ნათია ბერძენიშვილი, 36 წლის, გურჯაანი

(ნათია და მისი მეუღლე ცხოვრობენ ორგანიზაცია ხელი ხელს-ის მიერ შექმნილ საოჯახო ტიპის სახლში.)

“ჩემი ბავშვობა
——————–
მე კარგად მახსოვს ჩემი მშობლებიც, და-ძმაც… და იქედან მომყვება ეს სიყვარულის უნარი…

ქუთაისში დავიბადე და ბებია რომ გარდამეცვალა, მშობლებმა ჩვილ ბავშვთა სახლში დამტოვეს. ჰო, ამ ფეხების გამო… მაშინ 4 წლის ვიყავი. მას მერე ჩემს ოჯახთან კომუნიკაცია არ მქონია. ჩვენ 7 და-ძმა ვართ და ძალიან მინდა, რომ ისინი, მაინც, მოვძებნო.

16 წლის რომ გავხდი, სამეგრელოს ჩვილ ბავშვთა სახლიდან თერჯოლაში გადამიყვანეს, სადაც 2004 წელს ჩემი მეუღე გავიცანი…

მარიამი
————-
12 წელი გავატარე თერჯოლაში და იქ მეყოლა პირველი შვილი – მარიამი…

საკეისროს შემდეგ, ჩემი შვილი რომ მოვიკითხე, მითხრეს ზესტაფონში წაიყვანესო. ბაშვი ისე წამართვეს, რომ ძუძუს ჭმევის და ერთხელ ნახვის უფლებაც კი არ მომცეს. მე არავინ არაფერი შემითანხმა, არც ხელი მომიწერია რამე საბუთისთვს, ისე წაიყვანეს ჩემი შვილი. წარმოიდგინეთ, სამშობიაროში ყველა დედას ეწვა თავისი შვილი გვერდით და მე არავინ…

ამაზე ისეთ დღეში ჩავვარდი, რომ იქაურობა დავლეწე. საწოლიდან ავდექი და ძირს დავენარცხე… დეპრესიაზე შეტევაც დამემართა და კრუნჩხვებში ჩავვარდი, ისინი კი დამამშვიდებელს მიკეთებდნენ და მაძინებდნენ. იქ ვერ მიხვდნენ და ვერც გამიგეს, მე რატომ გავღიზიანდი ასე, რადგან თვლიან, რომ ჩვენ არ განვიცდით, რგორც დედები და მშობლები. არ ესმოდათ, რომ მეც მინდოდა შვილი ჩემს გვერდით გაზრდილიყო. მახსოვს იქ ერთ-ერთ ექთანს ვუთხარი, გთხოვ, შენც ხომ დედა ხარ, იცი რა არის ეს გამოცდილება და ერთხელ მაინც მანახე ჩემი ახლად დაბადებული შვილი-მეთქი. მან შვილები დაიფიცა და მჯერა, რომ არაფერი იცოდა ჩემი გოგოს შესახებ. მერე ის ექიმი დავიბარე, ვინც მე საკეისრო გამიკეთა. მან ბოდიშები მიხადა, აქ აღარ არის შენი შვილიო, მაგრამ მე ბოდიში რას მიშველიდა?! მაშინ ვუთხარი, აქედან რომ გამწერთ, მე მაინც ვიპოვნი ჩემს შვილს და თქვნს თავს კი ღმერთს ვაბარებ, ის სამართლიანია-მეთქი…

მშობიარობის მერე, სავადმყოფოდან რომ გამწერეს და დამაბრუნეს თერჯოლაში, ბავშვი იქაც მოვიკითხე. ძიძებმა მითხრეს, აქ რა უნდა ბავშვს, აქ მარტო დიდები არიანო. შუშები დავლეწე, ხელები დავიჭერი და ვითხოვდი შვილი ეჩვენებინათ. შვილს რატომ კითხულობო, ვითომ გაკვირვებულები მეკითხებოდნენ და იმის ახსნა მიწევდა, რომ მეც ის დედა ვარ, რომელსაც საკუთარი შვილი გვერდით უნდა რომ ჰყავდეს.

