ლუდმილა სალია, 61 წლის, ხურვალეთი, გორის მუნიციპალიტეტი / სოხუმი

„აფხაზეთიდან ვარ, კერძოდ, სოხუმიდან, აფხაზეთის ომის მონაწილე. აგუძერაში სამხედრო ჰოსპიტალში ვმუშაობდი. დაცემული ქალაქიდან 28 სექტემბერს წამოვედი და ჭუბერის გზით, ფეხით გადმოვედი. ათასი უბედურება მაქვს გამოვლილი და დღემდე ვარ ომში.

მძიმე გასახსენებელია ჩემთვის აფხაზეთის ომის ამბავი… პირველ რიგში, თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა. ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც მართლა გულანთებულები იყვნენ და მართლა ეგონათ, რომ საქართველოსთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ. მაგრამ, თურმე განწირულები ვყოფილვართ, ჩვენ ვყოფილვათ საზარბაზნე ხორცი, რომლებიც ხელისუფლებამ მიგვატოვა.  ჩვენ მაინც ბოლომდე გავძელით, ბოლო წუთამდე, სანამ არ შემოგვესივნენ და სათითაოდ ამოწყვეტა არ დაგვიწყეს, ერთმანეთი არ მიგვიტოვებია.

28 სექტემბერს, დილით, წებელდისკენ გავუყევით გზას. ამ გზაზე 12 დღე მოვდიოდით, საკენში კი ავად გავხდი. თოვლში და წვიმაში სიარულისგან 41 გრადუსი მქონდა სიცხე. პიელონეფრიტი დამემართა.  საშინელება იყო ის 12 დღე საკენში ყოფნა, ჩვენი პატრონი არავინ იყო. ერთი ვერტმფრენი გადმოფრინდებოდა სამ დღეში ერთხელ და პურს ჩამოყრიდა, მაგრამ სადაც პურს ჩამოყრიდა, იქაც ისეთი საშინელებები ხდებოდა, ხალხი ერთმანეთს ხოცავდა.  

ყველა ჯგუფებად იყო დაბანაკებული. ჩემთან ერთად მოდიოდნენ ჩემი ახლობლები, ერთი ოჯახივით ვიყავით. ერთხელ, ამინდის გამო სამი დღე ვერ მოფრინდა ვერტმფრენი. სამი დღე მშივრები ვიყავით. ერთხელაც 6 პურის აღება მოვახერხე, ე.წ. აგურის პურები იყო და  სამი ცალი აქეთ ხელში მიჭირავს, სამი – იქეთ. ამ 6 პურს 10 ადამიანი ელოდებოდა… როგორ მწარედ ვიხსენებ იმ დღეს. ბევრი უპუროდ დარჩა. სანამ ჩემს ჯგუფთან მივიდოდი, გზაში ერთმა მოხუცმა მთხოვა, რამდენი დღეა მშიერი ვარ და მომეცი პურიო, კიდევ ნაცნობი შემხვდა, იმასაც მივეცი. დამრჩა 4 პური, მოვდივარ და მოდის ვიღაცა კაცი, მოხუცი, მოჰყავს ორი ბავშვი,  ცინგლიანი, სიცივისგან აკანკალებულები, ფეხშიშველი. ეტყობა, რაც ეცვათ, იმით წამოვიდნენ. დადგა ეს კაცი, თან აჯანჯღარებს ამ ბავშვს და მეუბნება – იცი, ეს ბავშვი 5 დღეა მშიერიაო… ოთხივე პური მივეცი. უპუროდ მოვედი ჩემებთან. მაგრამ აი, ჩემს ერთ შვილს გეფიცებით, იმ დღეს ისეთი გამძღარი ვიყავი, იმ დღეს არ მომშიებია. აი, ასეთი დღეები მაქვს გამოვლილი.  

ამ გზაზე, ერთი სამი კილომეტრი დიდი ორმო იყო ამოჭრილი, ამ ორმოში მიდიხარ და ხედავ მარტო ცას. ჩემს დისშვილს ხუმრობით ვუთხარი, ჩვენთან ხომ იციან სამეგრელოში, ადამიანი რომ დაიკარგება და უკვე იციან, რომ მკვდარია, ნიშნით დაიტირებენ ხოლმე, აი, ახლა ჩვენ კიდევ თუ არ გამოვჩნდით დროზე, ალბათ მკვდრები ვეგონებით და დაგვიტირებენ მეთქი. ჩემი დისშვილმა კი მითხრა – ჩვენ იქნებ მკვდრები ვართ უკვე და იქნებ ჯოჯოხეთში მოვხვდითო. უკვე ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ ცოცხალი აღარ ვიყავით.

