მაია ბიძინაშვილი, 54 წლის, ნუკრიანი

“უცხო“
———————-
“მე სხვა სოფლიდან მოვედი ნუკრიანში, როგორც რძალი და არსებულ ურთიერთობებში დიდი კულტურული განსხვავება იყო ჩემთვის. ვხედავდი, რომ უბანი ჩაკეტილი იყო და ერთმანეთთან არ მიდი-მოდიოდნენ ისე, როგორც ჩემს სოფელში. თავს ძალიან მარტოდ ვგრძნობდი, რადგან, თან მაშინ აღმოჩნდა, რომ ე.წ. „ახალი თაობის რძლებიდან“ უბანში პირველი ვიყავი. ამიტომ, ვიფიქრე უბანში თუ ვერ ვპოულობ ვერავის, სოფელში მოვძებნი მეთქი. პირველად ექიმებს დავუმეგობრდი იმიტომ, რომ ბავშვები დამყავდა ამბულატორიაში და იქ გავიცანი ისინი, შემდეგ მასწავლებლებს და ა.შ. მერე თანდათან უბანში სხვა გოგოებიც მოვიდნენ, როგორც რძლები და სხვა ურთიერთობები გაიბა უბნის ოჯახებს შორის. მახსოვს, შუქები რომ არ იყო და არც მანქანები, ღამის 11 საათზე ავმდგარვარ და ბავშვებთან ერთად თოვლში წავსულვარ რომელიმე მეგობართან, რომ რაღაცა გაგვეკეთებინა ერთად. მერე როდესაც ჩვენმა კაცებმა დაინახეს, რომ ერთად კარგად ვგრძნობთ თავს, მახსოვს 8 მარტი მოგვიწყვეს. თვითონ გაამზადეს სუფრა და იყიდეს საჩუქრები. დღესაც შენახული მაქვს ის ვარდი…

იცით, ქალების გაერთიანებას კარგი ცვლილებები მოაქვს ქალებისთვისაც და კაცების ცნობიერებაშიც. იმ მძიმე პერიოდში ქალები ბევრ რამეში ვეხმარებოდით ერთმანეთს. აი, მაგალითად, მაშინ ტანსაცმელებიც ხომ არ იშოვებოდა და ერთმანეთის შვილების ტანსაცმელს ვცვლიდით. ასეთი არაფორმალური გაერთიანებები გვქონდა ქალებს თავიდან და ამ დროს დაემთხვა „კავკასიური სახლის“ შემოსვლა ნუკრიანში, რამაც არაფორმალური განათლების ბევრი შესაძლებლობა მოგვცა და კიდევ უფრო მეტი თავდაჯერებულობა ერთად კეთების. ამ პერიოდში, ალბათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ჩემთვის იმის აღმოჩენა, რომ შეიძლება იმ კედელშიც კი შეხვიდე, სადაც კარები არ არის. ეს „კედელში შესვლა“ კი იმ ოჯახებთან ურთიერთობის გაბმა იყო და იქიდან ქალების გამოყვანა, რომლებიც მანამდე ჩაკეტილები იყვნენ.

„ნუკრიანის სახელოსნოები“
——————————————————–
ის დრო იყო, არაფერი რომ არ ხდებოდა და ყველაფერს წინ დიდი „უ“ ერთვოდა – უშუქობა, უგაზობა, უმუშევრობა და ა.შ., როცა ნუკრიანში „კავკასიური სახლის“ ინიციატივით საკვირაო სკოლა გაკეთდა. „კავკასიური სახლის“ თანამშრომლები საკუთარი ენთუზიაზმით და ხელფასის გარეშე ჩამოდიოდნენ, რომ სოფლის ბავშვებისთვის/ახალგაზრდებისთვის უცხო ენა, ლიტერატურა და ხელოვნების ბევრი სხვადასხვა დარგი ესწავლებინათ. ასევე, ფესტივალები და სახვადასხვა საინტერესო ღონისძიება ტარდებოდა მაშინ, როცა ირგვლივ ყველაფერი ჩამკვდარი იყო. შემდგომ ისევ „კავკასიურმა სახლმა“ დაიწყო სოფლად შემოსავლის მომტანი საქმიანობების ხელშეწყობა და რადგან ნუკრიანში, ძირითადად, მეცხვარეობას მისდევდა ხალხი, ხოლო ქალები წინდებს ქსოვდნენ და ხელსაქმე უცხო არ იყო, გადავწყვიტეთ ისეთი საქმიანობა დაგვეწყო, რაც ადგილობრივ გამოცდილებაზე დაშენდებოდა და თან შემოსავლის მომტანი გახდებოდა ნუკრიანელებისთვის. ასე გაჩნდა ნუკრიანის სახელოსნოები nukriani workshops-ის ჩანასახი. შემდგომ ჩამოვიდნენ ხელსაქმის ისეთი დიდოსტატები, როგორებიც არიან – ნანალო აზიკური და მანანა აბზიანიძე. სწორედ ამ ქალებმა ასწავლეს ჩვენს ქალებს ხელობა. თავდაპირველად ორი მიმართულება იყო – თექა და ქვილთი. დაახლოვებით, ორ წელიწადში 150 ქალმა შეისწავლა ხელობა ნუკრიანში. ეს ქალები, ძირითადად, იყვნენ მარტოხელა და მრავალშვილიანი დედები, ქალები, რომლებიც სოფელში რძლებად მოვიდნენ და ვერაფერს აკეთებდნენ, ან მათ ვინც ხელობა იცოდა, მაგრამ სახლში იჯდა და ა.შ., აი ასეთი ქალების გამოყვანას ვცდილობდით სახლებიდან, ანუ თავიდან გარკვეული სოციალური ნიშნით ვარჩევდით მათ. ამ ქალების ნაწილი ჩვენთან რჩებოდა სახელოსნოში, ხოლო ნაწილი დამოუკიდებლად იწყებდა საქმიანობას. ვერ გეტყვით, რომ ეს პროცსი ადვილი იყო, მაგრამ დღეს უკვე ისე ვართ, რომ სახელოსნოში საქმეც რომ არ გვაქვს, მაინც ვიკრიბებით. თითქოს მოთხოვნილებად გვექცა აქ მოსვლა, ერთად ყოფნა და ერთმანეთის ჭირისა თუ ლხინი გაზიარება.

