ნათია გვიანიშვილი, 30 წლის, თბილისი

„ჩემს იდენტობას სახელი 17 წლის ასაკში დავარქვი, მაგრამ სახელის დარქმევა არ იყო ძნელი იმიტომ, რომ გააზრება რომ ლესბოსელი ვიყავი ძალიან ლოგიკური იყო. ბავშვობიდან მომწონს ქალებთან ყოფნა, სოციალურადაც და ემოციურადაც და მოზარდობაში კიდევ სექსუალური ასპექტი რომ დაემატა, ძალიან ჰარმონიულად ჩაჯდა.

ყველაზე უარყოფითი გამოცდილება, რაც მქონია, დაკავშირებულია ჩემს ყველაზე ახლო მეგობართან. მეათე კლასიდან ერთად ვიყავით და მეგონა ყველაფერზე შემეძლო მასთან ლაპარაკი. მიუხედავად ამისა, მაინც დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ მეთქვა ის, რაც წლების განმავლობაში ვიცოდი. ხანდახან ბედნიერების გაზიარება უფრო გინდება ადამიანისთვის, ვიდრე უბედურების. მაშინ ჩემს პირველ პარტნიორთან ახალი დაწყებული მქონდა ურთიერთობა და ვიფიქრე „აი, მეგობარს ვეტყვი, რომ კარგად ვარ“, მაგრამ ისეთი „ცივი წყალი გადამასხა“, რომ ეს იყო ყველაზე უსიამოვნო გამოცდილება, რაც მქონია. ამის მერე, პრინციპში, ჩემი სამეგობრო წრეც შეიკრა თემის გარშემო. შეიძლება ეს არაცნობიერი გადაწყვეტილება იყო. იმ პერიოდში ჰეტერო ან არათემში გაცნობილი ადამიანები, ყველა ჩამოვიშორე.


დედაჩემთან ქამინგაუთი გავაკეთე 2009 წლის 3 მარტს. ეს რიცხვიც მას ახსოვდა, მე არ მახსოვდა, ამასწინათ მითხრა. ეს მას მწარედ ახსოვს იმიტომ, რომ ძალიან ცუდად იყო, როცა ვუთხარი. ასეთი მშობლების მესმის ხოლმე, რომლებმაც არ იციან, რა უნდა უქნან უცბად ამ რეალობას. დედაჩემს რაღაც დრო დასჭირდა, მაგრამ ადაპტირდა. მანამდეც არაფერი გამიგია ჩემი მშობლებისგან ჰომოფობიური. რაღაც პერიოდის მერე რისი შიშიც ჰქონდა იყო, რომ თუ რამე ლგბტ ან ფემინისტური თემატიკის მაისურს ჩავიცვამდი სახლიდან გასვლისას, ისტერიკას იმართებდა, რომ არ მეფრიალებინა მსგავსი მაისურები ქუჩაში. ამაზე ვჩხუბობდით ხოლმე.

2013 წლის 17 მაისი მერე, როცა კინაღამ ჩაგვხოცეს… თავიდან, დედაჩემი თვითონ ამბოდა აქციაზე წამოვალო, კიდევ კარგი არ წამოვიდა… ჩემი პარტნიორიც იყო აქციაზე და სანამ ის არ ვიპოვე, ავტობუსში არ ავედი და დედაჩემი რომ მანდ ყოფილიყო, ძალიან ცუდი რამე მოხდებოდა. ამ ამბების მერე, ხედავდა როგორ განვიცდიდი. ერთ დილით, სახლიდან გასვლისას მორიგი ლგბტ თემატიკის მაისური ჩავიცვი, რომელსაც აწერია „Join us, stop homophobia!“. ველოდებოდი, რომ დედაჩემი ისევ რამეს მეტყოდა და საჩხუბრად მოვემზადე. დედაჩემმა შემომხედა და თქვა: „რა კარგი მაისურია, მეც მინდა“. მე ტირილი ამიტყდა. მისი მხრიდან ეს მხარდაჭერის გამოხატვა იყო. სხვანაირად ეს ემოცია ვერ გამოხატა. ეს ამბავი ყოველთვის დადებითად მახსენდება.”

მსგავსი ისტორიები