ლინდა გუნაშაშვილი, 18 წლის, პანკისი

„ჩეჩნეთში დავიბადეთ მე და ჩემი ტყუპისცალი და. ძალიან პატარები ვიყავით, იქ ომმა რომ მოგვისწრო და სხვა ლტოლვილებთან ერთად საქართველოში გადმოგვიყვანეს მშობლებმა. მას მერე პანკისის ხეობაში ვცხოვრობთ დედასთან ერთად და ახლა უკვე 6 დედ-მამიშვილი ვართ. მამა უკრაინაში არის სამუშაოდ წასული და იქიდან გვეხმარება.

ჩვენი აღმსარებლობა ისლამია. ამ ბოლო დროს მსფოლიოში მომხდარმა ცუდმა ამბებმა ისლამს სახელი გაუტეხა. მართალია ყურანი ბოლომდე არ წამიკითხავს, ძალიან რთულია, მაგრამ რაც შევისწავლე იქიდან ვასკვნი, რომ ისლამი ერთ-ერთი ყველაზე შემწყნარებლური რელიგიაა. უბრალოდ მისი ბოროტად გამოყენება ხდება. გაგონილი მაქვს, რომ ზოგიერთ მუსულმანურ ქვეყნებში გოგოებს სწავლას უშლიან. ესეც არასწორია, რადგან წამიკითხავს, რომ ისლამი განათლებული ადამიანების რელიგიაა და მისი მიმდევრებიც ასეთები უნდა იყვნენო. ამიტომ მგონია, რომ პანკისშიც გოგოებისთვის განათლება აუცილებელია.
სკოლაში ჩემი საყვარელი საგანი ისტორიაა და მინდა ისტორიკოსი გამოვიდე. არქეოლოგიაც მაინტერესებს, მაგრამ პანკისში ამ პროფესიას გასაქანი არ აქვს. და რაც მთავარია, მინდა კონსერვატორიაშიც გავაგრძელო სწავლა.

მე და ჩემი ტყუპისცალი და ანსამბლ „პანკისში“ ვმღერით. ვასრულებთ როგორც ფოლკლორულ სიმღერებს, ასევე ევროპულებს. არ ვიცი, იცით თუ არა, რომ პანკისში ვაჰაბისტური იდეოლოგიის მიხედვით, მუსულმანს სიმღერა ეკრძალება. ჩემი ბიძებიც, რომლებიც ამ მიმართულების მიმდევრები არიან, თვლიან, რომ სცენაზე არ უნდა ვიდგეთ, მაგრამ სიმღერა ძალიან მიყვარს და ვთვლი, რომ ყველა ადამიანს საკუთარი აზრი უნდა გააჩნდეს და მიყვეს ამ აზრს. ხომ ხედავთ, თავსაფარიც არ მიკეთია, რადგან, როცა თავსაფარს ხმარობ, მაშინ სიმღერაზეც უარი უნდა თქვა. მე კიდევ მუსიკის გარეშე არ შემიძლია.

მახსოვს პირველად რომ სცენაზე გამოვედი, ახმეტაში, ისე ვნერვიულობდი, რომ კარგად ვერ ვიმღერე. მერე პანკისში, აი, ამ დარბაზში, თბილისიდან ჩამოსულ სტუმრებს ვუმღერე და ისე მოიწონეს, რომ მეორედ ამიყვანეს სცენაზე. მას მერე არც სცენის მეშინია და არც მაყურებლის. ძალიან ხშირად დავდივართ გასტროლებზე საქართველოშიც. ჩეჩნეთშიც და თურქეთშიც კი ჩავატარეთ კონცერტები. როცა საქართველოს კუთხეებში გვიწევს კონცერტების გამართვა, მოდიან და გვეუბებიან, უი, ჩვენ პანკისელები სხვანაირები გვეგონეთო, და თქვენ კიდევ ჩვეულებრივი ბავშვები ყოფილხართო. ჩვენი რელიგიის გამო და ასევე იმიტომ, რომ პანკისიდან ბოლო პერიოდში ცუდი ამბები ისმოდა, გონიათ, რომ ძალიან კარჩაკეტილები ვართ და ქართველებთან რელიგიური მოსაზრებების გამო არ შევდივართ კონტაქტში.

ისე ადრე მართლაც ასე იყო, მაგრამ მერე ქართველებთან ხშირმა კონტაქტმა, ღონისძიებებში ერთად მონაწილეობის მიღებამ, გაგვხსნა და ქართველების და ქისტების ურთიერთობა გააღრმავა. აი, კონცერტებს, რომ ვატარებთ და რომ ხედავენ, რომ ჩვენც მათსავით ადამიანები ვართ, გვიყვარს მუსიკა, გართობა, მერე სულ ეცვლებათ წარმოდგენები პანკისზე.

რამდენიმე წლის წინ, X ფაქტორში მინდოდა მონაწილეობა და არ მიმიღეს. ალბათ, ჩემზე ბევრად ნიჭიერი მონაწილეები იყვნენ ან თავისი შოუს პრინციპები ქონდათ. მაგრამ დიდ სცენაზე აუცილებლად გამოვალ. საქართველოში თუ არა, ევროპაში წავალ და იქ ვიმღერებ. ახლა კი მგონია ეს მიუღწეველი ოცნება, მაგრამ ვნახოთ…

არ მგონია, რომ ჩემი მრწამსის გამო ვერ მივაღწევ მიზანს. რადგან მჯერა, რომ ადამიანებს საქართველოში გააზრებული აქვთ, რომ ყველა რელიგიას პატივს უნდა სცემდენ და ყველა უნდა უყვარდეთ, რადგან მთავარი ამ ქვეყანაზე სიყვარულია.“

მსგავსი ისტორიები