November 24, 2020 In გურია, თემები, კ-პ, რეგიონები, ქალები ტექნოლოგიებში
მერი ეზიეშვილი, 27 წლის, ოზურგეთი, გურია
“ოზურგეთში დავიბადე და გავიზარდე. სოციალური მედია და პროგრამირება კი მაინტერესებდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ბიზნესი ან ბუღალტერია და აუდიტი უფრო იყო ჩემი საქმე. აუდიტი ვისწავლე კიდეც, მაგრამ ამ მიმართულებით აღარ წავედი, მივხვდი, რომ სხვა რაღაც მაინტერესებდა და სიახლეს ვეძებდი. სხვადასხვა აქსესუარებს – საფულეებს, სამაჯურებს, დეკორატიულ ნაძვის ხეებს ვაკეთებდი ხელით და ბაზრობებსა და გამოფენებზე ვყიდდი. რაც კი შეიძლება ხელით გაკეთდეს, ალბათ, ყველაფრის გაკეთება შემიძლია.
25 წლის ვიყავი, როცა მონაწილეობა მივიღე „ინოვაციური განათლების ცენტრის“ ტრენინგებში – სოციალური მედია მარკეტინგი და ვებ პროგრამირება. პროექტის დაწყებამდე თვენახევრით ადრე, ჩემმა შვილმა, რომელიც მაშინ ორწლინახევრის იყო, მითხრა, მინდა, მსოფლიომ გაგიცნოსო, ასეთი ამბიცია ჰქონდა. დავპირდი, მსოფლიო არ ვიცი, მაგრამ საქართველო კი გამიცნობს, მაგას გპირდები-მეთქი. თან, მაინტერესებდა კიდეც ეს სფერო, რადგან ჩემი აქსესუარების ონლაინ მაღაზიის გაკეთება მინდოდა. ამისთვის მჭირდებოდა ფეისბუქისა და ინსტაგრამის გვერდები, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ უნდა მემართა. გვერდს კი გააკეთებ, მაგრამ მარტო გაკეთება არაა საკმარისი, თუ სწორად არ მართე, სწორი სეგმენტი არ აირჩიე და ა.შ. როცა პროექტის შესახებ მითხრეს, ვიფიქრე, ვცდი, იქნებ, ამაში მაინც გამოვიყენო-მეთქი, ის არ მეგონა, ასეთ წარმატებას თუ მივაღწევდი. როცა ტრენინგზე გარკვეული საფეხურები გავიარე, მივხვდი, რომ უფრო მეტი შეიძლებოდა გამეკეთებინა სოციალურ სივრცეში, ვიდრე წარმომედგინა და უფრო გულდასმით მივუდექი – ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ რასაც ვსწავლობდი, სიღრმისეულად მესწავლა, სულ მობილიზებული მივდიოდი. მანამდე სულ მეუბნებოდნენ, მისაბაძი ხარ სხვებისთვისო და ვფიქრობდი, რომ ამის მერე კიდევ უფრო ვიქნებოდი მისაბაძი მაგალითი ადამიანებისთვის. უფრო თინეიჯერ გოგონებს ვგულისხმობ, როცა ამას ვამბობ. იმდენად კარგი ტრენერები გვყავდა, ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს ვიღებდით. გოგოები ჯგუფურადაც ვმუშაობდით, აქტიური კომუნიკაცია გვქონდა ერთმანეთთან და ამით ჯგუფში მუშაობაც ვისწავლე. ყველა გვერდში გვედგა და შეგვეძლო, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ხელმძღვანელისა და მენტორისთვის დაგვერეკა და გვეკითხა, რა და როგორ გაგვეკეთებინა.

ამ პროექტმა ფინანსურადაც ძალიან შეცვალა ჩემი ცხოვრება. ახლა კერძო შეკვეთებსაც ვიღებ. სამომავლოდ, მინდა ყველაფერი ვიცოდე, რაც ტექნოლოგიებს ეხება. მინდა, სრული პაკეტი შევთავაზო დამკვეთს. თუ მე ამას შევძლებ და ვიცი, რომ შევძლებ, ძალიან ბედნიერი ვიქნები, რადგან ჩემი შვილის ოცნებაც ახდება. მივხვდი, რომ როგორც სხვას შეუძლია ჩემი დახმარება, ასევე შემიძლია მეც, იგივე გავაკეთო და სხვას ვასწავლო. მაქვს გეგმა, რომ ჩავატარო ტრენინგები ქალებისთვის. მინდა, რეგიონებში გავაკეთო რამე ქალებისთვის. მე და ჩემი მეგობრები ვფიქრობთ, ქალებს ლექციები ჩავუტაროთ სოციალურ მედიაზე და გამოცდილება გავუზიაროთ. მალე გვექნება Youtube არხიც.

მინდა, ქალებთან მიმართებაში სტერეოტიპები დაინგრეს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ამ სფეროში ვარ და ამ საქმეს ვაკეთებ. მით უმეტეს, რეგიონებში ქალებს ამისი შესაძლებლობა ნაკლებად ეძლევათ. ყველა გოგოს ვურჩევ, მიზნად დაისახონ ის, რაც უნდათ და ყველაფერს შეძლებენ. მიზანს წარმატებისკენ მივყავართ და წარმატება ყველასთვის მნიშვნელოვანია.”
ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: გედა დარჩია
UN Women Georgia
Meri Ezieshvili
”მერი ეზიეშვილი იყო “სოციალური მედიის მარკეტინგისა და ვებპროგრამირების” 2019 წელს ჩატარებული სასწავლო პროგრამის 124 მონაწილიდან ერთ-ერთი. ტრენინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ნაწილია, რომელიც დაფინანსდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ისტორიაში გამოთქმული შეხედულებები წარმოადგენს ავტორის (ავტორების) მოსაზრებებს და არ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაეროს ან მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების შეხედულებებს.“