ეკონომიკური გაძლიერების გარდა, მთავარი იყო ამ ქალებისთვის განათლების მიცემა და მათი რესოციალიზაცია, რაც ძალიან ჩქარა მოხდა. მაგალითად, თავიდან კი ისწავლეს ხელობა და შედევრებსაც ქმნიდნენ ეს ქალები, მაგრამ ძალიან უჭირდათ თავიანთი ნაკეთობები გამოფენაზე წაეღოთ და გაეყიდათ. ეძნელებიდათ კომუნიკაცია მყიდველთან, ფულის აღება და ა.შ.. ამის დაძლევა ძალიან რთული იყო, მაგრამ ნელ-ნელა საკუთარი ნაშრომის წარდგენა სასიამოვნო პროცესი გახდა ქალებისთვის და ისიც ისწავლეს, რომ გამოფენები და მსგავსი საჯარო ღონისძიებები, სიახლეების ათვისების კარგი შესაძლებლობაა. დღეს ამ სახელოსნოში მომუშავე ქალების თვითშეფასება და საკუთარი უფლებების შესახებ ონფორმაცია, სულ სხვა დონეზეა. ეს შედეგი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. უკვე ქალთა უფლებების მხარდამჭერ კამპანიებსაც ხშირად ვუერთდებით. აი, სულ ვადარებ ხოლმე როგორი იყო ჩვენი დამოკიდებულებები ქალზე ძალადობის მიმართ ადრე და როგორია ახლა. ადრე, შეიძლება საერთოდ არ მიგვექცია ყურადღება, მაგალითად, შშმ ქალებისთვის, რომლებიც სახლში არიან გამოკეტილები და ვერ გამოდიან. დღეს სხვანაირად ვიქცევით. თუნდაც, ერთ-ერთ ასეთ ქალს ჩვენი სახელოსნოს თანამშრომელმა ხელობა ასწავლა, დღეს ის ქსოვს და ჩვენთან ერთად დადის გამოფენებზე, რომ თავისი ნახელავი წარადგინოს და გაყიდოს. იმის თქმა მინდა, რომ ვცდილობთ კონკრეტული თანადგომა აღმოვუჩინოთ ამ ქალებს, რადგან სულ სხვა თვალით დავინახეთ ისინი.

მახარებს, რომ ხელობის შეძენასთან და ეკონომიკურ დამოუკიდებლობასთან ერთად, ჩვენს სახელოსნოში დასაქმებულმა ქალებმა სახლებიდან და სოფლიდან გასვლა დაიწყეს. თავად დადიან სხვადასხვა რეგიონში შეკვეთების ჩასატანად ან სხვადასხვა გამოფენებზე მაშინ, როცა სოფლიდან ცხვირს არ ყოფდნენ. ეს პირდაპირ აისახება მათ თვითშეფასებაზე და მე ამ ტრანსფორმაციას ქალებში ყოველდღიურად ვხედავ.

