ლილი მურთაზაშვილი, 76 წლის, სოფელი ქვემო ალვანი

„ჩვენაცამ ნუ გვისწავლავავ ეს საქმეივ“
—————————————————
„ჴეტოლას“ეძახდნენ იმ ქალს თუშეთში, ვისაც ხელსაქმე არ ეხერხებოდა. ასეთი ქალი ვერც გათხოვდებოდა იმ დროს. გასული საუკუნის 60-იან წლებამდე, ძირითადად, ქალის ხელით კეთდებოდა საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ ცხენის აღკაზმულობა. წარმოება ჯერ ისე არ იყო განვითარებული, რომ ყველაფრის ყიდვა შესძლებოდათ და თან თუშები, ძირითადად, მთაში ცხოვრობდნენ, სადაც არაფრის ყიდვის შესაძლებლობა არ იყო. ამიტომ, მე მაგალითად, წერა-კითხვაზე ადრე მატყლზე მუშაობა ვისწავლე. მახსოვს, დართვა არ ვიცოდი, ძაფი ხშირად მიწყდებოდა და ბებო მეჩხუბებოდა „ნუ ღლევავ“, ანუ ნუ აფუჭებო და აგრძელებდა – „ჩვენაცამ ნუ გვისწავლავავ ეს საქმეივ. ამამ მოგვკლაოდ, ამამ ჩგვკლავ. შენ უნდ ისწავლოვ (ავტ. უნივერისტეტში)“. ხელსაქმე კი ძალიან მიყვარდა, მაგრამ ბებოს ეს სიტყვები თავში ჩამეჭედა. ამიტომ, სამი ფაკულტეტი დავამთავრე, მიუხედავა იმისა, რომ დაოჯახებული ვიყავი და ოთხი შვილიც მყავდა. თუმცა, ბოლოს ფართო აღიარება მაინც ამ საქმემ მომიტანა, განსხავებით ჩემი დედა-ბებიისგან. ისინი მთელი ცხოვრება მძიმედ შრომობდნენ, მაგრამ არავინ აღიარებდა მათ ამ ნაშრომს. მახსოვს, ბავშვი რომ ვიყავი და მეძინა, უთენია საჩეჩის ხმა მაღვიძებდა. დედა და ბებია საწოლში კი არ წვებოდნენ, ტყავებს მიიფარებდნენ და იქვე ცეცხლთან მიწვებოდნენ, რომ ღრმად არ ჩასძინებოდათ და მატყლის ჩეჩვა-დართვა მალე გაეგრძელებინათ. მეორე დღეს კი სხვა საოჯახო საქმეებისთვის უნდა მიეხედათ. არც ვიცი, ასეთ რეჟიმში მუშაობას როგორ უძლებდნენ.„

„პატარძლის მზითვი“ და მშობიარობა მარტოობაში
—————————————————————–

„ქალს თავისი მზითვი აუცილებლად თავად უნდა მოემზადებინა. მზითვში შედიოდა წინდები, ჩითები, ხურჯინები და ტოლი, რისგანაც პალტოებს, კაბებს, პიჯაკებს იკერავდნენ. დასანიშნად ოჯახში რომ მივიდოდნენ, ქალს საკუთარი ხელით მოქსოვილი ნივთებით უნდა დაესაჩუქრებინა მომავალი ოჯახის წევრები. „პატარძალს“ ამ საჩუქარით აფასებდნენ.

ძალიან მძიმე იყო ქალების ცხოვრება თუშურ ოჯახებში. მე როდესაც დავოჯახდი, უკვე სამშობიარო სახლები იყო, მაგრამ მახსოვს რა ამბებს ყვებოდნენ ძველი თაობის ქალები საკუთარ მშობიარობებზე. მდინარის პირას სიპი ქვით აშენებულ ქოხს მაჩვენებდნენ და მეუბნებოდნენ, აქ მაშინვე უნდა მოვსულიყავით საკუთარი ფეხით, როგორც კი სამშობიარო ტკივილები დაგვეწყებოდაო. მშობიარე ქალი ითვლებოდა, როგორც უწმინდური და იმ ქოხში შესვლა ყველას ეკრძალებოდა. ამიტომ, გრძელ ჯოხს შემოყოფდნენ და ასე გვამოწმებდნენ ცოცხალები ვიყავით, მკვდრები თუ მძინარეო. საჭმელს-სასმელსაც იმავე ჯოხით შეუცურებდნენ თურმე და ასე იყო მშობიარე ქალი სრულიად მარტო. ეს ქალები ამ ამბებს ძალიან დიდი ტკივილით იხსენებდნენ და ახალგაზრდებს გვეუბნებოდნენ – თქვენ ბევრი შვილი უნდა გააჩინოთ, ახლა სხვა დროა და იმ ქოხში აღარ გაგადებენო. „

თუშური ფარდაგი
————————————
„სულ მგონია, რომ თუში ქალების, ალბათ, 55% მხატვრის ნიჭით იყო დაჯილდოვებული, ისეთი უნიკალური სტილი და ფერთა შეხამებაა თუშურ ფარდაგებში. თუშური მატყლი ძალიან ძნელი დასამუშავებელი და შესაღებია, მაგრამ მე მაქვს, მაგალითად, 160-170 წლის ხალიჩები და მათი ფერები ახალივით გამოიყურება. ეს იმიტომ, რომ ბუნებრივ საღებავიანი ძაფებითაა მოქსოვილი. ბუნებრივ საღებავებში შედის – ფოთოლი, თიხა, ნაყოფი და სხვა.