მას მერე, რაც ამ ფორმით მოვითხოვე შვილის ჩვენება, მარიამთან წამიყვანეს. ჩემი შვილი მაშინ ზესტაფონში იყო, მამაოს სახლში, სადაც სხვადასხვა ასაკის ბავშვები ყავდათ. ჩემს დანახვაზე მამაო გაგიჟდა, დედა აქ რატომ მოიყვანეთო. მაშინ ვუთხარი, თქვენ თუ ღმერთი გწამთ, დედას როგორ უშლით იმას, რომ შვილი ნახოს-მეთქი. ერთი ადამიანი მომეხმარა, განცხადებაც დავწერე და გავაგზავნეთ სამინისტროში. სხვა გზა არ მქონდა, ასე უნდა მებრძოლა ჩემი შვილისთვის. სამინისტროდან ჩამოვიდნენ თერჯოლაში. მოვითხოვე, რომ მარტო დავეკითხე, რადგან თუ მოისმენდნენ რას ვეუბნებოდი სამინისტროს წარმომადგენლებს, დამსჯიდნენ. იქ სიმართლის მოსმენა არავის უყვარდა და ჯოხს გვირტყამდნენ თავში, ვინც რამეს ვიტყოდით. მე მაინც ყველაფერი მოვუყევი მათ. ბევრი პრობლემა იყო იმ დაწესებულებაში – არც საჭმელი იყო, არც ტანსაცმელი…პირველად რომ ჩავედი თერჯოლაში, ჩემი ტანსაცმელი დავურიგე ყველას და მე აღარაფერი მქონდა გამოსაცვლელი. შვილზეც ვუთხარი, რომ მისი ნახვა მინდოდა. სამინისტროს წარმომადგენლებმა კატეგორიულად უთხრეს დირექტორს, რომ არ აეკრძალათ ჩემთვის შვილის ნახვა და როცა მოვინდომებდი, მაშინვე წავეყვანე მასთან. მართლა იქირავეს მანქანა ჩემს გამო და ჩემი შვილის სანახავად ზესტაფონში დავდიოდი.

პირობები იმ სახლში, ნამდვილად, ნორმალური იყო, მაგრამ ხომ უნდა ეთქვათ წინასწარ, სად მიყავდათ?! მე ვქსოვდი ბევრ რამეს და ამით ვაგროვებდი ფულს, რომ ყოველ ჩასვლაზე დამეტოვებინა და ჩემს შვილს ყველაფერი ჰქონოდა. იქ ერთი ქალი შევარჩიე, რომელსაც ვენდობოდი და მას ვუტოვებდი ფულს. სწრაფ-სწრაფად ვქსოვდი, რომ ბევრი ფული დამეგროვენინა ჩემი შვილისთვის და მას არაფერი მოკლებოდა.

ერთ დღესაც ჩავედი ზესტაფონში და ბავშვი იქ აღარ დამხვდა. ჯავახეთში ისე გადაიყვანეს, რომ მე არც კი მკითხეს. ეს მამაომ გააკეთა იმიტომ, რომ მე იქ აღარ მევლო. მას მერე 5 წელი ვეღარ ვნახულობდი მარიამს…

ნიკოლოზი
—————
თერჯოლის მერე წელიწადნახევარი დუშეთში ვიყავი ქმართან ერთად და იქ მეყოლა ჩემი ბიჭი – ნიკოლოზი…

იქაც იგივენაირად, ბავშვი როგორც კი დაიბადა, ეგრევე წაიყვანეს, საერთოდ არ მომაკარეს… აღარც კი მახსოვს რა გავტეხე, ან რას ვაკეთებდი, ისეთ დეპრესიაში ვიყავი.

დიდი ბრძოლის მერე წამიყვანეს იქ, სადაც ჩემი შვილი ცხოვრობდა. ოჯახი იყო, მაგრამ ძალიან არ მომეწონა ის პირობები, სადაც ნიკოლოზი იზრდებოდა. ისეთი ვიწრო სახლი იყო, შიგნით ვერ შევედი. თან ვხედავდი, რომ საკუთარ შვილებს კარგად აჭმევდა, ჩემი შვილი ყავდა მარტო „მანიზე“. ვუთხარი, ამხელა ბავშვია, ორი წლის და რაღაც სხვაც ხომ სჭირდება საჭმელად-მეთქი. მერე ვიბრძოლე და ისიც გადმოვიყვანეთ კახეთში, იმავე ოჯახში, სადაც ჩემი უფროსი შვილია.

