სალომე მიქაძე, 25 წლის, თბილისი

„ბავშვობიდან გამოვლინდა სიმპტომები. იყო რაღაც პერიოდი, როცა ძალიან ცუდად გავხდი. თავიდან კოჭლობა დავიწყე. ნელ-ნელა მიუარესდებოდა მდგომარეობა. მერე როგორღაც გაარკვიეს, რაშიც იყო საქმე. ხელჯოხით დავდიოდი, მაგრამ უკვე ძალიან მიჭირდა და თუ სწორად მახსოვს, 10 წლის ასაკში ჩავჯექი ეტლში. პატარა ვიყავი და რომ გავქანდი ჩემ გემოზე, პირველი ის განცდა იყო, რომ აი, მეთქი, ძლივს! რაღაცნაირი თავისუფლების შეგრძნება მქონდა, გამისწორდა.

სკოლაში ვერ შევედი. დაწყებითი კლასების პერიოდში თავიდან სახლში მოდიოდნენ მასწავლებლები. მერე უკვე პანსიონატში დავდიოდი, თემქაზე. იქ ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი იყო. „ნატვრის ხე“ ერქვა. დილით მიგვიყვანდნენ და საღამოს სახლებში გვარიგებდნენ. დღის ცენტრივით იყო ეს დაწესებულება, გვამეცადინებდნენ, ვარჯიშებს გვაკეთებინებდნენ. რაღაც პერიოდი იქ ვიარე. მერე ჩემებმა გადაწყვიტეს, რომ სკოლაში შევეყვანე. ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში. მესამე კლასში დამსვეს. სკოლას ერთი პანდუსი ჰქონდა შესასვლელში. საპირფარეშოც არ იყო ადაპტირებული. საბოლოო ჯამში, სკოლამ ძალიან გამაწვალა, მაგრამ ჩემი ოჯახის მხრიდან ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

პირველ დღეს უცბად ძალიან უცხო გარემოში ამოვყავი თავი. ძალიან მეუცნაურებოდა და მეუცხოებოდა ყველაფერი. პატარები ვიყავით და მე და ჩემს კლასელებს ერთმანეთის მიღება, კონტაქტში შესვლა არ გაგვჭირვებია. თუმცა, დიდად ახლოს მათთან არასდროს ვყოფილვარ, იქიდან გამომდინარეც, რომ გაცდენა ხშირად მიწევდა. სკოლაში ფეხით დავდიოდი. ამინდი როცა არ მიწყობდა ხელს, იძულებული ვიყავი სახლში დავრჩენილიყავი. ბუნებით ინტროვერტი ვარ, ჩემს სივრცეში ყოფნა უფრო მეტად კომფროტული იყო ჩემთვის. სოციალიზაციას დიდად არ დავეძებდი. ამაზე დამრიგებელი სულ მსაყვედურობდა. დედაჩემსაც ეუბნებოდა, ძალიან ჩაკეტილი ბავშვიაო. იქნებ, ცოტა გამოცოცხლდესო. არაა გამორიცხული ფიქრობდა, რომ ასე ჩემი მდგომარეობის გამო ვიყავი და არ უფიქრია, რომ ბუნებით ვიყავი ასეთი. მე თავადაც დიდი დრო დამჭირდა, რომ მივმხვდარიყავი, არაფერი მჭირს და ასეთი ვარ უბრალოდ. დამრიგებელი კარგად მახსოვს. რუსულს გვასწავლიდა, რუსული მე თან კარგად ვიცოდი. ძალიან ადრეულ ასაკში მულტფილმებიდან ვისწავლე და ასე ავლაპარაკდი. მყავდა მასწავლებლები, რომლებიც თბილად მახსოვს და მასწავლებლები, რომელთა გახსენება დღემდე რთულია და რომელთაც არაფრად უღირდათ კლასის წინ შენი დამცირება და შეურაცხყოფა, ნებისმიერი მოსწავლის, არამარტო ჩემი.

იყვნენ მასწავლებლები, რომლებიც, როცა ვაცდენდი, მაღალ ქულებს მიწერდნენ, საკონტროლო წერებიდან თუ ტესტირებებიდან მათავისუფლებდნენ და მეუბნებოდნენ, თუ არ გინდა, ნუ დაწერო. ერთი მხრივ, ეს, როგორც მოსწავლეს, გიხარია, გამოძრომის საშუალება გაქვს, ან გკიდია. მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან ვღიზიანდებოდი. ვფიქრობდი, რატომ უნდა გავიდე. აქ ვარ და დავწერ. თუ ჩავიჭრები, ჩავიჭრა. რასაც დავიმსახურებ, ის დამიწერონ. ეს იყო, ალბათ, დაბალი მოლოდინები ჩემ მიმართ და თან მფარველური დამოკიდებულება, რომელიც გამცირებს. დროთა განმავლობაში ეს საგნები საერთოდ დავიკიდე და აღარ ვსწავლობდი. პერიოდულად ჯანმრთელობის მდგომარეობა მიუარესდებოდა. სკოლაში ჩემი ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ ამდენ გაცდენას ვერ დავუწერთ და გაიყვანეთ სკოლიდანო. არასრული საშუალო განათლების ატესტატი ექნება და წავიდესო. მშობლებმა იფიქრეს, შემდეგ ექსტერნად დაამთავრებსო და დათანხმდნენ. მაგ პერიოდში ისე ვიყავი, ყველაფერი ისე ამოსული მქონდა ყელში, არ გამიპროტესტებია. ბარემ ძალიან მაგრად მივქარეთ, მეც და ჩემებმაც, რომ ამას დავთანხმდით, მაგრამ ასე გამოვიდა.

