ლელა ხარშილაძე, 38 წლის, მარნეული

მე მეშვიდე, ყველაზე პატარა შვილი ვარ ოჯახში. ჩემი ერთ-ერთი და 21 წლით დიდია ჩემზე. ის და დედაჩემი ერთდროულად იყვნენ ორსულად. მერე ჩემი და მიყვებოდა ხოლმე, რომ თავიდან ვბრაზდებოდი, მეც ორსულად რომ ვიყავი და დედაცო, მაგრამ დავიბადე მე და მომყვა ჩემი დის შვილი…

ოცნებები ფეხბურთელობასა და ისტორიკოსობაზე
—————————————————————————————————————
ჩემზე 4 წლით უფროსი ძმა მყავს, რომლესაც ძალიან უყვარდა ფეხბურთი. პატარების ამბავი როგორც არის, ხომ იცით?! სულ უფროს ძმასთან ერთად დავდიოდი და მასაც, სხვა რომ არავინ ყავდა ხოლმე, მე მაყენებდა კარში და მეთამაშებოდა. ასე ვისწავლე კარგად ფეხბურთის თამაში…

პატარების გუნდი ჯერ არ არსებობდა მარნეულში და ზუსტად მაშინ გაიხსნა ბიჭების გუნდი. მე სახლში მომაკითხეს, რადგან გაიგეს კარგად ვთამაშობდი. ერთადერთი გოგო ვიყავი 17 ბიჭს შორის. ცაცია ვარ და მარცხენა თავდამსხმელად ვთამაშობდი 11 წელი. ფიზიკურად ძლიერი ვიყავი და რა დატვირთვითაც ბიჭები ვარჯიშობდნენ, ზუსტად ისე ვვარჯიშობდი მეც. ყველა შეჯიბრზე დავდიოდი. არასოდეს დავუტოვებივარ იმის გამო, რომ გოგო ვარ და ბიჭების გუნდებს უნდა ეთამაშათ. ერთადერთი, სხვა გუნდის წევრებს შეიძლებოდა გაკვირვებოდათ ჩემი ყოფნა ბიჭების გუნდში. მახსოვს, მასწავლებელი რომ გვაჯიბრებდა ხოლმე ბურთის 50-ჯერ „აკენწვლაში“, პირველი, ძირითადად, მე ვაკეთებდი ხოლმე და მწვრთნელს სულ მოვყავდი, როგორც მაგალითი, გუნდის წევრ ბიჭებთან.

მამაჩემს და დედაჩემს არ გაუპროტესტებიათ ჩემი ფეხბურთზე მისვლა. უფრო მერე ჰქონდა ხოლმე მამაჩემს წინააღმდეგობები და რატომ. მეზობლები შეიკრიბებოდნენ ხოლმე, ძირითადად, ქალები აქტიურებდნენ და მამაჩემს ეუბნებოდნენ – „გოგოს რა უნდა ფეხბურთზე“ -ო. ამის გამო დაუშლია ზოგჯერ მამას ვარჯიში, მაგრამ მე მაინც გავპარულვარ.

მოგვიანებით უკვე საქართველოს ქალთა ნაკრებიდან ჩამომაკითხეს. მახსოვს 4-ჯერ მოვიდნენ და მამაჩემს ეუბნებოდნენ, რომ ბინასაც მომცემდნენ, ხელფასსაც დამინიშნავდნენ და მასწავლიდნენ კიდევაც, მაგრამ სახლიდან არ გამიშვეს. შეიძლება საბოლოოდ მოახდინა გავლენა მეზობლების იმ ნათქვამმა. თან იმ დროს თბილისში წასვლა ჩინეთში წასვლასავით გვერთულებოდა. ზოგადად, არეული სიტუაცია იყო ქვეყანაში, ეკონომიკურადაც რთული გარემო იყო და გაშვებაც ვერ გაბედეს ეტყობა. მეც პატარა ვიყავი, 14 წლის და არ გამიპროტესტებია. ამ თაობის ბავშვი რომ ვყოფილიყავი, ალბათ, წავიდოდი ისე, რომ შეიძლება არც მეკითხა მშობლებისთვის. იმდენად მიყვარდა ფეხბურთის თამაში, ბურთთან ერთად მეძინა და რომ წვიმდა, გლოვა მქონდა. წვიმის მერე სტადიონზე გავდიოდიდა ყოველ წუთს და ფეხით ვსინჯავდი ხოლმე მიწის სიმშრალეს, რომ მალე მეთამაშა. მერე აფხაზეთის ომი დაიწყო, მეც გავიზარდე და ფეხბურთი დარჩა წარსულის ოცნებად…

