ლალი, 46 წლის, გალი

„რომ არა დევნილობა, პირადად მე, ზუსტად ვიცი, რომ იმ გზით არ ვივლიდი რა გზითაც მომიწია სიარული. მთელი ჩემი ცხოვრების სირთულეები მიეკუთვნება დევნილობის პერიოდს. სულ პატარა იყო ჩემი შვილი, წლის და 6 თვის. მე პროფესიით პედაგოგი ვარ და გალში ვმუშაობდი. მაშინ პედსაბჭოზე ვიჯექი, როდესაც განგაში ატყდა. სასწაული იყო… განგაში, ქაოსი, დაბნეულობა. რომ იცი, ზევით ვერ აფრინდები და ქვევით გზა აღარ გაქვს. გზები ტანკებს ჰქონდათ დაკავებული. მოსახლეობა მაშინ მინიმალურადაც არ იყო სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი. მთავარი იყო, შეიარაღებული ძალები გამოეყვანათ. ის, რომ იქ ქალები ვიყავით, ბავშები, მოხუცები, კაცები, საერთოდ არ იყო ქართული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი. ძალიან ხმამაღლა და ძალიან ლამაზად ლაპარაკობს ამის გახსენებაზე ქართული სახელმწიფო, თუმცა, რეალურად, ეს ასე არ იყო.

მაშინ ვიყავი 23 წლის. სასწაულებრივად გამოვედით მე და ჩემი ბავშვი, თუმცა ჩემზე უარესი გზები და დღეები გამოიარეს იმ ადამინებმა, ვინც სვანეთის გზით წამოვიდა, მაგრამ ჩემთვის ის პატარა შიში იყო სასწაული, რომელიც დღემდე არ მაქვს განელებული და ყოველთვის სიცივეს მგვრის მისი გახსენება. ძალიან დიდი გამოცდილებაც მომცა ამ პერიოდმა. აღარასდროს მინდა იგივე განმეორდეს, თუმცა განმეორების შემთხვევაში, ზუსტად ვიცი როგორ უნდა მოვუგო ჭკუაში ქართულ სახელმწიფოს…

ფეხით წამოვედით. ზუსტად მახსოვს ენგურის ხიდზე რომ მივედით. გზაში სულ მესმოდა ლაპრაკი „მთავარია ხიდამდე მივიდეთ“, „მთავრია ხიდის ნახევარი მაინც გავიაროთ და მერე ვერავინ შეგვეხება“. შუა ხიდამდე რომ მივაღწიე გართხმული ვიწექი იქ. ჩემი შვილი მაშინ თოთო იყო, ტიროდა, სულ სველი იყო, გამოცვლა სჭირდებოდა, შიოდა. აკრული მყავდა ბავშვი. გალიდან მე, ჩემი ქმარი და ჩემი შვილის ბებია წამოვედით. ოჯახში მამიდები გვყავდა კიდევ, რომლებიც იქ დარჩნენ. ორ კვირაში, ოთხი და-ძმანი იყვნენ, ოთხივე დახოცეს, ჩიტებივით იყვნენ მიწოლილები ერთი-მეორეს. მაშინ ვერ აღვიქვი მათი იქ დატოვება რამდენად რთული იყო, რადგან სრულიად შოკი გვქონდა ყველას. ყველა გარბოდა, ვინ საით მივრბოდით არ ვიცოდით, ვიცოდით უბრალოდ, რომ უნდა გავცლოდით იქაურობას. იმ წუთში იმაზე არ გვიფიქრია, რომ სახლს ვტოვებდით, რომ გავიდოდით და საჭმელი, სასმელი, ჩასაცმელი არ გვექნებოდა. სახლიდან ვერაფერი წამოვიღე ისე უცებ მოხდა ყველაფერი. წამოვედით ერთი ხელი ტანსაცმლით, რაც გვეცვა. მშივრები ვიყავით, უსახლკაროები, ყველანაირი ჰიგიენის გარეშე, მწყურვალები… გზა იყო კატასტროფა, რადგან ჩახერგილი იყო და ვერ გავდიოდით. ამას ისიც ემატებოდა, რომ არ ვიცოდი ჩემი მშობლები სად იყვნენ და როგორ იყვნენ.

