ნათია (ფრიდა) ბოლქვაძე, 36 წლის, ბათუმი

„რაკუშკებიან კაფეში ვარ, ფრიდასთან“ – ასე უთხრა ტელეფონში ერთმა ჩვენმა კლიენტმა მეგობარს. მას მერე კაფეს „რაკუშკები“ დაერქვა, მე – ფრიდა. ჩემი ხელით მოხატული და გაფორმებული კაფის ფერები – ყვითელი, ცისფერი და თეთრი ფერები – მექსიკურია. ჩემი ნაწნავები და თმაში გაბნეული ყვავილები – ფრიდასეული. ამით გაითვქა სახელი პატარა კაფემ კვარიათის სანაპიროზე, რომელიც აგერ უკვე 10 წელია ჩემი და ჩემი დების ცხოვრების ნაწილი გახდა.

ამ ბოლო დროს მაინც ისევ ნათიად რომ მიღებენ, ის მომწონს. ძალიან დავიკარგე ფრიდაში, ასე მგონია. გარშემო ახლობლები მეუბნებიან, ნუ მიემსგავსები ფრიდას, ეს ხომ ტრაგიკული, თავზეხელაღებული ქალი იყოო. ვფიქრობ, საქართველოს რეალობაში მეც ფრიდასნაირი მეამბოხე ვარ. აჭარაში კაფეში მუშაობა იოლი არ არის. ფიქრობენ, რომ განათლება არ გაქვს და დაბალი სოციალური ფენიდან ხარ. ჩემი კაფის განსაკუთრებულობა კი იმაშია, რომ მე არა მარტო მეპატრონე ვარ, არამედ მასპინძელიც, რომელიც კლიენტებს ხვდება, ემსახურება და ხანდახან სამზარეულოშიც შედის შეკვეთის მოსამზადებლად. ასე უშუალო ურთიერთობას ზოგი მიჩვეული არაა. ერთხელ ერთმა პოლიტიკოსმა კაცმა მითხრა, გავიგე ტროცკი ყოფილა შენთან სტუმრადო. ირიბად იმაზე მიმანიშნა, რომ ბათუმელ გოგოს, რომელიც კაფეში მუშაობს ფრიდას შესახებ შესაძლოა არაფერი მცოდნოდა.

ოჯახში სულ ქალები ვართ – დედა და სამი და. ერთადერთი კატა გვყავს მამრი. დედაც მეამბოხეა. მძიმე პერიოდში დაქვრივდა. მეამბოხე უნდა იყო, რომ ბნელ 90-იანებში ბათუმიდან გონიოსკენ მიმავალ გზაზე სასურსათო ჯიხური გახსნა და თინეიჯერი გოგოები ამ ბიზნესში გვერდში დაიყენო. ჯიხურში შპალერი-შორენკეცი გავაკარით, რომელიც ლექსებით ავაჭრელეთ. ერთი დანჯღრეული მაგნიტაფონი გვედგა, 2 კასეტით. შეშის „ფეჩს“ დავანთებდით და ყავას ვხარშავდით. მთელი უბანი ჩვენთან იყრიდა თავს. მგონი ამ სივრცეში გადავრჩით ყველა. ბათუმში ის ჯიხური ერთადერთი ნათელი წერტილი იყო. ასე დავიწყეთ ქალებმა ბიზნესი. ახლა კი „რაკუშკები“ მაქვს. კინოსავითაა ჩემი ცხოვრება, იმდენ საინტერესო ისტორიას ვხედავ და ვისმენ, იმდენი საინტერესო ადამიანი სტუმრობს რაკუშკებს, რომ ვფიქრობ, ნეტავი წერა შემეძლოს, წიგნად გამოვცემდი.

ამ კაფეში, ყველაფერი ჩემი ხელითაა გაკეთებული. ძველი სისადავეა შენარჩუნებული და საინტერესო და სახალისო ხელნაკეთი ნივთებითაა გაფორმებული. რამდენიმე წლის წინ სარკე ჩამოვკიდე, რომელსაც დღემდე აწერია „დამანახე რაზნიცა“. ძალიან იხალისებ, თუ კლიენტებს დააკვირდები, ვინც ამ სარკესთან პოზიორობს. კაფის მენიუც ფემინისტური მაქვს. ყველა კერძს ქალის სახელი ქვია. კაცის სახელი მხოლოდ ერთ მაგიდას ქვია, საკერავი მანქანა მაგიდად გადავაკეთე და ბაბუაჩემის სახელი – შუქრი დავარქვი.

წარმოუდგენელია ბიზნესის მართვა კაბინეტიდან. აქ თუ შენ თვითონ არ იგრძენი, რა არის უბრალო მიმტანად ან მზარეულად მუშაობა, წარმატებული ვერასდროს იქნები. ადგილი, სადაც ხშირად ვარ, დახლს უკანაა. აქ სიმბოლური ფანჯარა გავიკეთე, რომ ბარიერი ყოფილიყო ჩემსა და ზღვას შორის. არ დამიჯერებთ, და ზღვაში წლებია არ ჩავსულვარ. ცურვაც კი არ ვიცი. როცა მინდა ფარდას ჩამოვაფარებ და აღარ შევხედავ ზღვას. თუ მომენატრება გამოვაღებ ფანჯარას…

რადგან კაფე სეზონურია, ჩემი ძირითადი სამუშაო სკოლაშია. ხელოვნების მასწავლებლად ვმუშაობ ბავშვებთან – ვხატავთ, ვძერწავთ და უბრალოდ ვგიჟობთ. ერთხელ, გაზაფხულის პირს, წვიმებმა რომ დაგვღალა, კლასში შევედი და ბავშვებს ვუთხარი, მოდით ახლა გიჟი გაზაფხული დავხატოთ თქო. ზოგმა მზეს ჩემსნაირი ჭრელი კაბა ჩააცვა, ზოგმაც ბოროტი არსება დახატა, რომელსაც მზე ჰქონდა გადაყლაპული. ფანტაზიებით ვითარდებიან ბავშვები და ამიტომ ხელოვნების პედაგოგობა ძალიან მომწონს.

დაქორწინებაზე არ ვფიქრობ. დამოუკიდებლობა, რომელიც ჩემით მოვიპოვე, ძალიან ძვირფასია ჩემთვის და ამიტომ ჩვენს კულტურაში, სადაც კაცი ხშირად ცდილობს საკუთარ თავზე დამოკიდებული გაგხადოს, დიდი რისკია ქალისთვის გათხოვება. სხვათა შორის კაცებსაც ეშინიათ დამოუკიდებელი ქალების – ასე გონიათ კონტროლს ვერ დაამყარებენ ქალზე, კაცურ სიძლიერეს ვერ გამოხატავენ. არადა თუ შენში ბუნებრივად არ ზის მორჩილება, ვერ ითამაშებ. ხანდახან მიფიქრია, რომ მოდი ახლა ვიქნები ნაზი, კდემამოსილი და თუნდაც ვითამაშებ, რომ ობობების მეშინია. არ გამომდის, არ მეშინია ობობების.

ახლა საშინაო დავალებასავით მაქვს გასაკეთებელი. ახალი სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ახალ კონცეპტუალურ დეკორაციებს ვაკეთებ კაფისთვის. რომ ჩამოხვალთ, დაგახვედრებთ. ნათია-ფრიდაც იქ იქნება.“

მსგავსი ისტორიები