მახსოვს თბილისში, საქართველოს ფარდაგების გამოფენა იყო საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზში. იქ ორგანიზატორები მეუბნებოდნენ – თუ გრძნობთ, ქალბატონო ლილი, როგორ ბრწყინავს თქვენი ფარდაგი ამდენ ნამუშევარს შორის და რაშია საიდუმლოო. ეს საიდუმლო ფერსა და ორნამენტშია. თუშურ ფარდაგს მხოლოდ ჯვრის გამოსახულება და გეომეტრიული ფიგურები ახასიათებს. არავითარი ყვავილები, ირმები და ვეფხვები. კიდევ იმით გამოირჩევა, რომ არის დამჯდარი და მდუმარე ფერები, არა მჭახე და მყვირალა. ეს ფერი მოაქვს ბუნებრივ საღებავებს“.

ჩემი და საუკუნის სახლის ამბები
—————————————————
„ეს სახლი 1918-1920 წლებშია აშენებული. ისე, რომ საუკუნე უსრულდება და კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შესატანი. ექსპერტებმაც ნახეს და მთხოვეს, რომ არაფერი შევცვალო არც სახლ-კარში და არც ეზოში. ამიტომ, არაფერს ვღებამ და არც ვლესავ. ამ სახლის მარანი მსოფლიოს ღვინის გზის და ტურისტულ მარშრუტებშია ჩასმული. ამიტომ, ზამთარ-ზაფხულ დღე არ გავა, რომ აქ სტუმრები არ მოვიდნენ. ალბათ, მსოფლიოს არც ერთი დიდი და პატარა ქვეყანა არ დარჩა, აქ არ მოდიოდეს და არ ინეტერსდებოდეს. ძირითადად, პროცესი აინტერესებთ – ღებვის, თექის მოთელვის, ფარდაგის ქსოვის, ძაფის დართვის, ჩითის შეკერვის და ა.შ. აქვე ვუმასპინძლდები და ვაცნობ ტრადიციული თუშური სამზარეულოს.

55 წელი ქვემო ალვნის სკოლაში ვიმუშავე. ახლა კი კოლეჯში ჯგუფი მყავს და ახალგაზრდებს ვასწავლი ბუნებრივი საღებავებით ღებვას. ამას ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვაკეთებ, რადგან ახალგაზრდებთან ურთიერთობა აუცილებელია. ყველას შეიძლება არ ჰქონდეს განსაკუთრებული ინტერესი ამ სამქისადმი, მაგარმ შემოსავლის წყაროც გახდა ეს უკვე და თან როცა მე აღარ ვიქნები, ამ საქმის გამგრძელებლები მინდა დარჩნენ.

ძალიან ცუდად მოქმედებდა ჩემზე ის, რომ თუშური ნაწარმი ჩალის ფასად გადიოდა თურქეთში 90-იან წლებში. მაშინ გადავწყვიტე, რომ ამ საქმისთვის ხელი მომეკიდა. ჩემი მიზანი იყო, რომ ძველის-ძველი თუშური ფარდაგის ორნამენტი აღმედგინდა და შემენახა. მთელს სოფელში დავდივარ და ვაგროვებ ძველ ფარდაგებს, შეიძლება სულ პატარა ნაგლეჯი იყოს, მაგრამ მის ასლს ვქსოვთ.

პირველად 65 წლის ასაკში რომ დავიწყე ეს საქმე, ყველა ეჭვის თვალით მიყურებდა. თან ჩემს ასაკში, თითქოს, ყველას გაუკვირდა – „რაღა დროს მაგის ეგენიაო“, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ თუშურ მატყლს ახალი გზა მე მივეცი. იცით როდის იწამეს ჩემი მიზნის და საქმიანობის სხვა ადამიანებმა? როდესაც ამ საქმიდან ეკონომიკური შემოსავალი გაუჩნდათ მათ ოჯახებს. მაგალითად, „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დააფინანსეს რამდენიმე ქალი, რომლებიც ამ ტრადიციულ თუშურ საქმიანობას ეწევიან.

ინდივიდუალური უნდა იყო და შემომქმედი, როცა ამ სფეროში ხარ. არავის მიბაძვით არ უნდა აკეთო. აი, მაგალითად, ღებვით ხომ ღებავდნენ ჩვენი წინაპრები ამ ბუნებრივი საღებავებში, მაგრამ სხვადასხვა ტონალობების მიხედვით, რატომღაც არ ქმნიდნენ მრავალფეროვნებას. სულ უკვირთ ჩემზე მოხუცებს, ასეთი ფერთა მრავალფეროვნება როგორ შექმენიო. მე ძველის შენარჩუნებასთან ერთად, სიახლეებს ვეძებ და ასე მივედი ბევრ ფერთან.

მე თვითონაც ისევ ვმუშაობ, რადგან მატყლი ენერგიით მავსებს. ღამე ტელევიზორთან საქსოვის გარეშე ვერ დავჯდები იმიტომ, რომ ქსოვა ძალიან მამშვიდებს. მთელი ღამე ღებვაში რომ გავათენო, მეორე დღეს დაღლას ვერ ვგრძნობ მიუხედავად იმისა, რომ ამ ასაკში ვარ. რამდენ ახალ ფერსაც მივიღებ, იმდენი სიამოვნებაა ჩემთვის.“

ავტორი: იდა ბახტურიძე
ფოტო: ნინო ბაიდაური

მსგავსი ისტორიები