მანანა, 31 წლის, გალი

„მძაფრად მახსოვს ის მომენტი, როდესაც სახლს ვტოვებდით. მაშინ 9 წლის ვიყავი. ბევრი ცუდი მოგონება მაქვს ამასთან დაკავშირებით, თუმცა ყველაზე მეტად დედაჩემის სახე დამამახსოვრდა, როდესაც ვუყურებდი როგორ ტიროდა. იმ დროს ვაცნობიერებდი რაც ხდებოდა. ვიცოდი რომ ომი იყო, რომ აუცილებლად უნდა წამოვსულიყავით და ასეც მოხდა…

წამოვედით და ჯერ ზუგდიდში ჩავედით 2 დღე, შემდეგ ფოთში 2 დღე, შემდეგ „კომეტით“ ბათუმში გადასვლა და შემდეგ თბილისში მატარებლით. მერე თბილისი და დიდი გაუგებრობა. რომ არ ვიცოდით სად უნდა წავსულიყავით, როგორ უნდა გავნაწილებულიყავით, რა უნდა გვექნა. ჯერ ბებიაჩემის მეგობართან ვრჩებოდით, შემდეგ ბებიაჩემის დეიდაშვილთან და ამის შემდეგ წლები უკვე ქირით.

აქაურობასთან ადაპტაციის მომენტი რთულად მახსენდება, რადგან მეგონა კომუნიკაციას ვერასოდეს ვერავისთან დავამყარებდი. თავიდან იყო ის მომენტი, რომ „ჩამოთრეული ვიყავი“ და ყოველთვის მიკვირდა რატომ ამბობდნენ ამას ბავშვები. წლების შემდეგ მივხვდი, რომ ეს უბრალოდ ოჯახში მოსმენილი ფრაზები იყო, რომლებსაც ისინი უაზროდ იმეორებდნენ. ამ პერიოდმა ცოტა დამაკომპლექსასავით. ცოტა არასწორი ნათქვამია, მაგრამ შეგრძნება გამიჩინა, რომ ვიღაცაზე ნაკლები ვიყავი რაღაცით. როცა რაღაც არ გაქვს და ამის გამო გგონია, რომ ვიღაცა შენზე მაღლა დგას, თუმცა ამასაც წლები დასჭირდა, დრო დამჭირა, რომ ეს ყველაფერი გადამელახა და საკუთარი თავის მეტად მერწმუნა.

წამოსვლის დღიდან რამდენჯერმე ვიყავით გალში ჩასულები, ხან ახალ წელს, ხან ზაფხულში, მაგრამ სიმართლე გითხრა, აღარ მინდა უკან ჩასვლა, იქაურობა თითქოს ძალიან გამიუცხოვდა: ჩემს სახლში სხვა ცხოვრობს, ბებია და ბაბუები აღარ არიან ცოცხლები, თითქოს აღარაფერი დამრჩა იქ… ძალიან ბევრი წელი განცდა გვქონდა ყველას, რომ ოდესღაც სამუდამოდ დავბრუნდებოდით, რომ ისევ ისე ვიცხოვრებდით. პირადად მე მქონდა იმედი, რომ ოდესღაც ისევ ჩვენ-ჩვენს სახლებში შევდგამდით ფეხს, თუმცა სულ რაღაც ერთი წლის წინ გავაანალიზე პირველად და რეალურად გავაცნობიერე, რომ იქ ვეღარასოდეს დავბრუნდებით.

23 წელი გავიდა და ვიცი, რომ ის რაც იყო, იქვე დარჩა. დანარჩენი კი უბრალოდ მორჩა და სამუდამოდ დასრულდა.“

მსგავსი ისტორიები