რაც სკოლიდან გამოვედი, მას მერე სიტუაცია ოჯახში უფრო აგვერია. სახლი დავკარგეთ, რომელიც ბანკში იყო ჩადებული. ხან სად გადავედით, ხან – სად. ამასობაში მე არასამთავრობო ორგანიზაციაში ამოვყავი თავი, 2011-2012 წლებში. მშობლებს სამსახურიც აღარ ჰქონდათ და ისე გამოვიდა, რომ ოჯახში ერთადერთი ადამიანი, ვისაც შემოსავალი ჰქონდა, მე ვიყავი, ჩემი ხელფასითა და „პენსიით“. ცოტა ხანს ამით დავიძვრინეთ თავი. სწავლაზე სულ ვფიქრობდი. სულ ვაპირებდი, რომ მივბრუნებოდი. მაგრამ ისე გავიდა წლები, რომ ვერ მოვახერხე. ისევ დედაჩემის დაჟინებით დავრეგისტრირდი, ექსტერნად რომ ჩამებარებინა და მეათე, მეთერთმეტე, მეთორმეტე კლასის ყველა საგანში ცალ-ცალკე ჩავაბარე გამოცდა. ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. სერიოზულად გეუბნებით, ჭაღარა გამიჩნდა. მაგრამ აი, გამწარებულმა ჩავწიხლე ესეც და ატესტატი მაინც ავიღე.

ბავშვი რომ ვიყავი, ჩემი ცხოვრება ასე წარმომედგინა, აუცილებლად უნდა დამემთავრებინა სკოლა – ეს აუცილებლობა იყო. აუცილებლად უნდა ჩამებარებინა უნივერსიტეტში – ესეც ასეთივე აუცილებლობა იყო. ყოველთვის ფსიქოლოგობა მინდოდა. სულ ვოცნებობდი, რომ ოდესღაც ამას აუცილებლად გავაკეთებდი. ეს სურვილი არც ახლა წასულა სადმე, მაგრამ ახლა კიდევ სხვა საფიქრალი და პასუხისმგებლობები დამემატა. თუნდაც, სამსახური, სადაც სრულ განაკვეთზე სტანდარტული სამუშაო დღე მაქვს. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად უნდა მოვახერხო, თუნდაც ონლაინ კურსები გავიარო და ისე.

ახლა „სემეკში“ ვმუშაობ და ქოლ-ცენტრის ოპერატორი ვარ.

სამუშაო სივრცე და გარემო ადაპტირებულია და თავიდანვე ჰქონდათ გაცხადებულად წამახალისებელი მიდგომა შშმ ადამიანებისადმი, რომ თანაბარ პირობებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კანდიდატებს პრიორიტეტს მიანიჭებდნენ.

ზოგადად, დამსაქმებლების დამოკიდებულებაც შშმ ადამიანებისადმი სტერეოტიპულია. როგორც წესი, მათაც დაბალი მოლოდინები აქვთ და თავს არიდებენ დაასაქმონ შშმ პირი, მიუხედავად იმისა, რა შესაძლებლობები, პოტენციალი და ამბიციები აქვს მას. შეიძლება, ნაწილობრივ, ამიტომაცაა, რომ შშმ პირებს მეტწილად ოპერატორის პოზიციაზე შეხვდებით. როცა არ გაქვს შეხება შშმ ადამიანებთან, სხვადასხვა მიზეზით, არ გაქვს ინფორმაცია, ეს გასაგებიცა. ყველას თავისი ცხოვრება აქვს. ადამიანები ფილტრავენ საზრუნავსაც. ყველა ყველაფერზე თავისით და თავისი ინიციატივით ვერ იფიქრებს. ჩემთანაც ყველაფერი ერთბაშად არ მოსულა. როცა პირველად დავიწყე გაცნობიერება, სტერეოტიპების, სტიგმის შშმ ადამიანების მიმართ, მაშინ გამიჩნდა მგრძნობელობა ერთბაშად ყველა სხვა ჯგუფის მიმართაც: ეთნიკური უმცირესობის, რელიგიური უმცირესობის, სექსუალური უმცირესობის ადამიანების მიმართ. ახლა უფრო სხვანაირი მიდგომა მაქვს. თუ გავიგე, კონკრეტულ ადამიანს პრობლემა ექმნება იმის გამო, რომ რაღაც ჯგუფის წევრია, ვიღაც მასზე მიზანმიმართულად ახდენს ზეწოლას მისი იდენტობის გამო, ძალიან ვწუხდები, ძალიან მძიმედ ვრეაგირებ და ეს ჩემთვის პირადი შეურაცხყოფის ტოლფასია. ავტომატური რეაქციაა. მე ვიცი, ეს რას ნიშნავს და ადვილად შემიძლია ამ ადამიანის ტყავში თავის წარმოდგენა.

