მატილდა მირზოევა, 42 წლის, სიღნაღი

მატილდა, რომელსაც უყვარს ცხოველები
————————————————————
„ფეისბუქზე პროფილის ფოტოს ეს სლოგანი მაწერია. ბავშვობიდან მიყვარდა ცხოველები. ქუჩაში უპატრონო ძაღლებს დავსდევდი. ერთხელ, მამამ მოსკოვიდან ბალონკა ჩამომიყვანა, იფიქრა, საკუთარი ძაღლი რომ ეყოლება, უპატრონო ძაღლებს თავს დაანებებსო. მაგრამ აბა, დავბერდი და თავს ვერ ვანებებ. ძალიან მეცოდებიან, განსაკუთრებით ავადმყოფი და ნაწამები ცხოველები და ვუვლი მათ. აქ არ ესმით, რატომ ვუვლი ცხოველებს, ან როგორ ვხარჯავ ფულს მათ მოსავლელ წამლებში, ან რატომ ვიბრძვი მათი უფლებებისთვის, როცა ამდენი გაჭირვებული ადამიანია გარშემო. მე ვთვლი, რომ ადამიანს შრომისუნარიანობა აქვს, შეუძლია თავისი თავი დაიცვას, ცხოველების მიმართ კი ჩემი დამოკიდებულება და აზრი გამაჩნია. ამიტომ გიჟს მეძახიან და ძირითადად ამის გამო მექმნება პრობლემა სამართალდამცავებთანაც და დამნაშავეებთანაც, ვინც ცხოველების წამებით ირთობს თავს.

მარიამობის თვე იყო, ერთ-ერთ გამვლელთან სიღნაღის ცენტრში მომიწია შელაპარაკება. ბავშვთან ერთად ვიყავი. ახალგაზრდა კაცი იყო, ნასვამი და რომ დამინახა ძაღლს ვეფერებოდი, დაიწყო ლანძღვა-გინება, რაზეც ჩემი საკადრისი პასუხი მიიღო. ჰოდა, წამოენთო უცებ და ჩემი შვილის თანდასწრებით რამდენჯერმე დამარტყა ისე ძლიერად, რომ ტვინის შერყევა და ცხვირის მოტეხილობა მივიღე შედეგად. ისევ ჩემი თანამოაზრეები, თბილისელი ცხოველების უფლებადამცველები დამიდგნენ გვერდით და საქმე სასამართლომდე მივიტანეთ. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია დამჭირდა და წოლითი რეჟიმი მქონდა, სახელმწიფო ექსპერტიზამ მიღებული ტრავმა მსუბუქ დაზიანებად ცნო, არც ის გაითვალისწინა, რომ ბავშვის თანდასწრებით მცემეს და 2,000 ლარის ოდენობის ჯარიმა გამოუწერა მოძალადეს. ახლა იმედი მაქვს 1 თვის ვადაში აღვძრავ სამოქალაქო სარჩელს და მიყენებული ზიანის ფინანსურ ანაზღაურებას მოვთხოვ დამნაშავეს.

ძაღლების პატრონობით და მათი დაცვით გავხდი ცნობილი ამ რაიონში. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ არ გვაქვს კულტურა ცხოველების სიყვარულის. სიღნაღის ცენტრში ვცხოვრობ და ტურისტები გულგრილად არ ჩაუვლიან ჩემს კარ-მიდამოს, რომ ძაღლებს ან არ მოეფერონ, ან საჭმელი არ აჭამონ. მოსახლეობას რა უნდა მოკითხო, როცა სახელმწიფოც სასტიკი მეთოდებით უმკლავდება უპატრონო ძაღლებს. მოდიან და პირდაპირ „ლაფატკის“ თავში ჩარტყმით კლავენ ცხოველებს. არადა ეს რა გამოსავალია? ეს ძაღლები ხომ მრავლდებიან. სტრატეგია არ აქვს სახელმწიფოს როგორ უნდა გაუმკლავდეს ამ პრობლემას. ეს სტრატეგია გულისხმობს, რომ უნდა მოხდეს ძაღლების სტერილიზაცია, დაჩიპვა, აცრა და მათი დაცულ ტერიტორიაზე გადაყვანა. ახლა სწორედ მე ვაკეთებ იმ საქმეს სიღნაღში, რაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს და იმის მაგივრად, რომ მეთანამშრომლონ, პირიქით, მებრძვიან.