მე სულით და გულით მინდოდა, რომ ჩემი შვილები ჩემთან ყოფილიყვნენ. სულ ამაზე ვფიქრობ ახლაც. სამინისტრომ ასე მითხრა, არ შეიძლება შვილები შენთან იყვნენო. გაოცებული დავრჩი. მეც მინდა, როგორც სხვებს, ჩემი შვილები ჩემს გვერდში იზრდებოდნენ, გრძნოდნენ ჩემს სითბოს და სიყვარულს-მეთქი.

ცხოვრება გურჯაანში
——————————
ხუთი წელი გამიხდა რაც გურჯაანში ვცხოვრობ, ჩემს ქმართან ერთად…

გურჯაანში გადმოსვლამდე ძალიან ცუდად ვიყავი, ხშირად მემართებოდა შეტევა, საჭმელს ვერ ვჭამდი ნერვიულობისაგან და სულ ძილში ვიყავი იმიტომ, რომ ჩემს წამალს კი არ მაძლევდნენ, ნემსს მიკეთებნენ. უნდოდათ, რომ მე სულ საწოლში ვყოფილიყავი, მოსულ სტუმრებს არ შევხვედროდი და არ მესაუბრა მათთან. ამას მოგვიანებით მივხვდი და ნემსს აღარ ვაკეთებენინებდი…

აქ რომ მოვედი დამაწყნარეს, ჩვენ მოგეხმარებით შვილების მოძებნაშიო და მართლაც ასე მოხდა. ბავშვები ახლა გურჯაანის ახლოს ერთ-ერთ სოფელში, ძალიან კარგ ოჯახში ცხოვრობენ ერთად. სასწაული ბავშვები არიან … რომ დამინახავენ, გიჟდებიან ჩემს გამო. ჭიშკრიდანვე გამორბის ხოლმე გახარებული ნიკოლოზი ჩემსკენ „დედაო“.
მარიამი უკვე 10 წლისაა, მაგრამ სკოლაში ვერ დადის, რადგან ეტლზეა და სახლში ამეცადინებენ. ნიკოლოზი კი 4 წლის არის და ბაღში დადის. ჩვენ სულ დავდივარ მათთან სანახავად, ისინც მოდიან აქ სტუმრად, ტელეფონზეც ვეკონტაქტებით ყოველდღიურად. დაბადების დღეებს კი საჩუქრებით და ტორტით ავღნიშნავთ ერთად.

ამიტომ, აქ გაცილებით უკეთესად ვგრძნობ თავს, შვილებს გეფიცებით, ვიდრე მანამდე სადაც მიცხვორია ბავშვთა სახლებში. დასამალი არაფერი მაქვს, აქ ვისწავლე ოჯახური ცხოვრება და ასევემ, ბევრი რამის კეთება. სახლში უკვე სხვადასხვანაირ სადილს ვამზადებ, ვისწავლე ცხობაც, წიწილებს ვუვლი და ა.შ. ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს. როგორც მინდოდა, ისეა აწყობილი ჩემი ცხოვრება…

მთავარი ოცნება
———————–

მე ერთი დღეც კი არ მიცხოვრია ჩემს არც ერთ შვილთან, მაშინვე მართმევდნენ…

ჩემი მთავარი ოცნებაა, რომ შვილები ჩემს გვერდით იყვნენ, ოჯახიც ამისთვის შევქმენი. სახელმწიფოს ვთხოვ ერთადერთს, მომცეს ჩემს შვილებთან ერთად ცხოვრების უფლება და ხელი შემიწყოს ოჯახის გაერთიანებაში. ეს ჩემს შვლებსაც სჭირდებათ. მე ხელს არ ჩავიქნევ და ბოლომდე ვიბრძოლებ.

ახლა ფულს ვაგროვებ, რომ სახლი ვიყიდო და საცხოვრებელი პირობები შევქმნა ბავშვებისთვის. ძალიან მინდა, რომ მათ ჩემი სითბო და სიყვარული იგრძნონ, რაც ბავშვობიდან ძალიან დააკლდათ… სახლს გურჯაანში ვიყიდი იმიტომ, რომ აქ მეზობლებთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ძალიან კარგად ვარ.”

ავტორი: იდა ბახტურიძე
ფოტო: სალომე ცოფურაშვილი

მსგავსი ისტორიები