როცა ქალი ხარ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხარ, მანდ თითქმის მთავრდება ყველაფერი. შენ სქესიც აღარ გაქვს. ჩემი ფლირტი, როგორც წესი, ე.წ. „ფრენდზონით“ მთავრდება. ან მე ვხვდები ამ ზონაში, ან – ის. პერსპექტივაშიც ძნელად ვუყურებ ამას. სექსუალობის საკითხს რომ შევეხოთ, ეს ხომ მხოლოდ სექსი არ არის. ეს დამოკიდებულებაა, ემოციური კავშირებია. ამ ყველაფერს რომ ვუფიქრდები, რა შეიძლება მოხდეს, როცა ასეთ ემოციურ კავშირს ამყარებ ადამიანთან, მერე მახსენდება ჩემი მეგობრის ისტორია, შშმ გოგოსი, რომელსაც ჰყავდა შეყვარებული. მისი ოჯახი წინააღმდეგი იყო, მაგრამ ცოლად გაჰყვა თავის შეყვარებულს და მალევე წამოვიდა მისგან მას შემდეგ, რაც ბიჭმა დაუწყო დაყვედრება, რომ „იცი… აი, მე შენ გივლი“. ისე გამოვიდა, ეს გოგო მადლობელი უნდა ყოფილიყო, რომ მის გვერდით ყოფნის ღირსი გახდა. მაშინ თინეიჯერი ვიყავი, მაგრამ ამ ისტორიამ დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. სულ მახსენდება და ვფიქრობ, მე რომ ასეთმა ახლო ადამიანმა მსგავსი რამ მითხრას, ადამიანმა, რომელსაც ასე ახლოს უშვებ შენთან, შენ მიდიხარ მასთან, – ჩემთვის ეს ძალიან დიდი რაღაც არის, – მე ამას ვერ გავუძლებდი, ალბათ. არაფერს გამოვრიცხავ, რომ მომავალში რამე მოხდეს, მაგრამ დღეს, როცა რამე შეიძლება დაიწყოს, იქვე პირველი ეს ამბავი მახსენდება.

ჩემს სექსუალობაზე ცალსახად ვერაფერს ვიტყვი. ხანდახან იმათიც მიკვირს, ვისაც ზუსტად აქვს ამაზე პასუხი. ამაზე წინასწარ საერთოდ არ ვფიქრობ. როცა წარმომიდგენია ურთიერთობა, ადამიანთან ემოციური კავშირი და კონტაქტი, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, სულ არ გამოვრიცხავ, რომ ეს კონტაქტი ჩემივე სქესის ადამიანთან მქონდეს. მე თუ იქამდე მივედი, რომ ეს ნაბიჯი გადავდგა, ვთქვა, რომ მზად ვარ ურთიერთობისთვის ამ ადამიანთან, სქესი მეორეხარისხოვანი ამბავია. ჩემს ინტერესებსაც რომ შევეხო… არ ვიცი, ეს რამდენად კავშირშია, მაგრამ არასდროს მაინტერესებს ის ლიტერატურა, სადაც ჰეტერო წყვილის ისტორიაა მოყოლილი. უბრალოდ, არ მიზიდავს, არ მითრევს. თუმცა, როცა ეს გავაცნობიერე, გაკვირვების მომენტი მქონდა, მეუცნაურა.

ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, იდეალური მსოფლიოს და იდეალური ადამიანების ხატს ვამსხვრევთ. ამიტომ ხალხს ურჩევნია, ჩვენ სადღაც ერთად თავმოყრილები და თან მათი თვალისგან მოშორებით ვიყოთ. იგივეა სექსუალური უმცირესობების მიმართაც. ცვლილებები ხდება, ადამიანების ცნობიერება იზრდება. თუმცა, ხანდახან ეს უკიდურესობებში გადავარდნაც ძალიან კურიოზული ხდება ხოლმე. თუნდაც, უკითხავად რომ მოგვვარდება ვიღაც და გადაწყვეტს, რომ დახმარება გჭირდება. არადა, შეიძლება სულაც არ გჭირდება და პირიქით, ხელი შეგიშალოს. ბოლოს იმასაც მოგაძახებს, გამოჯანმრთელებას გისურვებო. ცხადია, მას კარგი უნდა შენთვის, ასეთ მომენტებზე უკვე მეცინება. ცვლილებებს ყველა ჩვენი გარემოცვიდან ვიწყებთ. სულ იმას ვამბობ, რომ ადამიანი, რომელიც სხვას არაფერს უშავებს და არის იმ იდენტობის, რომელიც შენთვის მიუღებელია, ავტომატურად არ არის ცუდი ტიპი და ამიტომ შენი დამოკიდებულება შენთვის უნდა დაიტოვო. არავინ გთხოვს, გიყვარდეს, მაგრამ უსაფუძვლო სიძულვილი არავის ახეირებს.”