მატილდა, რომელიც არის მებრძოლი
————————————————–
„მარტოხელა დედა ვარ. მარიამი წლის და 3 თვის იყო, გიორგი კი 3 თვის, როცა ქმარს გავშორდი. მას მერე მარტო ვზრდი შვილებს. მე, დედა და ბავშვები ვცხოვრობთ ოჯახში და სულ გვიწევს ბრძოლა თვითგადარჩენისთვის. ფუფუნებაში კი ვიყავი გაზრდილი, მაგრამ მამის გარდაცვალების შემდეგ მარტო მე და დედას მოგვიწია ცხოვრებასთან გამკლავება და ყველაფრის თავიდან დაწყება. მქონდა პერიოდი, როცა საჭმელის და ტანსაცმელის ფული არ მქონდა და ჯართს ვაგროვებდი, რომ ბავშვებისვის ლუკა-პური მქონოდა.
როდესაც სიღნაღის გაპიარება დაიწყო, ვხედავდი, რომ ტურისტებს საჭიროება ქონდათ ყავის დასალევი ადგილის. ჩემი სახლი ცენტრშია და ვიფიქრე, ყავის დასალევ ადილს გავაკეთებდი და ოჯახიც ამოისუნთქავდა. გავაკეთე უბრალო დახლი, დავაწყვე სახლის მაგიდები და სკამები და 2 ლარით დავიწყე ბიზნესი. ყავას ვადუღებდი და 50 თეთრად ვყიდდი. იმდენი ტურისტი მომაწყდა, ადგილები აღარ იყო დასაჯდომი. მერე დისტრიბუციამ ქოლგები მომიტანა და ლუდის გაყიდვაც დავიწყე.

როცა სახელმწიფომ დაინახა, მარტოხელა ქალი როგორ ვიწყებდი ფეხზე დადგომას, დახმარების სანაცვლოდ, ტერიტორიის წართმევა მოინდომა. შეტყობინება მომივიდა, უკანონოდ ეწევი ეკონომიკურ საქმიანობას და მოშალე კაფეო. შევკრიბე ყველანაირი საბუთი კერძო საკუთრებაზე და ბიზნესის კანონიერებაზე და შევიტანე მუნიციპალიტეტში განსახილველად. 3 წელი გაიწელა ეს პროცესი, ხან საბუთებს კარგავდნენ, ხან სხდომას არ ნიშნავდნენ. ერთხელაც ასე ორმოცდაათამდე პოლიციელი მომადგა, რომელთაც დავალებული ქონდათ კაფის დარბევა. გადაწყვეტილი მქონდა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე მებრძოლა. ან რა უნდა დაერბიათ?! ერთი ხის დახლი მქონდა. ავეფარე დახლს, არ დავნებდი. პოლიციელებმა რომ ჩემს შვილს გადააბიჯეს და ჩემსკენ გამოიწიეს, მაშინ თავი ვერ შევიკავე და დაპირისპირებაში შევედი. ოთხმა პოლიციელმა ხელი დამტაცა, ჩუსტები გზაში დავკარგე, მანქანაში შემაგდო და გამასამართლო. სახელმწიფომ აჯობა მარტოხელა ქალს და 400 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა. სახლში რომ დავბრუნდი, კაფე დამტვრეული დამხვდა. მოვაქუჩე ნამტვრევები და კედელთან ახლოს ახალი დახლი ჩავდგი. ისეთ მდგომარეობას გიქმნიან, რომ შენ თავად თქვა უარი საქმიანობაზეც, სახლზეც, კარზეც და ყველაფერზე რაც შენ გეკუთხვნის, მაგრამ თუ იბრძლოებ, გადარჩები. ის დავა მაინც მოვუგე სახელმწიფოს. 3 წლის მერე ტერიტორია და ბიზნესი კანონიერად ცნეს. მე კიდევ ასე უსამართლოდ მომექცნენ, დამარბიეს, გამასამართლეს და კომპენსაციაც კი არ გადამიხადეს ზიანისთვის.

