს. ამ პროცესში გავიცანი ერთი გოგო, ანა მასლოვა, რომელმაც სოციალური მედიისა და პროგრამირების ტრენინგის სარეგისტრაციო ბმული გამომიგზავნა და მითხრა, იქნებ, დაგაინტერესოს, შენი ბიზნესისთვისაც კარგი იქნებაო. მისი ძალიან მადლობელი ვარ, რადგან ჩემით ამ ინფორმაციას ვერასდროს ვიპოვიდი – დღე და ღამე საკერავ მანქანასთან ვიჯექი, ვჭრიდი და ვკერავდი. სარეგისტრაცო ფორმა შევავსე, გავაგზავნე და უარი მომივიდა. გული კი დამწყდა, მაგრამ ვიფიქრე, ჩემი ბედი არ ყოფილა-მეთქი. რამდენიმე დღეში პროექტის ტრენერმა, ხათუნა რუსიეშვილმა დამირეკა, ერთი მონაწილე ვერ ახერხებს დასწრებას, რეზერვში იყავით და თუ სურვილი გაქვთ, მოდითო. კაბას ვჭრიდი და სიხარულისგან, მაკრატელი ხელიდან გამივარდა, რას ჰქვია, არ მოვალ-მეთქი?! რა თქმა უნდა, ჩავერთე, ქმარსაც შევუთანხმდი, მას სულ ასეთი დამოკიდებულება აქვს – „თუ რამე გინდა გააკეთე, მე შენ გვერდით ვარ.“
ტრენინგებზე ოთხი თვის მანძილზე უნდა მევლო, მათ შორის, თბილისშიც. ჩემი მაკრატელი დროებით გვერდით გადავდე და ამ საქმეს შევუდექი. თუ რამეს ვაკეთებ, ყოველთვის მთელ გულსა და სულს იმაში ვდებ და აქაც მთელი ძალებითა და გონებით ვიყავი ჩართული. იმ პერიოდში შეკვეთები მქონდა აღებული და დედაჩემი დამეხმარა – თარგებს ჭრიდა და ჩემი სამკერვალოს გოგოები კერავდნენ. ბავშვები ჩემმა ქმარმა და მამამთილმა დაიტოვეს. რადგან კომპიუტერი გამიფუჭდა, ქმარმა ახალი კომპიუტერიც მომიტანა, ეს კომპიუტერი ჩამაბარა და თვითონ ბავშვები ჩაიბარა. მერეც, როცა სამკერვალოდან მოვდიოდი და სამეცადინოდ ვჯდებოდი ხოლმე, ბავშვებს ეუბნებოდა, გამოდით, დედას ხელს ნუ უშლითო.
სწავლის პროცესი ძალიან საინტერესო იყო. მოთხოვნილება მქონდა, რომ სულ მემეცადინა. მანამდე ფეისბუქის გვერდის შექმნაც კი არ ვიცოდი, პირადი პროფილი ბიზნეს გვერდად მქონდა გაკეთებული. პირველ რიგში, ჩემი ბიზნესისთვის საუკეთესო რაც გავაკეთე, ის იყო, რომ გვერდი გავაკეთე – ვისწავლე რეკლამირება, ავტომოპასუხის ჩართვა, პარამეტრების გასწორება და ა.შ. თავიდან, ცოტა შემეშინდა, ამ ამბავში როგორ გადავბარგდე-მეთქი, მაგრამ დავიწყე და ღამის ოთხ საათამდე არ ავმდგარვარ, კომპიუტერთან ვიჯექი და დილით უკვე ჩემი ბიზნესის გვერდი მქონდა. ოზურგეთს მართლა საოცარი გუნდი ჰყავდა, გოგოები ისე ვეხმარებოდით ერთმანეთს, ღამეები არ გვეძინა, ჩვენი ჩატი სულ ენთო. ისეთ რაღაცებსაც ვპოულობდით და ვაკეთებდით, ნასწავლი რომ არ გვქონდა.
ტრენინგების დასრულების შემდეგაც სასწაულები მოხდა – ვიცოდით, რომ ტრენინგის დასრულების შემდეგ, სერტიფიკატი უნდა აგვეღო, მერე სტაჟირებაც დაგვიმატეს. იმ ორმოც საუკეთესო მონაწილეს შორის მოვხვდი, რომლებმაც ძალიან კარგ კომპანიებში გავიარეთ სტაჟირება. მე “ლინგვინგში” მოვხვდი, რომელიც ძალიან ინოვაციური და პერსპექტიული კომპანიაა, საოცრად თბილი გუნდით. აქ სტაჟირება სოციალური მედიის განხრით გავიარე. სტაჟირება რომ დასრულდა, მადლობა გადავუხადე და ვუთხარი, გული ძალიან მწყდება, რომ გემშვიდობებით-მეთქი. არ გვემშვიდობები, ჩვენთან რჩებიო, მითხრეს. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასე მოხდებოდა, როგორც წესი, კომპანიებს ურჩევნიათ, რომ თანამშრომელი ადგილზე ჰყავდეთ, მაგრამ უკვე წელიწადზე მეტია, აქ ვმუშაობ.
