ნატალი გაფრინდაული, 16 წლის, ქვემო ალვანი

„ხშირად მესმის, რომ ახალგაზრდობა ცხოვრების საუკეთესო პერიოდია, რადგან შეცდომების დაშვება ყველაზე მეტად ამ დროს არის მიღებული. ჩვენ ხომ მათ ხარჯზე ვსწავლობთ და ვყალიბდებით პიროვნებებად. შეგვიძლია ვაკეთოთ ყველაფერი, ოცნებები მიზნებად ვაქციოთ და შევიქმნათ სასურველი მომავალი.

თუმცა, ჩემი აზრით, ახალგაზრდობა რთული უფროა, ვიდრე კარგი, რომელსაც პატარა ასაკთან ერთად ძალიან ბევრი პრობლემა ახლავს თან. რთულია იმიტომ, რომ უამრავი რამ გვაწუხებს. ამ დროს უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მთელს ჩვენს მომავალს წარმართავს. თუნდაც ეს იყოს მომავალი პროფესია. ჩვენ, ახალგაზრდებს კარგად არც კი გვაქვს ზუსტად ჩამოყალიბებული მიზანი. არ ვიცით რა გვინდა, რა გვჭირდება. გემოვნება და შეხედულებები დღითიდღე გვეცვლება. ზოგჯერ ვიტყვი, აი ეს პროფესია მომწონს და ვისწავლი კიდეც, მაგრამ… როდესაც მეკითხებიან, რაზე გსურს ჩაბარება? და მე ვპასუხობ: სამართალმცოდნეობა, – ისეთი სახით მიყურებენ, თითქოს მე მთვარეზე ვარ, მოსაუბრენი კი – დედამიწაზე. “რად გინდა? მაგით ვერ დასაქმდები. შანსი არაა, ძალიან რთულია, ვერ შეძლებ, უფრო მარტივზე იფიქრე, ტყუილად რომ ისწავლო და ხელფასიც გქონდეს”. შესაბამისად ვფიქრობ, იქნებ მართალია? ჩემზე გამოცდილია და იქნებ მართლაც სხვა რამ ავირჩიო?

ნებისმიერი რამის მისაღწევად სურვილი, დიდი შრომა და მიზანდასახულობაა საჭირო, მაგრამ ეს ძალიან რთულია ისეთ ქვეყანაში, რომელმაც თავადაც არ იცის საით მიექანება. საქართველოში უამრავი პრობლემაა, თუმცა მე განათლების სისტემას ვუჩივი და ვფიქრობ, რონ ძალიან ბევრი ხარვეზია გამოსასწორებელი. იმის გამო, რომ აქ არ არის შანსები, ძალიან ბევრი ქართველი სწავლას საზღვარგარეთ აგრძელებს და უკან არ ბრუნდება. ამაში კი ქვეყნის გამვითარებისთვის ვერანაირ პლიუსს ვერ ვხედავ. რთულია, როცა გარშემომყოფების მსგავსად, მხოლოდ დღევანდელობით არ ცხოვრობ და დღიური პოზიტივით არ შემოიფარგლები, მომავლის მუდმივი შიში გაქვს, შიში იმისა, რომ არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებ, რომელსაც პრობლემათა ნაკადი მოჰყვება. თუნდაც ის, რომ ვერ დასაქმდები, არ გექნება შემოსავალი, საზოგადოებაში თავს ვერ დაიმკვიდრებ და ვიღაცას ტვირთად დააწვები.

მომავალში კი არა, ახალგაზრდებს ეს პრობლემა სკოლის პერიოდშიც გვაწუხებს. როცა სხვა ქვეყნებში ჩემი ასაკის ადამიანები თავისუფლად ახერხებენ სწავლასთან ერთად მუშაობას, ჩვენს ქვეყანაში კი ეს შეუძლებელია, პროტესტის გრნობა მიჩნდება. აქ არ არის იმის შესაძლებლობა, რომ მოზარდები შრომას მივეჩვიოთ. მიუხედავად სურვილისა, რომ ოჯახს მდგომარეობა შევუმსუბუქოთ და პირადი ნივთების ანაზღაურება გამოვიმუშავოთ, საქმის კეთება შეუძლებელია. უფრო მტკივნეულია, როცა ბიჭებისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, ნებისმიერი ბიჭი, ვისაც სურვილი ექნება თავისუფლად დასაქმდება, გოგო კი – ვერა. განსაკუთრებით ტრადიციულ ქვეყანაში, უფრო კი – სოფელში, სადაც რომელიღაც ნათესავს არ მოეწონება კაფეში მიმტანი თუ იქნები, რადგან შენი ასაკისთვის შეუფერებელია. არ დაგიმალავთ და სხვისი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით არ მაინტერესებს, მიმტანის ვაკანსია რომ იყოს სიამოვნებით ვიმუშავებდი, მაგრამ ვაი რომ არც არის. ზოგადად სოფელში გოგონებისთვის არ არის არაფერი, თორემ ჩემი მეგობარი ბიჭები თავისუფლად ახერხებენ მუშაობას, თუ სურვილი აქვთ.

სწორედ ამიტომაა ახალგაზრდობა საქართველოში რთული. როდესაც ასეთ პირობებში ცხოვრობ, ძნელია პროფესიულ განვითარებაზე და უზრუნველყოფილ მომავალზე იფიქრო, ისე რომ აქედან გაქცევაზე არ ფიქრობდე. მიუხედავად ამისა, კიდევ კარგი რომ განათლების პრობლემა მაწუხებს და სხვების სიტყვების გამო უარი არ ვთქვი მის მიღებაზე. სხვა თუ დასაქმდა, მე რატომ ვერ შევძლებ? რაც მეტს სწავლობ ხომ უფრო მეტის ცოდნა გინდება.“

მსგავსი ისტორიები