ქალების ერთობისა და სოლიდარობის ძალა
—————————————————————–
მახსოვს, პირველად დასუფთავების აქცია რომ დავიწყეთ ქალებმა სოფლის ცენტრში, ბირჟაზე მსხდომი კაცები ვერ მიხვდნენ რას ვაკეთებდით ან რატომ ვაკეთებდით. ცოტა აგდებულადაც კი დაგვიწყეს ყურება, როგორც „მოცლილებს“. ახლა კი ის კაცები, რომლებიც მაშინაც ბირჟაზე იყვნენ და ახლაც ისევ იქ არიან, თვითონ ასუფთავებენ სოფლის ცენტრს. ისე გამიხარდება ხოლმე, რომ გამოვალ და დასუფთავებულს ვხედავ, ვერ წარმოიდგენთ. იმიტომ, რომ შეიცვალა დამოკიდებულებები, ანუ აქვს ხომ ქალების ერთობლივ ძალისხმევას აზრი?!

ხშირად არის საუბრები ქალთა მონაწილეობაზე პოლიტიკაში და მე პირადი გამოცდილებით ბევრჯერ დავრწმუნდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქალები გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციებზე და განსაკუთრებით, თუკი საკრებულოში სოციალურ, ახალგაზრდობის და განათლების საკითხებს ქალი კურირებს. გასულ საკრებულოსთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება გვაქვს სწორედ იმიტომ, რომ ამ საკითხებს ქალი ხელმძღვანელობდა და ერთად ბევრი კარგი საქმის გაკთება მოვახერხეთ მუნიციპალიტეტისთვის. იცით, ძალიან ადვილდება ქალს გააგებინო რა ჭირდება სოფელში ახალგაზრდებს, ქალებს და რომ ესენიც პრიორიტეტული საჭიროებებია. მაგალითად, ასე გავაკეთეთ ახალგაზრდული ფესტივალი. ძალიან გვინდოდა ახალგაზრდებს ეგრძნოთ, რომ ისინი მნიშვნელოვანი არიან მუნიციპალიტეტის განვითარებაში და მათ იდეების რეალიზების შესაძლებლობა ადგილზე აქვთ. თავიდან ამ ფესტივალისთვის თანხის ნაწილი მე მოვიძიე და მუნიციპალიტეტმა მხოლოდ 1000 ლარი გამოყო, მაგრამ სწორედ ქალი საკრებულოს წევრის დახმარებით, შემდგომში სრულად გამოინახა თანხა და ახლა ეს ფესტივალი ყოველწლიურად ტარდება ზაფხულში, რომელსაც თავად ახალგაზდები გეგმავენ და ახორციელებენ. მსგავსი ინიციატივები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა დაცლილია სოფელი. 2014 წლის მონაცემებით, ნუკრიანის მოსახლეობა 37%-ით არის შემცირებული. პირველ კლასში 5 ბავშვი მივიდა წელს, როცა პარალელური კლასები იყო ხოლმე. ამიტომ, აუცილებელია, რომ აქ დარჩენილი ახალგაზრდებისთვის ადგილზე შევქმნათ შესაძლებლობები. ახლა, მაგალითად აგრო ტურიზმის განვითარებაზე ზრუნვა დავიწყეთ. დიდი პოტენციალი აქვს ამ კუთხით ნუკრიანს, რადგამ სიღნაღთან ახლოს ვართ. აქაც ისევ სულ ქალები არიან ჩართულები, რომ იცოდეთ. ტურიზმის ან სხვადასხვა ტრეინინგებზე რომ გაიხედავთ, სულ ქალები სხედან და სწავლობენ.

მოკლედ, იმას გიყვებოდით, რომ გამოცდილებით ასეა, მუნიციპალიტეტში კაცებთან კომუნიკაცია ყოველთვის უფრო გვიჭირს და ჯერ არ შემხვედრია საკრებულოს წევრი კაცი, რომელსაც უკითხავს ჩვენი გამოცდილებები და პრიორიტეტები როგორია, ან რას ვფიქრობთ ამა თუ იმ საკითხზე. ქალ თანამდებობის პირებს არც იმის აღიარება უჭირთ, რომ რაღაც არ იციან და შენგან უნდათ ისწავლონ, კაცებისგან განსხვავებით. ამასაც საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით გეუბნებით. ამიტომ, ყოველთვის ვცდილობ, რომ პარტიულობის მიუხედავად, არჩევნებზე ქალ კანდიდატებს დავუჭირო ხოლმე მხარი. მაგალითად, წელს ერთ-ერთ მაჟორიტარ ქალ კანდიდატს ღონისძიება ჰქონდა და facebook-ით გავიგე, რომ გახმოვანების აპარატურას ვერ შოულობდნენ. დავურეკე და შევთავაზე ჩემი აპარატურით ესარგებლა. არ მინდოდა ღონისძიება ჩაშლოდა და ეს იყო ქალი კანდიდატის მიმართ სოლიდარობა. აქ მნიშვნელობა პარტიულ კუთვნილებას კი არ ჰქონდა, არამედ მხარი დავუჭირ მას, როგორც ქალს, რადგან მინდა და მჭირდება, რომ უფრო მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში.”

ავტორი: იდა ბახტურიძე
ფოტო: ნინო ბაიდაური

მსგავსი ისტორიები