კიდევ ერთი ოცნება, ისტორიულზე ჩაბარება იყო. უდიპლომო ისტორიკოსსაც კი მეძახიან… დღესაც ბევრს ვკითხულობ, ძალიან მიყვარს… ვერ ავიხდინე ვერც ეს ოცნება, რადგან ჩემი სწავლის პერიოდი ისეთ მძიმე ეკონომიკურ სიტუაციას დაემთხვა, რომ ჩემს მშობლებს არ აღმოაჩნდათ საშუალება, თბილისში წავსულიყავი სასწავლებლად და საცხოვრებლად. ამიტომ, აგრარულ უნივერსიტეტში ჩავაბარე, დაუსწრებელზე. ეკონომკური ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ დიპლომი სად მიდევს, არც ვიცი…

ოპერატორობა და სქესი
————————————————————————————————————-
იცი რა დროს მაქვს ნასწავლი ოპერატორობა? 15 კგ რომ იყო კამერა. შტატივი არ მქონდა და მხარზე გადაკიდებული დამქონდა ყველგან. ასე ვიღებდი ხოლმე 3 საათიან თათბირებს და შეხვედრებს.

მარნეულის ტელევიზია 1998 წელს გაიხსნა. ჟურნალისტების, მემონტაჟეების და ოპერატორების შერჩევა მიმდინარეობდა და ჩემს მეგობრებს გავყევი ტელევიზიაში. თავად მანამდე არასდროს მიფიქრია ამ სფეროში მუშაობაზე. იქ დირექტორად რეზო ოსეფაიშვილი დამხვდა. ეს ის ადამიანი იყო, ვინც ბავშვობაში, ფეხბურთზე სიარულის დროს მასპონსორებდა, ანუ ხელფასს მიხდიდა. დამინახა თუ არა, არც აცია და არც აცხელა, მეუბნება – „შენ უნდა იყო ოპერატორი! აი, როგორც ფეხბურთში იყავი შემტევი, ასევე იქნები აქაც…“. მომცეს კამერა, მასწავლეს ჩართვა-გამორთვა და დანარჩენი ჩემით ვისწავლე უკვე, მაინტერესებდა… მას მერე პროფესია არ შემიცვლია და არც ვაპირებ. მიუხედავად იმისა, რომ შემეძლო მუნიციპალიტეტში ან სხვაგან გადავსულიყავი სამუშაოდ, არც მიფიქრია. იმდენად მიყვარს ეს საქმე, რომ კარგი კადრისთვის შემიძლია ტალახში გავწვე.

დამოკიდებულებებს რაც შეეხება, ოჯახიდან არ მქონია წინააღმდეგობები ამ სამსახურთან დაკავშირებით. უბრალოდ ხალხის რეაქციები იყო სხვადასხვანაირი. მარნეულში სულ ორი ოპერატორი შეიძლებოდა გეპოვა მაშინ, რომლებიც, ძირითადად, ქორწილებს იღებდნენ და ისინიც კაცები იყვნენ. ამიტომ, ჩემი გამოჩენა უკვირდათ და რომ გავივლიდი მესმოდა – “Oğlan Əgər Qız?“ ანუ „ბიჭია თუ გოგო?“. თავიდან ვბრაზდებოდი, მაგრამ მერე მივეჩვიე. მესმოდა, რომ მათთვის უცნაური და მიუღებელი იყო კამერა აკიდებული ქალი. მაგრამ რესპონდენტებისგან არასოდეს ყოფილა აგრესიული დამოკიდებულება, აგერ უკვე 19 წელია ვმუშაობ. ზოგადადაც შეცვლილია ახლა სიტუაცია. უკვე ბევრი გოგოსგან მესმის, რომ თვითონაც უნდა ოპერატორობა. ჩემს დანახვაზე კაცებსაც უთქვამთ „აუ, რა მაგარია გოგო ოპერატორი“ და აღარ უკვირთ უკვე, პირიქით, ძალიან მაღალი ნდობა აქვთ ჩემს მიმართ. ყოველდღე მირეკავენ და სხვადასხვა პრობლემების გაშუქებას მთხოვენ. ძალიან მიყვარს, როცა ადამიანებს ვეხმარები ჩემი პროფესიით. მაგალითად, სამი დღის წინ სოფელ ქესალოდან, რომელიც წითელ ხიდთანაა, მოსახლეობამ დაგვირეკა. ჩავედი და პრობლემა გავაშუქეთ. ჯერ ისე გაუხარდათ ჩემი დანახვა, რადგან ზოგჯერ მედიები ჩადიან, მაგრამ მერე ეთერში აღარ უშვებენ… ჰოდა, გუშინ გავიგე, რომ სარწყავი წყალი, რისი პრობლემაც ქონდათ მათ, უკვე მიუვიდათ და ძალიან გახარებული ვარ.