წამოვედით…

მიადგებოდი ნათესავს და ვერ გიღებდა, რადგან იმას შენსავით უჭირდა. მაშინ ვბრაზობდი, მაგრამ ახლა ვაანალიზებ, რომ რთულია ისედაც ასეთ რთულ ყოფაში, გაჭირვებაში კიდევ რამდენიმე სული შეიკედლო. ახლა მესმის იმ ოჯახების, რომლებსაც „მივებარეთ“ ჩვენ და უკმაყოფილოები ვიყავით მაშინ. ჩვენ უკვე ზუგდიდში ვიყავით მაშინ, როდესაც ხიდამდე მივიდნენ, ყიჟინა და სროლის ხმა გვესმოდა, სიხარულის მაუწყებელი ხმები, რომ ხარობდნენ და ზეიმობდნენ. ჩვენ 3-4 საათით ადრე მოვახერხეთ ამ ხიდის გადაკვეთა. სასწაული იყო. ზუგდიდში 1 წელი ვცხოვრობდით ნათესავთან. ალბათ, 10 წელიწადი ის ოჯახი ფეხზე ვერ წამოდგებოდა. ძალიან რთულია, 33 სული გყავდეს ერთ ოჯახში. ან რა უნდა აჭამო, ან რა საიდან უნდა მოუტანო, სად უნდა დააწვინო?! 33 სული მთელი ჩასახლებაა. მე ვთვლი, რომ მათი მხრიდან ჩვენი მიღება გმირობა იყო. რომ გვეჭამა და თავი გადაგვერჩინა ოქროს ვცვლიდით პურის ფქვილზე, კარტოფილზე… ასე გავიტანეთ ეს ჩაკეტილი პერიოდი, „ზვიადის პერიოდი“. როგორც კი გზა გაიხსნა მაშინვე წამოვედით თბილისში.

თბილისში ჩამოსვლიდან „გეპეის“ საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით თავიდან. მერე ჩემი ოჯახი დაინგრა, ალბათ, ესეც ამ დევნილობის დამსახურებით, როცა საჭმელი არ გაქვს, სახლ-კარი არ გაქვს, ელემენტარული პირობები არ გაგაჩნია. ეს წამოსვლიდან 5 წელიწადში მოხდა. კაცების უმეტესობა პასუხისმგებლობებს იხსნის, ვალდებულებებს ივიწყებს, როცა ყველაზე მეტადაა საჭირო იყო ძლიერი. მოიხსნა პასუხისმგებლობები, ხელები აწიო და არაფრის იმედად დატოვო ადამიანები – არის ძალიან მარტივი, რასაც კაცების ალბათ 70% აკეთებს. ჩემმა ქმარმაც ამ მეთოდს მიმართა.

პირველი 2 წელიწადი იყო კატასტროფა. „გეპეიში“ პირდაპირ იატაკზე გვეძინა, არც საბანი გვქონდა, არც საწოლი, არც გადასაფარებელი, ან ბალიში. ერთი ზამთარი საერთოდ ქუჩაში ვერ გავედით, რადგან ფეხსაცმელი არ გვქონდა. ყველაზე დიდი უბედურება ის იყო, რომ, როგორც მე მიჭირდა და ჩემს ოჯახს, იგივე დღეში იყვნენ სხვებიც. ქართველებს ის მაინც შეგვიძლია, რომ ერთმანეთის უბედურება გავიზიაროთ და გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს, მაგრამ მაშინ ისეთი ვითარება იყო, რომ ესეც შეუძლებელი იყო, ყველას ერთნაირად გვიჭირდა.
ასაკის ბრალი იყო ალბათ, რომ ვერ შევძელი საქართველოს დატოვება და სხვა ქვეყანაში სამუშაოდ წასვლა, რადგან ვერ წარმომედგინა სხვა ქვეყანაში როგორ უნდა მეცხოვრა, არ მეგონა ჩემი ქვეყნის იქით თუ კიდევ არსებობდა რამე. პრობლემას ისიც წარმოადგენდა, რომ თოთო ბავშვით ხელში ვიყავი და მას ვერ დავტოვებდი. სულ ვფიქრობ, რომ წავსულიყავი დღეს ჩემს შვილს უკეთესი ცხოვრება ექნებოდა, თუმცა, არ ვიცი… ექნებოდა, კი?

თბილისში ჩამოსვლის მეორე დღიდანვე ჯიხურებს ვეძებდით, ლარი და 25 თეთრი იყო ჯამაგირი. ჯიხურში მუშაობის პერიოდით მოვედი მე „გამონათების“ დრომდე. საბურთალოზე ღამის 5 საათამდე ვიჯექი, იქიდან მოკოწიწებული ფულით ვყიდულობდი მაწონს, ან პურს და სახლში მომქონდა. ჩემი ქმარი ვერ მუშაობდა. ბევრის მსგავსად მასაც უნდოდა, რომ დაუყვედრებლად ეჭამა ის ორი ლუკმა პური, თუმცა არანაირი სამუშაო არ არსებობდა.

იბრძოდა ყველა. ჩვენც თითქოს გამოვექეცით ომს, ტყვიის აღარ გვეშინოდა, მაგრამ მეორე მხარეს იყო შიმშილი და სიცივე, ძალიან ძნელად გადასალახი.

ახლა ტყეში რომ გავიდე, ვიცი, აღარ შემეშინდება. მგელს შეეშინდება ჩემი, რადგან თვითონ მე ვარ უკვე ძალიან დიდი მგელი.

ცხოვრებამ მაქცია ასეთად.“