მაია ქარცივაძე, 40 წლის, ქობულეთი (ჩვენი რესპოდენტის, ანა კენჭაძის დედა)

„27 წლის ვიყავი მეზობელმა, ჩხუბში ქმარი რომ მომიკლა. იმ პერიოდში 2 მცირეწლოვანი შვილი, 1 წლის ანა და 6 წლის მარიამი, დამრჩა, ასევე ავადმყოფი, საწოლს მიჯაჭვული დედამთლ-მამამთილი. მე კიდევ ერთადერთი მარჩენალი და მზრუნველი ადამიანი აღმოვჩნდი, რომელსაც მთელი ოჯახისთვის უნდა მოევლო. იმ პერიოდში ბავშვებს მარჩენალმოკლებულის პენსია დაენიშნათ 14 ლარის ოდენობით თითოეულს. დედამთილის და მამათილის პენსია მათი მედიკამენტების ყიდვისთვის გვქონდა განსაზღვრული და ბავშვების პენსიით ელემენტარულ საჭიროებებს ვერ ვიკმაყოფილებდით.

მყავდა ძროხები, რომელიც კარგად იწველებოდა და ვცდილობდი მოყვანილი რძე და ყველი იქვე, მაღაზიაში ჩამებარებინა და ოჯახის შემოსავალი გამეზარდა. იმ მაღაზიის მეპატრონეც მეხმარებოდა, ნისიად მატანდა პროდუქტს, თუ რამე დამჭირდებოდა და ვალის დაბრუნებას მაცლიდა. მახსოვს, ანა პატარა იყო, ჯერ საბავშვო ბაღის ასაკი არ მოსვლოდა, ბავშვის დამტოვებელი კი არ მყავდა, რომ დილით ძროხა მომეწველა და საძოვარზე გამედენა. ამიტომ სარეცხის მოწნულ კალათაში ვაწვენდი ანას და თან მიმყავდა ბოსელში. მერე ამ კალათს მოვიკიდებდი მხრებზე და 3 კილომეტრზე ვდენიდი ძროხას, რომ ქობულეთში, ქალაქში არ ჩასულიყო საქონელი და მერე ჯარიმები არ გამოეწერათ ჩემთვის.

როცა მოხუცები გარდაიცვალნენ, მაშინ გავიაზრე, რომ სრულიად მარტო ვიყავი ცხოვრების წინაშე. განა მაშინ არ ვიყავი მარტო, როცა ისინიც ცოცხლები იყვნენ?! როგორ არა, უბრალოდ, ისე ვიყავი გართული საქმეში გათენებიდან დაღამებამდე, რომ ამაზე ფიქრის დრო არ მქონია. ახლა შიშის დრო არ მაქვს, იმიტომ, რომ ვფიქრობ, რომ ერთაერთი რაც შემიძლია ჩემს შვილებს გავუკეთო, კარგი განათლების მიცემაა. განათლება კი იმისთვისაა საჭირო, რომ ამდენი განსაცდელი არ გამოიარონ, რაც მე გამოვცადე.

ბავშვები რომ წამოიზარდნენ, პენსიაც გაეზარდათ, ბოლოს 100 ლარს ვიღებდით, მაგრამ მარიამს ეს პენსია სრულწლოვნობის ასაკის დადგომასთან ერთად მოეხსნა. ის ახლა სტუდენტია, თბილისში სწავლობს და ოჯახის ხარჯებიც გაგვეზარდა – სწავლის გადასახადი, ბინის ქირა, ჯიბის ფული… ხანდახან ვფიქრობ, რომ რაღაც უხილავი ძალა მეხმარება და როცა უკიდურეს სასოწარკვეთაში ჩავარდები, მაშინ ჩნდება სინათლე გვირაბის ბოლოს.

ბოლო რამდენიმე წელიწადია, ჩემს მეზობელ ქუჩაზე „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურზე დავიწყე მუშაობა დამლაგებლად. საათობრივი გრაფიკით ვმუშაობ და ძალიან მოსახერხებელია, რადგან მაშინ ავდივარ, როცა საქმე ითხოვს. ანაზღაურება 300 ლარი მაქვს. დანარჩენ დროს სახლის საქმეებს ვანდომებ. ძალიან კარგად გამომდის ცხობა და კერძო შეკვეთებს ვიღებ აჭარულ ბაქლავებზე. ადრე ძველი ღუმელი მქონდა და ხარისხიანი ნამცხვრის გაკეთებას ვერ ვახერხებდი. ამას წინათ ევროკავშირის პროექტში მივიღე მონაწილეობა, ქობულეთში ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ აცხადებდა. 2 დღიანი ტრენინგი გავიარე ბიზნეს გეგმის წერაში და 1000 ლარის დაფინანსება მივიღე, რომ თანამედროვე ღუმელი და სხვა ტექნიკური აღჭურვილობა მეყიდა. ახლა თითქმის ყოველკვირა მაქვს შეკვეთები ბაქლავებზე და ეს ძალიან მეხმარება ფინანსურად. ნეტავ ადრე ყოფილიყო ასეთი პროექტი ან სახელმწიფო დამხმარებოდა, რომ ჩემი საქმე მეწარმოებინა.

ზაფხული სეზონის მოსვლა ჩემ შვილთან ერთად მიხარია. მას იმიტომ, რომ მეტი გართობის საშუალება ექნება, მე – მეტი დამსვენებელი და ფინანსური შემოსავალი. პირობები არ მაქვს კარგი, ამიტომ ლოგინს 10-15 ლარად ვაქირავებ და ამ ფულს ვინახავ მარიამის თბილისის ბინის ქირის გადასახდელად. თუ დამჭირდა, სწაფ სესხს ვიღებ ან ოქროს ვდებ ლომბარდში, რომ წლიდან წლამდე კრიზისი არ დამიდგეს. ჩემს მეტი ამ საქმის მომგვარებელი ხომ არავინ მყავს.

ქალებზე რომ ამბობენ სუსტები არიანო, ეს ტყუილია. ვერც ერთი კაცი ვერ გაუძლებდა იმ შრომას და ფსიქოლოგიურ წნეხს, რაც მე გადავიტანე.“

მსგავსი ისტორიები