სულ მაინტერესებს, კონკრეტული სქესი რად უნდა ოპერატორობას ან ზოგადად, სხვა საქმის კეთებას?! მე, მაგალითად, მამა არ მყავს, დედა 77 წლის არის, ჩემი ძმა მეორე ჯგუფის ინვალიდია, სამწუხაროდ და ცელსაც კარგად ვხმარობ, ნაჯახსაც, თუ დამჭირდება იმ ყბადაღებულ შახტაშიც ჩავალ და ვიმუშავებ, რა პრობლემაა?! სამზარეულოშიც იგივეა. რადგან ქალი ვარ, არ ნიშნავს, რომ ლურსმნის დაჭედებაზე უკეთესად, აუცილებლად ხაჭაპური გამომდის. ზოგ მამაკაცი უკეთეს საჭმელს აკეთებს, ან ეს რატომაა პრობლემა?! კიდევ, ჯარში წასვლასაც ხშირად გვაყვედრიან და ერთ ისტორიულ ამბავს მოგიყვებით. რომაელებმა რომ დაიპყრეს საქართველო, ქართველებმა პარტიზანული ომი გააჩაღეს ტყეებიდან მტრის წინააღმდეგ. რომაელებმა ტყე გადაწვეს და აღმოჩნდა, რომ 100 მოკლული მხედრიდან, 85-90 ქალი იყო. თურმე ხმა გავრცელდა, რომაელები საქართველოში ამორძალებს ებრძვიანო. ასე რომ, გადახედონ ისტორიას, თუმცა, ბევრი ქალი ისტორიამაც არ შემოინახა. და იმ დროს რატომ არავის ახსენდებათ სქესი, როცა აქ ჩვენთან ქალები პაპანაქება სიცხეში ბაზარში დგანან და მძიმეებს ეზიდებიან, კაცები კი ჩაიხანაში სხედან?!

„პატრონი ხომ გინდა?!“
——————————————————————————————————————-
ხშირად მეკითხებიან – „როდს თხოვდები?“, „როდის ვიქეიფოთ შენს ქორწილში?“ „პატრონი ხომ გინდა?!“ ეს „პატრონი“ რას ნიშნავს არ ვიცი. 18 წლიდან ვმუშაობ, დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და პირიქით, ოჯახს იქეთ ვეხმარები. ზოგადად, არ ვთვლი, რომ გათხოვებაა მაინცადამაიც ბედნიერება. არა, არც იმას ვგულისხმობ, რომ ბედნიერება ისაა, თუკი არ გათხოვდები და შვილებს არ გააჩენ. შვილის გასაჩენადაც არ არის ქმრის ყოლა ყოველთვის აუცილებელი… მოკლედ, მთავარია ერთი, თავად იყოს ადამიანი კარგად. ამ თემებზე ბავშვობიდან ვკამათობ ჩემს მეგობარ მიჭებთან. როდესაც წამოვიზარდეთ, ცხადია, ძირითადი სასაუბრო თემა მათთვის გოგოები იყვნენ და ბევრი გამოგონილი ისტორია, რომელიც სინამდვილეში შეიძლება, მხოლოდ, ერთი კოცნა ყოფილიყო, ან ისიც არა. მიჩხუბია კიდევაც ამის გამო მათთვის და მეუბნებიან ხოლმე, ყველას მამიდა ხარო. დღემდე ასე ვარ. ჰოდა, მოდით, ბიბლიას თუ მოიშველიებთ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყველას თანაბრად გვეპატიება ან არ გვეპატიება ცოდვები, სქესის განურჩევლად. ფემინისტი ვარ თუ არა? იცი, მე უსამართლობა და ტყუილი არ მიყვარს, სულ ეს არის და არ ვიცი ამას რა ჰქვია…“

ავტორი: იდა ბახტურიძე
ფოტო: ნინო ბაიდაური

მსგავსი ისტორიები