ნატალია ცერცვაძე, ექიმ-გინეკოლოგი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისი

„ჩემი მოღვაწეობა სამედიცინო დარგში დაიწყო მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრებიდან მოსკოვში, სადაც გინეკოლოგური განყოფილების ხელმძღვანელი ვიყავი მოსკოვის 26-ე სამშობიარო სახლში. სამოქალაქო ომის შემდეგ, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ქ. თბილისში გადმოვედი და გლდანის რაიონის ქალთა კონსულტაციის გამგედ დავინიშნე. 1970 წლიდან დღემდე ვმუშაობ ექიმ-გინეკოლოგად. ასევე, ოჯახის დაგეგმვის მიმართულებითაც.

გავრცელებულია მოსაზრება, რომ აბორტის აკრძალვა, რომელიც წინა წლებში მოქმედებდა და ამჟამად მოქმედებს რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, შეიძლება იმოქმედოს შობადობის გაზრდაზე. სინამდვილეში, აბორტის აკრძალვა, ხშირად, იწვევდა კრიმინალური გზით ორსულობის შეწყვეტას ქალთა ჯანმრთელობის დაზიანებებით. მათ შორის: ქალთა სიკვდილიანობას, საშვილოსნოს პერფორაციას და სამომავლოდ უშვილობას. ვინაიდან ეს მანიპულაცია ტარდებოდა არაკვალიფიციური პერსონალის მიერ, არასათანადო პირობებში. ხშირად, საცხოვრებელი სახლებშიც ან არალეგალურად სამედიცინო დაწესებულებებში, ჩვენების და უკუჩვენების გათვალისწინების გარეშე. ასევე, ჰიგიენური ნორმების დაუცველად. ამისთვის გამოყენებული იყო საყოფაცხოვრებო საგნები, ფიკუსის ფოთლები, კათეტერები, მედიკამენტები ან მომწამლავი ბალახის ნაყენები და ა.შ.

ჯანმრთელობის დაზიანებების გარდა, აბორტის აკრძალვის შემთხვევაში მატულობს არასასურველი ორსულობის შედეგად დაბადებული ბავშვების ნებისმიერი გზით ,,მოშორების“ რისკი, მათი უკანონო გაშვილება ან სიცოცხლის ხელყოფაც კი. აბორტის აკრძალვა, ხშირად, სახელმწიფოს დემოგრაფიული ზრდის სტიმულაციას უკავშირდება.

მე, როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, აბორტის აკრძალვის წინააღმდეგი ვარ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ აკრძალვის არც ერთი ფორმა არ არის გამოსავალი. აკრძალვას შედეგი არ მოაქვს. მიმაჩნია, რომ დემოგრაფიული ზრდა ქვეყანამ ეკონომიკის სტიმულირებით უნდა მოახდინოს და არა აკრძალვით. ვფიქრობ, რომ პირველ რიგში რაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, არის სამუშაო ჯგუფების შექმნა, განსაკუთრებით რეგიონებში, რომლებიც ქალებს მიაწვდიან მეტ ინფორმაციას კონტრაცეპტივების შესახებ, რადგან, სექსუალური აღზრდის კულტურა არის ადამიანის სწორად აღზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი.

ამასთან, სექსუალური განათლებისა და კონტრაცეფციის შესახებ ელემენტები შეტანილ უნდა იქნეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და შესაბამისად, უნდა მოხდეს მშობლების, როგორც თეორიული, ისე ფსიქოლოგიური მომზადება გინეკოლოგიური დაავადებებისა და არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების შესახებ. სწორედ, მათგან უნდა ხდებოდეს შვილების ინფორმირება პირველ რიგში და მერე სკოლებში.

საზოგადოებამ, სამწუხაროდ, ამ განათლების მიღება დააგვიანა. ჩვენს რეალობაში, ძალიან ხშირად, მოზარდები ამ თემაზე ტაბუს ოჯახის წევრებისგან აწყდებიან. ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ საკუთარი ანატომიის შესწავლა, სექსულური განათლება მოზარდებისთვის „გარყვნილება“ და „ეშმაკის მოგონილი საცდურია“. ესეც გასაგებია საიდანაც მოდის. ასეთი აზროვნების ადამიანები შემდეგ სკოლებში მასწავლებლებს ებრძვიან, თუ ისინი ანატომიის პიკანტურ დეტალებს შეეხებიან.

ვფიქრობ, სახელმწიფოს ინტერვენცია აქ აუცილებელია. სექსუალური განათლება ინსტიტუციების ყველა რგოლში უნდა შევიდეს, განათლების სისტემიდან და მედიიდან დაწყებული, ეკლესიით დასრულებული.“

მსგავსი ისტორიები