მარიკა ქავთარაძე, ხადას ხეობა, სოფელი წკერე

„სკოლა წარჩინებით დავამთავრე და სამედიცინო სასწავლებელში მოვეწყვე. ძალიან მინდოდა ამ სფეროში მუშაობა გამეგრძელებინა. მერე გავთხოვდი, შვილები შემეძინა და სწავლის გაგრძელება ვერ მოვახერხე. შვიდი შვილი მყავს. უფროსი 17 წლისაა, უმცროსი 9 თვის. იმის გამო, რომ ხადას ხეობაში საბავშვო ბაღი არ გვაქვს, ბავშვების მარტომ გაზრდა მომიწია და იძულებული ვიყავი უარი მეთქვა ყველაფერზე, რაც მაინტერესებდა. ბავშვები სასკოლო ასაკისა რომ გახდნენ, მოგვიწია სოფელ ქვეშეთში ჩასვლა საცხოვრებლად, რადგან ხადას ხეობაში სკოლა დიდი ხანია არ არის. ახლაც, ასე, მომთაბარე ცხოვრებას ვეწევით: სექტემბრის დადგომისთანავე ქვეშეთში ჩავდივართ, სადაც სკოლაა, მაგრამ საბავშო ბაღი იქ არ არის. წკერეში მაისში ვბრუნდებით. აქ მიწები გვაქვს და იმ მიწას ვამუშავებთ, რომ მთელი წლის საკვები მარაგი მოვაგროვოთ. მთის კანონი არ შეგვეხო, გაზის საფასურს სრულად ვიხდით, ასე გვითხრეს, რადგან მუდმივად არ იმყოფებით წკერეში, შეღავათით ამიტომ ვერ ისარგებლებთო. არადა, რა ვქნათ, აქ სკოლა არ არის და ყოველ დღე, მით უმეტეს ზამთარში 10 კილომეტრის სიგრძის მთაზე სიარული ბავშვებს გაუჭირდებათ. ვისაც საშუალება ქონდა, წაიყვანა ბავშვები აქედან, რომ განათლება მიეცათ. დაიცალა სოფელი… სახელმწოფომ სოციალურად დაუცველის სტატუსი მოგვანიჭა და 1 ბავშვზე 60 ლარს ვიღებთ. სულ ესაა ჩვენი შემოსავალი. ამიტომ, არის რომ ხანდახან სკოლას ვაცდენინებ ბავშვებს, რომ წკერეში ამოვბრუნდეთ, საქონელს, ბოსტანს მივხედოთ და ბავშვებს საჭმელი არ მოვაკლოთ.“

მსგავსი ისტორიები