მაგდა ბეჟანიშვილი, 25 წლის, თელავი

„უნივერისტეტში ჩაბარება იყო ჩემი ყველაზე დიდი ბარიერი, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ გადავლახე მასწავლებლებიდან და ფინანსებიდან გამომდინარე. შესაბამისი ცოდნის მქონე მასწავლებლები თელავში არ არიან. მეთორმეტე კლასში უსინათლოთა სკოლიდან, თელავის საჯარო სკოლაში გადმოვიტანე საბუთები. ძირითადად მაშინ მივდიოდი, როცა ჩემი მეგობარი იყო, რადგან ლანას გარეშე თავს იქ კომფორტულად ვერ ვგრძნობდი. ეს არ არის ჩემი ქიმიის ან ქართულის მასწავლებლის ბრალი. ეს არის არაადაპტირებული სკოლის, სახელმწიფოს თუ არ ვიცი ვისი პრობლემა. მარტო კომუნიკაცია ვერ გასწავლის საგნებს, მარტო კომუნიკაციით ვერ გახდები სტუდენტი, ვერ აიღებ ატესტატს და მერე დიპლომს. ჯერ მასწავლებლები უნდა იყვნენ ყველანაირად ადაპტირებულები, უნდა იცოდნენ ბრაილის შრიფტი. ძალიან ბევრი რამეა საჭირო იმისთვის, რომ სკოლა იყოს ინკლუზიური. სინამდვილეში არც ერთი სკოლა არ არის ინკლუზიური დღეს იმიტომ, რომ არც ერთ სკოლას არ ყავს უსინათლო ბავშვისთვის მასწავლებელი.

რაც შეეხება საზოგადოების დამოკიდებულებას. ზოგჯერ მგონია სირცხვილის კორიდორში გავდივარ. გარეთ გასულს მესმის – „ნწ ნწ ნწ …“. ბევრი შეიძლება დაკომპლექსდეს ამ დროს, მაგრამ მე ბევრისთვის პასუხი გამიცია, ზოგისთვის საერთოდ არ მიმიქცევია ყურადღება და გულზე არ მომხვედრია. რა ასაკშიც მე დეპრესია უნდა მქონოდა ამის გამო, იმ პერიოდში ოთხ კედელს შუა ვიყავი და ვიყავი სულ უსინათლოებთან. მე ეგ პერიოდი არც მახსოვს, როგორი ვიყავი გარეთ. ახლა კი არ არსებობს ჩემთვის წნეხი და დეპრესია. მქონია შემთხვევა მაგალითად, რომ ერთ-ერთ ტაქსოპარკში დამირეკია და მითქვამს, რომ ტაქსი მჭირდება და ზუსტად ამ ადგილას მოვიდეს, რადგან ვარ უსინათლო. ამ დროს პასუხი იქედან – „თუ უსინათლო ხარ, რას დაწანწალებ აქეთ-იქით, დაეგდე სახლში!“ მაგრამ ამას არასდროს ჩავუგდივარ დეპრესიაში, პასუხიც ყოველთვის მზად მაქვს და არასდროს შეზღუდვებით არ მიცხოვრია!

არსებობს სიტუაციები, როცა იუმორითაც კი ვიყენებ ჩემს უსინათლობას. ერთი წელი ტელეკომპანია „თანამგზავრში“ ვმუშაობდი, საავტორო გადაცემა მიმყავდა ხელოვნებაზე და გენერალური დირექტური სულ შენიშვნას მაძლევდა, რომ გადაცემის ჩაწერაზე შარვლით არ ვყოფილიყავი. ერთხელაც ჩემი წითელი „ელასტიკებით“ მივედი. შევაღე კარი და დამხვდა სამსახურში, ეს რა გაცვიაო. აღარ ვიცი რა ვუპასუხო, და ვეუბნები „რა ვიცი, ბატონო ენრი, მე ხომ უსინათლო ვარ და რაც დამიდეს ის ჩავიცვი!“ მას მერე ამაზე შენიშვნა აღარ მოუცია.

დასაქმება დღითიდღე უფრო რთულდება შშმ პირებისთვის საქართველოში. სანამ ტელევიზიაში დავიწყებდი მუშაობას, მინდოდა რომ რომელიმე სატელეფონო მომსახურების ცენტრში მემუშავა ოპერატორად. ვფიქრობდი, რომ ეს იყო დამსაქმებლისთვისაც უფრო ადვილად გასაგები და ჩემთვისაც ადვილად საპოვნელი სამსახური, მაგრამ რომ დამირეკია ცხელ ხაზზე და მიკითხავს, რომ “ვარ პირველი ჯგუფის უსინათლო, რა ვქნა, გამოვაგზავნო CV?”, პასუხი ყოფილა – „უი, არა!“. რა მნიშვნელობა აქვს უსინათლო უპასუხებს თუ მხედველი ტელეფონს?! თან ვუხსნი, რომ არსებობს ხმოვანი სინთეზატორი და ვიცი კომპიუტერი… სხვა ქვეყნებში მოქმედებს კანონი, რის მიხედვითაც შშმ პირები უნდა დაასაქმონ კომპანიებმაც და საჯარო სამსახურებმაც. მე თვითონაც შევხდი პოლონეთის კაფეში დასაქმებულ შშმ მიმტანს. აქ ასეთ ადამიანს ხომ არავინ დაასაქმებს კაფეში?!

არაადაპტირბულ გარემოში, კონკრეტულად, ვინ არის დამნაშავე თუ ვიკითხავთ, მაინც სახელწიფოსთან მივდივართ„

მსგავსი ისტორიები