უკვე მეათე წელია ჩემს ყოფილ ქმარზე დაწესებული 60 ლარიანი ალიმენტი არ აუღიათ ბავშვებს. რამდენჯერმე მივმართე აღმასრულებელს, მაგრამ რადგან მის სახელზე ქონება არ ფიქსირდება, ვერაფერს აკეთებენ. არანაირი მექანიზმი არ არსებობს სახელმწიფოს ხელში, აიძულოს ადამიანები პასუხისმგებლობას არ გაექცეს. ახლა ამაზეც უნდა ვიბრძოლოთ მე და ჩემმა მეგობრებმა, რომლებსაც ასეთი პრობლემა აქვთ, რომ სამართალს მივაღწიოთ.

არ უყვართ საქართველოში ძლიერი ქალები. უნდათ მონა, დაჩაგრული და საწყალი ქალი. მერე ეცოდები და უფრო გინდობს საზოგადოება. ძლიერი ქალის გვერდით კაცი როგორ დამალავს თავის სისუსტეს?! ამიტომ არ ჭირდებათ მებრძოლი ქალები.

რაიონში პრობლემურ მოქალაქედ მიცნობენ. პრობლემური კი არ ვარ, ვიცავ ჩემს უფლებებს, რადგან ვერც სახელმწიფო ვერ მიცავს, პირიქით ისიც კი მებრძვის. არც ერთი საქმე არ დამიწყია სასამართლოში, ჩემი გამარჯვებით რომ არ დასრულებულიყო, იმიტომ რომ მართალი ვარ კანონის წინაშე და სანამ ცოცხალი ვარ, თავს არავის დავუხრი.

დედაჩემი გარემოვაჭრეა და ისიც ჩემსავით მებრძოლი. სიღნაღის ცენტრში ბულვარში, ბევრი გარემოვაჭრე ქალია, რომლებისთვისაც ეს საქმიანობა ერთადერთი შემოსავლის წყაროა. ახლა მათაც აყრით და დარბევით ემუქრებიან და ცალკე მათი უფლებებისთვის ვიბრძვი. ხომ შეუძლია სახელმწიფოს ააშენოს სუფთა დახლები, შემოუსაზღვროს ტერიტორია ამ ადამიანებს, სადაც ივაჭრებენ და ოჯახებს შიმშილისგან გადაარჩენენ?!

ხანდახან ვხუმრობ ხოლმე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სასამართლოს მატილდა რომ არ ყავდეს, ნეტა გეგმას როგორ შეასრულებდნენ თქო?

ბევრი მხარდამჭერი შევიძინე ფეისბუქზე, ვისთანაც ცხოველების უფლებების დაცვის ინტერესი მაერთიანებს. სხვათა შორის, ამ თანადგომამ და მხარდაჭერამ შიშის გრძნობა გაუჩინა სახელმწიფოსაც და მოსახლეობასაც და ასე ადვილად ვეღარ მჩაგრავენ.

შვილებიც ჩემსნაირი მებრძოლები არიან. მარიამი, რომელიც 12 წლისაა, აქტიური მოქალაქეა უკვე. ჩემი ცემის ფაქტი სწორედ მან გაახმაურა და მისი ჩარევით დაინტერესდნენ იურისტებიც და უფლებადამცველებიც. გიორგი ჯერ პატარაა. ახლა ჩუმად გაუკეთებია სავარჯიშო მოწყობილობები – ბოქსის, სიმძიმეების აწევის. მგონია ფსიქოლოგიურად ემზადება ბრძოლისთვის, რომ დამიცვას.

თვითგამოცდილებით მივიღე ინფორმაცია საკუთარ უფლებებზე. უკვე იციან, რომ არ არის ადვილი ჩემთან ბრძოლა. კაციან ოჯახებში არ კეთდება იმდენი, რაც უკაცო ოჯახში და არ ვუყვარვარ ხალხს. არ უყვართ მატილდა, რომელიც თავს არავის დააჩაგვრინებს.“

ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: ნინა ბაიდაური

მსგავსი ისტორიები