სტაჟირება რომ დასრულდა, გვითხრეს, რომ სამი საუკეთესო მონაწილე, ლისაბონში, ვებ სამიტზე წავიდოდა. ეს იყო ყველაზე დიდი ტექნოლოგიური სამიტი, რომელსაც მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ესწრებოდნენ სხვადასხვა კომპანიების IT წარმომადგენლები. ამ სამეულშიც მოვხვდი და ამას ჩემით მივაღწიე, შრომა დამიფასდა. ლისაბონში საოცარი რვა დღე გავატარეთ, სად არ ვიყავით – ტექნოლოგიური მუზეუმი ვნახეთ, უახლესი გამოგონებები… ყველა კუთხე-კუნჭული მოვიარეთ. ყველა შანსი გამოვიყენეთ, რომლის გამოყენებაც შეიძლებოდა, კავშირები, ცოდნა შევიძინეთ. ასევე, დავესწარი ანა ვაინერის მიერ ჩატარებულ ვორკშოფს “I am remarkable”. ეს ვოკშოფი იმდენად მომეწონა, რომ ჩამოვედი, ონლაინ ტრენინგი გავიარე და ფასილიტატორი გავხდი. ლისაბონიდან რომ ჩამოვედი, ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარე. ეს არის ყველაზე მაგარი – როცა რაღაცას სწავლობ და მერე სხვებსაც უზიარებ, ეხმარები და ასწავლი, ეს ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებს. ამ ყველაფერმა გამზარდა, ტექნოლოგიებში ყველაფერი ნულიდან დავიწყე, დღეს უკვე ბევრი რამე ვიცი და კიდევ იმდენი მაქვს სასწავლი… ეს ამოუწურავი თემაა. რაც ბიზნეს გვერდი გავაკეთე, ჩემი შემოსავალი სამჯერ გაიზარდა, იქამდე თუ მხოლოდ ოზურგეთს ვემსახურებოდი, უკვე სხვადასხვა კუთხეებიდანაც მაქვს შეკვეთები.
სტერეოტიპული დამოკიდებულებები არავისგან მიგრძვნია, მაგრამ ასეთი ცუდი შემთხვევაც მოხდა – ერთ-ერთი ძალიან ნიჭიერი გოგო ტრენინგზე ქმარმა არ გამოუშვა, ეს ყოველთვის ხინჯად მექნება გულში. ერთხელ ჩვენმა თანამონაწილე გოგომ მანქანით წაიყვანა სახლში და სახლამდეც არ მიაყვანინა თავი, ჩემი ქმარი იეჭვიანებსო. საბოლოოდ, მიატოვებინა ტრენინგი და სულ ვფიქრობ, რომ შეიძლება, იმ გოგოს ჩემზე და სხვებზე მეტიც შეეძლო და ამ ნიჭის რეალიზება ვერ შეძლო.
ერთი პერიოდი კომპლექსი მქონდა, რომ უნივერსიტეტი არ მქონდა დამთავრებული და უდიპლომო ვიყავი. მერე მივხვდი, რომ ეს ქაღალდი არაფერს ნიშნავს. მთავარია, მუდმივად გინდოდეს, რომ ისწავლო. საკუთარ თავს რომ იმ სფეროში აღმოაჩენ, მანამდე რომ ვერ წარმოგედგინა, ძალიან დიდი ბედნიერებაა. გოგოებს ვურჩევ, რომ არ დანებდნენ, თუ რამე არ გამოუვათ, კიდევ სცადონ. თუ ფიქრობენ, რომ ეს ისაა, რაც მათ სჭირდებათ და უნდათ, ყველაფერი გააკეთონ ამ მიზნის მისაღწევად.”
ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: რეზო კვაჭაძე / გედა დარჩია
”ია თავდიშვილი იყო “სოციალური მედიის მარკეტინგისა და ვებპროგრამირების” 2019 წელს ჩატარებული სასწავლო პროგრამის 124 მონაწილიდან ერთ-ერთი. ტრენინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ნაწილია, რომელიც დაფინანსდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ისტორიაში გამოთქმული შეხედულებები წარმოადგენს ავტორის (ავტორების) მოსაზრებებს და არ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაეროს ან მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების შეხედულებებს.“
UN Women Georgia
gorabet.site -
altinclubcasino.com
-

royalbetsclub.com