ადამიანის ფსიქოლოგია იმ დონემდე მიდის, რომ ფიქრობ, შეიძლება ცოცხალი აღარ ვარ, მეორდება ეს საშინელება, მიდიხარ გზაზე, ალპური ზონაა, ვიღაცა გზაზე გდია მკვდარი და მიწას ვერ გათხრი იმიტომ, რომ  გაყინულია და არაფერი გაქვს, რომ გათხარო. გაუვლი გულცივად, ვერ ეხმარები. რომ დარჩე, შენც იგივე დაგემართება და რაღაც გადარჩენის ინსტინქტი გეხმარება, რომ გზა გააგრძელო.

რაღაცნაირად ჯვარში ჩამოვაღწიე, ჯვარიდან – ზუგდიდში, საიდანაც თბილისში მინდოდა წასვლა, რადგან ჩემი და დაჭრილი იწვა რესპუბლიკურში, რომელიც სოხუმიდან ბოლო თვითმფრინავს გამოვაყოლე. მინდოდა მაგის სანახავად ჩასვლა და აბა, როგორ ჩავსულიყავი?! სამანქანო გზა გადაკეტილი იყო. წავედი ფოთში, ფოთიდან „ბარჟით“ ბათუმში და ბათუმიდან – თბილისში გოდერძის უღელტეხილით ავტობუსს გავყევი. ხაშურში დაგვაყაჩაღეს. თურქეთიდან ნავაჭრით მოდიოდა ხალხი. ვიღაცას ფეხსაცმელი მოჰქონდა, ვიღაცას – კაბები… მე უკვე გადაკეტილი მქონდა, არავინ მაინტერესებდა, ჩამოვედი და დავუდექი ამ ბიჭებს, რას აკეთებთ მეთქი. შენ ვინ ხარო, ვინ ვარ და ომიდან მოვდივარ, სამხედრო ჰოსპიტალში ვმუშაობდი მეთქი, ხელი არ მოკიდოთ არაფერს, სად მიგაქვთ მეთქი, უპატრონო ბავშვთა სახლში მიგვაქვსო. ოთხი წყვილი ფეხსაცმელი რომ ამოიღე, 42 ზომა რომელ ბავშვს აქვს ფეხი მეთქი. აი, ასე დაგიდგებით, მომკალით, მე თუ მომკლავთ, წაიღებთ, თუ არადა არაფერს გაგატანთ მეთქი. მობრუნდნენ, თითო-თითო რაღაცები აიღეს და წავიდნენ. აი, ახლა ვფიქრობ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. გზაში მლოცავდა ყველა, როგორ მეფერებოდნენ, მისამართს მთხოვნდნე, მე კი ვეუბნებოდი, რომელი მისამართი მოგცეთ მეთქი?! არც პირადობა მქონდა, არც პასპორტი, სახელი და გვარი ვიყავი დარჩენილი და რა მეცვა არ გაინტერესებთ? სამხედრო ფორმა, რომელიც დღემდე შენახული მაქვს და გარედან მეცვა თეთრი ხალათი. გზაში რომ ქალები მოდიდონენ, ეს სამხედრო ფორმა გამახდევინეს, ერთმა ჯემპრი მომცა, მეორემ – შარვალი.

„სახლი საზღვრების გარეშე“

ხანდაზმულთა თავშესაფრის გაკეთება ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. ამდენ ადამიანს რომ ვხედავდი სანაგვეში ჩაყუდებულს, ამდენი ადამიანი რომ ვნახე აქ გაუბედურებული, ვიცოდი, რაღაც უნდა გამეკეთებინა. ძალიან სიმბოლური სახელი შევურჩიე ამ თავშესაფარს. მე არ ვცნობ საზღვრებს, მიუხედავად იმისა, რომ სოფელში საგუშაგოა და ოსებთან კომუნიკაცია ძალიან ჭირს, თუ მათ ჩემი დახმარება დასჭირდებათ, მე მათ ყველანაირ დახმარებას გავუწევ.

დევნილობაში გავთხოვდი და ეს სახლი ხურვალეთში ჩემს დედამთილს ეკუთვნოდა, გარდაცვალების შემდეგ კი ჩემს მეუღლეს მემკვიდრეობით გადაეცა. სახლი დაკეტილი გვქონდა 2008 წლის შემდეგ, თბილისში ვცხოვრობდით.  

სანამ ამ თავშესაფარს გავხსნიდი, მანამდე კარდაკარის პრინციპით დავიარე სოფლები, მოხალისეთა ჯგუფი ავიყვანე და გავაკეთეთ მოსახლეობის აღწერა – რამდენი იყო მარტოხელა, ვინ რა ასაკის იყო,  შშმ პირები, სოციალურად დაუცველები და ა.შ. ესენი ყველა აღვწერეთ, დავახარისხეთ, შევქმენით ბაზა. რის შემდეგაც გავიარე კონკურსი და მივიღე დაფინანსება სოციალური საწარმოს გასახსნელად.

მაგრამ ამას იმხელა შრომა უძღვოდა წინ,  პროექტი ხორციელდებოდა თანადაფინანსებით, მე ჩავდე მატერიალური რესურსი – ამხელა სახლი, მაგრამ გარდა ამისა, სკამი, მაგიდა, საწოლი, ლეიბი და ა.შ.  ძალიან ბევრი რაღაც იყო ჩემი. გარდა ამისა, თანხა – 17 ათასი ლარი. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ მერე მომიყვა ჩემი პროექტის კოორდინატორი, რომ წავიკითხე ეს პროექტი, მიწა, სახლი, ავეჯი, კიდე ამდენი ათასი ლარი, ვიფიქრე, რომ ეს ქალი ან აფერისტია, ან – გიჟიო.

თავშესაფარი 13 ადამიანზეა გათვლილი. ახლა 12 მოხუცი მყავს. მათგან ვინმე რომ გარდაიცვლება, სხვას ჩარიცხავენ.

ერთი მოხუცი მე დავკრძალე და ძალიან მძიმედ გადავიტანე ეს ამბავი. გორელი კაცი იყო, სიმსივნე ჰქონდა. სხვა თავშესაფრიდან იყო, სახელს არ ვიტყვი, საიდანაც გამოაგდეს, რადგან უკვე სიმსივნე ჰქონდა. იმას ხომ ვერ ვეტყოდი, შენ მოკვდები და ვის შევატყობინო მეთქი, მითხარი ვინმე ნათესავი, ცუდად რომ გახდე მეთქი, არაფრით არ მეუბნებოდა. გარდაიცვალა, მე გავასვენე. მერე მის მობილურში ვნახე ტელეფონის ნომერი, დავრეკე და ვუთხარი, ბატონი თამაზი გარდაიცვალა და თქვენი ნომერია აქ მეთქი. არ ვიცი, არ ვიცნობ ვინ არისო. მერე ვნახე რუსული ნომერი და იქაც დავრეკე, მიპასუხა მისმა  ძმისშვილმა, ვლადიკავკაზში დამირეკავს თურმე. რომ ვუთხარი, გარდაიცვალა მეთქი, მითხრა, დედაჩემის ნომერს მოგცემთ ახლა და დაურეკეთო. ეს ის ნომერი იყო, რომელმაც მითხრა, არ ვიცნობო. ისევ დავრეკე და ვუთხარი, თამაზი გარდაიცვალა და გავასვენე მეთქი. „ნასილკაზე“ ასვენიაო, მკითხა და რას ნიშნავს „ნასილკაზე“ ასვენია, დავკრძალე მეთქი და არა, „ნასილკით“ დამარხეო? ჩვეულებრივად, ქრისტიანულად ავუგე წესი და აბსოლუტურად ყველაფერი გავუკეთე, ეკლესიაში დავასვენე და დავკრძალე მეთქი. აქ დავმარხე, ხურვალეთში, რამდენიმე დღეში ის გოგო ჩამოვიდა, ამოასვენეს, საგვარეული სასაფლაო ჰქონიათ გორში და იქ გადაასვენეს.

მოხუცების აქ მოხვედრის მიზეზი სხვადასხვაა. ზოგი ძალადობის მსხვერპლია, ზოგი უსახლკაროდ დარჩა, ზოგი გერმა გამოაგდო, ასეთებიც არიან. ერთი მოხუცი მყავს ჩარიცხვის დღიდან. აქედან არავინ წასულა, თუ არ გარდაიცვლებიან, არ მიდიან.

სამომავლოდ, ძალიან დიდი სურვილი მაქვს ალცჰაიმერით დაავადებულთა სახლი გავხსნა. პროექტიც გაკეთებული მაქვს უკვე.“

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: ნინო ბაიდაური

მსგავსი ისტორიები